№47 რატომ დაემუქრა სომხეთი საქართველოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამო და რატომ გამოთქვა ერევანმა შეშფოთება თბილისის მიერ ჯავახეთის კონტროლზე
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა და თუმცა ტვირთი კარგა ხანია, დაძრული იყო ჩინეთიდან, ბაქოში ჩატარებული საზეიმო გახსნის შემდეგ (როდესაც ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ორ, ნახევარმთვარიან დროშას შორის ფრიალებდა) ჩვენი მეზობელი სომხეთი მეტად გააქტიურდა. უფრო მეტიც, ფაქტობრივად, დაგვემუქრნენ (იმას გარდა, რომ შეიცხადეს, ამ რკინიგზის გახსნით თბილისი ჯავახეთზე კონტროლს აძლიერებსო). ამ სამეულში (საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი), ცხადია, ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა. შესაბამისად, იბადება კითხვა: რა შეუძლია, დაგვიშავონ რუსეთმა და სომხეთმა და რატომ მისცა ჩვენმა მეზობელმა ამდენის უფლება საკუთარ თავს? – თემას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– პოსტფაქტუმ რატომ ამოძრავდნენ ჩვენი მეზობლები? მაშინ, როდესაც ამდენი წელია, ლაპარაკია ამ სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაზე?
– რამდენი წელიცაა, ლაპარაკი, იმდენი წელია, ნერვიულობენ.
– მაგრამ ასეთი აგრესიულები არ ყოფილან?
– როდესაც რაღაც ახლოვდება, ის უფრო აღძრავს ემოციებს. ალბათ, ამ შემთხვევაში, კითხვა ასეც შეიძლება, დაისვას: არის თუ არა კორექტული სომხეთის ასეთი დამოკიდებულება? იგივე სიტუაცია რომ წარმოიდგინოთ და სომხეთმა გადაწყვიტოს აფხაზეთთან ურთიერთობა, საქართველოს ნამდვილად ექნება რეაქცია, ოღონდ სავარაუდოა, სომხეთი იტყვის, თქვენი საქმე არ არის, რა პოლიტიკას გაატარებს სომხეთი. ანუ ყველა სახელმწიფოს შეუძლია, დააყენოს საკითხი შემდეგნაირად, ვატარებ იმ პოლიტიკას, რომელიც ხელსაყრელია ჩემთვის. ჩვენც ვატარებთ ჩვენთვის ხელსაყრელ პოლიტიკას. ამდენად, სომხეთის ემოციების გაგება, ალბათ, შეიძლება, მაგრამ მნიშვნელობის მინიჭება არ არის მიზანშეწონილი. ვინაიდან, თუკი სომხურმა ემოციამ რუსული მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, ამას გაგრძელება არ ექნება, თუმცა შესაძლოა, პირიქითაც ხდებოდეს, სომხეთი ატარებდეს რუსეთის პოლიტიკას და უბრალოდ, ინსტრუმენტი იყოს. აქ ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ჭკვიანურად ითამაშებს დასავლეთი და თურქეთიც.
– იმას ამბობთ, რომ ჩვენ გვებრიქებიან, რეალურად კი, ადრესატი სხვაა?
– ჩვენთან უფრო დიდ გულზე არიან, თორემ ძირითადი ადრესატი, რა თქმა უნდა, თურქეთი და აზერბაიჯანია. უბრალოდ, მათთან ბოიკოტის რეჟიმი აქვთ და ამიტომ შენ გეუბნებიან, თუ ჩემი მეგობარი ხარ, ამ გზას რატომ აკეთებო. ანალოგიურად ჩვენც შეგვიძლია, ვუთხრათ: თუ თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ, გაიხარეთ იმით, რომ ამ გზას ვაკეთებთ. ხოლო, თუ ჭიდაობის გარეშე ვილაპარაკებთ, თუმცა სომხური რიტორიკა, ზოგადად, უფრო აგრესიულია და ჭიდაობისკენ განგაწყობს, არ მგონია, ასეთი რიტორიკა მომგებიანი იყოს თავად სომხებისთვის. ამდენად, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ აქ არის რუსული ინტერესი. რადგან რუსეთისთვის მოუხერხებელია, რომ შეიქმნას ასეთი ძლიერი ხაზი, არ არის გამორიცხული, წყლის ასამღვრევად, რუსეთი უჩიჩხინებდეს სომხეთს, იმიტომ რომ, უშუალო მოტივი აქვს სწორედ სომხეთს. რუსეთისთვის ეს მოუხერხებელია, რადგან, ფაქტობრივად, რუსული სივრცის ალტერნატივა იქმნება და ის ტვირთები, რომლებსაც შეეძლო, გაევლო რუსეთზე, მათ შორის, ჩინეთიდანაც, წამოვა ამ შედარებით მცირე ქვეყნების გავლით.
