№47 რა სირთულეები გადალახა სოფია მჭედლიშვილისა და ოთო აბრამიშვილის სიყვარულმა ცამეტი წლის განმავლობაში და დაესწრება თუ არა მათ ქორწილს ომანის სამეფო ოჯახი
მსოფლიო დონის ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი სოფია მჭედლიშვილი, ცოტა ხნის წინ, კონსერვატორიის სცენაზე უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა. „რომეო და ჯულიეტადან” ჯულიეტას ვალსის დასრულების შემდეგ, სცენაზე, ულამაზესი მომღერლის რჩეული მამაკაცი – ოთო აბრამიშვილი ავიდა. საყვარელ ქალბატონს მუხლმოყრილმა ხელი სთხოვა და ცამეტწლიანი სიყვარულის შემდეგ, რა თქმა უნდა, თანხმობაც მიიღო. ოპერის სცენაზე მსგავსი რამ პირველად მოხდა, რამაც დიდი ოვაციები და გამოხმაურება გამოიწვია.
სოფია მჭედლიშვილი: ოპერის საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონსევატორიის დიდ დარბაზში გამართულ კონცერტზე, მე ჯულიეტას ვალსი ვიმღერე ოპერიდან „რომეო და ჯულიეტა“. გამოსვლა სრულიად მოულოდნელი სიურპრიზით დასრულდა (იცინის). ჩემი ძალიან დიდი ხნის სიყვარული – ოთო აბრამიშვილი სცენაზე ამოვიდა. ვიფიქრე, რომ როგორც სჩვევია, ამჯერადაც თაიგულს მომართმევდა. მაგრამ ყვავილები რომ ვერ დავინახე, ვეღარ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე მუხლი მოიყარა ჩემს წინაშე, ძალიან ლამაზი პატარა ყუთი გახსნა, საიდანაც ულამაზესი ბეჭედი ამოიღო. სრული შოკი მივიღე (იცინის). ცხოვრებაში სცენაზე არ დავბნეულვარ. პირიქით, რამე კურიოზი თუ ხდება, ყოველთვის მე ვმუხტავ უხერხულობას, მაგრამ ამ სიტუაციაში ბრინჯივით დავიბენი (იცინის). ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა და რატომღაც უკან-უკან დავიწყე სიარული. ოთოს ნაბიჯს მაყურებლის საოცარი ოვაცია მოჰყვა. ცოტა ხელიც აუკანკალდა, არ არის შეჩვეული ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლას. ბევრმა აღნიშნა ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება მამაკაცისთვის სცენაზე ასვლას და მითუმეტეს, ასეთი მიზნისთვისო. როგორც თვითონ მითხრა, უნდოდა, მისი მეუღლე გავმხდარიყავი და დანარჩენზე არ უფიქრია. ამ მიზანმა „აიძულა” სცენაზე ამოსვლა და დაჩოქება. ყველა გოგოსთვის საოცნებო, ზღაპრულ სცენას ჰგავდა ეს ყველაფერი. ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ეს მომენტი, როცა ამის დრო დადგებოდა, მაგრამ ასეთი, ნამდვილად არ წარმომედგინა (იცინის). (სტატიაში გამოყენებულია დავით ხავთასის ფოტო).
– თქვენი სიყვარულის ისტორიაზე რას გვეტყვით?
– ჩვენი სიყვარული ცამეტი წელია, გრძელდება. სკოლაშივე გაჩნდა ჩვენს შორის დიდი გრძნობა, რომელიც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ბოლო ხუთი წელი დისტანციურად გვიწევს ურთიერთობა, რაც გრძნობისა და ნდობისთვის დიდი გამოცდაა. ამ დროს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იჩენს თავს. ამიტომ, ყველას უკვირს, როგორ გავძელით ამდენი ხნის უნახაობის მიუხედავად ერთად. არ ვიცი, ალბათ, ეს ყველაფერი განსაკუთრებულია და ამიტომ გაუძლო დროს და დაბრკოლებებს.
– თავად რას საქმიანობს და რას ფიქრობს შენს კარიერაზე?
