№46 რატომ ენგრეოდა აწყობილი ურთიერთობები თამარ კობიძეს და როგორ იპოვა მისმა ძაღლმა სახლში ჯადო
ბრენდ „ნოას“ დიზაინერ თამარ კობიძის ცხოვრებაში უცანური შემთხვევა მოხდა. მისმა ძაღლმა სახლში ჯადო აღმოაჩინა, რომელიც თამარს ჰქონდა გაკეთებული, რათა პირად ცხოვრებაში არ გამართლებოდა. მოქმედებდა თუ არა ეს ჯადო თამარის ცხოვრებაზე და რა შეიცვალა მისი პოვნის შემდეგ, ის თავად გვიამბობს.
თამარ კობიძე: მე მყავს ძაღლი სახელად „ბაბოი,” რომელსაც უყვარს რაღაცების ცმაცუნი. სულ დავსდევთ, რამე არ გადაყლაპოს. ამ ბოლო დროს ჩემი სახლი უფრო სახელოსნოდ გადაკეთდა. ზოგჯერ ვერ ვახერხებ ატელიეში წასვლას და ჩემით ვაკეთებ ჩანთებს და რაღაცებს. მოკლედ, ჩვენმა „ბაბოიმ” ჩემი ოთახიდან გამოიტანა რაღაც ნივთი, ძლივს გადმოვაგდებინე პირიდან და ვნახე – საბჭოთა დროინდელი, ძველი ბეტონის ლურსმნები თმაშემოხვეული. ჩემი თმა იყო. ადრე გრძელი თმა და აფრიკული ნაწნავებიც მქონდა, რომელიც მძვრებოდა და თავიდან ვიფიქრე, ალბათ, მომძვრა და შემოეხვა-მეთქი. მაგრამ, რომ გავრეცხე ეს თმა თავის ლურსმნებით, გავაშრე და ვაწარმოე დაკვირვება, აღმოჩნდა, რომ ოპერატიულად არის გადაბმული სხვადასხვნაირი ნასკვებით და ჩაკერებულია კიდევ რაღაცები. მამაოსთვის რომ დამერეკა და ეს მეთქვა, ის სკეპტიკურად უყურებს ასეთ რამეს და გადავწყვიტე, ერთი ჩემი მეგობრისთვის მიმემართა, რომელიც ფსიქოლოგი და თან, ექსტრასენსია. მან მითხრა: მოდი, დამარხეო და დავმარხე. ჯადოების არასდროს მჯეროდა, სულ მეცინებოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მივხვდი, რომ რაღაცაშია საქმე.
ჩემი აზრით, ჯადოს ისინი აკეთებენ, ვისაც სწამს ასეთი რაღაცების და მათზე ჭრის კიდეც. მე რომ არ მჯერა, მგონია, ჩემზე არ ჭრის, მაგრამ მერე რომ დავაკვირდი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წარმატება მქონდა: ძალიან ავად ვხდებოდი, რთულ მდგომარეობაში ვიყავი; ოჯახის ყველა წევრი ავად ხდებოდა. მერე, როგორც გაირკვა, ამ ჯადოებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონია. არის ბედის ჯადო, კარიერის და ასე შემდეგ. პირადში პრობლემებს მაგას ვერ დავაბრალებ. დედაჩემმა მითხრა, შენ არ იყო დალაგებული, ახლა მაგას დააბრალეო. ისე, ყოფილა, რომ აწყობილი ურთიერთობა რადიკალურად შეცვლილა და ხაზი გადამისვია ყველაფრისთვის. მერე მივწერე ერთ ჩემს მეგობარს, იმიტომ დაგშორდი, რომ ჯადო მქონია-მეთქი. გავიმართლე თავი. ძალიან შეცდა ჯადოს გამკეთებელი, იმიტომ რომ, ჩემი ორიენტირი სულ სხვა მხარესაა მიმართული. შეიძლება, კარგიც გამიკეთა, რადგან ეს ჯადო თუ პირად ცხოვრებას ეხებოდა, ძალიან კარგი. რაც უფრო გვიან გავთხოვდები, მით უფრო წარმატებული ვიქნები, ჩემი აზრით. ყველაფერი ცხოვრებაში ისეა, შენ როგორი განწყობითაც ხარ, რაღაც ისე მივუდექი ამ საკითხს, კარგია, რომ ეს მოხდა-მეთქი და როცა კარგი რაღაც ხდება, ამ ჯადოს ვაკავშირებ. იმიტომ მოხდა, რომ ვიღაც ბოროტი ცდილობდა ჩემთვის რაღაც ცუდი გაეკეთებინა და არ გამოუვიდა-მეთქი. სულ ვატარებ გიშრის სამაჯურს და სულ იბზარება, ანუ თვალს ვიღებ.