– მაგრამ ჩინეთის პოლიტიკაა, რომ სარკინიგზო გზებით დაუკავშირდეს კონტინენტის ყველა წერტილს. ჩინეთი არ ამბობს უარს არცერთ მარშრუტზე. გასაგებია, რომ სამხრეთ კავკასიაზე გამავალი მაგისტრალი რუსეთზე გამავალი მაგიტსრალის კონკურენტია, მაგრამ როგორ აუკრძალავს რუსეთი ჩინეთს ტვირთების ტრანსპორტირებას სხვა მიმართულებებით? ანუ ეს უფრო პოლიტიკაა თუ ეკონომიკა?
– ეკონომიკაცაა, რადგან მილიარდებზეა ლაპარაკი. სწორედ იმიტომ, რომ ჩინეთს ვერ აუკრძალავს, შეუჩიჩხინებს სომხებს, თქვენ იჩხუბეთ ამის გამოო. ეს რუსეთის სტილია და არ არის გამორიცხული, ამ ჭიდაობაში იმის გამო, რასაც ახლა ამბობდით მაგისტრალების შესახებ, რუსეთმა საფასურად ხელი გამოჰკრას იმას, რომ გაიზარდოს მის ტერიტორიაზე მაგისტრალების რიცხვი. ამ ტიპის კონფლიქტები ხომ ძირითადად ვაჭრობისთვისაა და ამ ვაჭრობაში ხეირის სანახავად?! ამდენად, შესაძლოა, პროექტის მხარეებს მოსაფიქრებელი ჰქონდეთ, რა ლუკმა გადაუგდონ რუსეთს. რადგან, სომხეთი არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი კონფლიქტი, მცირეც კი, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს ამ და სხვა საკომუნიკაციო პროექტებისთვის, რომლებიც სამხრეთ კავკასიაზე გადის. იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი, რაც სჭირდება კომუნიკაციას, არის უსაფრთხოება. თუ უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, პროექტიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს მარშრუტი კი ძალიან მომგებიანია, იმიტომ რომ, ორ კვირაში აღწევს ტვირთი ევროპაში, ნაცვლად 40 დღისა, როგორც ეს რუსეთზე გავლის შემთხვევაშია. ასე რომ, მგონია, სავაჭრო ტემპერატურის ასაწევადაა ამტყდარი ეს ორომტრიალი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ამ ორომტრიალით რას მოიგებს სომხეთი, მაგრამ რუსეთისთვის ნამდვილად არის შანსი და თუ ტვირთების უფრო დიდი ნაწილი გაივლის რუსეთის გავლით, შესაძლოა, რუსეთმა ჩააქროს ეს სომხური პროტესტი.
– სომხეთმა მომენტი იპოვა თუ მისი ეს არაადეკვატური გონორი მხოლოდ რუსეთის შეჩიჩხინებაა? როგორ ჩართავდნენ მას იმ პროექტში, რომელშიც მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანი? მეტიც, ერევნიდან მოვისმინეთ ასეთი ფრაზაც: ამ რკინიგზის ამოქმედებით საქართველოს ეძლევა ჯავახეთის კონტროლის საშუალებაო. ეს როგორ უნდა გავიგოთ: პირდაპირი მუქარაა?
– ჯავახეთზე კონტროლის საშუალება ეძლევაო, იმასაც ხომ ნიშნავს, რომ ახლა ვერ აკონტროლებსო?! ეს განაცხადი თავისთავად პოლიტიკურ გავლენაზე ორიენტირებულია. ანუ, განაცხადი, რომელიც გულისხმობს, მე ვაკონტროლებ და არ მინდა, იმ ქვეყანამ აკონტროლოს, რომლის შემადგენლობაშიც არისო. ანუ ანექსიის პრეტენზია გამოთქვეს და ეს აშკარად ზედმეტი მოსვლიათ. რადგან პრეტენზია, მე უნდა ვაკონტროლოო, ჰქონდა რუსეთს, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია მოახდინა და იარაღით გადაწყვიტა ეს საქმე. თორემ კონტროლის სურვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, ანექსიის სურვილია და ამ სურვილს ასე აშკარად რომ ავლენს სომხეთი, მგონი, პოლიტიკურად გამართული ქმედება არ არის.
