№47 სახიფათო თამაში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹46 (881)
ქეთიმ ამოიხვნეშა და ნატოს უთხრა:
– ნატუკა, საყვარელო, ეჭვი გვაქვს, რომ ზურიკოსგან ფეხმძიმედ ხარ. აბორტის გაკეთება გინდა და აქ იმიტომ მოვედით, რომ გთხოვოთ, გადაიფიქრო.
– რატომ გგონია ასე, იმიტომ ხომ არა, რომ დღეს ბევრი მჟავე კიტრი შევჭამე სუფრაზე? – ირონიით იკითხა ნატომ.
– მარტო მაგიტომ არა, – მშვიდად მიუგო ქეთიმ.
– აბა, რატომ – ნატომ გურამს გახედა – ბოდიში გურამთან და ორი თვეა, ჰიგიენური პაკეტი არ მიყიდია შენთან ერთად და ფიქრობ, რომ არ მჭირდება, რადგან ორსულად ვარ?
– მთავარი ეს არაა.
– აბა, რა?
– ნატუკა, საყვარელო, შენ ტყუილი არ გეხერხება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არასდროს გითქვამს ტყუილი. გახსოვს, ამ რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში რომ შემხვდი და მითხარი, სასეირნოდ ვარ გამოსულიო?
– მახსოვს. რა, მერე?
– მერე ის, რომ შენ მაშინ ქალთა კონსულტაციაში იყავი და დამიმალე.
ნატო გაფითრდა. ოფლმა დაასხა. შემდეგ თვალები დაქაჩა და ქეთის უთხრა:
– ეს საიდანღა იცი?
– იქ გნახე.
– მითვალთვალებ?
– არა. შემთხვევით გნახე.
– მნახე. უკან გამომყევი. შემდეგ კი ვითომ შემთხვევით შემხვდი, ხომ?
– კი, – თავი დააქნია ქეთიმ.
– ჰო, ჰო, ორსულად ვარ, ორსულად. მესამე თვეში ვარ და ხვალ დილით აბორტი უნდა გავიკეთო! – „აფეთქდა“ ნატო, – მერე თქვენ რა? მოკვდა, აღარ არის ზურიკო, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა!
– დამშვიდდი, საყვარელო. ჩვენ გვესმის შენი. ძალიან მძიმე დღეში ხარ და გასაგებია, მაგრამ იმ ანგელოზს რას ერჩი, მუცელში რომ გიზის?
ნატოს თვალები გაუფართოვდა და იღრიალა:
– თავი დამანებეთ, შემეშვით! არ მინდა შვილი იმ ნარკომ... – ნატომ ენა მოიკვნიტა და სახეალეწილ გურამს შეხედა. შემდეგ გურამის მუხლებში ჩარგო თავი და მწარედ აქვითინდა.
ტიროდა გურამიც, თან ნატოს თავზე ეფერებოდა.
***
ქეთის საუბარმა და გურამის ტირილმა ნატოზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. გოგონამ ჯერ ბოდიში მოიხადა უზრდელობისთვის, შემდეგ კი პირობა დადო, რომ ბავშვს არ მოიცილებდა.
– გავაჩენ და ზურიკოს დავარქმევ. ვისაც რა უნდა, ის თქვას, არ მადარდებს. ჩემები თუ გამიგებენ, ხომ კარგი. არადა, სახლიდან წავალ და მარტო გავზრდი შვილს, – მტკიცედ თქვა ნატომ და ცრემლები შეიმშრალა.
– ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო. შენებს ყველაფერს ავუხსნი და აუცილებლად გაგიგებენ. ხომ იცოდნენ, ზურიკოს რომ უნდა გაჰყოლოდი და ის ცხონებული ძალიან უყვარდათ, – უთხრა ქეთიმ ნატოს და თმაზე მოეფერა, – მთავარია, შენ არ ინერვიულო და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინო.
– არ ვინერვიულებ და ზურიკოს შვილს გავუჩენ, – ცრემლნარევი ხმით თქვა ნატომ და სევდიანად გაიღიმა.
– ნატუკა, საყვარელო, შეიძლება, ამაღამ შენთან დავრჩე? – ჰკითხა ნატოს ქეთიმ.
– რა თქმა უნდა, დარჩი. ძალიან გამიხარდება, – თქვა ნატომ და დააყოლა, – გურამიც დარჩეს.
– არა, ნატო. მე წავალ. ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდე, – თქვა გურამმა და სევდიანად გაიღიმა, – თანაც თქვენ თქვენი ქალური სალაპარაკო გექნებათ და ხელს შეგიშლით.
