კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რა საფრთხეს შეიცავს პლასტმასის ჭურჭელში შენახული საკვები პროდუქტები და იწვევს თუ არა ის სიმსივნურ დაავადებებს, იმპოტენციას და გენეტიკურ გადახრებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების გამოყენება   წყლის,   სხვადასხვა  სასმლისა  და საკვები პროდუქტის განსათავსებლად, ძალიან პრაქტიკულია. თუმცა, შესაბამისი პირობების გათვალისწინების გარეშე, არც ისე უსაფრთხოა. მაგალითად, რას აქცევთ ყურადღებას ბოთლით წყლის ან წვენის ყიდვისას? ალბათ, ძირითადად იმას, რომ ბოთლი ან ხუფი არ იყოს დაზიანებული. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. პლასტმასის ბოთლის ეტიკეტზე ყოველთვის არის წარწერა, თუ რომელი ტიპის პლასტმასისგანაა დამზადებული. ეს ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, თუ ეს არის PET-ის, ანუ პოლიეთილენტერეფტალატის ბოთლები,  არ შეიძლება, მათი მრავალჯერადად გამოყენება. ასევე, სხვადასხვა საწებლის – მაგალითად ტყემლის, ან ხილის წვენის, ჯემის, რძის, ღვინის ან არყის ჩასხმა და შემდეგ მათი მოხმარება. აგრეთვე, საშიშია სხვადასხვა სახის  პოლიმერული მასალის  კონტეინერებში სურსათის შენახვა, რადგან ზოგჯერ ეს ორგანიზმში  ჯანმრთელობისთვის შეუქცევად ცვლილებებს  და საშიშ დაავადებებს იწვევს. ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ ქეთევან დადიანს, რომელმაც საკმაოდ დამაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.
ქეთევან დადიანი:
პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული წყალი თუ სხვა პროდუქტი, გარკვეული პირობების გათვალისწინების გარეშე, არც ისე უსაფრთხოა. კერძოდ, ჯანმრთელობისთვის საკმაოდ  მავნებელია, ერთჯერადი  პლასტმასის ბოთლებისა თუ კონტეინერების ხელმეორედ  გამოყენება. ბევრ ოჯახში, მინის ჭურჭელი თანდათან პლასტმასმა ჩაანაცვლა – ზოგიერთ ოჯახში  სასმელ წყალს უკვე, ერთხელ გამოყენებულ  პლასტმასის ბოთლებში ასხამენ და ხშირად ბავშვებსაც ეზოში თუ სკოლაში ამავე ბოთლებით მიაქვთ წყალი. ასევე, ალბათ, გინახავთ მაღაზიებში, დახლებზე, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული და გასაყიდად გამზადებილი ტყემალი, ტომატი, ღვინო, არაყი, ზეთი, რძის პროდუქტები, თაფლი თუ სხვა. ალბათ, ბევრი დედა შვილისთვის სოფლიდან ჩამოტანილ რძესაც ყიდულობს ყოველ დილით, რომელსაც გამყიდველი პლასტმასის ბოთლით უზიდავს.  ეს ძალიან საშიშია, რადგან ბევრი დაავადების გამომწვევ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.  აღნიშნული ბოთლებიდან,  თუ კონტეინერებიდან სურსათში, მათ შორის, სასმელებსა და წყალში  გადასულმა მავნე, ტოქსიკურმა ნივთიერებებმა შესაძლოა, განაპირობონ  ისეთი  პათოლოგიური პროცესებისა და დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა კიბო, იმპოტენცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, დააზიანოს ღვიძლი, თირკმელი, უარყოფითად იმოქმედოს მხედველობაზე, გამოიწვიოს ალერგიები  ან  ნერვული აშლილობა და სხვა.  