№47 რა არ მოსწონს ქმარში ქალების უმრავლესობას და აერთიანებთ თუ არა მათ ღალატი
ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვა რომ შეეძლოთ, ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. რატომღაც ძალიან ცოტაა მათი რიცხვი, ვისაც ბოლომდე აქვს გაცნობიერებული სოლიდარობის ძალა. ზოგს ეს გრძნობა საერთოდ არ გააჩნია. ქალის სიძლიერე ისაა, რომ იზრუნოს სხვა ქალების ბედნიერებაზეც – ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ შეიჭრას მათ პირად სივრცეში. პატივი სცეს სხვის და საკუთარ ღირსებას.
მანანა (37 წლის): ჩემზე ამბობენ, რომ სასტიკი ვარ. რომ „კაცის ჭკუა“ და ხასიათი მაქვს. თითქოს სიძლიერე ნაკლი იყოს. მით უმეტეს, რომ დიდი სიძლიერითაც არ გამოვირჩეოდი, სანამ გარემოებებმა არ გამხადა ასეთი. ნებისმიერ ქალს შეცვლის ღალატი ისე, რომ შეიძლება, საკუთარი თავიც ვეღარ იცნოს. ზოგჯერ ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ ხოლმე.
– ღალატმა შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– დიახ. მაგრამ ეს მარტო ჩემ მიმართ ღალატი არ ყოფილა, ჩვეულებრივი და ბანალური. ისეთი რაღაც მოხდა, რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი.
– ქალების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქმარი არასდროს უღალატებს.
– ეგ არ მიგულისხმია. მხოლოდ ძალიან სულელი ქალი შეიძლება, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ქმარი არასდროს უღალატებს. ამის გარანტია ვის აქვს? ხომ შეუძლებელია, შენი მომავალი ცხოვრება წინასწარ დაგეგმო და განსაზღვრო: ზუსტად იცოდე, რა მოხდება, ვინ რას გააკეთებს და მოიმოქმედებს. ხომ წარმოუდგენელია ასეთი რაღაც. ამიტომაც, ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, დავმდგარიყავი იმ რეალობის წინაშე, რასაც ღალატი ჰქვია.
– ყველა კაცი მოღალატეა.
– არც მთლად ასეა საქმე. კაცები გვღალატობენ იმიტომ, რომ ჩვენ ვუწყობთ ამაში ხელს. ქალები ერთმანეთს არ ვცემთ პატივს, ერთმანეთის ტკივილის მიმართ გულგრილები ვართ და იმის მაგივრად, რომ ღალატის წინააღმდეგ გავერთიანდეთ, კაცისთვის ყველაფერს ვკადრულობთ.
– ეს „გაერთიანება“ როგორ წარმოგიდგენიათ?
– თქვენ ფიქრობთ, რომ მე არარეალურ რაღაცას ვამბობ და სასაცილო ვარ, მაგრამ ასე არ არის. სხვათა შორის, მამაკაცებში ასეთი „სოლიდარობის“ განცდა უფრო არსებობს. მაგალითად, ბევრი კაცი ერიდება გათხოვილ ქალთან რომანის გაბმას. ქალებიც ასე უნდა იქცეოდნენ.
– თქვენ ფიქრობთ, რომელიმე ქალი უარს იტყვის კაცის სიყვარულზე, თუკი გაიგებს, რომ მას ცოლი ჰყავს?
– ჯერ ერთი, ეს სიყვარული არ არის, მით უმეტეს, კაცის მხრიდან. ცოლიანი კაცები სხვა ქალებს სიყვარულის საპოვნელად არ დასდევენ და ეს ყველამ იცის. იშვიათი გამონაკლისებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ, ძირითადად, სხვის ქმრებზე მონადირე ქალები არიან ჩვეულებრივი, თავზეხელაღებული მტაცებლები, რომლებსაც საერთოდ არაფერში ადარდებთ გრძნობები. სხვა რეალობა რომ გვქონდეს, მამაკაცებს ღალატის შეეშინდებოდათ.
– რას ნიშნავს შეეშინდებოდათ.
– ქალური სოლიდარობის შეეშინდებოდათ. ასეთი რაღაც არსებობს. მაგალითად, სანამ გავთხოვდებოდი, ანუ ექვსი წლის წინ, როცა ოცდათერთმეტის ვიყავი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო სხვისი „კაცი“. უხეშად კი გამოვთქვი, მაგრამ რეალურად ასეა – ის სხვისი „კაცია“ – სხვასთან აკავშირებს გრძნობა, ყოველდღიურობა, ყოფითი ცხოვრების ნიუანსები და შეიძლება, შვილებიც. რატომ უნდა გინდოდეს ამ გარემოში შეჭრა და არევა, თუ ბოროტი არ ხარ. შეყვარებულიც კი არ მნდომებია სხვისი და ეს არის სწორედ ქალების სოლიდარობა. ჩემსავით ძალიან ცოტა ფიქრობს და გული მტკივა. ხომ არცერთი ქალი არ არის დაზღვეული ღალატისგან. მაშინ, რატომ უკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ?! ოჯახიდან, საყვარელი ქალისგან წამოსული კაცი, დიდი ალბათობით, შენც არ გაგიჩერდება. ქალური სოლიდარობა ისეთი კარგი რაღაცაა... როცა თავად აღმოჩნდები მტკივნეული რეალობის წინაშე, მერეღა ხვდები, რომ შენც გაქვს საშინელი შეცდომა დაშვებული. სულ სხვა რეალობაა, როცა გიღალატეს და გვერდით გყავს მხარდამჭერი. ქალური სოლიდარობა ღალატგადატანილ ქალებს თვითშეფასების ამაღლებაშიც ძალიან ეხმარება. ვისთვისაც უღალატიათ, იმან იცის, როგორი მძიმე მდგომარეობაა ეს. ჯერ შოკში ხარ, მერე სიცოცხლე არ გინდა. მერე საკუთარ თავში ეძებ მიზეზს და ფიქრობ, რომ თავად ხარ დამნაშავე ყველაფერში. მოკლედ, გოლგოთას გზას გადიხარ. უამრავი პასუხგასაცემი კითხვა გიტრიალებს თავში და მოსვენებას არ გაძლევს.
– გეთანხმებით. ღალატი საშინელი, მძიმე სტრესია.
– სტრესზე გაცილებით რთული მდგომარეობაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი შენი მსგავსის მხარდაჭერა. მე გამომიჩნდა ასეთი ადამიანი, ქალი, ცოლი, რომელსაც იგივე მდგომარეობა გავლილი ჰქონდა. რომ არა ის, მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდი. ისეთი რჩევები მომცა, ისე გამამხნევა, რომ სულ სხვა თვალით დამანახვა ჩემი მდგომარეობა. იმ ქალსაც კი შეხვდა.
– თქვენი ქმრის საყვარელს?
– საყვარელს ვერ ვუწოდებ. საქმე ძალიან შორს არ წასულა. უფრო „ერთჯერად“ ურთიერთობას დავარქმევდი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ერთხელ გიღალატებენ, თუ რამდენჯერმე. რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მოკლედ, მივიდა იმ ქალთან და მართლა არ ვიცი, რა ელაპარაკა. ფაქტია, რომ ჩემი ქმარი სახლში დაბრუნდა ყურებჩამოყრილი.
– თქვენ გგონიათ, რომ იმ ქალმა გამოაგდო და ასე ადვილად დათმო?
– არ მგონია, ასე იყო. გამიმართლა, რომ ქალური სოლიდარობის განცდა აღმოაჩნდა. ასეთები ძალიან ცოტანი არიან.
– ქმარს კი აპატიეთ?
– ასე მარტივად არ ყოფილა. თუმცა, რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ვაპატიე. შანსი მივეცი მასაც და ჩვენს ურთიერთობასაც. მთავარი მაინც ის არის, რომ მივხვდი – ჩვენ, ქალები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ესაა ჩვენი გადარჩენის შანსი.