№47 რა ქონება აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და როდიდან არის მისი მეუღლე „მაქსფარმას“ პარტნიორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და მომავალში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მინისტრი ლევან დავითაშვილი 1978 წლის 10 დეკემბერსაა დაბადებული. საბაზისო უმაღლესი განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (1995-1999 წლებში), ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1999-2001 წლებში იქ სწავლობდა მაგისტრატურაში და საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის წოდებაც მოიპოვა. 2002-2003 წლებში კი მილანში ისწავლა მაგისტრატურაზე და ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა. ლევან დავითაშვილის სამუშაო გამოცდილება 1997 წელს დაიწყო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსად; 1999 წელს ერთ ხანს შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსიც იყო; 1999-2001 წლებში მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნესკონსულტანტი გახდა; 2002-2007 წლებში – შპს „წინანდლის ძველი მარნის” გენერალური მენეჯერი; 2007-2009 წლებში – USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე - შპს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორად მუშაობდა. 2010 წელს საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრად აირჩიეს, მოგვიანებით კი – გამგეობის თავმჯდომარედაც. 2012 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, 2014 წლის 5 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; 2016 წლიდან კი სოფლის მეურნეობის მინისტრია.
ლევან დავითაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა 1976 წელს დაბადებული მეუღლე თეა ფარქოსაძე და ორი შვილი: 2007 წელს დაბადებული ანა და 2012 წელს დაბადებული ლუკა. უძრავი ქონება მხოლოდ ლევან დავითაშვილს აქვს, კერძოდ, მისი საკუთრებაა: საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელ დიღომში (300 კვ. მ.) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (550 კვ. მ.); ბინა თბილისში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში (72 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი თელავში, სოფელ შალაურში (5 500 კვ. მ.). მის მეუღლეს კი ჰყავს 19 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა.
ლევან დავითაშვილი „თი ბი სი ბანკის“ ორ დეპოზიტზე 24 073 ლარსა და 1 502 აშშ დოლარს ინახავს.
თეა ფარქოსაძე კი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: ის არის 2009 წელს დაფუძნებული შპს „მაქსფარმას“ პარტნიორი (50-პროცენტიანი წილის მფლობელი) და მისმა შემოსავალმა 2016 წლის განმავლობაში 45 000 ლარი შეადგინა; ასევე, შპს Intermanagement-ს პარტნიორი, თუმცა ამ სამეწარმეო საქმიანობას მისთვის შარშან არანაირი შემოსავალი არ მოუტანია.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილის შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში, მან, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ 51 259,82 ლარი აიღო, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა (ოთხ თვეში), 23 294,55 ლარი.