მართალია, პლასტმასის ჭურჭელი პრაქტიკულიცაა, იაფიც და მსუბუქიც, მაგრამ რის ხარჯზე? რამდენად მავნებელია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, გააჩნია, რა მასალისგანაა ჭურჭელი დამზადებული და როგორ ინახება ამ ჭურჭელში მოთავსებული სურსათი.  პლასტმასის ბოთლების დასამზადებლად გამოყენებული მასალისგან, გარკვეული დროის გასვლის, ანუ დაძველების პერიოდის შემდეგ, ანდა არასათანადო ტემპერატურული პირობების, ან გარკვეული პოლიმერული მასალისგან დამზადებული ჭურჭლის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად სპირტიანი სასმლის ჩასხმისას,  ცხელ სურსათთან შეხებისას,  მათში განთავსებულ სასურსათო პროდუქტზე შესაძლოა, გადავიდეს მავნე ტოქსიკური ნივთიერებები. შესაბამისად, მათი მიღება ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნის  საფრთხეს.  როცა ტოქსიკური ნივთიერებები გადადის პროდუქტში  და მას ადამიანი შეჭამს, მასში შემავალი კანცეროგენული თუ სხვა მავნე ნივთიერებები, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ  ჩვენს ჯანმრთელობას. თუმცა, არსებობს, ერთჯერადი და ასევე, მრავალჯერადად მოსახმარი პლასტმასის ჭურჭელი.
– როგორ მივხვდეთ, რომელია ერთჯერადი და რომელი მრავალჯერადად გამოსაყენებელი?
– მაგალითად,  პოლიქლორვინიქლორიდისგან (აღნიშნულია - PVC აბრევიატურით) დამზადებული პლასტმასის ნაკეთობის  გამოყენება სურსათთან შეხებისათვის – დაუშვებელია.   დიდი ხანია, ევროპის  ქვეყნებში  აკრძალულია ბავშვთა გამოყენებისთვის ბისფენოლი A-ს შემცველი პლასტმასის ბოთლების წარმოება, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. მიგრაცია განსაკუთრებით აქტიურდება  20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. ამ დროს, პლასტმასის ბოთლიდან, მავნე ნივთიერებები  აქტიურად გადადის შიგთავსში. ფენოლი უარყოფითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. დადგენილია მისი კავშირი ძუძუს, პროსტატისა და საკვერცხეების კიბოსთან, აუტიზმის გამოვლენასთან, იწვევს იმპოტენციას, განაპირობებს უჯრედის გენეტიკურ ცვლილებებს.  ევროკომისიამ ბისფენოლის გამოყენებით დამზადებული პლასტმასის ბოთლებით ახალშობილთა კვება აკრძალა.  ტემპერატურის მომატებისას, პლასტმასში ბისფენოლი აქტიურდება. ამიტომ, პლასტმასის ბოთლში ნუ ჩაასხამთ ცხელ სითხეს და არ გამოხარშოთ ბოთლები. უმჯობესია, ბავშვის საკვებად გამოიყენოთ შუშის ბოთლი, რომელიც უსაფრთხოა, ხოლო თუ პლასტმასი გირჩევიათ, მაშინ, მასზე უნდა ეწეროს  BPA-Free. მოკლედ, თუ პლასტმასის ბოთლების გამოყენების პირობებს დაარღვევთ, ჩათვალეთ, საკუთარ ორგანიზმს უქმნით საფრთხეს. ისევე, როგორც სიგარეტი, პლასტმასიდან მიგრირებული ნივთიერებებიც ორგანიზმისთვის ნელი მოქმედების საფრთხეა. ორგანიზმში მოხვედრილი და დაგროვილი  სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელია. გირჩევთ, ეს რისკ-ფაქტორები მარტივად აიცილოთ თავიდან და უბრალოდ, არ გამოიყენოთ ერთჯერადი პლასტმასის ნაკეთობა მრავალჯერადად და თუ ამის აუცილებლობაა – პლასტმასი ჩაანაცვლოთ მინით.
– და მაინც, როდესაც პლასტმასის ბოთლის ან საკვების შესანახად, პლასტმასის კონტეინერის გამოყენებას დავაპირებთ მეორადად, რას მივაქციოთ ყურადღება?
– ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე თუ კონტეინერზე, როგორც ერთჯერად ჭურჭელზე, აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არა აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, მეორედ შეიძლება თუ არა პლასტმასის ბოთლის გამოყენება, უპირველესად, უნდა დავაკვირდეთ ძირზე წარმოდგენილ სამკუთხედის ნიშნულს ანუ შტამპს ციფრებით, რომელზეც მოცემულია პლასტმასის შემადგენლობა. ბოთლი შტამპით 01 (PET ან PETE) უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისთვის. მაგრამ, თუ მას მზეზე გავაჩერებთ, ან ჩავასხამთ თბილ მასას, ქიმიური ნივთიერებების მიგრაცია სურსათში გაძლიერდება, რაც  სურსათს გახდის ტოქსიკურს და სახიფათოს  ჯანმრთელობისთვის. მოერიდეთ პლასტმასის ნაწარმს  03 და 07 (PVC ან PC), რადგან მათ შემცველობაში არსებული  ტოქსიკური ნივთიერებები, თხევად და მყარ სურსათში შეღწევის შემთხვევაში, საკმაოდ საშიშია. შედარებით უსაფრთხოა დაბალი და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ნაწარმის გამოყენება, რომელიც აღნიშნულია 02 და 04 მარკირებით. პოლიეთილენის ნაწარმი შედარებით რეზისტენტულია სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებისადმი და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული ბოთლების გამოყენება დასაშვებია რძის, წვენების და სხვა სითხეების განთავსებისთვის, ასევე მეწარმეების მხრიდან გარკვეული ქიმიური დანამატების გამოყენების შემთხვევაში,  მისგან დამზადებული ჭიქები დასაშვებია ცხელი ყავისა და ჩაის დასალევად.
პოლიპროპილენის ბოთლებში, რომელიც მარკირებულია 05-ით, სასმლისა და საკვების მოთავსება უსაფრთხოა, თუ კი ყოველი მოხმარების წინ კარგად გარეცხავთ. გახსოვდეთ, თუ კი წყლისთვის განკუთვნილ პლასტმასის, მრავალჯერადი  მოხმარების ბოთლებს ხშირად არ გარეცხავთ თბილი, საპნიანი წყლით ან ძმრიანი წყლით, დეზინფექციის მიზნით, მათგან წყლის დალევა შესაძლოა, სახიფათო იყოს. ასევე, დიასახლისები ხშირად იყნებენ პლასტმასის ერთჯერად კონტეინერებს საკვების მაცივარში შესანახად. ასეთ ჭურჭელში, საკვები არა უმეტეს  24 საათისა არ უნდა გააჩეროთ, სხვა შემთხვევაში პლასტმასში არსებული კანცეროგენული ნივთიერებები სურსათში იწყებს გადასვლას. ასევე, თუ პროდუქტის პლასტმასის ჭურჭლით საყინულეში გაყინვას აპირებთ, მაშინ ასეთ ჭურჭელს უნდა ჰქონდეს დატანილი შესაბამისი ნიშანი, მაგალითად, ეხატოს ფიფქი.  კატეგორიულად დაუშვებელია სურსათისა  და წყლის განთავსება არასასურსათო გამოყენების ტარაში,  რადგან მისგან სურსათში შესაძლოა, გადავიდეს  სხვადსხვა ტოქსიკური ნივთიერება, რამაც შესაძლოა, დაგიზიანოთ ენდოკრინული, საჭმლის მომნელებელი, ნერვული და სხვა სისტემა, უარყოფითად იმოქმედოს  ჰორმონ ესტროგენის გამომუშავების პროცესზე, გაგიუარესოთ მხედველობა და სხვა. გამოიყენეთ სასმლის ან მყარი სურსათის შესანახად, სხვა ალტერნატიული მასალისგან დამზადებული, მაგალითად შუშის, ემალის   ჭურჭელი და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.



скачать dle 11.3