№46 რატომ მიაჩნია ხატია სიჭინავას განსხვავებული ორიენტაცია მშობლის შეცდომად და რატომ მოენატრა მას ორსულობა
ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებას, საქართველოში დიდი აურზაური და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის, იყო ხატია სიჭინავაც. მისი თქმით, კაშიას ქმედებაში საკვირველი არაფერია. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადგენლობას, ეს აღზრდისას დაშვებულ შეცდომად მიაჩნია და საკუთარ შვილებთან განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
ხატია სიჭინავა: დავიწყებ იმით, რომ გურამ კაშია ჩვენს ქვეყანაში არ მოღვაწეობს. ის ვალდებული იყო ეს სამკლაური გაეკეთებინა. ეს საკუთარი სურვილით ხომ არ გაუკეთებია?! ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივიღე ეს ინფორმაცია. ქართველ ხალხს ყველაფერზე აჟიოტაჟის ატეხა უყვარს. პირადად მე, მისი ეს ჟესტი არც საქართველოს შეურაცხყოფად მიმიღია და მით უმეტეს, არ მიფიქრია, რომ კაშიას სხვა ორიენტაცია აქვს და ამიტომ გაიკეთა ეს სამკლაური. მას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მის „ინსტაგრამზე” შევედი და ვნახე, რომ არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს. აწყობილი საქმე და ოჯახი აქვს, შემდგარი ბიჭია და არა მგონია, საჭიროების გამო სტადიონზე თუ სამკლაური გაიკეთა, ამიტომ ჩასაქოლია. ყველას გვეზრდება შვილები და არ მეგულება საქართველოში არცერთი დედა, რომელიც საკუთარ შვილს ამას უსურვებს. თუმცა, ასეთი ადამიანების მიმართ მე აგრესია არ გამაჩნია. ჩემთვის სულერთია, ვის როგორი ორიენტაცია აქვს და ვისთან წევს. რა არის დასამალი? – მე მყავს ასეთი ორიენტაციის მეგობრები, მაგრამ მათთან არასდროს შემქმნია კონფლიქტი და არც აგრესიული ვარ. მთავარია, კარგი ადამიანი იყო, თორემ ღამე ვისთან წვები, არა მგონია, ვინმესთვის ეს საინტერესო იყოს. მაგრამ, ვიცი, რომ ამ სფეროში დიდი დაფინანსება ტრიალებს. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს მეტი დაფინანსების მოსაპოვებლად აკეთებენ. ჩვეულებრივ ადამიანებსაც კლავენ ქუჩაში – ქმრები ცოლებს, შვილები დედებს და ნათესავები ნათესავებს, მაგრამ ამის გამო არავინ ატარებს მიტინგებს. თუ ვინმეს ერთ-ერთი ლგბტ შემოაკვდა, არა მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, ამათ ვინმე მოსაკლავად დასდევს ქუჩაში. გასაგებია, რომ ქართველი ადამიანის მენტალიტეტი ვერანაირად ეგუება ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, ნახევარი საქართველოსთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, მაგრამ ხმლებით არ დასდევენ.
– რამაზის პოზიცია როგორი იყო?
– ზუსტად იგივე. გუნდი გუნდია – „მე ქართველი ვარ,” ამ მიზეზით ვერ გამოეყოფი. ერთი წუთით არ შეჰპარვია ეჭვი მის კაცობაში. პირიქით, ძალიან გაოცებული დარჩა, ამხელა ამბავი რატომ ატყდა.
– მითხარი: არა მგონია, ვინმეს უნდოდეს ასეთი შვილიო. ბევრი ამბობს: ჩემი შვილის არჩევანში რატომ უნდა ჩავერიოო.
