№47 რძე თუ ყველი?!
ანუ ისევ მიაშტერდით!
ჩვენ მიშტერება თუ მიშტერების აკრძალვა ვერ მოგვენელებინა, რომ ამერიკულმა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ (PETA), რომელიც ცხოველებს იცავს (ფრიად საშური საქმეა), დაასკვნა, რომ სექსიზმი (ქალისთვის შეხედვას ვინ ჩივის და გახშირებულ სუნთქვას) თვით ყველის ჭამაცაა (და ყველით ხელში მიაშტერდა?!)!
ოღონდ ყველაფერი განა ძროხებიდან, ქალებიდან დაიწყო. სახელდობრ, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ფემინისტები, მათ შორის, თვითონ ორგანიზაცია PETA, ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან, ძროხების, ნუ იტყვით და, „დატყვევების, გაუპატიურების, შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის“ შედეგად მიღებული პროდუქტის, ყველის ჭამა სხვა რა, თუ არა წრეგადასული სექსიზმია!
ჩვენ, ცხადია, არ ვიცით, ქალთა უფლებების ჩვენებური დამცველებიც თუ იტყვიან უარს ყველით პირის ჩაკოკლოზინებაზე (უცხოელ დამცველებს, ვვარაუდობ, ხაჭაპური არ გაუსინჯავთ), მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, ჩვილის დედის რძით გამოკვებაც სექსიზმის აპოგეად იქნას მიჩნეული. –