– ჩემს რეჟიმს თავიდანვე შეეჩვია. კარგად ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სიმღერა. როცა ხედავ, როგორ აბედნიერებს შენს საყვარელ ადამიანს რაღაც, ხელს არ შეუშლი წინსვლაში. ორივეს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ერთად გადავლახეთ ეს სირთულეები. რაც შეეხება ოთოს, ის პერსონალური ფიტნესტრენერია. ომანის სამეფო ოჯახს წვრთნის. ქალაქ მუსკატში ცხოვრობს ბოლო ხუთი-ექვსი წელი.
– ქორწილს როდისთვის გეგმავთ?
– ალბათ ზაფხულში. ქორწილი აუცილებლად საქართველოში იქნება და ჩვენს ევროპელ და არაბ მეგობრებსაც აქ დავპატიჟებთ.
– სამეფო ოჯახიც დაესწრება თქვენს ქორწილს?
– ვნახოთ, ვნახოთ (იცინის). ჯერ არაფერი დაგვიგეგმავს. ზამთარში, ნელ-ნელა ყველაფერს მოვიფიქრებთ.
– რაც შეეხება კარიერას, როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
– სიმღერა ბავშვობიდანვე დავიწყე. დედამ შეატყო, რომ ნიჭი მქონდა. ამიტომ, დიდი ყურადღებით მივსდიეთ მუსიკალურ ხელოვნებას. ჯერ მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი ფორტეპიანოს განხრით და საკმარისად რომ გავიზარდე, კონსერვატორიაში ჩავაბარე. მისი დამთავრების შემდეგ, იტალიაში წავედი. ბატონ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შევასრულე „ჯილდას” არია. ფანტასტიკური ჩანაწერი გამოგვივიდა, რომელიც „იუთუბზე” დავდე. ამის შემდეგ დამიკავშირდა აგენტი და მოსმენა დამინიშნა. მე და ბატონი ვატო ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ძალიან იღბლიანი თანამშრომლობა გამოგვივიდა (იცინის). ჩანაწერმა უცხოელებზე დიდი გავლენა მოახდინა და სხვადასხვა მოსმენიდან მომივიდა მოწვევა. ზუსტად ამას მოჰყვა იტალიაში წასვლა. „ლუჩიას” როლზე მქონდა შემოთავაზება. ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ.
– პირველი აღიარება როდის მოვიდა?
– პირველივე აღიარება მაშინვე მივიღე, რასაც ნამდვილად არ ველოდი. საკმაოდ დაძაბული ვიყავი, რადგან ერთ-ერთ რთულ პარტიას ვასრულებდი 22 წლის ასაკში, ძალიან ცნობილ მსახიობთან, ჯანლუკა ტერანოვასთან ერთად. მასზე დიდი ბუმი იყო, მაგრამ ჩემი აპლოდისმენტები არაფრით ჩამოუვარდა მისას (იცინის). უბედნიერესი ვიყავი ასეთი დებიუტით, რასაც შემდეგ კიდევ ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, „ლა სკალას“ სცენაზე ყოფნისას. ამან მოიტანა იტალიურ მედიასთან თანამშრომლობა. საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ჩემს ნამუშევარს დადებითად აფასებენ (იცინის).
– რა იყო ყველაზე დიდი წარმატება?
– ბევრ მომენტში ვყოფილვარ საოცრად ბედნიერი, მაგრამ განსაკუთრებული ემოციებით აკადემია „ლა სკალაში” მოწყობა. მახსენდება „ლა სკალას“ თეატრში ჩემი პირველი ნაბიჯები . ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა დიდ რეჟისორებთან და შემოქმედებთან. ისენი ჩემთვის საოცნებო ადამიანები იყვნენ. „ლა სკალას“ თეატრი კი, ყველა მომღერლისთვის ლეგენდარულია. იქ სასწავლებლად უკვე ჩამოყალიბებული მომღერლები მიდიან და ძალიან დიდი კონკურსია. უამრავი უნიჭიერესი მომღერლიდან, რომ ათს აარჩევენ და მათ შორის, შენც ხარ, ეს ძალიან დიდი სიხარულია.
– ქართველმა ქალებმა ერთადაც დაიპყარით „ლა სკალას“ სცენა.
