№46 რატომ არის გათხოვების სურვილი მწვავე ნევროზული დაავადება და რა თვისებების მქონე ქალები ვერ თხოვდებიან
არსებობს ქალთა კატეგორია გათხოვების მწვავე სურვილით, რომლებიც ცდილობენ მეორე ნახევრის პოვნას, ურთიერთობების დაჩქარებას, რაც ნევროზული ხასიათის დაავადებაზე მიუთითებს. რატომ გადასდის ქალს გათხოვების სურვილი ავადმყოფობაში, რა თვისებების მქონე ქალები ვერ ახერხებენ ურთიერთობების აწყობას და გათხოვებას და როგორ გავთხოვდეთ – ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი: გათხოვების ისტერიკული სურვილი ერთგვარი მანიშნებელია იმისა, რომ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიურ-ნევროზული პრობლემები. როდესაც მწვავეა გათხოვების სურვილი, ის აუცილებლად იწვევს ნერვიული ადამიანის წყობიდან გამოსვლას. შეიძლება, ის მეტად ფეთქებადი, გაღიზიანებული გახდეს, უძილობა სჭირდეს. თუმცა, დადგენილია, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატებას აღწევენ არა ისინი, რომლებსაც ნორმალური და დალაგებული ფსიქიკა აქვთ, არამედ ისტერიკული სურვილით შეპყრობილნი. აქედან გამომდინარე, რაღაცის მწვავე სურვილი, რომელსაც ფსიქიკა და ჯანმრთელობა წყობიდან გამოჰყავს, ძალიან ხშირად, მიგვიყვანს თავის ფლობამდე, რითაც შეგვიძლია მერე, ჩვენი ცხოვრება დავაბალანსოთ. ზოგს ჰგონია, რომ გათხოვება არის ცხოვრების რაღაც ეტაპი: ახლა სკოლა დავამთავრე, ახლა უნივერსიტეტი და დროა, გავთხოვდე. საქართველოში დროებად გვაქვს დაყოფილი: აუცილებლად უნდა გათხოვდე, აუცილებლად შვილები უნდა გააჩინო და რაღაც სტერეოტიპები. თითოეულ ადამიანს აქვს თავის მიდგომები და რაოდენ არასწორადაც არ უნდა მიგვაჩნდეს, იმ ადამიანმა შეიძლება, მოახერხოს ცხოვრებაში მათი რეალიზება. თუმცა, ამ დროს, თუ ვერ ხერხდება ცხოვრების მეგზურის პოვნა, არ ჩნდება ასეთი ადამიანი, ეს გადადის ისტერიკულ სურვილში. ამიტომ არსებობს: „მინდა, რომ ვიღაც მყავდეს გვერდით.” რაც დრო გადის, ეს სურვილი უფრო მძაფრდება, იმიტომ რომ, ადამიანი განიცდის ამ ურთიერთობის შიმშილს. ჩვენ ისიც გვაფერხებს, რომ ახლო ურთიერთობაზე გადასვლა მიუღებელია ჩვენს საზოგადოებაში და ახლო ურთიერთობის შემდეგ, აუცილებლად უნდა მოხდეს ქორწინება. თუმცა ეს ქორწინება შეიძლება, დამანგრეველი იყოს და დაანგრიო შენი ცხოვრება მარტო იმისთვის, რომ ფიქრობ, რას იტყვის მეზობელი. ეს ოჯახისთვის მზაობა კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობის არქონაა.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ეტაპი მომწიფდა?
– უპირველეს ყოვლისა, გათხოვება უნდა გვინდოდეს იმიტომ კი არა, რომ მეტი საქმე არ გვაქვს; იმიტომ კი არა, რომ ნათესავებმა გვითხრეს; იმიტომ რომ, ჩვენს ცხოვრებაში უნდა არსებობდეს ადამიანი, რომლის გვერდითაც იმდენად კომფორტულად ვიგრძნობთ თავს, რომ მზად ვართ, მის გვერდით მთელი ცხოვრება გავატაროთ. „კომფორტულად ვარ ვიღაცის გვერდით“ – ეს სხვებს არასწორად ესმით. კომფორტულად ყოფნა არ ნიშნავს, ისტერიკულ სურვილს იმისა, რომ სულ იმ ადამიანის გვერდით იყო. ეს დისკომფორტი და ისევ და ისევ მიჯაჭვულობაა. აქედან გამომდინარე, ვინც რეალიზებულია, გააჩნია თავისი ინტერესები, ჰობი – პიროვნებაა, რომელიც უკვე შედგა და ჩამოყალიბდა, მას არ აქვს ეს ისტერიკული სურვილი. ის ხედავს, რომ ცხოვრებაში უამრავი საინტერესო და სასარგებლოა, რაც შეიძლება, აკეთოს. მიჯაჭვულობა ადამიანზე, ეს არ არის დიდი სიყვარული, ეს არის ავადმყოფური განცდა, რომელიც კომფორტამდე ვერ მიგვიყვანს და დაანგრევს ურთიერთობას. კონკრეტულ ადამიანთან კომფორტულად უნდა იყო და არა, „მის გარეშე ვერ ვსუნთქვავ“. ერთადერთი, ვის გარეშეც ვერ ვსუნთქავთ ეს თავად ჩვენ ვართ.
– რატომ უჭირთ გათხოვება?
– არსებობს ასეთი რამ: „მარტოობა, როგორც სულიერი მდგომარეობა...“ და შეესაბამება რამდენიმე პუნქტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი თუ მაინც არის ჩვენს ცხოვრებაში, არ გამოვა, ვიპოვოთ მეორე ნახევარი, რადგან ჩვენ განვიზიდავთ ურთიერთობას. პირველი პუნქტი ამპარტავნებაა, როდესაც შენ ხარ წუნია და ზევიდან იყურები და ამპარტავნების მეორე სახე – დაბალი თვითშეფასება, საკუთარი არარაობის განცდა, რომელიც იმდენად დიდია, რომ ამის დასაფარად, ზემოდან იყურებიან და განიზიდავენ ამ ურთიერთობას. მეორე პუნქტი – სიყვარულის ნაკლებობა, როდესაც ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი. კიდევ არის პარტნიორობის, ურთიერთობის არცოდნა. როგორ გადავამოწმოთ, ვიცით თუ არა ურთიერთობა – ადამიანებს ვუსვამ ასეთ კითხვას: გირჩევნიათ, მარტომ გააკეთოთ სადილი, თუ სხვებთან ერთად? უმეტესობას ურჩევნია, მარტომ გააკეთოს, იმიტომ რომ, არ შეუძლია, ბევრ ადამიანზე გადანაწილებულ საქმეში ჩაებას. ეს უკვე ნიშნავს, რომ პარტნიორობა არ ვიცით. ნებისმიერ ურთიერთობაში ჩვენ ვიწყებთ, ან დომინანტობას და ვუფროსობთ, ან ვხვდებით ქვეშევრდომი. პარტნიორობა არ გამოგვდის, რაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. კიდევ არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი – ჰიპერტროფირებული ვალდებულების განცდა. ზოგი გათხოვილია თავის სამსახურზე და ამბობს: რომ უნდა გათხოვდეს და შექმნას ოჯახი, მაგრამ მოდის შეუსაბამობაში თავის ცხოვრებასთან, მას, უბრალოდ, დრო არ აქვს ოჯახის შესაქმნელად. ოჯახს რისთვის ვქმნით, რომ სახლში იყოს ეს ოჯახი, თუ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ? კიდევ არის ჰიპერტროფირებული ვალდებულების განცდა მშობლებთან. ქალბატონებს ჰგონიათ – ოჯახს რა ეშველება მე თუ გავთხოვდიო. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის გადაყოლა რაღაცაზე, როდესაც საკუთრი თავი არ გახსოვს და ჩნდება მარტოობის განცდა. არის ისეც, რომ ქალბატონების ცხოვრებაში, უბრალოდ, არ ჩნდება საპირისპირო სქესის ობიექტი. ქასთინგი კი არ არის, რომ აარჩიონ. უპირველესად, ქალბატონებმა უნდა გადაამოწმონ, ხომ არ არის ეს მარტოობის პუნქტები თავიანთ ცხოვრებაში.
– ბევრი ქალი ფიქრობს, როგორ შექმნას ოჯახი. რას ურჩევთ, როგორ გათხოვდნენ?
– როდესაც ვფიქრობთ, როგორ გავთხოვდეო, უკვე არასწორად ვფიქრობთ. უმჯობესია, დაფიქრდეთ: ჩემს ცხოვრებაში რა შევცვალო, რომ მოვახერხოთ პირადი ცხოვრების მოწყობა. რა დავნერგო, რა მჭირს, რას ვუმკურნალო ჩემს ხასიათში, უნარ-ჩვევებშიო. შეიძლება, დადიოდეთ და მარტოობას იზიდავდეთ. მეორე პუნქტი, შეიძლება, იყოს ოჯახური კომპლექსები – შეიძლება, არ მოგწონდათ, რაც ოჯახში ხდებოდა და ამიტომ არ გინდათ, გათხოვება. თუმცა, იმავდროულად, გინდათ გათხოვება და წინააღმდეგობაში მოდიხართ საკუთარ თავთან. ხანდახან არის, რომ წინა გამოცდილება – გათხოვების თუ ურთიერთობის, კრახით დამთავრდა და სანამ ამის მონელება და გადახარშვა მოხდება, ფაქტობრივად, კი უნდა ქალს ახალი ურთიერთობის დაწყება, მაგრამ თვითონვე აფუჭებს ყველაფერს ისე, რომ ვერც კი ხვდება. როდესაც ქალი იწყებს ფიქრს, რა შეცვალოს საკუთარ თავში, მცდელობების შემდეგ მოიხედავს უკან და მას უკვე ბევრი რამ ექნება შეცვლილი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ რამე გვინდა, შევცვალოთ, უნდა შევცვალოთ ქმედებები და სტრატეგია. ისტერიკული სურვილი აკვიატებაა და საბოლოო ჯამში, შეიძლება არცთუ ისე სახარბიელო იყოს. მაგრამ, ისტერიკული სურვილი არის ნდომის ის ფორმა, რომელიც აუცილებლად გვაპოვნინებს გზებს. ვაქციოთ ეს ისტერიკული სურვილი ინსტრუმენტად და არა საბაბად, რომ წავიდეთ ფსიქიატრთან.