– რას ჰქვია რატომ უნდა ჩავერიო?! დიდი ბოდიში ყველა დედასთან, მაგრამ მე ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ. ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან, მაგრამ აზროვნების დაწყებიდანვე ვუნერგავ, რა არის სწორი და რა არასწორი. ვთქვათ, სამი წლის ბიჭი გყავს, რომელიც ბაფთებს იკეთებს და პომადას ისვამს. დედა რომ ხარ, შვილს უნდა ასწავლო, რომ ეს არ არის ბიჭის საქმე. ბავშვს, გოგოსა და ბიჭს შორის განსხვავება უნდა აჩვენო. მე თვითონაც ძალიან ქაჯი ბავშვი ვიყავი და როგორ ჩანს, ჩემი მეორე შვილი მგავს. არ მოსწონს თოჯინები და ავტომატებით თამაშობს. აქედანვე ვასწავლი, რომ ეს არაა გოგოს საქმე. რომ არ მოგატყუო, ძალიან მეშინია, მით უმეტეს, ამ დროში და სულ ვცდილობ, მიმართულება მივცე და ავუხსნა, რომ გოგოა. სხვათა შორის, ძალიან კარგ ზეგავლენას ვახდენ ჩემს შვილებზე. ეს შემდგომში პრობლემაში რომ არ გადაიზარდოს, ბავშვს სწორი საძირკველი უნდა ჰქონდეს. არა მგონია, რომ ასეთებად იბადებოდნენ.
– თუმცა, ამტკიცებენ, რომ ეს არაა არჩევანი. ასეთებად იბადებიან.
– არა მგონია. გამოკითხვა ნამდვილად არ ჩამიტარებია და არც ჩემი მეგობრებისთვის მიკითხავს – რომელ ასაკში აღმოაჩინეს, რომ ასეთები იყვნენ, მაგრამ მგონია, ეს მაინც არასწორი მიმართულებაა. სწორი აღზრდა, ბევრი სითბო, სიყვარული და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი შვილის შესახებ ყველა დეტალი უნდა იცოდეთ: რას ფიქრობს, რას განიცდის, როგორ აზროვნებს. არასდროს თქვა, არასდროსო – ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამქვეყნად არაფერია გამორიცხული. შეიძლება, რაღაც შეცდომა მეც გამეპაროს. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობ, შვილები ყურადღების გარეშე არ დავტოვო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემები მაგისთვის ჯერ ძალიან პატარები არიან, აქედანვე მობილიზებული ვარ. ბიჭი რომ მყავდეს, ასმაგად მობილიზებული ვიქნებოდი, დღევანდელი თაობის გადამკიდე. ის, რაც ჩვენს თაობაში ერთეული შემთხვევა იყო და დასაცინად მიიჩნეოდა, სწორად გამიგეთ, ეს ჩვენ დროს მართლა დასაცინი იყო, თუმცა დღეს უკვე მოდაა და ბავშვებიც შეიძლება, აჰყვნენ ამას. იმხელა პოპულარიზება უკეთდება ტელევიზიით, მგონია, პატარა ბიჭები რომ უყურებენ, ძალიან მისაღები და მისაბაძიც კი გახდეს მათთვის. ამიტომ, ბიჭი რომ მეყოლება, ასმაგად ფრთხილად ვიქნები, რომ სადღაც, შეცდომა არ დავუშვა და შეხება არ ჰქოდეს ამ ყველაფერთან.
– როგორ წარმოგიდგენია რამაზის დამოკიდებულება ბიჭთან მიმართებაში?
– იქიდან გამომდინარე, რომ გოგოებთან საოცარად ყურადღებიანია და მათ ყველა დეტალს აკონტროლებს, დარწმუნებული ვარ, ბიჭს, პირველ ყოვლისა კაცობას ასწავლის. დაბადებული არ იქნება ბავშვი, რომ ჩემი ქმარი მისთვის კაცობის სწავლებას დაიწყებს. რამდენი მტერიც არ უნდა გვყავდეს ამ ქალაქში, ჩემს ქმარს კაცობას ნამდვილად ვერავინ წაართმევს. ვფიქრობ, ბიჭისთვის გადასარევი მამა იქნება. ბავშვი მაგალითს ოჯახიდან იღებს და ამიტომ, შვილს სწორი გზა უნდა აჩვენო. ბიჭის აღზრდას ჩემი ქმარი მთლიანად საკუთარ თავზე აიღებს. ძალიან უნდა, ბიჭი ჰყავდეს და თავისნაირი გაზარდოს. ვიღაცას შეიძლება, ძალიან კარგი მამა ჰყავს, მაგრამ შვილი ასეთი გამოუვიდა. გასაგებია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, სადღაც მშობლის შეცდომაა. სადღაც გაგეპარა და უკვე რომ დაგვიანდა, მერე მიხვდი. ზრდასრული ადამიანი რომ გეტყვის, ჩემი სქესის ადამიანი მიყვარსო, მერე ვეღარაფერს შეცვლი.
– დღეს პირიქით, ლიბერალური მიდგომებია მოდური.
– არ დაგიმალავთ, ბავშვობაში, დედაჩემი თმას მწიწკნიდა, ჩემი შვილების ტოლა რომ ვიყავი. მაშინ დასჯის სხვა მეთოდები იყო. მე შვილს ხელს ვერ დავარტყამ. გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის მიუღებელია, მგონია, ბავშვთან ხელის დარტყმა არ ჭრის. მას უნდა გააგებინო, რაშია პრობლემა. არ ვიცი, ესენი რას ეძახიან ლიბერალურ მიდგომას, მაგრამ მე ჩემი შვილების ცხოვრებით ვცხოვრობ და ყველანაირად ვცდილობ, სწავლის მიმართ გავუზარდო მოტივაცია. ძალიან განვითარებული თაობა მოდის. ჩემი შვილები მეკითხებიან: რატომ ჰგავს ეს ბიჭი გოგოს? რატომ აცვიათ გოგოსავით, რატომ არის ნაზი? – მე ვპასუხობ, რომ მას მისი ცხოვრების წესი აქვს. არ ვიცი, ამას ტრავმული ბავშვობა ვუწოდო თუ რა?! ბიჭი რომ ხარ, რატომ მოგინდა, რომ ბიჭთან გქონოდა ურთიერთობა? სხვათა შორის, ჩემს მეგობარს ეწერა ერთ-ერთის მისამართით: ნეტავ, თავის დროზე საპირისპირო სქესსაც არ ჰქონოდათ ურთიერთობა, რომ შენ არ გაჩენილიყავიო (იცინის). ეს ადამიანები ძალით იწვევენ აგრესიას.
– ბევრი მშობელი შეგნებულად ხუჭავს თვალს. არ უნდათ, ამ რეალობის დანახვა.
– რას ჰქვია, არ უნდათ. მე დედა ვარ და თუ დავინახე, ამ საფრთხის წინაშე ვდგავარ, თვალს არ დავხუჭავ. ბავშვს აუცილებლად დავიცავ და გულახდილად ავუხსნი, რომ ეს ასე არ არის. სანამ დროა, თორემ მერე აგრესია შვილთან კი არა, მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა გქონდეს, რადგან ეს შენი დაშვებული შეცდომაა, თავის დროზე რომ ვერ დაინახე. როცა 20 წლის შვილი მოვა და გეტყვის, რომ თავისი სქესის ადამიანი უყვარს, ეგ უკვე შენი პრობლემაა და ყველამ საკუთარ თავს მოსთხოვოს პასუხი. შენ ხარ დამნაშავე. შვილი შვილია და ვერსად გაუშვებ, ამიტომ მერე, ასეთი უნდა მიიღო.
– ბოლოს, მეოთხე შვილზე გკითხავ...
– ხვალვე რომ დავრჩე ორსულად, მეოთხე შვილს აუცილებლად გავაჩენ. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი იქნება თუ გოგო. მართალია, ბიჭი ძალიან მინდა, მაგრამ დაგეგმვების არ მჯერა. იმედია, მალე დადგება ეგ დრო, თორემ სამ წელიწადში უკვე ორმოცი წლის ვხდები და ორმოცის შემდეგ, დიდად არ მინდა შვილის გაჩენა. მინდა, მანამდე მოვასწრო. ისე მენატრება ორსულობა, რომ ბოლო ერთი თვეა, ყოველ ღამე ვფიქრობ: ნეტა, ორსულად არ ვარ-მეთქი? საოცრად მიყვარს ეს პროცესი. ჩემი ორსულობა მარტო მუცლის გაზრდაა და ამიტომ, ძალიან სასიამოვნო პროცესია.