– მსგავსი შემთხვევები მანამდე არ გქონია?
– ხუთი თვით ადრე, პალტო კაბინეტში მქონდა დაკიდებული. გამოსვლის წინ, ხელი ჩავიყავი ჯიბეში და ორი ცალი ლურსმანი მომხვდა. საინდან გაჩნდა ჯიბეში, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, სახლიდან გამომყვა. ჩემი მამიდაშვილი ბერლინში ცხოვრობს, მამიდაჩემი იყო სტუმრად წასული და იქ არის ერთი ქალბატონი, რომელსაც ექსტრასენსული ნიჭი აქვს. სახლში იპოვა სხვადასხვა კუბო და უცნაური ნივთები. უცნაური არის ის, რომ ვერ გავიგე საიდან არის ეს ამბავი, ვერ მიხვდები ვინ შეიძლება ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვფიქრობ მაგაზე. საერთოდ, როგორც კი, ამას დაუშვებ, უკვე შეიძლება, ბევრ ვინმეზე იფიქრო და ეს არ მინდა. რომ ვიცოდე, ვინ ქნა, ძალიან ცუდად მოვექცევი. ამიტომ, მგონია, ჩემთვის უკეთესია, რომ არ ვიცი. თორემ, მერე, სავარაუდოდ, მომაკითხავდით ინტერვიუზე ქალთა კოლონიაში.
– ჯადოების არ გჯეროდა. მკითხავების, წინათგრძნობის, სიზმრების თუ გჯერა?
– ვერ დავემალებით იმ ამბავს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და გააჩნია, ვინ რა მიმართულებას მისცემს ამ ამბავს. ეკლესიურად, რა თქმა უნდა,
გაუმართლებელია და ძალიან ვცოდავ, ახლა რასაც ვამბობ. მაგრამ, რეალობაა, რომ მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები. სასულიერო პირები არსებობენ, რომლებიც ამას სხვა მიმართულებას აძლევენ, მაგრამ აქვთ წინასწარი ხედვები. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული მესამე თვალი. ძალიან საინტერესო ადამიანია და რომ მირეკავს, ზოგჯერ მეშინია, რამე ისეთი არ მითხრას. ძალიან ბევრჯერ დაემთხვა მისი ნათქვამი სიმართლეს. ერთხელ ამ ქალბატონმა მითხრა, რომ შენი ოჯახის წევრს რაღაც პრობლემა აქვსო. არ ვიცოდით და თურმე, მართლა ჰქონია. გრძნობს ამ ყველაფერს. მე ძალიან განვითარებული ინტუიცია მაქვს. ადამიანების მიმართ წინასწარი განწყობა მექმნება, რაც ხშირად ხელს მიშლის, არის შემთხვევა, როცა პირად ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი იდეალურად იყოს და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა დასრულდება ამ ქმედებით და ზუსტად ასე ხდება. მამა გარდაცვლილი მყავს და რომ მესიზმრება, სულ პრობლემას მამცნობს, სარკის გატეხის მეშინია, ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი და ვნერვიულობ.
– ყველა გოგოს ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, მკითხავთან რომ მისულა. შენ თუ ყოფილხარ?