– რის იმედით? გიუმრიში რომ რუსული ჯარი უდგათ, შეტევაზე გადმოვლენ თუ გაფრთხილებაა?
– მანდ, მგონი, ცოტა სხვა მუქარაა: რადგან ჯავახეთი ახსენეს, ისევე, როგორც რუსებმა დაიცვეს რუსეთის მოქალაქე აფხაზები და ოსები, რომლებსაც მანამდე რუსეთის მოქალაქეობა დაურიგეს, ახლა შეიძლება, სომხებს ჰქონდეთ იმავე მეთოდის გამოყენების იდეა.
– მით უმეტეს, ჩვენმა კანონმდებელმა ხელ-ფეხი გუხსნა ამის მსურველებს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით ორმაგი მოქალაქეობა დაიშვა. სომხეთს არ უწერია სამხედრო დოქტრინაში, რომ თავის მოქალაქეებს დაიცავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ ჯავახელებმა რომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ და მერე რუსეთმა დაიცვას, რას ვაკეთებთ ჩვენ?
– რუსეთისთვის ჯავახეთის თემის გართულება არ არის აქტუალური. სომხეთს ჯავახეთის თემის გართულება შეუძლია დამოუკიდებლად.
– როგორც ყარაბაღი გაართულა?
– დიახ, ოღონდ ყარაბაღის შემთხვევაში, სომხეთს მნიშვნელოვნად დაეხმარა რუსეთი. აქ შეიძლება, ასეთი სერიოზული მხარდაჭერა არ იყოს საჭირო, მაგრამ მოქალაქეებით შეგიქმნის პრობლემას და რა განსხვავებაა?!
– რამაზ კლიმიაშვილი იმეორებდა ამას ხშირად: ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე სომხეთი განიხილავდა ჯავახეთის მიმართულებასაც, თუ სად დაეწყოთ საომარი მოქმედებები და ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებამ მხოლოდ ორი ხმით აჯობა ჯავახეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებას. ანუ ახლა ჩვენთვისაც მოიცალეს მეზობლებმა?
– მაგ სცენარის ნაწილი ვნახეთ ჩვენ აფხაზეთში და შემთხვევითობა არ იყო, რომ აფხაზეთში თავგამოდებით იბრძოდა სომხური ბატალიონი. კერძოდ, გრძელდება ის გეოპოლიტიკური ხაზი, რასაც ხშირად აღნიშნავდნენ ისტორიულად სომხები, რომ სომხეთს ზღვაზე გასასვლელი სჭირდება. მართლაც, ჩიხის ქვეყანაა სომხეთი და გასაკვირი არ არის მათგან ეს სურვილი. ამდენად, ნუ განვსჯით მკაცრად. მით უმეტეს, რომ სომხეთში უამრავი ისეთი დაჯგუფება და ძალა მოქმედებს, რომლებიც დამღუპველია თვითონ სომხეთისთვის. იმ ძალებს, რომლებმაც ყარაბაღის ამბავი შექმნეს, ალბათ, შთამომავლობა არ გაამართლებს, იმიტომ რომ, ყარაბაღი ის ხაფანგია, რომელშიც სომხეთი გაება. დავუშვათ, მაშინ იდგა საკითხი: საქართველო თუ აზერბაიჯანი, თუკი სომხეთის აგრესიული ძალებისთვის, შევინარჩუნოთ პოლიტკორექტულობა და მთელ სომხეთზე ნუ ვილაპარაკებთ, დადგება საკითხი: საქართველოც და აზერბაიჯანიც, ან ფორმულა: ყარაბაღიც და ზღვაზე გასასვლელიც, ეს ძალიან რთული თემა აღმოჩნდება თავად სომხეთისთვის. მეეჭვება, რომ სომხეთის გავლენიანმა წრეებმა ეს გაბედონ. მუქარაში შეიძლება, შეუწყოს ხელი მათ რუსეთმა, მაგრამ ამავე დროს, მეეჭვება, რომ ანალოგიური სცენარისკენ წააქეზოს სომხეთი რუსეთმა, რომელიც დღეს მსოფლიო პოლიტიკის კეთროვანი გახდა სწორედ იმით, რომ ხელს უწყობს ქვეყნების ერთმანეთთან დაჯახებას, ანუ აგრესიას. კეთროვნება არ აწუხებს რუსეთს, მაგრამ ფინანსურად ვარდება ცუდ დღეში და ამიტომ მეეჭვება. მით უმეტეს, რომ მსოფლიოსთვის გაშიფრულია სომხურ-რუსული ალიანსი და რომც იძახოს რუსეთმა, არაფერ შუაში ვარო, რუსეთს მოსთხოვენ, დაამყაროს მშვიდობა, თუკი კონფლიქტი მოხდა სომხების მხრიდან, როგორც უკრაინაში მოსთხოვეს, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი თავისი წაქეზებებით, პასუხისმგებელია როგორც დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებაზე, ისე სამხედრო დახმარებაზეც. თუ იგივე განმეორდება აქაც, ეს რუსეთს მძიმე ვითარებაში ჩააყენებს. ამდენად, მეეჭვება, რომ რუსეთი ამ გართულებებზე წავიდეს. მისთვის ასეთი გართულებები არ არის ხელსაყრელი.
