№46 როგორ დაქორწინდნენ ციხეში თეონა ყოლბაია და მისი შეყვარებული და რაში დაეხმარა მათ გისოსებს მიღმა გატარებული წლები
პროექტ „ახალი ხმიდან“, ალბათ, ყველას ახსოვს თეონა ყოლბაია, მსჯავრდებული, რომელიც ციხის საკნიდან დადგა სცენაზე და მაყურებლის წინაშე იმღერა. იმ დროს თეონას სასჯელის მოხდამდე 4 თვე ჰქონდა დარჩენილი და პირდაპირ სცენიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ 2 წელი გავიდა. დღეს თეონას შეყვარებული, თემო ბააცაშვილი, რომელთან ერთადაც მან დანაშაული ჩაიდინა, თავისუფალია. მათი სიყვარული გისოსებში და გისოსებს მიღმაც გაგრძელდა და ახლა სიყვარულით სავსე ქრისტიანული ოჯახი აქვთ. ცხოვრება კი ახალი ფურცლიდან დაიწყეს. თუმცა, თეონასა და თემოს ძალიან აღელვებთ ის ფაქტი, რომ ნასამართლეობის გამო, სამსახურის შოვნა უჭირთ. არადა, ორივე მონდომებულია, სურთ, საკუთარი ძალებით შეინახონ ახალშექმნილი, პატარა ოჯახი.
თემო ბააცაშვილი: ივლისში გამოვედი ციხიდან. წელიწადი და ოთხი თვით ადრე გამომიშვეს – შეწყალებით გამოვედი. ივლისიდან გარეთ ვარ, მაგრამ საქმიანობაში მოვიკოჭლებ – სტატუსიდან გამომდინარე. მცდელობა ყოველდღიური მაქვს. გვჭირდება სამსახური. დავოჯახდით, ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სტატუსი – ნასამართლეობა, არა მხოლოდ მე, თეონასაც უშლის. პირადად მე სერიოზულად მბლოკავს. როდესაც სამსახურის საძებნელად მივდივარ და ხმამაღლა ვამბობ, ნასამართლევი ვარ და თუ გინდათ, ამიყვანეთ-მეთქი. ერთი-ორგან იკითხეს რის გამო მოვიხადე სასჯელი. არც მაგის მრცხვენია და პირდაპირ ვამბობ. დავაშავე – დავაშავე, ამის გამო მოვიხადე უკვე სასჯელი. სტატუსიდან გამომდინარე, იქმნება პრობლემა, მერე აღარავინ გამოდის ხოლმე კონტაქტზე.
– რა სფეროში ეძებ სამსახურს?
– წლების განმავლობაში ვმუშაობდი, თუმცა ჩემს სფეროს: რესტორანს, ბარს, ნაკლებად მინდა დავუბრუნდე. სხვაგან, სადაც ვცადე სამსახურის პოვნა, გამოხმაურება არ ყოფილა. ხმამაღლა არა, მაგრამ ზურგს უკან მაინც ამბობენ: ეს იქ იყოო, თუმცა პირში გიცინიან. კარგია, გამოხვედი. მოხდა – მოხდა, მაგრამ ახლა ხომ ორივემ ახალი ცხოვრება დავიწყეთ. მაგრამ, ძირითადი მასა მაინც ვერ იგებს ამას. ახალგაზრდა ვარ, ჯანმრთელი, მონდომებული და ყველაფრის კეთება შემიძლია. ბევრ სფეროს შევეხეთ: კურიერის, კონსულტანტის და ბევრგან წერია, რომ არ უნდა იყო ნასამართლევი, ცნობა უნდა მიიტანო.
თეონა ყოლბაია: ახლა მეც უმუშევარი ვარ. მეც მექმნება იგივე პრობლემები, როგორიც თემოს. თითქმის არცერთი გასაუბრების შემდეგ არ გვიკავშირდებიან. 15 ადგილზე გადავაგზავნეთ სივი და ველოდებით.
– სიმღერას აგრძელებ?
– ვემზადები სიმღერაში და გარდა ამისა, დოკუმენტურ ფილმში მიღებენ. თემა მომეწონა: ათ მცნებას ეხება. უნდა გავიდეს ფესტივალებზე ამერიკაში, რუსეთში.
– ორივეს ბევრი წლის გატარება მოგიწიათ ციხეში. ყველაფრის მიუხედავად, შეძელით თქვენი სიყვარულის შენარჩუნება და დღეს უკვე ცოლ-ქმარი ხართ.