– კი, ყველა გოგოს ცხოვრებაში არის, ალბათ, ეს გატაცება. ახლა ჩემი მამაო თუ წაიკითხავს, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მკითხავთან ხშირად ვყოფილვარ. ბოლოს ერთ-ერთი ცნობილი მკითხავი მყავდა ამოჩემებული, რომელთანაც ძალიან ცნობილი ადამიანები დადიან. ისე მოხდა, რომ ვერ მივაღწიე მასთან ვერასდროს. როცა ძალიან გიჭირს ფსიქოლოგიურად, მაშინ მიდიხარ მკითხავთან და გინდა, ადამიანისგან ენერგია მიიღო და გითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აბიტურიენტი რომ ვიყავი, მაშინ ხშირად დავდიოდი. მათთან სტუმრობა უფრო იმაზეა დამოკიდებული,თუ ვინმე მოგწონს. ერთხელ ვიყავი მკითხავთან და მეუბნება, ის ბიჭი, რომელიც შენ მოგწონს, გატყუებს, ვიღაც სხვა უყვარსო. გამოვედი თუ არა მკითხავისგან, დავურეკე იმ ბიჭს და ვუთხარი, რატომ მატყუებ-მეთქი? ბიჭი შოკში ჩავარდა, რას გატყუებო? ასე მითხრეს, სხვა გიყვარს-მეთქი. ვინ გითხრა, კაცო, რა ჭორები დადის ამ ქალაქშიო და ვუთხარი, მკითხავმა-მეთქი. თავიდან ყველა შენი სახლის აღწერით იწყებს. ზოგჯერ მგონია, რომ საჯარო რეესტრში შედიან. ერთხელ ერთ ქალთან ვიყავი, რომელთანაც ჩემმა მეგობარმა დარეკა. არის ასეთი პროგრამა, რეკავ იმ ადამიანის „ფეისბუქს” გიჩვენებს და რომ ურეკავ, ის მკითხავი შენს „ფეისბუქზე” წინასწარ ნახულობს რაღაცებს. ეს ქალბატონი მეჯდა წინ და მითხრა, რომ 37 წლის, ძალიან წარმატებული ვიქნები და მექნება ჩემი ბრენდი და ჰოლდინგი. ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ ბიჭები მინახავს მკითხავებთან.
– პირად ცხოვრებაზეც მინდა გკითხო. ამბობ, იმ პერიოდში არაფერი გამომდიოდაო და შეიცვალა რამე ჯადოს პოვნის შემდეგ?
– ახლა რომ გაგცე სტანდარტული პასუხი – პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია-მეთქი, ტყუილი იქნება. მცალია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ვარ ძალიან ცვალებადი ადამიანი. ძალიან რთულია ჩემი გაძლება. სხვადასხვა ტალღაზე ვარ. რადიკალური ვარ ყველაფერში. მინდა, მივიღო მაქსიმალური და მგონია, რომ მეც ასევე, გავცემ. ზოგჯერ ხდება, რომ ვერ გავცემთ იმ ყველაფერს. მე ასე მწამს, რომ ყველაფერი შენს ხელშია. შენ თუ გინდა, რომ ის ადამიანი შენთან ერთად იყოს, შენთან იქნება. მთავარია, გინდოდეს.
– ნუ აშინებ ახლა ბიჭებს. ამბობენ, ისედაც ეშინიათ ძლიერი და შემდგარი ქალებისო.
– შინაგანად სუსტებს ეშინიათ ძლიერი ქალების. მეც მქონდა შემთხვევა, როცა ერთმა ბიჭმა მითხრა, შენ იმდენად ძლიერი ხარ, მე მჭამო. გადამიარე და მე არ მომწონს ეს, ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ არ შემიძლია შენთანო. ჩემი აზრით, ყველა ნორმალურ ადამიანს სიამოვნებს, ქალი რომ შემდგარია და იცის, რა უნდა ცხოვრებაში, გვერდში დაგიდგება, როგორც კედელი. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სქესი ჰქვიათ, კაცსაც ისევე სჭირდება კედელი, როგორც ქალს. ურთიერთობა ხომ უპირველესად, იმისთვისაა, ერთმანეთი გავაძლიეროთ.