№47 რატომ დაჯარიმდებით ახალი წლიდან ძველი მართვის მოწმობით სარგებლობისთვის 500 და 1 500-ლარიანი სანქციით და რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული „ფსიქოს“ აღება
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების მოქმედების ვადა 2018 წლის პირველ იანვარს იწურება. ეს ინფორმაცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რამაც გამოწივია ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში უზარმაზარი რიგებია. როგორ მოხდება ძველი მართვის მოწმობების განახლება და რა სანქციები იქნება მათთვის, ვინც ახალ წელს ახალი მართვის მოწმობით არ შეხვდება, ამ თემაზე „ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს, ვასო ურუშაძეს გავესაუბრეთ
ვასო ურუშაძე: მათ, ვისაც მართვის მოწმობა აღებული აქვს 2006 წლის პირველ აპრილამდე, მოუწევთ მოწმობის შეცვლა 2018 წლის პირველ იანვრამდე, რადგან ამ პერიოდიდან ეს მართვის მოწმობები ჩაითვლება ძალადაკარგულად. ის მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს, როცა უამრავი მოქალაქე მიაწყდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სადაც რამდენიმე დღეა, გაუთავებელი რიგებია, განპიროებებულია იმ ფაქტით, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია ამ სიახლის შესახებ. ეს ინფორმაცია 2015 წელს დააანონსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ ბოლო პერიოდამდე, არავის შეუხსენებია მოსახლეობისთვის, რომ 2018 წლის პირველ იანვრამდე, ძველი მართვის მოწმობების განახლება უნდა მომხდარიყო. მართვის მოწმობის განსაახლებლად, გამოცდის ხელახალი ჩაბარება საჭირო არ არის, დოკუმენტის განსაახლებლად 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენაა სავალდებულო. აღნიშნული თანხის გადახდა როგორც მექანიკური, ისე ავტომატური ძრავის მქონე ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს „ფსიქოს” აღება დიდი პრობლემაა, რომელიც არა და არ მოგვარდა. ამ ცნობის გაცემა, სამწუხაროდ, უბრალო ფორმალობაა. მას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ აიღოთ „ფსიქო,” რომელსაც „იაფად”, სააგენტოსთანაც კი დაგიწერთ გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანი. თავად სამედიცინო ცენტრშიც კი არ მიაჩნიათ საჭიროდ, რომ ჯანმრთელობის ცნობის გაცემის დროს, ადამიანს ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევა. კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელიც არ ენდობა ასე გაცემულ და თუნდაც სახლში მიტანილ ჯანმრთელობის ცნობას, უწევს დაჟინებული მოთხოვნა, რომ ის გამოიკვლიონ და ცნობა შემდგომ მისცენ. ასე ხდება ჯანმრთელობის ცნობის გაცემა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მართვის მოწმობას იღებს არა მსუბუქი ავტომობილის, არამედ დიდი გამავლობის, ისეთი ტრანსპორტის მართვის მოწმობის აღებისას, რომლითაც ადამიანები გადაყავთ. იგივე პრობლემას ვაწყდებით ჯანმრთელობის ცნობის აღებისას, რომელიც საჭიროა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვისთვის. შესაბამისად, იოლი წარმოსადგენია, რა საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეს საზოგადოება, როდესაც იარაღს ფლობს გაუწონასწორებელი ფსიქიკის, ან სხვა პრობლემის მქონე ადამიანი.
ახალი მართვის მოწმობების გაცემა არის ევროსაბჭოს დირექტივა – ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ხშირად გადავდივართ ახალ სტანდარტებზე. მაქსიმალურად ვუახლოვდებით ევროპულ მაჩვენებელს, რის გამოც, ხშირად გვიწევს ცვლილებების გატარება როგორც საკანონმდებლო, ასევე სტანდარტების დონეზე. ეს ინიციატივაც სწორედ ამ მოთხოვნით არის განპირობებული. ძველი მართვის მოწმობები არ არის ელექტრონული, არ აქვს დამცავი შტრიხ-კოდები, მასში არ არის ჩატვირთული სხვადასხვა ინფორმაცია, რის გამოც, საჭიროა, გადავიდეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტის მართვის მოწმობებით სარგებლობაზე, რომელთა გაცემა საქართველოში დაიწყო 2014 წლიდან. ახალი მართვის მოწმობები, რომელთა გაცემაც მოხდება მას შემდეგ, რაც შეიცვლება მართვის მოწმობების გაცემის სტანდარტი და მას 2018 წლის შემოდგომიდან ვარაუდობენ, იქნება საერთაშორისო სტანდარტის, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ, ვმართოთ ავტომობილი ევროპის ქვეყნებშიც. ეს იქნება ახალი სტანდარტის მართვის მოწმობები, როგორც აიდი-ბარათი, შტრიხ-კოდით, რომელშიც იქნება მძღოლის ისტორია, მის მიერ „გამოყენებული” ქულათა სისტემა და სხვა ინფორმაციები. ეს პროცესი დაანონსებულია მომავალი წლის შემოდგომიდან, როდესაც დაიხვეწება გამოცდის თეორიული ნაწილი და მოხდება გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქუჩაში გადატანა.
– რა სანქციებია მათთვის, ვინც ვერ მოასწრებს ახალ წლამდე ძველი მართვის მოწმობის განახლებას?
– სანქციების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს გვეუბნება, ამ კუთხით, სამინისტრო არ აწვდის დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას. როგორც ჩანს, ვინც ვერ მოასწრებს მართვის მოწმობის განახლებას, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500, მეორედ 1 500 ლარით, რასაც ითვალისწინებს მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობა. მათ მოუწევთ გამოცდის ჩაბარება თავიდან, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. ამ ადამიანებს არა ახალ წლამდე ორი თვით ადრე, არამედ უფრო ადრე და უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ ამ სიახლის შესახებ. ის მართვის მოწმობები, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ, დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა სრულყოფილი მაინც არ არის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ეტაპები გვაქვს გასავლელი, მართვის მოწმობის გაცემის წესის შეცვლასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე. 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „S“, „SE“, „D“, „DE“, „S1“, „S1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე. მართვის მოწმობის უვადო პრაქტიკას ევროკავშირი არ ცნობს. 2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება და დოკუმენტის განახლება მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდგომაა აუცილებელი. არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაა, რომ გარკვეული პერიოდულობით მოხდეს მართვის მოწმობების მქონე პირებისთვის არა გამოცდის ჩაბარება, არამედ ჯანმრთელობის ცნობის განახლება. თუმცა, ამ მოთხოვნას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ჩვენთან, დღეს მოქმედი, ჯანმრთელობის მოწმობის აღების 90-იანი წლების პრაქტიკა დასრულდება.