№47 როგორ დაამღერა ქურდული „ქსივა“ ზურაბ სოტკილავამ ციმბირის ზონაში
ერთხელ, „დიდი თეატრის“ მსახიობებს გეგმური კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ ციმბირის ერთ-ერთი, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. მსახიობთა შორის, ჩვენი სახელოვანი მომღერალი, ზურაბ სოტკილავაც იყო, რომელსაც რამდენიმე მეგრული სიმღერა უნდა შეესრულებინა თავისი მდიდარი რეპერტუარიდან. კონცერტის წინ, ბატონ ზურაბთან ერთი ქართველი (მეგრელი) პატიმარი მისულა და უთქვამს:
– ბატონო ზურაბ, მეზობელ ზონაში, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით, ჩემი „პაძელნიკი“ ზის, ზუგდიდელი. შევიტყვე, მას ძველ საქმეს უხსნიან, თავად კი ამის შესახებ არაფერი იცის. მე ვერ ვატყობინებ ამის შესახებ, რადგან „ქსივები“ დაბლოკეს და ვერ ვუგზავნი. არადა, რომ არ შევატყობინო და განვუმარტო, თუ როგორ მოიქცეს, გააბამენ, დიდ სროკს დაუმატებენ და ციხეში ამოალპობენ. იქნებ დამეხმაროთ და ყველაფერი შეატყობინოთ.
– როგორ? – მხრები აუჩეჩავს ბატონ ზურაბს, – მე მხოლოდ ამ კოლონიაში მაქვს კონცერტი და იქ როგორ მოვხვდეო?
მეგრელ პატიმარს გასცინებია და უთქვამს:
– თქვენ ხომ მეგრულად მღერით. რუსებმა მეგრული არ იციან და ვერაფერს გაიგებენ. თქვენ კი რასაც მე გეტყვით, ის იმღერეთ მეგრულად. მაღალი ხმა გაქვთ. მეზობელ ზონაში ჩემი „პაძელნიკი“ ყველაფერს გაიგებს და მიხვდებაო.
ზურაბ სოტკილავა დასთანხმებია „ზემლიაკს“ და მთელი თავისი რეპერტუარი მეგრულად იმ „ქსივის“ ტექსტი იყო, რაც პატიმარმა უთხრა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო, თავად ბატონი ზურაბისა და იმ ორი მეგრელის გარდა, ერთმანეთში ბატონი ზურაბის წყალობით კომუნიკაცია რომ დაამყარეს. თავად მომღერალი კი, მსმენელებმა მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვეს.