№47 „კომპანია „ნატახტარი“ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მანამდე, ვიდრე ამ ტიპის დახმარების აუცილებლობა იქნება საზოგადოებაში“
იზრუნე მომავალზე – „ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა დაიწყო
„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, ფონდის საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.
სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და მომავალი გეგმები განიხილეს კომპანია „ნატახტარის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუნეით არათიმ, კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა ომარაშვილმა. მათ მოწვეულ საზოგადოებას „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგები და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის, ადვოკატობის კამპანიის დეტალები გააცნეს.
„ფონდმა ნატახტარმა ფუნქციონირება 6 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა, დაახლოებით, 756 ათასი ლარი და დახმარება გავუწიეთ 300-ზე მეტ ბენეფიციარს. კომპანია „ნატახტარი“ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მანამდე, ვიდრე ამ ტიპის დახმარების აუცილებლობა იქნება საზოგადოებაში. 8 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 1, 3 და 5 თეთრი გადაირიცხება“, – განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
„საჭიროების გათვალისწინებით, ვეხმარებით მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ეს იქნება თავშესაფრით უზრუნველყოფა, განათლებისა თუ კურსების დაფინანსება, გზის ხარჯების ანაზღაურება და ასე შემდეგ. ფონდის განსაკუთრებულობა და უპირატესობა ისაა, რომ თითოეული მოზარდი არის ცალკე აღებული „ქეისი” და შესაბამისად, მიდგომაც ყოველ მათგანთან ინდივიდუალურია. ჩვენს რეალობაში ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც სერვისსა და მომსახურებას არ წყვეტს, როცა მოზარდი 18 წლის ხდება. პროექტი მათ მანამდე მიჰყვება, სანამ მზად არ იქნებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”. – აღნიშნა მანანა ომარაშვილმა.