№46 რომელი ცნობილი ევროპელი მხატვრის მილიონებად ღირებული ნახატი აქვს ქართველ კოლექციონერს, რომელიც მსოფლიო აღმოჩენად იქცევა
კოლექციონერ მარინა გურგენიძეს ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით კი მხატვრობისადმი, სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. 20 წლის ასაკში კი ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდა. დღეს მისი სახლის კედლებს ცნობილი მხატვრების ულამაზესი ნამუშევრები ამშვენებს. ქალბატონი მარინა უარს არ ამბობს, რომ რამდენიმე მათგანს შეელიოს. ერთ-ერთი ჟორა ხალატოვის ნახატია, რომელზეც ქალბატონი მარინას თქმით, ნიკოლოზ ბარათაშვილია გამოსახული და პატრონს წლების შემდეგ სურს, ეს ნახატი, ყველასთვის საყვარელი პოეტის 200 წლის იუბილეზე, მისივე მუზეუმში განთავსდეს. ქალბატონი მარინას კოლექციაში ძალიან ცნობილი ევროპელი მხატვრის ნახატიც ინახება, რომელიც აღმოჩენად მიიჩნევა და კოლექციონერი მისი ვინაობის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
მარინა გურგენიძე: პროფესიით მეღვინე ვარ, თუმცა ბავშვობიდან ხელოვნებით, ნახატებით ვიყავი გატაცებული. გარემოცვა ისეთი მყავდა, რომ სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო. სხვათა შორის, ჩემს შვილიშვილებს – თორნიკესა და საბა ხონელიძეებს, რომლებიც 8 და 10 წლისები არიან, საოცრად უყვართ ეს ნახატები და ყველას ავტორი ზეპირად იციან. მოკლედ, ჩემს ნათესავთან, დიდიმ ლოგუასთან ერთად, რომელიც ინოლა გურგულიას პირველი
სიყვარული იყო, ხშირად დავდიოდი ლენინგრადში, მოსკოვში. ის ანტიკვარების, ნახატების დიდი მოყვარული გახლდათ და სიძველეებისადმი, ხელოვნებისადმი სიყვარული მან ჩამისახა. სწორედ ლენინგრადში შევიძინე ნიკოლოზ მეორის ნაქონი ხილის ვაზა.
– მომიყევით მისი ისტორია.
– ნიკოლოზ მეორის ვაზა ვიცოდი, რომ ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა. თავადის ქალი იყო მისი პატრონი. როდესაც სახლში მივედი, უკვე ანტიკვარების მაღაზიაში ჰქონდა გატანილი გასაყიდად. ამ მაღაზიაში მხოლოდ რომანოვებისა და დიდგვაროვანი გვარის წარმომადგენლებს მიჰქონდათ ნივთები. პატრონმა
გააუქმა ხელშეკრულება, გამოიტანა და შევიძინე. საკმაოდ ძვირი დაჯდა. ექსპერტიზის დასკვნაც თან ახლდა. უნიკალურია. ნიკოლოზ მეორის სამეფო გვირგვინი რამდენიმე ადგილას აქვს გამოსახული. როგორც ვიცი, სწორედ აქედან მიირთმევდა ის ხილს. გარიყულაზე აგარაკი მაქვს და ცოტა ხნის წინ, მინდოდა, ღია ცისქვეშ გამოფენა გამეკეთებინა. მინდოდა, ჩემი ნახატები, ვაზა თავისი ხილით, ჩამეტანა და თბილისელ, უცხოელ სტუმრებს ენახათ, მაგრამ გამგეობიდან არავინ დამიდგა გვერდში. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ახალი გამგებელი იქნებ დამეხმაროს.
– როგორც ვიცი, თქვენს კოლექციაში ასევე, ინახება უნიკალური ვერცხლის შანდლები.
– ეს შანდლები ვიყიდე მოსკოვში. კილონახევარს იწონის და იშვიათობას წარმოადგენს. როგორც მითხრეს, ეს შანდლები ბუდიონის ოჯახის საკუთრება იყო. ჩემს კოლექციაში, ასევე ინახება საათი, რომელიც პაველ ბურეს დამზადებულია. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ მეორის კარზე მსახურობდა პაველ ბურე, რომელსაც საათების დამზადებას უკვეთავდნენ. საათი, რომელიც მე მაქვს, როგორც ჩანს, ნიკოლოზ მეორის დაკვეთით დამზადდა მისი კარის გენერლისთვის, რომლის სახელი და გვარი საათს ზევიდან აწერია - ნიკიტა ალექსეევიჩ ბოგდანოვ. სახელს და გვარს თან ახლავს ფოტო. ეს საათი დღეს შედევრია.
– ერთ-ერთი, ძალიან ცნობილი ევროპელი მხატვრის ნამუშევარიც გაქვთ.