– საინტერესო ბმაა: ალიევს შესთავაზა ხუთი აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და ყარაბაღში რუსი სამხედრო კონტინგენტის ჩაყენების სანაცვლოდ, იმ ოკუპირებული ხუთი რაიონის სანაცვლოდ სომხეთს ჯავახეთს ხომ არ სთავაზობს?
– მე მგონია, რომ ალიევისთვის ეს შეთავაზება უფრო თავისი მდგომარეობის გამოსწორებითაა ნაკარნახევი, ვიდრე ახალი სირთულეების გაჩენის მოტივით. ალიევის დაკარგვა მისთვის მძიმე იქნება და, მეორე მხრივ, ამ შეთავაზებით, მსოფლიოს ანახვებს, რომ რუსეთი „მშვიდობის მტრედია“. მგონი, მაგისკენ გადადგმული ნაბიჯია, უფრო საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის გასაუმჯობესებლად, ვიდრე იმისა, რომ ახალი საომარი მოქმედებების პროვოცირება მოახიდნოს. ასეთი პროვოკაციები რუსეთისთვის დამღუპველია.
– რუსეთი მიმწყვდეულია კედელთან, სანქციები მძიმედ აწვება, კარგავს გავლენას ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, თუ აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი გაძლიერდა, საგრძნობლად სუსტდება მისი პოზიცია სამხრეთ კავკასიაში, რაღაც სიგიჟე რომ ჩაიდინოს, გამორიცხავთ?
– ჩვენ შევეჩვიეთ რუსეთის შესახებ იმ აზრს, რომ რუსეთს ლოგიკა და ჭკუა არ მოეთხოვება. მაგრამ ისეთი გიჟი, რომელსაც ჭკუა არ მოეთხოვება იმპერიას ვერ აკეთებს და თუკი შევთანხმდებით, რომ რუსეთს იმპერიის კეთების უნარი აქვს და ეს ფაქტია, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ის გიჟობს მაშინ, როცა სიგიჟე მისთვის მომგებიანია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ხოლმე სულელად მიიჩნიო ის მეტოქე, რომელიც სულელი არ არის; მეტიც, სულელად ისიც კი არ უნდა მიიჩნიო, ვინც სულელია. ამიტომ გადავთვალოთ, არის ხელსაყრელი სიგიჟის ჩადენა?! რადგან ვნახეთ, არ არის ხელსაყრელი?! საეჭვოა, ჩაიდინოს ის სიგიჟე, რომელიც მისთვის არ არის ხელსაყრელი. 2008 წელს მისთვის ხელსაყრელი იყო საქართველოსთვის დარტყმა. ეს იყო სავსებით რაციონალურად გათვლილი სვლა, რომ კოსოვოს პრეცედენტის შემდეგ, როცა რუსეთს ანგარიში არ გაუწიეს, რუსეთმა აიძულა მსოფლიო, მისთვის ანგარიში გაეწიათ ამ სამხედრო მოქმედებებით. მეორე მხრივ, რუსეთი უკან არ იხევს ძალის გამოყენებაზე, ოღონდ მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ეს მისთვის მომგებიანი იქნება.