№47 როგორ იყენებდა საფოსტო მტრედებს დანაშაულისთვის ცნობილი ქართველი თაღლითი
ცნობილი ქართველი თაღლითი პარმენ თოდუა, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს გამორჩეული წარმომადგენელი იყო და მის მიერ განხორციელებული დანაშაულები დიდი ორიგინალობით გამოირჩეოდა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ არაორდინარული პიროვნების ბიოგრაფიიდან.
პატარა დუროვი
1910 წელს, ფოთში დაბადებული პარმენ თოდუა ადრეული ბავშვობიდან გამოირჩეოდა სწავლისადმი მიდრეკილებითა და საზრიანობით. ჯერ კიდევ ოთხი წლის იყო, როცა მას მამამ ჭადრაკის თამაში ასწავლა და 8 წლის ბიჭს არა მარტო ფოთში, არამედ მთელ მაზრაში ვერავინ უგებდა. მამამისი კანცელარიის მოხელე გახლდათ და გადაწყვიტა, შვილის ტალანტის წყალობით, ფული გაეკეთებინა. ამიტომ, ერასტი თოდუა პატარა პარმენს უფროსებთან ფულზე ათამაშებდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა. იმდენი იშოვა, რომ ფოთში სახლი აიშენა და საბითუმო ვაჭრობის საწყობი გახსნა. იმის მაგივრად, რომ შვილი მოჭადრაკე გამოეყვანა, ერასტი თოდუა აგრძელებდა ვაჟის ექსპლუატაციას. თუმცა, 10 წლის პარმენს ყელში ამოუვიდა „კომერციული შეხვედრები“ და განგებ დაიწყო წაგება. ამის შემდეგ, მამამისს გული აუცრუვდა ვაჟზე და მთლიანად ვაჭრობაზე გადაერთო. 1922 წელს, ფოთში ცნობილი მომთვინიერებელი, ვლადიმერ დუროვი ჩამოვიდა და იმპროვიზებულ ცირკში წარმოდგენა გამართა, რომელსაც 12 წლის პარმენიც დაესწრო. მოზარდი აღფრთოვანებული იყო დამჯერი ცხოველებისა და ფრინველების ცქერით და გადაწყვიტა, ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი. მან ისე ოსტატურად გამოწვრთნა თავისი შინაური ცხოველები და ფრინველები, რომ მთელი ფოთი აალაპარაკა. 1923 წელს კი, 13 წლის პარმენმა იმპროვიზებული წარმოდგენა გამართა ფოთის ცენტრალურ პარკში წითელარმიელებისთვის და ისე აღაფრთოვანა ისინი, მას პატარა დუროვი შეარქვეს. ოჯახში გადაწყდა, რომ პარმენი თბილისში, საცირკო-საესტრადო სასწავლებელში გაეშვათ სასწავლებლად. პარმენი საგანგებოდ ემზადებოდა. თუმცა, მოულოდნელად დედ-მამა მალარიისგან გარდაეცვალა და 14 წლის პარმენი დაობლდა.
პირველი დანაშაული
მშობლები რომ დაასაფლავა, მარტო დარჩენილი პარმენი მისმა ნათესავმა, ბიძაშვილის ქმარმა, ანტონ სიგუამ შეიფარა, უფრო სწორად, კურატორობა იკისრა ბავშვზე. თუმცა, ლოთმა, მექალთანე და მოთამაშემ მას ქონება გაუნიავა. თავად სიგუა კი ჩხუბის დროს მოკლეს და ობოლი ბიჭი უსახლკაროდ დარჩა. პარმენმა შინაური ცხოველები გაყიდა და თბილისში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად საცირკო სასწავლებელში. იქ კი მიღება უკვე დასრულებული იყო და პარმენს ისღა დარჩენოდა, ბინა ექირავებინა და სამუშაო ეძებნა. ფული მალე გამოელია. არასტაბილურ სამუშაოს კი შემოსავალი არ მოჰქონდა. ბიჭი ბინის ქირას ვერ იხდიდა და ქუჩაში დარჩა. პარმენი ღამეს სადგურსა და სადარბაზოებში ათევდა. ამ ხეტიალში ბოშების ბანაკს შეეკედლა და მათთან ერთად შოულობდა ფულს, ეგრეთ წოდებული, თუთიყუშის მკითხაობით. პარმენმა გადაწყვიტა, საკუთარი ბიზნესი დაეწყო. ერთ ღამეს ის პატარა, გაწვრთნილ თუთიყუშთან ერთად, ბოშებს ქუთაისიდან გამოეპარა და თბილისში დაბრუნდა. საქართველოს დედაქალაქში კი, პატარა დუროვმა ნამდვილი კრიმინალური საქმიანობა გააჩაღა და საკმაოდ კარგადაც შოულობდა ფულს. პარმენს ისე ჰყავდა გაწვრთნილი თუთიყუში „ბუბა“, რომ ის პატარა მაღაზიების სალაროებიდან ფულის ბანკნოტებს იპარავდა, პატრონთან მიჰქონდა და ჯილდოდ მოხალულ მზესუმზირას იღებდა. 14 წლის პარმენის კრიმინალურმა ბიზნესმა თითქმის ერთი წელი იმუშავა. ბოლოს კი ქურდი „ბუბა“ და მისი პატრონი მილიციამ ფაქტზე აიყვანა. თუთიყუში ზოოპარკში გამოამწყვდიეს. პარმენი კი ორი წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში გაამწესეს.
კვალიფიციური თაღლითი
პარმენმა მხოლოდ ერთი წელიწადი გაატარა კოლონიაში, შემდეგ კი გაიქცა. ეს გაქცევა იმდენად არაორდინარული და კურიოზული იყო, რომ მისი საქმის გამომძიებლები გულიანად ხარხარებდნენ. პარმენმა მომთვინიერებლის ნიჭის წყალობით, იმდენი მოახერხა, რომ კოლონიის მცველთა დამხმარე ოთხი უზარმაზარი გერმანული ნაგაზი ჯერ შეიჩვია და ისე გაიშინაურა, რომ მის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი – სწორედ ამ ძაღლების მეშვეობით, განაიარაღა პარმენმა მათი პატრონები, ანუ ბადრაგი. შემდეგ კი ძაღლებისვე თანხლებით დიდუბეში მდებარე, ეგრეთ წოდებული, „იუჟნი პარკის“ ტერიტორია დატოვა, სადაც კოლონია მდებარეობდა და გაიქცა. ძაღლები პარმენმა ერთ-ერთი მილიციის შენობასთან დააბა. თავად კი, რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა და სოჭში ჩავიდა. იქ პარმენი სულ რაღაც სამი თვე გაჩერდა. 1907 წელს დაბადებული პავლე ვოლკოვის სახელზე საბუთები იშოვა და მოსკოვში გაემგზავრა. სწორედ საბჭოეთის დედაქალაქში გაიფურჩქნა პარმენ თოდუას კრიმინალური ტალანტი. მიუხედავად იმისა, რომ პარმენი ძებნილი იყო, ვოლკოვის საბუთებით, მას არაფერი ემუქრებოდა და ის კვალიფიციური თაღლითი გახდა. 1927-1935 წლებში, პარმენი დაუსჯელად მოღვაწეობდა და იმდენი ფული იშოვა, მოსკოვში ბინაც შეიძინა და მანქანაც. თუმცა, სწორედ ეს შენაძენი გახდა მისი მეორედ დაპატიმრების მიზეზი. მოსკოვის მილიცია მას ფარულად დააჯდა კუდზე. მისი ბიოგრაფია გამოიკვლიეს და გაოგნდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ძებნილთან ჰქონდათ საქმე, რომელიც ყალბი საბუთებით მოქმედებდა. პარმენი 1935 წელს დააპატიმრეს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ურალში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში უკრეს თავი.
საფოსტო მტრედები
მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში არ გადიოდა, პარმენს იმდენი ჰქონდა ნაშოვნი, რომ მოხალისედაც კი არ გაუშვეს ომში და თორმეტი წელი „ოტ ზვანკა დო ზვანკა“ იჯდა. 1947 წელს პარმენი გათავისუფლდა. ციხეში კი ძვირფასი ქვების მოპოვების პროფესიას დაეუფლა და კვალიფიციური ინჟინრის საბუთით გამოვიდა. ურალში, სადაც ის იჯდა, ალმასებს მოიპოვებდნენ და სწორედ იქ დაეუფლა ეს ნიჭიერი კაცი ამ პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ პარმენს დიდ ქალაქებში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, 1948 წელს ის მოსკოვში დაბრუნდა. მან ივანე ზახაროვის გვარზე ყალბი პასპორტი გააკეთა. ამავე გვარზე გადააკეთა თავისი ინჟინრის საბუთი და უკვე, ციმბირში გაემგზავრა, ირკუტსკის მახლობლად მდებარე, ალმასების მომპოვებელ, ყველაზე დიდ საბადოზე. იქ ის ¹4 საბადოში ჯერ ინჟინრის თანაშემწედ, შემდგ კი ინჟინრად გაამწესეს და დიდად კმაყოფილებიც იყვნენ მისი მუშაობით. 1955 წელს, პარმენი ¹4 საბადოს მთავარ ინჟინრად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელფასი და პრემია ჰქონდა, ირკუტსკში კი, კეთილმოწყობილი კარ-მიდამო და პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდა, მასში მაინც თაღლითის სულმა გაიღვიძა. პარმენმა, საბადოდან ალმასების გამოტანა განიზრახა, რაც ფაქტობრივად, უტოპია იყო. საბადოს ექვსმაგი მავთულხლართი აკრავდა. ტერიტორიის მთელ პარამეტრს კი, კბილებამდე შეიარაღებული ბადრაგი იცავდა. საბადოდან გამსვლელებს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და იქიდან ნემსსაც ვერავინ გაიტანდა. პარმენმა მაინც მონახა გამოსავალი. მან საფოსტო მტრედები შეიძინა და ისე გაწვრთნა, რომ ისინი მას ღამით საბადოს ტერიტორიაზე აკითხავდნენ სახლიდან. პარმენი მტრედს არალეგალურად მოპოვებულ ალმასს ფეხზე უმაგრებდა და უშვებდა. შემდეგ კი თავადაც გადიოდა და სახლში რომ ბრუნდებოდა, ალმასს ხსნიდა და ინახავდა. 1957 წლის 2 აგვისტოს, პარმენმა მორიგი ნადავლი შეაბა მტრედს ფეხზე, გაუშვა და თავად გასასვლელისკენ გაემართა. იმ დროს, როცა მთავარი ინჟინერი უნდა გაეჩხრიკათ, მას მოულოდნელად ალმასიანი მტრედი დააჯდა მხარზე, რომელსაც „ბერკუტი“ გამოედევნა და შეშინებული საფოსტო მტრედი თავის პატრონს დაუბრუნდა. ასე გაიშიფრა პარმენი. იქვე შეიპყრეს და საბადოზე საგამოძიებო უწყება შევიდა. როცა დადგინდა, რომ მთავარი ინჟინერი ზახაროვი, სინამდვილეში, თაღლითი პარმენ თოდუა იყო, ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და 15 წლით ციხეში ჩასვეს.
პარმენი 1970 წელს, 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გამოვიდა ციხიდან. 2000 წელს კი პარმენ თოდუა 90 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა და პრესტიჟულ სასაფლაოზეა დაკრძალული. მას რუსეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება ჰქონდა მინიჭებული და ეს საბუთი ნამდვილი იყო.