– ეს უდიდესი შედევრია, რომელიც 80-იან წლებში შევიძინე. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ვის ეკუთვნის. კულტურის სამინისტროსაც მივწერე, შეძენასთან დაკავშირებით, თავად უნდა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, მაგრამ ამდენი სახსრები არ გააჩნიათ. 6 თვის განმავლობაში ვცდილობდი მის შეძენას. თავიდან პატრონი წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ, დავითანხმე. ეს არის ხეზე ნამუშევარი და ამ ავტორის ასეთი 4 ნამუშევარი არსებობს. შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ არ არის ორიგინალი, მაგრამ როდესაც მე ის მოსკოვში შევიძინე, თან
მახლდა „ტრეტიაკოვის” გალერეის ორი ექსპერტი. ისინი იმ პერიოდში უკვე პენსიაზე იმყოფებოდნენ და თავის საქმეში „მგლები” იყვნენ. შემიძლია, ერთი რამ ვთქვა: ეს არის პიკასოზე ცოტა უფრო დიდი მხატვრის ნამუშევარი. რაც მთავარია, ნახატი ხეზეა შესრულებული და
ზოგადად, ამ ნახატის არსებობა არავინ იცოდა – ეს ერთგვარი აღმოჩენაა. არლის პერიოდისაა, პატარა ზომის, ძალიან ლამაზი. 33 წელია, ჩემს საკუთრებაშია და ახლა დადგა დრო, გავყიდო. მინდა, ქვეყანას დარჩეს. ამიტომ, დიდი მოკრძალებით მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ. მას ძალიან უყვარს ასეთი შედევრები. ვთავაზობ, მოვიდეს და მას აუცილებლად ვანახვებ ნახატს. მინდა, დამეხმაროს ექსპერტიზის ჩატარებაში, რადგან, როდესაც ამ მხატვრის მუზეუმში გადავაგზავნე ფოტოსურათი, აღფრთოვანდნენ, ხელშეკრულებაც გამომიგზავნეს, შემომთავაზეს, ჩამეტანა და ექპერტიზას ჩაუტარებდნენ. თუმცა, ისინი არ მაძლევენ იმის გარანტიას, ნახატს რომ ჩავიტან, ისევ უკან გამომატანენ თუ არა. მომწერეს: ექსპერტიზას კი ჩავატარებთ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, არის თუ არა ორიგინალიო. მე ზუსტად ვიცი, რომ ირიგინალია. თავის დროზე ნახეს ექსპერტებმა, ლაბორატორიაშიც ჰქონდათ, უბრალოდ, არ მაქვს მაშინდელი დასკვნა. ბატონ ბიძინას მოკრძალებულად ვთხოვ, რომ დაინტერესდეს, ნახოს ნახატი, მის ექსპერტიზაში დამეხმაროს. თავად შეიძინოს ან დამეხმაროს, რომ სოთბის აუქციონზე გავიტანოთ. პირობას ვიძლევი, გაყიდული თანხის ნახევარს ჩვენს გაჭირვებულ ბავშვებს მოვახმარ. ცოდოა, ასეთი შედევრი ამდენი წელი ასე, თავისთვის იდოს. რაც მთავარია, ეს საქართველოს სახელია, ყველა გაიგებს, რომ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდა ამ უდიდესი მხატვრის შედევრი, რომლის არსებობის შესახებ, არც კი იცოდნენ. ერთადერთი, ვისთანაც მისი ავტორის სახელს დავასახელებ, ეს ბიძინა ივანიშვილია.
– გასაგებია. როგორც ვიცი, თქვენს კოლექციაში ასევე, ინახება გიგო გაბაშვილის უნიკალური ნამუშევრებიც.