თემო: ციხეში მოხვედრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვქონდა. ჯერ საკუთარი თავის პრობლემა იყო... შემდეგ წერილებით დავიწყეთ ურთიერთობა. ვამხნევებდი: თავი ხელში აიყვანე, არცერთისთვის არ არის ადვილი აქ ყოფნა, მაგრამ ჩვენ მაგივრად, არავინ მოიხდის სასჯელს-მეთქი. შემდეგ, ნელ-ნელა გავაგრძელეთ ურთიერთობა. გრძნობა აღვადგინეთ – გავაღვიძე, სადღაც გულის სიღრმეში რომ ჰქონდა მიმალული.
– როგორი იყო შენი რეაქცია, როცა თეონა „ვოისში“ გამოვიდა?
– თავიდან ვეუბნებოდი, რა სტატუსითაც გადიხარ სცენაზე, ეს არ არის ადვილი-მეთქი. დადებით რეაქციას ნაკლებად ველოდებოდით, უფრო უარყოფითს მოველოდით. მაინც ისე გაგვაშუქეს: „ბონი და კლაიდიო“. ისინი სისხლისმსმელი მკვლელები იყვნენ, ჩვენც ისე გამოგვაჩინეს – მკვლელები მთლად არა, მაგრამ არც ნაკლებები გამოვედით. იმ დღეს ჩვენს საქმეს ვკითხულობდი და ისეთი რაღაცები წერია, სასაცილოა: საკუთარ თავთან ხომ არ მოვიტყუები. დადგმული სცენარი იყო, დაშავებით – დავაშავეთ, მაგრამ ისე არა, როგორც საქმეში წერია და კოშმარული კრიმინალები გამოგვიყვანეს.
– სცენაზე გამოაცხადეს თეონას გათავისუფლების ამბავი და შენი რეაქცია როგორი იყო?
– შოკი მქონდა. ვუყურებდით პროექტს, ტელევიზორი გვქონდა და რომ გავიგე, ხმა ჩამივარდა. 4 თვე კი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ წინა თვეს, ვადამდე
გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.
თეონა: მეორე დღეს დამირეკა, მომილოცა და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩავედი კიდეც ციხეში. 4 თვე არ მყავდა ნანახი. პირველი შეხვედრა არც მახსოვს კარგად. ნამდვილად არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვის. ძალიან გამიჭირდა შეხვედრაც, ურთიერთობაც – წლები გადის, მხოლოდ წერილებით, ტელეფონით გიწევს ადამიანთან ურთიერთობა, ფიზიკურად ვერ ხედავ, ვერ ხვდები. მერე ისევ მივეჩვიე.
თემო: იქ მოსვლა უჭირდა, რადგან მტოვებდა. რომ ჩამოდიოდა, პატარა რომანტიკაც იყო, მთლად ვერ ვიტყვი ყველაფერს.
– როცა დანაშაულს სჩადიოდით, ალბათ, ამ ყველაფერს ოდნავაც ვერ აცნობიერებდით.
– მაშინ არაფერზე ვფიქრობდით, ჩამოყალიბებული პიროვნებებიც არ ვიყავით. ეს იყო უაზროდ გადადგმული ნაბიჯები რამდენიმე თვის განმავლობაში. რომ არ ფიქრობ, რა მოჰყვება ამ ნაბიჯებს. ფინანსური პრობლემებიც გვქონდა, თავშიც გვიტრიალებდა რაღაცები.
თეონა: მარტო რომ ვრჩები საკუთარ თავთანაც, ვერ ვხსნი, მაშინდელ საქციელს.
თემო: ყველაფერმა ერთად იმოქმედა იმაზე, რომ მე გადავდგი ეს ნაბიჯი და ავიყოლიე თეონაც. მე რომ არ მეთქვა, თეონას არც მოუვიდოდა თავში ამის გაკეთება.
თეონა: მთავარია, სინანული გქონდეს.
თემო: თეონას ძალიან ვენდობოდი და ვუთხარი: წამოდი-მეთქი. მეგობრისთვისაც შემეძლო მეთქვა, მაგრამ სიყვარულიც იყო, რომელმაც დამაბრმავა. მე თეონა დავაბრმავე და გადავდგით ეს ნაბიჯი. საღად მოაზროვნე არ გადადგამდა ამ ნაბიჯს და არც საღად მოაზროვნე წაჰყვებოდა და არც საყვარელ ადამიანს გაუშვებდა ასეთ საქმეზე. მაგრამ, იმ დროს არცერთი არ ვაზროვნებდით საღად. შემდეგ ისეთ კამერაში მოვხვდი, რომ დილას, შუადღეს, საღამოს ლოცვებს კითხულობდნენ და მეც ავყევი, ჩემდაუნებურად. დიდი შვება ვიგრძენი. გარეთ არ ვცხოვრობდი რელიგიურად და ციხეში სიმშვიდე მოვიპოვე. გლდანიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში რომ გადაგვიყვანეს, იქ განვაგრძე რელიგიური ცხოვრება და ეკლესიაც ავაშენეთ ბიჭებმა. მედავითნეც გავხდი. ოთხ კედელში ვიყავი, მაგრამ კარგი დრო იყო – მეტი სითბო.
– როდის გადაწყვიტეთ დაოჯახება?
თეონა: ციხეში მოვაწერეთ ხელი, რომ თავისუფლად შევსულიყავი.
თემო: პირდაპირ – ცოლად გამომყევი, არ ყოფილა, სიტუაციამ მოიტანა – თან, წერილებით ისეთი გულახდილი საუბრები გვქონდა. 50-გვერდიანი წერილები გვქონდა. შენახული გვაქვს და წლები რომ გავა, წიგნად უნდა გამოვცე. ციხიდან სამოქალაქო ქმრის სტატუსით გამოვედი და ორ კვირაში ჯვარი დავიწერეთ.
თეონა: ძალიან მინდოდა, ჩემი მშობლები ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ: მამა აფხაზეთშია, დედა – რუსეთში, მაგრამ ვერ შეძლეს ჩამოსვლა.
– ფიქრობთ, რომ საჭირო იყო თქვენს ცხოვრებაში ასეთი განსაცდელი დამდგარიყო?
თემო: რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს და რაღაც დონეზე ორივე გავძლიერდით. ასეთ ხალხთან დაკავშირებით, თავად მქონდა ასეთი დამოკიდებულება: როგორ შეიძლება, რაღაც მიზერულ თანხაზე საყაჩაღოდ წახვიდე, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით ამ დღეში. სულ ვამბობდი, როგორ უძლებენ ციხეს-მეთქი და მე აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში.
– რა იყო ციხეში ყველაზე რთული? დღეს ყვებიან იმ სისასტიკეზე, რაც იქ ხდებოდა. შენც შეგეხო?
– ნუგეში არ იყო არავისგან. სულ „ექშენი“ იყო, სტრესი. მოდუნების საშუალება არ გაქვს არავისგან და არავისთან. როგორც კი მოდუნდებოდი, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი. პატიმრებს არ ვგულისხმობ, თანამშრომლების მხრიდან: არ იყო სიმშვიდე, სულ ქაოსში ვიყავით. ვიღაცის წივილი-კივილი, გმინვა ისმოდა. იჯექი შენთვის, ამოიოხრავდი და ამაზე შეიძლება, შეურაცხყოფა მოეყენებინათ: რატომ ოხრავო. ამიტომ სულ დაძაბული ხარ. უნდა შეიკავო თავი, ვერ შეიკავებდი და ორჯერ მეტი შეტევა მოდიოდა. შიშის ფაქტორს ქმნიდნენ, რომ ჩუმად ყოფილიყავი. მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ შენ გაგისწორდებოდნენ, არამედ შენ გამო სხვას დასჯიდნენ. შენ რომ დააშავებდი, სხვას სჯიდნენ და ამით იმათ თვალში ცუდად ჩანდი. ამიტომ, მსჯავრდებულები ერთმანეთის მდგომარეობას ვითვალისწინებდით.
თეონა: ქალთა ციხეში არ იყო ასეთი სიტუაცია: ფიზიკური შეხება და მსგავსი რაღაცები. უბრალოდ, ციხეა და სტრესია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი.
– ახლა რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
თემო: ციხეში შევისწავლე ხელობა. რელიგიურ ნივთებს – ხატებს, ჯვრებს, სუვენირებს ვაკეთებდი. ახლაც ცოტას ვაკეთებ, თუმცა ეს ვერ იქნება შემოსავლის წყარო. ოჯახის წევრები გვეხმარებოდნენ, თეონაც სეზონურად მუშაობდა. სეზონი წავიდა, ჩვენებიც გვეხმარებიან, მაგრამ აქამდე 5 წელი ჩემებზე ვიყავი დამოკიდებული, მინახავდნენ. ახლა გამოვედი, 30 წლის კაცი ვარ და არ მინდა, მათ კისერზე ყოფნა. ძველი ცხოვრებაც არ მინდა. მაგრამ, არანაირი ხელშეწყობა არ არის სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რაიმე გამოვიდეს.
თეონა: რომ გამოდის მსჯავრდებული, შეიძლება, არ დაეხმარო, მაგრამ ხელს მაინც ნუ შეუშლი, რომ თავისი ცხოვრება გაიუმჯობესოს.