№47 როგორ შეეწირა 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე სიყვარულს და როდემდე არ აპირებს გარდაცვლილის დაკრძალვას დედა
გასულ სამშაბათს თბილისში, 24 წლის ბიჭმა ყოფილი მეუღლის სახლთან თავი დაიწვა. ახლობლების თქმით, მიშიკო ხაჭიპერაძე ქალს შერიგებას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომ დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავედ ახალგაზრდა მამაკაცის ყოფილ ცოლს და მის ოჯახს მიიჩნევს. მათი თქმით, მიცვალებულს არ დაკრძალავენ მანამ, სანამ დამნაშავეები პასუხს არ აგებენ.
გარდაცვლილის ყოფილი მეუღლის ნათესავი: ესენი დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. მანამდე, ოთხი თუ ხუთი წელი იყვნენ ცოლ-ქმარი. შვილი არ ჰყავდათ და მკურნალობდნენ. მერე ჩხუბი მოუვიდათ, უფრო სწორად, ხშირად ჩხუბობდნენ და ამის გამო დაშორდნენ ერთმანეთს სასამართლოს გზით. ამ გოგოს ტვინის შერყევა ჰქონდა, ისე სცემა ერთხელ. პოლიციამდე მივიდა საქმე და პირობითი მიუსაჯეს. ქმარი ეუბნებოდა, შემირიგდიო, მაგრამ ცოლი უარზე იყო. ამ გოგოს ვერ გაამტყუნებ, ქმარი ხშირად სვამდა და სიმთვრალეში სცემდა. იმ დღეს, დარეკა და ყოფილი ცოლის ბიძას უთხრა, თქვენთან ამოსვლა და ჩემს ცოლთან დალაპარაკება მინდა, უნდა შევურიგდეო. ბიძას იმიტომ დაურეკა, რომ თვითონ გოგო არ ხვდებოდა, ბიძას კი კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ამათი სახლის წინ აღმართია. ზემოთ ასულა და იქ გადაუსხამს ბენზინი. ბიძამ რომ გამოხედა, გამოქცეულა და ამათ კართან გაჩერებულა. უკან ვიღაც ბიჭი მოსდევდა და გამწარებული ყვიროდა, გაჩერდიო. ნასვამები იყვნენ, ერთად დაულევიათ და მერე წამოსულან. ამათ სახლს რომ გაუსწორდა, გაჩერდა და ყოფილი ცოლის ბიძის თვალწინ წაიკიდა ცეცხლი.
– არ დალაპარაკებია არც ბიძას და არც ყოფილ მეუღლეს?
– არა, რომ ჩამოირბინა, გამარჯობაც არ უთქვამს. ხელი ქურთუკში ჰქონდა შეყოფილი და იმ კაცს ეგონა, დინამიტი ხომ არ აქვს და აქაურობის აფეთქებას ხომ არ აპირებსო?! ამიტომ, გაიქცა, მაგრამ ამან ცეცხლი წაიკიდა. საშინელება იყო. ექვს ლიტრ ბენზინს რომ დაისხამ და ცეცხლს წაიკიდებ, რა დაგემართება?! საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ოთხშაბათს აპარატიდან მოხსნეს. აქედან რომ წაიყვანეს, სულ კანკალებდა. თავიდან, სანამ თბილი იყო, თითქოს არ ეტყობოდა, მაგრამ მერე თქვეს, სულ დანახშირებული იყოო. სხეულის 90 პროცენტი დამწვარი ჰქონდა და არ გვანახვეს. დიზელი რომ გადაუსხამს, პირშიც ჩასვლია და სულ ჩაუხარშავს, ჩაუწვავს ცეცხლს.
– ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?
– იცით, როგორი იყო? – სიფხიზლეში რომ დაელაპარაკებოდი, მიხვდებოდი, რომ საკმაოდ ჭკვიანი, გულიანი და მშრომელი ბიჭი იყო. მაგრამ, თუ სერიოზულ თემაზე დაუწყებდი ლაპარაკს, სულ იცინოდა. რომ დალევდა, მერე სახეზე თეთრდებოდა და ყველამ იცოდა, რომ ასე ემართებოდა. ყოფილი ცოლის სამსახურიც გაიგო და რამდენჯერმე მიაკითხა. აქ რომ მოვიდა და ცეცხლი წაიკიდა, ცოლი გამოვიდა – საწყალ გოგოს გული გაუსკდა. ცეცხლწაკიდებული კაცი რომ დაინახა, გამწარებული გაიქცა.
– მანამდე სად ცხოვრობდნენ?
– თურქეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ისე, ეს ბიჭი ბაღდათიდან იყო. მერე აგარაში იყიდეს სახლი, მაგრამ ჩხუბის შემდეგ, ამ ბიჭმა ის სახლი კაპიკებად დათმო – ვიღაცას ავტომობილში გაუცვალა. მერე ის ავტომობილიც გაყიდა და თბილისში ქირით ცხოვრობდა. მშობლები, ერთი ძმა და ორი და დარჩა.
