№46 როგორ დააყენა თავზე ცოლი ლეგენდარულ მიშა მესხს შვილმა
ერთხელ, ლეგენდარულ მიშა მესხს მისმა ვაჟმა, მიშიკო-უმცროსმა, მანქანა სთხოვა. მიშა უფროსი ერთ მანდილოსანთან ერთად თავისი მეგობრის აგარაკზე იმყოფებოდა. შვილს გასაღები მისცა და უთხრა, რომ მანქანა საღამოს მიეყვანა და ვაჟი არც კი გაუფრთხილებია, რომ მანდილოსნის თაობაზე სიტყვა არავისთან დასცდენოდა, მით უმეტეს, ოჯახის წევრებთან, რადგან ეს ისედაც ნათელი იყო.
პატარა მიშკამ მანქანა წამოიყვანა. მთელი დღე იარა. საღამოს კი დედამისსაც შეუარა სამსახურში და მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ მანქანა წყნეთში უნდა აეყვანა მამისთვის. რადგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღია მამისგან, სინამდვილეში კი, უბრალოდ, არ დაფიქრებულა, თუ რას აკეთებდა, თამამად დაადგა წყნეთის გზას.
– დედა, მანქანას მამას ავუყვან. ჩვენ კი სახლში ტაქსით დავბრუნდეთ, – უთხრა მიშიკომ დაეჭვებულ ქალს, რომელმაც უსიტყვოდ დაუქნია თავი, თან დიდი ინტერესით, მოთმინებით ელოდა, თუ რას იხილავდა აგარაკზე.
აგარაკზე მისულ დედა-შვილს, მიშა მესხი-უფროსი ლამაზი რუსი ქალბატონის კომპანიაში დახვდა, გაშლილ სუფრასთან. მხოლოდ მაშინღა „მოტვინა“ პატარა მიშკამ, რომ მამის ადგილსამყოფელი არავისთვის არ უნდა გაემხილა და მით უმეტეს – დედისთვის.