– მქონდა პატივი, ანიტა რაჭველიშვილთან და ნინო მაჩაიძესთან ერთად, გამოვსულიყავი „ლა სკალას“ სცენაზე ოპერაში „კარმენი”. მე მერსედესის პარტიას ვასრულდებდი. ჩვენებური, საოცარი ქართული მუხტი დავატრიალეთ სცენაზე და მაყურებელმა შეამჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა – სხვა ცეცხლი ენთო. აბსოლუტურად, ყველა აღნიშნავდა, რომ ასეთი ენერგია და ატმოსფერო პირველად იგრძნეს. რაც კი ქალის პარტიები იყო, პრაქტიკულად, ყველა ჩვენ შევასრულეთ და „ლა სკალას“ სცენა ქართულად დავლაშქრეთ (იცინის).
– პროფესიული წარმატება ადამიანს დიდ ბედნიერებას ანიჭებს, მაგრამ იტალიაში მარტო ცხოვრება რთული არ იყო?
– 21 წლის ვიყავი, იტალიაში სრულიად მარტო რომ წავედი. მაშინ იტალიურადაც ვერ ვლაპარაკობდი. ინგლისური თეორიულად ვიცოდი, მაგრამ პრატიკა არ მქონდა. ძალიან რთული იყო. ხშირად თავს მარტო ვგრძნობდი და მეშინოდა. მომღერლები ყოველთვის გადარბენაზე ვართ. ისეთ ქალაქებში გვიწევს წასვლა, რომლის მხოლოდ სახელი გვქონდა მანამდე გაგონილი. ამ დროს უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც ახალგაზრდა გოგოსთვის, რომელიც ამ საკითხში აბსოლუტურად გამოუცდელია, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მაგრამ, შემიძლია, დავიტრაბახო, რომ ყველაფერს ადვილად ავუღე ალღო (იცინის).
– მომღერლები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ „ჩემოდნებზე ცხოვრება” ძალიან რთულია,
– მომღერლის კარიერას რომ ვირჩევდი, საკმარისად არ გავიაზრე, რას ნიშნავდა „ჩემოდნებზე ცხოვრება” (იცინის). ფაქტობრივად, ერთ ჩემოდანში ვცხოვრობ. თუმცა, მაშინ ჩემი ამ ხელოვნებისადმი სიყვარულის გარდა არაფერი მაინტერესებდა. ის, რომ მე განუწყვეტლივ თვითფრინავსა და მატარებელში მომიწევდა ყოფნა, არ გამითვალისწინებია. ხშირად ახალი წლის დღეებსაც იქ ვატარებ. ერთხელ, შობას შევხვდი აეროპორტში და მგონი, ჩემი და პილოტების გარდა, იქ არავინ იყო (იცინის). აქ რომ ჩამოვდივარ და მეკითხებიან, რამდენ ხანს რჩებიო, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: „არ ვიცი”. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან რთულია, მეგობრების შენარჩუნება და ნათესავებთან კონტაქტი. კიდევ კარგი, ინტერნეტი და სოციალური ქსელები არის, თორემ, ხალხთან ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებდი.
– თქვენს ოჯახში მუსიკოსი არავინაა?
– ექიმების ოჯახში დავიბადე. ერთი პერიოდი, ამ პროფესიაზეც ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც სიმღერისკენ გამიწია გულმა. დედას აქვს მუსიკალური მონაცემები, ამიტომ მან ძალიან კარგად გამიგო. ინიციატორი სწორედ ის იყო და დღემდე მაქსიმალურად მეხმარება.
– ოპერის მომღერლები, ძირითადად, არ არიან ხოლმე თქვენნაირ ფორმაში. ამას განსაკუთრებული შრომა სჭირდება?
– მე განსაკუთრებული არაფერი დამჭირვებია. ვაღიარებ, რომ ცხოვრებაში დიეტაზე არ ვყოფილვარ (იცინის). ტკბილეულსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მივირთმევ. ადრე რატომღაც ოპერის მომღერლების უმეტესობა ჭარბწონიანი იყო. ჩვენს დროში სტანდარტები შეიცვალა. ახლა ყველა თეატრი ცდილობს, მომღერლის ფორმის გაკონტროლებას.