– ყოფილი მეუღლე რას ამბობს?
– რა უნდა თქვას, არც ხმას იღებს და არც ჭამს. რაიონში წავიდა და ახლა იქ არის. შვილი არ ჰყავთ. ძალიან განიცდიდნენ და სანამ თურქეთში იყვნენ სულ მკურნალობდნენ, რომ, როგორღაც შვილი ჰყოლოდათ. მაგრამ, ეს ბიჭი თან სასმელს სვამდა და ამიტომ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. სულ რომ სვამდა, ესენი უშლიდნენ, აფრთხილებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოიშალა ეს ჩვევა.
– არ მკურნალობდა?
– არა, პატრონი არ ჰყავდა აქ. ხანდახან ცუდად რომ იყო, ყოფილი ცოლის ნათესავებთან მიდიოდა და ცოლის ბიძა საკუთარი ხელით აჭმევდა. ასეთი პრობლემები რომ გაქვს და თან, სვამ, ყველაფერი ერთმანეთს ემატება. ხან დედასთან იყო, ხან – მამასთან. მაგრამ, ისე, იმათთან მისვლა არ უყვარდა. სადაც სითბო ნახა, იქ უნდოდა და ამიტომაც ეხვეწებოდა ცოლს, შემირიგდიო.
ბობი (გარდაცვლილის დეიდაშვილი): მიშიკოს ეს გოგო უზომოდ უყვარდა. დღე და ღამე მასზე ლაპარაკობდა. ბოლო კვირა საერთოდ არ ეძინა. ხმას არ გვცემდა, საუბრის თავიც არ ჰქონდა. სულ გათიშული იყო. შერიგება უნდოდა, მაგრამ გოგო არ ურიგდებოდა. თავის მშობლების ეშინოდა. ეს გოგო, დედამისი და მისი ოჯახის წევრები იაღოველები არიან. მიშიკომ მიუსწრო მათ საუბარს. ეუბნებოდნენ: ქმარს გაშორდი და ჩვენი რწმენის ბიჭს გაჰყევი ცოლადო. ამას მოჰყვა შელაპარაკება, ცემა-ტყეპა და პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მიშიკოს პირობითი მიუსაჯეს. ამიტომ, თურქეთში დედამისთან ვეღარ მიდიოდა. იქ რომ წასულიყო, არაფერი მოხდებოდა. თურქეთში დედამისი მუშაობს.
– გოგოს მხარე ამბობს, რომ მიშიკოს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და მეუღლეს სცემდა. ამიტომაც დაშორდაო.
– უკმაყოფილება რომელ ოჯახში არ არის, მაგრამ მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მიშიკო მაგათ სარწმუნოებას არ იღებდა. სიმთვრალეში უკმაყოფილება მოსდიოდათ, რადგან არ უნდოდა, სექტაში გაერთიანება. სულ ვეჩხუბებოდი, მაგის მეტი გოგო აღარ არსებობს, თავს ნუ ისულელებ-მეთქი. თან, ეს გოგო ოთხი წლით უფროსი იყო მასზე. ბოლო დღეებში ჩემთან მოვიდა, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე მასთან შერიგება. თავს მოვიკლავო, არ უთქვამს, მაგრამ სულ იმეორებდა, ნათიას გარდა, ჩემი ცოლი არავინ იქნებაო. ერთი კვირის წინ კლიპს ვუყურეთ, სადაც ბიჭი თავს იწვავს. მაშინ თქვა, თუ ნათია არ შემირიგდა, მეც ასე დამემართებაო. დედამისს დავურეკე, სასწრაფოდ წაიყვანე ეს ბიჭი, ისეთ რამეს ამბობს, ძალიან მეშიანია-მეთქი. მისი „ფეისბუქის” პაროლი იცის ჩემმა შვილმა და ვნახეთ, რომ გულისამაჩუყებელ პოემებს სწერდა ნათიას და ის კი ძალიან მოკლე პასუხებს სცემდა, თავს არიდებდა. საავადმყოფოში რომ იყვნენ მისი ახლობლები, ბიცოლას უთქვამს: თუ ბიჭს თავში ჭკუა არ ჰქონდა, რა ნათიას ბრალიაო. ნათიამ მიიყვანა მიშიკო სასოწარკვეთილებამდე. მარტო მასთან ყოფნა უნდოდა. ვიღაც გოგო გაიცნო და ერთი თვე სწერდა, მაგრამ მერე, ბოდიში მოუხადა, შენთან ვერ გავაგრძელებ ურთიერთობას, სხვა მიყვარს და ვერ მოგატყუებო. იმ დღეს, ბოლოს, დეიდაშვილთან ერთად იყო. უთქვამს, მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ, შორსაა, მეგობარი წაგვიყვანს მანქანით და დიზელი უნდა ჩავუსხაო. ჯერ ხუთლიტრიანი ბალონი უყიდია, შემდეგ საწვავი. სახლთან რომ მისულან, დეიდაშვილისთვის უთქვამს, სანამ ის გამოვა, მიდი, წვენი იყიდეო. ის რომ მაღაზიაში იყო, ამას დიზელი გადაუსხამს. უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მისი ნახვა ვერ შევძელი. ექიმმა გვითხრა, მარტო გული მუშაობს, სხეული ასი პროცენტით დამწვარიაო. დეიდაშვილებმა ხელი მოაწერეს საბუთს, რომ გულის გაჩერებისთანავე, მოეხსნათ აპარატიდან და ოთხშაბათს მოხსნეს.
– მის დეიდაშვილს, რომელიც იმ მომენტში ახლდა, ახალგაზრდა ძმა ჰყავს გარდაცვლილიო. მას რა შეემთხვა?
– ერთი წლის წინ, შეყვარებულის გამო მოიკლა თავი. ის გოგო სულ უარს ეუბნებოდა. თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, დამირეკა და მითხრა: დედამიწაზე არავის ვუყვარვარ და ესე იგი სასიცოცხლო არ ვარო. გადავირიე, ჩვენ ყველას გვიყვარხარ და თუ მაგ გოგოს არ უყვარხარ, შეეშვი-მეთქი. მის მერე არ შემხმიანებია, იმ კვირაში ჩამოიხრჩო თავი. იმ გოგოს კიდევ ერთხელ უარი რომ უთქვამს, ნასვამი ყოფილა და... ის 23 წლის იყო. მიშიკომ რომ თავი დაიწვა, ბოლო წუთებში იძახდა, ლაშასთან მივდივარო. ვის ჰქონდა ამაზე ყურადღების გამახვილების თავი, ცეცხლის ჩაქრობა გვინდოდა. მაგრამ რასაც კი ვაფარებდით, ყველაფერი წამში იწვოდაო, თქვეს. ხუთი ლიტრი ბენზინი ცოტა ხომ არ არის, როგორ გაიმეტა თავი, ცოცხლად როგორ დაიწვა? – ჯოჯოხეთი გაიარა. ექიმმა თქვა, ნათია შვილია თუ ცოლი, სულ მის სახელს იმეორებსო. ახლა პირობითის ვადა ეწურებოდა და თურქეთში უნდა წასულიყო. სწერდა ამ გოგოს, არავის ვუთხრათ და თურქეთში ერთად გავიპაროთო. თავიდან ეს გოგო უარს არ ეუბნებოდა და ბოლოს უარი უთხრა.
ნანა (დეიდაშვილი): ნათია რესტორანში მუშაობდა. მიშიკომ მიაკითხა და ყვავილები მიუტანა, მაგრამ მან გადაყარა. ზუსტად იმ დღეს დაიწვა თავი მისი სახლის წინ.
ნათიას ძმა ემუქრებოდა, ჩემს დას თავი დაანებე, თორემ ამას გიზამ და იმას გიზამო. ამას კი ძალიან უყვარდა და ვერ ანებებდა თავს. დამწვარი მიწაზე რომ ეგდო, ყოფილი ცოლისძმა თავზე დაადგა და უთხრა, ამის ღირსი იყავი, ხომ გითხარი, დღეს ან ხვალ ამით დაამთავრებ სიცოცხლესო. დედა შვილს არ მარხავს. ამბობს, სანამ შურს არ ვიძიებ, ჩემს შვილს ვერ დავმარხავო.
ლონდა შეროზია (გარდაცვლილის დედა): ჩემი შვილი იწვოდა და არავინ მიეშველა. მის უბედურებას არ ვაპატიებ იმ ქალს და მის ძმას. ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ, რაც გააკეთეს. დედამისი ამბობდა, ჩემს შვილს იაღოველზე გავათხოვებო. ერთი წლის წინ წაეჩხუბნენ ჩემს შვილს და მერე უჩივლეს. ჯერ ცოლმა დაარტყა და მერე შეუბრუნა ჩემმა შვილმა ხელი, მაგრამ მარტო ჩემი შვილი დაისაჯა. ქალთა უფლებებს თუ დაცვა უნდა, კაცის უფლებები არავინ უნდა დაიცვას? ქალებიც ძალიან ბევრს ვაშავებთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ქალებს ამართლებენ. ჩემი შვილი მუშაობდა და მთელ ფულს ცოლს აძლევდა, იმან მერე სიგარეტის ფულიც არ მისცა და საჭმელსაც სამადლოდ უკეთებდა. იმ დონემდე მიიყვანა, რომ თავი დააწვევინა. ჩემ შვილს მანამდე არ დავმარხავ, სანამ ორივე და-ძმა არ დაისჯება. მარტო იმიტომ, რომ ოთხწლიანი ცოლქმრობის შემდეგ, ცეცხლმოკიდებულ ბიჭს უყურებდნენ და არ მიეხმარნენ. ცოლისძმას უთქვამს, ამის ღირსი იყავიო. ძალიან გთხოვთ, ყველას მიაწვდინეთ ჩემი ხმა, ორივე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.