№47 და თუ ეს სიყვარულია?!
„ნუ დაკარგავ ძველსა გზასა…“
მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტი (იმანუილ მაკრონი) და მისი რუსი კოლეგა (პრ. პუტინი) იმანუილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იმდენჯერ ეწვივნენ ერთმანეთს მოსკოვსა და პარიზში და იმდენი თბილ-თბილი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს, რომ ლამისაა ვიფიქრეთ, „და თუ ეს სიყვარულიაო“?! მაგრამ ხანი გამოხდა და, რაკი „თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო“, გრძნობაც გაუხუნდათ.
იმდენადაც კი, რომ, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა „ბი ბი სის“ ეთერით მთელ დედამიწას აუწყა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები საფრთხეს უქმნიან დასავლეთის ღირებულებებს; სახელდობრ, გამჭვირვალობასა და შემწყნარებლობას.
თუმცა ამ ულმობელი ვერდიქტის მიუხედავადაც, იმ. მაკრონი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა მაინც არ უნდა დაუშვას მათგან დისტანცირება, თუ დავშორდებით, დავკარგავთო (როგორც ჩანს, მაინც სიყვარულია?!).
მეტიც, ის, რაც ადრე სიყვარული გვეგონა (თანაც – ფრანგულად) ლამისაა სიძულვილში გადაზრდილა. კერძოდ, იმანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ პუტინის ქმედებები ეფუძნება, არც მეტი, არც ნაკლები, „პარანოიას, მუქარისა და მისგან დაცვის აუცილებლობის შეგრძნებას“. თუმცა დაგვაიმედა, დიალოგი მაინც აუცილებელიაო (იქნებდა, ისეთი ლიდერებიც კი შეიცვალონ, როგორებიც პუტინი და ტრამპიაო; ვითომ ყორნები თეთრდებიან?!).
ჩვენ არ ვიცით, რატომ გადაუსხვაფერდა გრძნობები საფრანგეთის პრეზიდენტს, განსაკუთრებით, აშშ-ის მიმართულებით (თორემ პუტინსა და მაკრონს შორის, თუნდაც, მუგუზალივით შავ-შავი კატების ხროვას აურბენ-ჩაურბენია), რადგან, თუ გავიხსენებთ, რომ ორი რუსეთი ვერ მოგვინელებია, ორი დასავლეთი, უკვე მეტისმეტია. –