– კარგი, გურო, – თქვა ნატომ. ქეთიმ კი დააყოლა:
– ჩემი მანქანა წაიყვანე. ხვალ დილით მაინც არ მჭირდება. დღისით კი სამსახურში გამოგივლი და წავიყვან.
გურამი გოგონებს დაემშვიდობა და წავიდა.
***
გურამმა მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და კიბეებს ფეხით აუყვა. მეხუთე სართულს რომ მიაღწია, შეჩერდა. გასაღები კარს მოარგო. გადაატრიალა და გააღო. ის-ის იყო შესვლას აპირებდა, რომ ინსტინქტურად უკან მიიხედა და ოცდაათიოდე წლის კაცს მოჰკრა თვალი, რომელიც მას ფრთხილად უახლოვდებოდა. გურამმა თავდაცვის პოზა მიიღო, რომ საჭიროების შემთხვევაში, უცნობი მოეგერიებინა. მამაკაცი შეჩერდა და გურამს ხმადაბლა უთხრა:
– ნუ გეშინიათ, სამტროდ არ მოვსულვარ.
– საიდან მოიტანეთ, რომ მეშინია? – ირონიით თქვა გურამმა და უცნობს მწველი მზერა ესროლა.
– თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, შემოვიდე?
გურამმა ხელით ანიშნა, შედიო და უცნობი წინ გაატარა. შემდეგ უკან მიჰყვა. კარი გამოიკეტა და დაუპატიჟებელი სტუმარი სასტუმრო ოთახში შეიყვანა. სავარძელში დასვა. თავადაც ჩაჯდა და უთხრა:
– ვინ ხართ და ჩემთან რა საქმე გაქვთ?
– თქვენ გურამ ფიფია ხართ, ხომ?
– დიახ. თქვენ?
– მე ზურაბის მეწყვილე ვიყავი.
– ვერ გავიგე?
– ახლავე აგიხსნით. მე და თქვენი უმცროსი ძმა ზურაბ ფიფია მთავრობაზე ვმუშაობდით და საიდუმლო დავალებას ვასრულებდით. ცხადია, თქვენ გიკვირთ და არ გჯერათ, მაგრამ აბსოლუტურ სიმართლეს ვამბობ.
– უფრო გარკვევით და კონკრეტულად, თუ შეიძლება, – თქვა გურამმა და უცნობს თვალი თვალში გაუყარა.
– ჩვენი ჯგუფი გივი ხავთასმა შეკრიბა, გაწვრთნა და ის გვაძლევდა დავალებებს.
– ვინ გივი ხავთასმა?
– იყო ასეთი ადამიანი. ის ამ ორიოდე თვის წინ მოკლეს.
– გივი მოკლეს?
– თქვენ რა, იცნობდით მას?
– თუ ისაა, ვინც მე მგონია, მაშინ ვიცნობდი. ომის ვეტერანთა კავშირში ხომ არ მუშაობდა?
– დიახ. სწორედ ისაა.
– ვინ და როგორ მოკლა?
– ოფიციალური ვერსიით, მას ინფარქტმა დაარტყა და თავის ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. მაგრამ, გივის ისევე დაარტყა ინფარქტმა, როგორც თქვენი ძმა გარდაიცვალა „პერედოზიროვკით“.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმისი, რაც ვთქვი. ჩვენს ჯგუფს ანადგურებენ. გივით დაიწყეს, შემდეგ თქვენი ძმა იყო. ჩემზეც ნადირობენ და ალბათ, სხვებზეც. ხომ გითხარით, – ჩვენს ჯგუფს ვიღაც ანადგურებს.
– ისეთი რა ჯგუფი ხართ. ხომ გკითხეთ, კონკრეტულად მითხარით-მეთქი.
– ამ სამიოდე წლის წინ, გივი ხავთასმა ათი კაცი შეგვკრიბა. როგორც თვითონ აგვიხსნა, თითოეულ ჩვენგანს დიდი ხნის განმავლობაში გვაკვირდებოდა და საგანგებოდ შეგვარჩია. შემდეგ გაგვწვრთნა. გვასწავლა და სხვადასხვა დავალებას ვასრულებდით.
– რა ტიპის დავალებებს?
– ძირითადად, ინფორმაციის შეგროვებით ვიყავით დაკავებულები. ანუ, უნდა მოგვეპოვებინა ინფორმაციები ცალკეულ პიროვნებებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენდნენ საქართველოსთვის.
– შემდეგ რა ხდებოდა?
– მათი განეიტრალება.
– როგორ?
– სხვადასხვა ხერხით.
– დააკონკრეტეთ.
– მათი გამოაშკარავებით დაწყებული, ლიკვიდაციით დამთავრებული.
– ლიკვიდაციაში ფიზიკურ განადგურებას გულისხმობთ?
– დიახ.
– თქვენც მიგიღიათ ასეთ საქმეში მონაწილეობა?
– ლიკვიდაციას გულისხმობთ?
– დიახ.
– მე და ზურაბს, ხომ გითხარით უკვე, რომ მეწყვილეები ვიყავით.
– გამოაშკარავება რას ნიშნავს?
– პრესისა და ძალოვნებისთვის ინკოგნიტოდ ინფორმაციის, ანუ კომპრომატის გადაცემას.
– თქვენ ჯგუფს რა ოფიციალური სტატუსი ჰქონდა?
– გივი ხავთასის თქმით, ჩვენ ვიყავით უშიშროების სამინისტროს საიდუმლო-ოპერატიული რაზმი, მაგრამ ჩვენი არსებობის შესახებ, იცოდა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტიმა და უშიშროების მინისტრმა. თუმცა, ჩვენი ვინაობა ხავთასის გარდა – არავინ.
გურამმა ეჭვიანი მზერა მიაპყრო მამაკაცს. თავი გააქნია და უთხრა:
– თქვენი მონახთრობი უფრო ტყუილს ჰგავს, ვიდრე – მართალს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ნამეტანი ზესაიდუმლოებაა, თქვენი, ეგრეთ წოდებული, ჯგუფის სტატუსში. ასე კი – არ ხდება.
– და მაინც, ეს ასეა.
გურამს გაეცინა და ჰკითხა:
– სად იწვრთნებოდით?
– უშიშროების სამინისტროს საიდუმლო ბაზაზე.
– სად, კონკრეტულად?
– კოორდინატებს ნამდვილად ვერ დაგისახელებთ.
– რატომ, საიდუმლოა? – ირონიით იკითხა გურამმა.
– უბრალოდ, არ ვიცი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ხავთასს იქ დახურული მანქანით მივყავდით და მოვყავდით.
გურამმა ძლივს შეიკავა სიცილი და თქვა:
– სადაც იწრთობოდით და მეცადინეობდით, იმ ადგილის აღწერაც არ შეგიძლიათ?
– რატომაც არა.
– აღწერეთ.
– ესაა უზარმაზარი ბუნკერი, სადაც ყველაფერია.
– მაინც?
– სასწავლო კლასი, ტირი, სპორტდარბაზი...
უცნობი საკმაოდ დამაჯერებლად ლაპარაკობდა, მაგრამ გურამი დარწმუნებული იყო, რომ შეშლილთან ჰქონდა საქმე და უთხრა:
– კეთილი. გასაგებია. ახლა კი – თქვენი ჩემთან ვიზიტის სრული ვერსია მითხარით.
– ალბათ, შეშლილი გგონივართ, ხომ? – გაეცინა უცნობს.
– რატომ გგონიათ, რომ ასე ვფიქრობ?
– სახეზე გაწერიათ, ბატონო გურამ.
– თქვენი სახელი, თუ შეიძლება.
– გოჩა. გოჩა ძნელაძე, ბატონო გურამ.
– საქმეზე გადავიდეთ, ბატონო გოჩა. გისმენთ.
– ბატონო გურამ, ნუთუ ფიქრობთ, რომ თქვენი ძმა ნარკომანი იყო და „პერედოზიროვკით“ გარდაიცვალა? არ დაიჯეროთ. ეს მკვლელობაა. მისი მოშორება უნდოდათ და საკმაოდ მაღალპროფესიულადაც შეასრულეს. იციან ჩვენმა მტრებმა თავიანთი საქმე და ჯერჯერობით გვჯობნიან. თქვენთან კი იმიტომ მოვედი, რომ დახმარება გთხოვოთ. უფრო სწორად, ერთად შევებრძოლოთ ჩვენს მტრებს. ნუთუ შურისძიების სურვილი არ გაქვთ? არ გინდათ, რომ ზურაბის მკვლელები მოიხელთოთ და სამაგიერო გადაუხადოთ? ამას კი ჩემი დახმარების გარეშე ვერ შეძლებთ. ასე რომ, ბატონო გურამ, ერთმანეთს ვჭირდებით.