– გიგო გაბაშვილის ნახატი „მძინარე მოხუცი ყავარჯნით” ერთ-ერთ ოჯახში ვიყიდე. როგორც შევიტყვე, ვისაც დაუხატა, იმას სიმინდში გაუცვლია. ძალიან მიყვარს ეს ნახატი და ალბათ, ვერასდროს შეველევი. მერიას მივმართე, რომ გაკეთებულიყო გაბაშვილის მუზეუმი და მისი ცხედარი გადმოსვენებულიყო მახათას მთაზე, ახალ სასაფლაოზე. ის პირველი ქართველი კლასიკოსი მხატვარია, რომელსაც სახლიც კი არ ჰქონდა და სამხატვრო აკადემიაში ცხოვრობდა. კიდევ მაქვს გიგო გაბაშვილის ერთი ნახატი, ვიცი, რომ ორიგინალია, უბრალოდ, ახლა მუშაობა მიდის, რომ დასკვნა მქონდეს. ჩემი უსაყვარლესი ნახატია ნატო გაბუნიას პორტრეტი, რომელიც ულამაზესი ქალბატონი იყო – ილია ჭავჭავაძის სიყვარული. ავტორი უცნობია, თუმცა როგორც პატრონისგან შევიტყვე, რუსმა მხატვარმა დახატა. ნატო გაბუნია რუსთაველის თეატრის პირველი მსახიობი იყო. მისთვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს. ავქსენტი ცაგარელმა „ხანუმა” სწორედ მის გამო დადგა და შემდეგ ცოლადაც შეირთო. 100 წლის წინანდელი ნახატია და მინდა, ფართო საზოგადოებამ ნახოს. ნატო გაბუნიას არცერთი ნახატი არ გააჩნია არც რუსთაველის, არც მარჯანიშვილის თეატრს და არც „თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს,” მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არავის აინტერესებს... მაქვს, ასევე, ვლადიმერ ცაგარელის ნახატების მთელი კოლექცია, რომელიც ძალიან მომწონს და მსურს, მისი გამოფენა მოვაწყო. ეს არის აღმოჩენა, რომელიც არავის უნახავს: ქვიშხეთი, ბოტანიკური ბაღი, საოცარი ბუნება. ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულია ვლადიმერ ცაგარელის ბაგრატის ტაძარი, რომელიც 1923 წელს არის დახატული. ჩემს კოლექციაშია ასევე, ლადო გუდიაშვილის ნახატები – პარიზის პერიოდი; ჩუფჩიკას სრულიად განსხვებული ნახატები, რომლებიც იტალიაშია დახატული. ასევე, მაქვს ირინა შტენბერგის თეატრალური ესკიზები. ის გრიბოედოვის თეატრის მხატვარი იყო. კარლ ბრულოვის ნახატი – „იტალიური შუადღე” ყველამ იცის და მილიონები ღირს. მე მაქვს ნახატი, სადაც სწორედ ეს იტალიელი ქალია გამოსახული, თავისი სახით, ჩაცმულობით. უბრალოდ, არ იკითხება ავტორი. ლენინგრადში ვიყიდე, მთელი 2 კვირა ვმუშაობდით იმაზე, რომ გვეყიდა. ორი ექსპერტი მახლდა, მათ შეამოწმეს: ხელის მოსმით, პერიოდით, ასევე ლაბორატორიაში და ეს ნამდვილად არის კარლ ბრულოვი. ის ზოგან აწერდა ხელს, ზოგან – არა. ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოსული იყო გერმანელი ექსპერტი, რომელსაც აჩვენეს ნახატები და მათ შორის, ესეც. ყველა „პაძელკა” იყო და ჩემი ნახატი, რომ ნახა, გაგიჟდა: კარლ ბრულოვია, მითხარით, ვის ეკუთვნისო.
– კედელზე გიკიდიათ ჟორა ხალატოვის ულამაზესი ნამუშევარი. მომიყევით მის შესახებ.
– ეს არის ეროვნებით ქურთი მხატვრის, გიორგი-ჟორა ხალატოვის შედევრი, რომელზეც ნიკოლოზ ბარათაშვილია გამოსახული. შეძენილი მაქვს თბილისში,
ერთ-ერთი ოჯახისგან. ნამუშევარი ტილოზეა შესრულებული, სადაც გამოსახულია ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბრუნება პეტერბურგიდან და თბილისელი ქურთების დახვედრა. ეს სიუჟეტი ერთგვარად გამოხატავს, თუ როგორი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება იყო ქართველებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის. ჟორა ხალატოვი დაიბადა 1922 წელს თბილისში. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მხატვარ-რესტავრატორად მუშაობდა. სამხატვრო აკადემიას ჟორა ხალატოვმა და ალექსანდრე ციმაკურიძემ ერთად გაუკეთეს რესტავრაცია. ხალატოვმა ასევე, რესტავრაცია გაუკეთა ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეებს და მაყურებელთა დარბაზის მხატვრული გაფორმებაც მისი ნახელავია. ბათუმის ცენტრში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარეობს ძველი კაფე, რომელიც მთლიანად რესტავრირებულია ჟორა ხალატოვის მიერ. კაფეში კედელზე ამოტვიფრულია რესტავრირების წელი, მისი სახელი და გვარი. ხალატოვი ბერიამ წაიყვანა მოსკოვში და წახნაგოვანი დარბაზის რესტავრაცია გააკეთებინა. ჟორა ხალატოვს ბევრი ნამუშევარი არ შეუქმნია. ერთ-ერთი სწორედ მე მაქვს ჩემს კოლექციაშია. 4 დეკემბერს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე. კარგი საქმე გაკეთდება, თუ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მერია, კახი კალაძის მერობის პერიოდში შეიძენს ჟორა ხალატოვის ნამუშევარს და გადასცემს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ქალაქს აჩუქებს ამ საოცარ შედევრს. ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმი მერიის საკუთრებაა და ეს ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს.