კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-46(881)



თათიამ ტუჩები აიბზუა.
– მაშინაც ასე მითხარი, წამიყვანე და თვალი ვერ მოგკარი. დადიოდი იმ შენს პარტნიორებთან ერთად. ღამე ბრუნდებოდი და მაშინვე იძინებდი. მოწყენილობისგან ლამის მოვკვდი.
– არა, ასე არ იქნება. გპირდები... მხოლოდ ორი დღე, ისიც შუადღემდე.
– და უცებ იტყვი, რომ თბილისში გადაუდებელი საქმე გაქვს, მტაცებ ხელს და ჩამომარბენინებ.
– არა-მეთქი. კოკას ვტოვებ აქ ჩემ მაგივრად. უკვე მოვაგვარე და დილით წარვადგენ ოფისში.
– რა? კოკას ტოვებ შენ მაგივრად? გაგიჟდი? თუმცა, რა ჩემი საქმეა.
– კოკა ერთგულია. არ მომატყუებს. ამაში დარწმუნებული ვარ. კოკა ცუდი კაცი არ არის. ოცი წლის წინ ძალიან მომხიბვლელი და პერსპექტიულიც იყო. გოგოები ჭკუას კარგავდნენ მასზე. რა გაცინებს... ვერ წარმოგიდგენია?
თათიამ თავი გადააქნია.
– საქმე წარმოდგენებში არ არის. არ მაინტერესებს კოკა, საერთოდ. შენ თუ ფიქრობ, რომ პრობლემებს არ შეგიქმნის, რა მენაღვლება.
– არა მგონია. ანუ მივდივართ?
– ჯერ ქვეყანა არ გითქვამს.
– ბერლინში მაქვს საქმე. იქიდან კი იქით გავფრინდეთ, სადაც გული გაგიწევს. მარშრუტი მთლიანად შენ დაგეგმე.
– დრო რამდენი მაქვს? – გოგოს შეეტყო, რომ გუნება გამოუკეთდა.
– სამუდამოდ ევროპაში ვერ დავრჩებით. ორი კვირა გეყოფა? – ვახო მიხვდა, რომ ქარიშხალმა გადაიარა. თათია წამოაყენა, სავარძელში თავად ჩაჯდა და ცოლი კალთაში ჩაისვა. ცხვირი მის დეკოლტეში ჩამალა და ბედნიერებისგან ამოიხვნეშა, – რა კარგია... რატომ არ შეიძლება, არ ვჩხუბობდეთ?
– შეიძლება, მაგრამ შენ ყველაფერს აკეთებ, რომ მშვიდად ვერ ვიცხოვროთ.
– თავიდან ნუ დაიწყებ, ძალიან გთხოვ, – შემრიგებლურად გაუღიმა კაცმა. ისეთი საყვარელი ხარ, როცა ფისოსავით კრუტუნებ ჩემს ალერსზე.
– ჰო? მერე არ იცი, რომ ყველა ფისოს აქვს კლანჭები, რომლითაც იკაწრება, როცა გააბრაზებ? შენც ნუ გამაბრაზებ. რაღაც ქენი. მიუჩინე ადგილი შენს თავხედ შვილს და ნუ აძლევ უფლებას, როცა მოუნდება, ჩვენს პირად სივრცეში შემოიჭრას.
– კარგი, საყვარელო, შევეცდები... – დაჰპირდა ვახო.
– შეეცდები კი არა, უფლებას აღარ მისცემ. არ მესმის, ასე რატომ ანებივრებ.
– ხომ აგიხსენი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ-მეთქი. თანაც, ისეთი რაღაც მითხრა, – ვახომ უცნაურად გაიღიმა და ქალს სახეში ჩააშტერდა, – არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა...
– მითხარი, რადგან დაიწყე, – თათიამ ქმრის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და თმა შეისწორა.
– ეჭვიანობს.
– რა? ჩემზე? ჰმ, აბა, მე რა ვთქვი. ძალიან ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს.
– არა, შენზე კი არა, იმ ბავშვზე, რომელსაც გამიჩენ.
– თათიამ ჯერ გაიცინა, მერე სახეზე გაოცება გამოესახა და ქმარს მიაჩერდა.
– მე გითხარი, რომ ბავშვის გაჩენას ვაპირებ? რაღაც არ მახსენდება, ამ თემაზე საერთოდ გვქონოდეს საუბარი.
– მართალი ხარ, არ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ მარინკამ რომ მითხრა, დავფიქრდი და მივხვდი, არ იქნებოდა ცუდი. უფრო მეტიც – ძალიან კარგი იქნებოდა.
– „ძალიან კარგი იქნებოდა“... – გამოაჯავრა თათიამ გაღიზიანებული ტონით, – აბა, მე მკითხე? მინდა, შვილი?
– გეკითხები, თათია, ახლა გეკითხები – გინდა, შვილი გამიჩინო?
ქალმა ამოიოხრა და თვალები მოჭუტა. ვახოს გაბრწყინებულმა სახემ და ბედნიერმა გამომეტყველებამ გააღიზიანა. გუნებაში გაიფიქრა, „ღმერთო, რა იდიოტია“, მაგრამ ხმამაღლა ეს არ უთქვამს. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე კეკლუცად ჩაილაპარაკა.
– ვნახოთ თუ დაიმსახურებ...
მაგრამ, ვახოსთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ცოლი გახარებულმა აიტაცა ხელში და დაატრიალა.
– დავიმსახურებ, აუცილებლად დავიმსახურებ. ბიჭი უნდა იყოს, შენი თვალებით და ჩემი ჭკუით...
– ოჰ, მეტისმეტსაც ნუ მოინდომებ. მე ვთქვი, ვნახოთ-მეთქი და იმედი მაქვს, გულს არ გამიწყალებ ბავშვზე ლაპარაკით. გულახდილად რომ გითხრა, არ მაქვს სურვილი, ცხრა თვე დამახინჯებულმა ვიარო, გამობზეკილი მუცლით და დამძიმებული ნაბიჯებით.
– ასე ნუ ამბობ, საყვარელო. შენ ფეხმძიმეც ძალიან ლამაზი იქნები. იმაზე იფიქრე, როგორი საოცარი ბავშვი გვეყოლება, შესანიშნავი ბავშვი.
– შეწყვიტე, ეს უკვე აშკარა ძალადობაა ჩემზე. როცა ცოლად მოგყვებოდი, ბავშვზე არ შევთანხმებულვართ. აჯობებს, ისევ მომავალ მოგზაურობაზე ვილაპარაკოთ. როდის მივდივართ?
– ორ დღეში. შეგიძლია, მოემზადო, დილით ბილეთებს შევუკვეთავ.
თათია ქმარს მიაშტერდა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.
– რა გაცინებს? – შეშფოთდა ვახო, – კიდევ რამით ხარ უკმაყოფილო?
– არა, უბრალოდ, გავიფიქრე, რომ ეს მოგზაურობა ჩვენი შანსია. უფრო სწორად, შენი.
– მოიცა, რას გულისხმობ?
– თავად მიხვდი. კიდევ გიმეორებ, ეს მოგზაურობა შენი შანსია. არ მინდა, რამე შეგეშალოს და ყველაფერი ჩამაშხამო. დიდი იმედი მაქვს, იქ მაინც არ ილაპარაკებ მარინკაზე, შენს ყოფილ ცოლზე, ბიზნესზე და ძმაკაცებზე.
– გპირდები, – ვახომ ცოლს შუბლზე აკოცა, – დავიძინოთ? დღეს საძინებელში ხომ შემომიშვებ?
– შემოგიშვებ და ჩაისაც დაგალევინებ.
კაცს გულზე მოუშვა.
– ჩემი გოგო აღარ მიბრაზდება...
– ჰო, დროებითი ზავი გვაქვს და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ ჩემს ამ კეთილ ნებას.
– როცა ასე მელაპარაკები, ძალიან საყვარელი ხარ და შემიძლია, ყველაფერი გაპატიო.
– დიახ, სწორედაც... ყველაფერს მაპატიებ, – ნიშნისმოგებით გაიცინა თათიამ და ქმარს თმა მოუჩეჩა.
***
სარკის წინ მდგარმა კოკამ საკუთარ გამოსახულებას კმაყოფილი მზერა შეავლო და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას გასძახა:
– თინა, მოდი რა აქ, ერთი წუთი.
– კოკა, უჩემოდ რომ მიხედო საკუთარ თავს, არ შეიძლება? ბლინებს გიცხობ და დამეწვება.
– რა დროს ბლინებია, რომ გეძახი, ესე იგი, შენი მოსვლა აუცილებელია. მოდი, არ ინანებ.
თინამ ბურტყუნით გამორთო გაზქურა, ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და უხალისოდ, ფეხათრევით დაიძრა სასტუმრო ოთახისკენ.
– არ მოასვენებ ადამიანს. ჩემთვის კი არ მინდა ეს ბლინები, მაგრამ ახია ჩემზე, საერთოდ, რისთვის ავიტეხე... გესმის შენ? კოკა, კოკა? მოიცა, ეს შენ ხარ? თვალებს არ ვუჯერებ. რა ხდება? ღმერთო, ეს რანაირად გაცვია?
კოკამ თმაზე მედიდურად გადაისვა ხელი და ქალისკენ შებრუნდა.
– აბა, როგორ გამოვიყურები?
– სიტყვები არ მყოფნის. ვერ ხედავ, ლამის ენა ჩამივარდეს. ძალიან ძვირფასი კოსტუმი გაცვია, ხომ? თანაც, ახალია. კოკა, რამე უბედურება ხომ არ  გვჭირს? იცოდე, არ დამიმალო.
– აუ, თინა, როგორ იტყვი ხოლმე. ასეთი ძვირფასი კოსტუმი მაცვია და ეს უბედურებას რატომ უნდა ნიშნავდეს? სამსახურს ვიწყებ და შესაბამისად გამოვეწყვე.
– სამსახურს იწყებ? – თინას ჩაეცინა, – პირდაპირ მინისტრად ხომ არ დაუნიშნიხარ ვიღაც ჩემი ცოდვით სავსეს. რაღა გაგიძლებს ახლა შენ...
კოკას გამომეტყველება შეეცვალა და სახე უკმაყოფილოდ მობრიცა.
– კარგი რა, მაინც საიდან გაქვს ასეთი ნიჭი, ყველაფერი ჩააშხამო ადამიანს. იმის ნაცვლად, გაგხარებოდა, ირონიულად მიყურებ და დამცინი.
– მართლა მუშაობას იწყებ, ბიჭო?
– აბა, რა გგონია, ვგავარ მასხრობის გუნებაზე მყოფს? ფეხები მიბჟუის მაღაზიებში სიარულისგან, ძლივს ავარჩიე შესაფერისი ტანსაცმელი. პირველი დღეა და მინდა, შთაბეჭდილება მოვახდინო.
– გააჩნია, ვისზე აპირებ შთაბეჭდილების მოხდენას. მარტო ძვირფასი პიჯაკი არ შველის მაგ საქმეს, ხომ იცი?!
– თინა, ისევ დაიწყე? სულ იმას არ ნატრობდი, სამსახური დამეწყო? ჰოდა, გაგიხარდეს ახლა.
– მიხარია, როგორ არ მიხარია, მაგრამ... – თინამ სათვალე მოირგო და შვილი თავიდან ფეხებამდე ყურადღებით შეათვალიერა, – ეს ყველაფერი, ალბათ, ძალიან ძვირი ღირს. ბაზრობაზე რომ არ არის ნაყიდი, ეტყობა... ერთი კარგად ამიხსენი, რა ხდება.
– ვახომ თავის ერთ კომპანიაში დირექტორის ადგილი შემომთავაზა და შესაფერისი იმიჯის შესაქმნელად ფულიც მომცა. როგორც იქნა, მაღიარა, გვიან.. მაგრამ, არა უშავს.
– მარტო ტანსაცმელი გიყიდა თუ ხელფასსაც მოგცემს, – წაგესლა თინამ და კოკამ საყვედურით შეხედა.
– კარგი რა, დედა, კარგი რა! პირველსავე დღეს უნდა დამთარსო?
– ნეტავი, შენ რამე გეშველებოდეს და საერთოდ დავმუნჯდები, – ამოიოხრა ქალმა.
***
თათიამ ამოიკრუსუნა და გვერდი ისე შეიცვალა, თვალი არ გაუხელია. ვახომ მზრუნველად შეუსწორა საბანი და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი. ფრთხილად გამოაღო კარადა, ცოტა დრო დასჭირდა, შესაფერისი ტანსაცმელი რომ შეერჩია და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. თათიას არ ეძინა, უბრალოდ, თვალდახუჭული იწვა და მომავალ მოგზაურობაზე ფიქრობდა. დიდი ხანია, ამის გაკეთება უნდოდა – ევროპის ყველაზე ცნობილი ქალაქების შემოვლა და იქ გართობა. შოპინგიც არ გამოირიცხებოდა, რა თქმა უნდა. ვახოს რამდენჯერმე მილანში კი ჰყავდა და ერთხელ სტამბოლშიც მოახერხეს წასვლა. ძვირფასი ტანსაცმლის შეძენა თბილისშიც შეეძლო, მაგრამ ევროპაში გადაღებულ ფოტოებს რომ გამოფენდა სოციალურ ქსელში, ამას მაინც სხვა ხიბლი ჰქონდა. დაიცადა, სანამ შემოსასვლელის კარი ხმაურით არ დაიკეტა და თვალები გაახილა. საწოლში წამოჯდა, კმაყოფილმა გაიზმორა და კომოდის უჯრიდან სიგარეტი ამოიღო. როცა ვახო სახლში იყო, სიგარეტის მოწევისგან თავს იკავებდა. ცდილობდა, ცოტა მოეწია და ისიც სამზარეულოში ან აივანზე. სანამ დამლაგებელი მოვიდოდა, ორი ღერი სიგარეტის მოწევა მოასწრო. ბიკინისამარა გავიდა სამზარეულოში და ყავა მოიდუღა. თვალები მხიარულად უციმციმებდა. მობილურში ცოტა ხანს „იქექა“. სოციალურ ქსელში ფოტოებს ათვალიერებდა. რამდენიმეს უფრო ყურადღებით ჩააშტერდა და ტუჩი აიბზუა. მერე დარეკა და სალონში ჩაეწერა. იცოდა, ვახო გვიანობამდე არ მოვიდოდა. წინა საღამოს ხომ უთხრა, კოკა უნდა მივიყვანო და ოფისში წარვადგინო. მერე ცოტა სარბენი მაქვს, საქმეები უნდა მოვაწესრიგო, რომ ევროპაში ყოფნისას დრო მქონდეს, შენთან ერთად რომ გავატაროო. ცდუნებას ვერ გაუძლო. ანცობის გუნებაზე დამდგარმა მობილურში კოკას ნომერი აკრიფა. ცნობარში პირობითი ფორმით – „მასაჟის ინსტრუქტორის“ სახელით ჰყავდა შეყვანილი.
კოკამ ტაქსი გამოიძახა და ისე წავიდა იმ მისამართზე, რომელიც ვახომ უთხრა. თინასთან საუბარმა გუნება ცოტა გაუფუჭა, მაგრამ ახლა, საკმაოდ ძვირფას ტანსაცმელში თავს ისე კომფორტულად გრძნობდა, მალევე დაუბრუნდა ხალისი. ტაქსიდან გადავიდა თუ არა, ვახოც დაინახა. მანქანას აყენებდა, სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
– უკვე მოხვედი, მე ვფიქრობდი, დააგვიანებს-მეთქი. ყოჩაღ, ესე იგი, შემიძლია, შენი იმედი მქონდეს.
– მაღვიძარაც მზადყოფნაში იყო და თინაც გავაფრთხილე, ყოველი შემთხვევისთვის, – ამაყად გაიმართა წელში კოკა.
– ძალიან კარგი, მშვიდად გავემგზავრები.
– მოიცა, ასე დიდი ხნით მიდიხარ? – შეშფოთდა კოკა.
– ორი კვირით ვუთხარი თათიას, მაგრამ მაგისი ამბავი რომ ვიცი, წუწუნს დაიწყებს და შეიძლება, ერთი თვეც კი მომიწიოს ევროპაში ყოფნა. ასე ადვილად ვერ მოვწყვეტ პარიზისა და ბარსელონას მაღაზიებს. კოკა მოიღუშა, თათიას შიშველი სხეული ამოუტივტივდა გონებაში და ისე გარკვევით „დაინახა“, რომ შეაჟროჟოლა. თითქოს რაღაც იმპულსური კავშირი წარმოიშვა, უხილავი კავშირი და მობილურმაც დარეკა.  
კოკას არასდროს შეუწუხებია თავი, ზეპირად ესწავლა იმ ადამიანების მობილურის ნომრები, რომლებიც ურეკავდნენ ხოლმე. ამიტომ ნომრით ვერ მიხვდა, ვინ ურეკავდა. ვახოს გაუღიმა, ტელეფონი ყურთან მიიტანა და თათიას ხმის გაგონებაზე, გველნაკბენივით შეხტა.
– მომისმინე, სიხარულო... – ქალი კეკლუცობდა, – ვიცი, რომ ჩემს ქმართან ერთად ხარ ახლა. ალბათ, ძალიან შეიფერე ახალი თანამდებობა. ჰოდა, მინდა, ეს სიახლე ჩემებურად მოგილოცო, თან რამდენიმე კვირით მივდივარ. ჰო, მინდა, დაგემშვიდობო. მოკლედ, საღამოს ჩვენს სასტუმროში მოდი. დროს მოგწერ, არ მალოდინო, იცოდე...
– ახლა დაკავებული ვარ, – კოკა გაფითრდა და ხმა გაიმკაცრა, თან მალულად ვახოს გახედა. აინტერესებდა, უსმენდა თუ არა. მაგრამ, ვახო თანამშრომლებთან საუბრით იყო გართული, რაღაცას უხსნიდა მათ. რამდენჯერმე კოკასკენ კი გამოიხედა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მასზე ლაპარაკობდა.
– ახლა დაკავებული ვარ-მეთქი, – გაღიზიანებული ტონით გაუმეორა კოკამ და ტელეფონი გათიშა. ერთი წუთი თუ იქნებოდა გასული, რომ მესიჯი მიიღო. თათია სწერდა: „შენ იცი, როგორ ვერ ვიტან, როცა უარს მეუბნებიან. ზუსტად ექვს საათზე იქ იყავი, თორემ როგორც აღზევდი, ისე დაეშვები ფსკერზე, თანაც ელვისებური სისწრაფით...“
კოკამ გუნებაში შეიგინა და მოგონილი მხიარულებით გაემართა ვახოსკენ.
– აი, ისიც, თქვენი ახალი კრეატიული დირექტორი. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს კარგად გაუგებთ. კომპანიაზე დაკვირვება და ახალი იდეების მოზიდვა ევალება. ხვდებით, ხომ, რაც იგულისხმება „ახალ იდეებში“. წინ უნდა წავიდეთ, განვვითარდეთ და კოკა ამაში დაგვეხმარება. ზურა, აჩვენე თავისი კაბინეტი. შენს კაბინეტს ხომ აქვს კიდევ ერთი ოთახი, ჰოდა, იქ დაბინავდეს. ნელ-ნელა ყველა თანამშრომელი და ჩვენი მუშაობის სტილი გააცანი, საქმიან შეხვედრებზე წაიყვანე, პარტნიორებს დააახლოვე.
კოკა ნელ-ნელა ისევ აავსო სიამაყის განცდამ. რაც შეეხება იმას, ვისაც ზურა უწოდეს და კოკას „პატრონაჟი” დაავალეს, საფეთქლებთან თმაშევერცხლილი და საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, კოკას მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა და ირონიულად ჩაილაპარაკა.
– ესე იგი, კრეატიული დირექტორი... ძალიან კარგი... კრეატიული იდეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რატომაც არა, – ზურას ხმაში ისევ გაიჟღერა ირონიამ.
კოკა მოიღუშა.
– დიახ, ვეცდები, დრო ფუჭად არ დავკარგო.
– ჰო? ძალიან მონდომებულია ჩვენი ახალი კრეატიული დირექტორი. კარგი, წავიდეთ თქვენს კაბინეტში.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3