– გოჩა, ჩემო კარგო, თუკი რასაც ამბობ, სიმართლეა, რა თქმა უნდა, შურისძიების სურვილიც მაქვს და ვიძიებ, სასტიკად ვიძიებ შურს, მაგრამ ვისზე? რაც აქ ხარ, რაღაცის ირგვლივ ტრიალებ. მეუბნები და არც მეუბნები, ან ვერ მეუბნები. არაფერს აკონკრეტებ და ზოგადად ლაპარაკობ. მითხარი, ვისზე უნდა ვიძიო შური? – თქვა გურამმა და მხრები აიჩეჩა, – შენ ჩემს ადგილზე ასე არ იფიქრებდი?
– ჯერ მითხარით, რომ დამეხმარებით და ყველაფერს მოგიყვებით.
– რა თქმა უნდა, დაგეხმარები. გისმენ.
გოჩა ძნელაძემ ჩაახველა და სმენად ქცეულ გურამს უთხრა:
– გივი ხავთასმა მე და ზურაბს ჰოლდინგ „ოქროს თავთავის“ საქმიანობის ჩრდილოვანი მხარის გარკვევა დაგვავალა.
– ეს ის გაერთიანება არაა, სადაც ზურიკო მუშაობდა იურისტად? – სიტყვა გააწყვეტინა გურამმა გოჩა ძნელაძეს.
– დიახ. სწორედ ისაა. ამიტომაც, დაავალა ხავთასმა ეს საქმე თქვენს ძმას. მე კი, როგორც უკვე გითხარით, ზურაბის მეწყვილე ვიყავი და თქვენს ძმას ვაზღვევდი. ანუ, მის უსაფრთხოებაზე უნდა მეზრუნა ნებისმიერი „ჩეპეს“ დროს. ასევე, მუდმივ კავშირზე ვყოფილიყავი მასთან და მისი განკარგულებები შემესრულებინა. ზურაბმა ქექა, ქექა „ოქროს თავთავის“ საქმიანობა და აღმოაჩინა, რომ ამ გაერთიანებას საქართველოში ხორბლის, ფქვილის, ბურღულეულისა თუ სხვა პროდუქტების ექსპორტის პარალელურად, ნარკოტიკები შემოჰქონდა. აგრეთვე, მათი ტრანზიტითაც იყო დაკავებული. თქვენმა ძმამ იმდენად იყოჩაღა, რომ ზუსტად დაადგინა ერთ-ერთი მსხვილი პარტიის შემოტანისა და ტრანზიტის დრო და ეს ინფორმაცია ხავთასს უთხრა. დაიგეგმა ოპერაცია, რომლის მიზანიც ნარკოტიკების განადგურება იყო და ჩვენ ბრწყინვალედ გავართვით თავი ამ ამოცანას. ბაქოდან ვლადიკავკაზისკენ მიმავალი ტრაილერი დუშეთში გადავბუგეთ და ათას ორასი კილოგრამი სუფთა ჰეროინი გავანადგურეთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილის ოცდაოთხ ტომარაში იყო მოთავსებული. ტელევიზიაში მხოლოდ ტრაილერის შემთხვევითი დაწვის სიუჟეტი გავიდა და სიტყვაც არ იყო ნახსენები არც დივერსიაზე და არც ნარკოტიკებზე. რომ იტყვიან, ეს ამბავი არ გაბაზრებულა. გივიმ მთელი ჯგუფი შეგვკრიბა და უშიშროების მინისტრის სახელით, მადლობა გამოგვიცხადა. თან, ათ-ათი ათასი დოლარი დაგვირიგა პრემიის სახით, ესეც მინისტრის სახელით. ამ შემთხვევიდან ორი კვირის მერე, ჯერ ჩეჩენი ბიზნესმენი იუსუფ ხალიკბეკოვი მოკლეს, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ცოფიკ ახმედოვი. ორივე ნარკომოვაჭრე იყო და ერთმანეთს ამ ბიზნესში დიდ კონკურენციას უწევდნენ. აი, მაშინ კი რაღაც იყნოსეს ჟურნალისტებმა. მედია სრული დატვირთვით ამუშავდა და ამბობდნენ, – საქართველოში ნარკობარონთა ომი დაიწყოო. ხავთასმა ისევ შეგვკრიბა. კვლავ მინისტრის სახელით გამოგვიცხადა მადლობა. მართალია, ფული აღარ მოუცია, მაგრამ გვითხრა:
– თქვენ მიერ ათას ორასი კილოგრამი ჰეროინის განადგურების მთავარი მიზანი ნარკობარონთა შორის ურთიერთშუღლის ჩამოგდება იყო. დე, ამ ნაძირლებმა ერთმანეთი ხოცონ. ამით ორ კურდღელს ერთად ვიჭერთ. ერთი მხრივ, ნარკოტიკები ნადგურდება და მყიდველამდე ვერ აღწევს. მეორე მხრივ კი – ეს ნაძირლები ხოცავენ ერთმანეთს და სუსტდებიანო.
მოკლედ, გივი ხავთასის სიტყვებიდან ისე გამოდიოდა, რომ უშიშროების მინისტრი არალეგალურად, ჩვენი დახმარებით ახორციელებდა საიდუმლო სპეცოპერაციებს მსხვილი ნარკომოვაჭრეებისა და მათი ხელქვეითების წინააღმდეგ. ნარკოომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მოულოდნელად, გივი ხავთასი გარდაიცვალა. ცხონებული ცინკის კუბოთი დაკრძალეს. მეზობლებს ის ერთი კვირის მერე თითქმის გაფუჭებული უპოვიათ. იმ დღეებში საშინელი სიცხე იყო და ცხედარს ამიტომ აუვიდა სუნი. გივის სულ მალე თქვენი ძმაც მიჰყვა და სიმართლე გითხრათ, აი, მაშინ კი მართლა შევშინდი. ხომ ზუსტად ვიცოდი, რომ ზურაბი არ კაიფობდა და უცებ – „პერედოზიროვკით“ გარდაიცვალაო. თავდასხმის მცდელობა იყო ჩემზეც, უკვე ზურაბის გარდაცვალებიდან ერთი კვირის მერე. მობილურზე დამირეკეს. მითხრეს, პაროლი, რომლის მეშვეობითაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს ვუკავშირდებოდით და უშიშროების სამინისტროში, უფრო სწორად „მოდულში“ დამიბარეს მნიშვნელოვანი საუბრისთვისო, ასე მითხრეს. ხოლო, სახლიდან რომ გამოვედი, მოულოდნელად, მანქანა გამოქანდა ჩემკენ დიდი სისწრაფით და რომ დამჯახებოდა, ჩემს ძვლებსაც ვერ აკრეფდნენ. მაგრამ, რადგან ხავთასისა და ზურაბის მოულოდნელი დაღუპვის გამო ძალიან ფრთხილად ვიყავი, მანქანას გავერიდე და გადავრჩი. ის კი გაიქცა.
– ბოდიში, რომ გაწყვეტინებ. დანარჩენებსაც ასე დევნიან?
– დანარჩენი რვა ჩვენიანი ერთბაშად გაუჩინარდა. ცოცხლები არიან თუ მკვდრები მხოლოდ ღმერთმა უწყის და სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან.
– თუ სწორად მივხვდი, უშიშროების მინისტრზე გაქვთ ეჭვი, ხომ?
– აბა, მეტი ვისზე უნდა მქონდეს?
– მხრები აიჩეჩა ძნელაძემ, – ხავთასი მკვდარია. ჩვენ შესახებ კი მხოლოდ მინისტრმა იცოდა და მისი მოწყობილია ეს ყველაფერი.
– რაში სჭირდებოდა? – იკითხა გურამმა.
– თავისი მრავალსვლიანი კომბინაციის დასაგვირგვინებლად.
– რა კომბინაციის?
– გეტყვით, – ჩაეცინა გოჩა ძნელაძეს, – ჩემი ინფორმაციით, თავად მინისტრია ყველაზე მსხვილი ნარკობარონი. მან ჩვენი მეშვეობით დანარჩენი ნარკობარონები, ანუ კონკურენტები მოიშორა. შემდეგ კი ჩვენი მოშორებაც გადაწყვიტა, რომ კვალი დაეფარა. როგორც ცნობილია, ადრე თუ გვიან, ყველა საიდუმლო ცხადდება. მას კი ეს არ აწყობს. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფისნაირი სხვა ქვედანაყოფი შეაქმნევინა ვიღაცას და მას უკვე ჩვენ წინააღმდეგ იყენებს. მოვა დრო და მათაც გააქრობს, ახალს შექმნის და ასე შემდეგ... ახლა გასაგებია?
– სიმართლე გითხრა, ბოლომდე გასაგები არაა. სერიოზული ქვედანაყოფების ასე ხშირად შექმნა და განადგურება, კომპიუტერული თამაში ხომ არაა?
– გარწმუნებთ, რომ სწორედ მასეა.
– კეთილი. რას მთავაზობ?
გოჩა ძნელაძემ გურამს მიაპყრო მზერა და უთხრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში