№46 რატომ დაუთმო ხოსრო შაჰმა კეისარ მავრიკიოსს იბერიის სამეფო
სპარსეთის მიერ ქართლში მეფობის გაუქმებიდან რამდენიმე ათწლეული გავიდა. ქართველები არ ურიგდებოდნენ სახელმწიფოებრიობის გაუქმებას. მეექვსე საუკუნის 70-იან წლებში, როცა „კათალიკოზი იყო სამოველ... ნელად-რე შეკრბა ქართლი“, აღდგა იბერიაში სახელმწიფოებრიობა და ერისმთავრად აირჩიეს გუარამი (შეიძლება იყოს იგივე გურგენი).
ჯუანშერის მიხედვით, გუარამი (გვარამი) ყოფილა დედით ქართლის მეფეთა შთამომავალი, ხოსროიანი (ანუ ფარნავაზიანი), ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, ხოლო მამით ბაგრატიონი. ყველა ბაგრატიონი მისი შთამომავალია. გვარამ ერისთავს ბიზანტიის კეისარმა მისცა კურაპალატობა. გვარამი ყოფილა „კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა“.
ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის შთამომავლები დარჩნენ კახეთში, დაიკავეს კუხეთი და ჰერეთი მდინარე იორიდან. ისხდნენ უჯარმაში და დაემორჩილნენ გვარამ კურაპალატს. ნაწილი ჯავახეთში იყო.
ბიზანტიის კეისარმა გვარამს გამოუგზავნა დიდი თანხა და თავისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსთხოვა, იმ თანხით დაექირავებინა და გამოეყვანა ჯარი ჩრდილო კავკასიიდან, შეერთებულიყვნენ ჩრდილო კავკასიის ჯარს ქართველები და შეჭრილიყვნენ სპარსთა სამფლობელოში. იმ დროს ბიზანტია და სპარსეთი ერთმანეთს ებრძოდნენ შუამდინარეთში.
გვარამმა გამოიყვანა ოსები, დურძუკები, დიდოელები, წაუძღვარა მათ ქართლის ერისთავები თავისი ლაშქრით. შეიჭრნენ ადარბადაგანში, დაიწყეს რბევა. კავკასიელ ჯართან ერთად იყვნენ ბიზანტიური ნაწილები. მრავალი უბედურება დააწიეს სპარსეთს.
იმ ხანებში სპარსეთში არეულობა იყო. 571 წელს ტახტზე ავიდა ჰორმიზდ მეოთხე. სპარსეთს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან აწუხებდნენ მომთაბარე თურქთა ტომები. ქართული წყაროს მიხედვით, თურქულ ტომებს ხელმძღვანელობდა მეფე საბა (თურქთა ხაკანის მეორე ვაჟი - საბე შაჰი, შაბა). გამოჩნდა ერთი კაცი, ბარამ ჩუბინი. 589 წელს, ჰერეთის ბრძოლაში, ჩუბინმა მშვილდისრით მოკლა საბა და გააქცია თურქები.
ბიზანტიელები, რა გაიგეს ბარამ ჩუბინმა გაიმარჯვა და ბრუნდებაო, უკან დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ჩრდილოელები, გვარამ კურაპალატის მიერ გაგზავნილებიც, ჩრდილოეთში წავიდნენ. საქართველოში შიშიანობა ჩამოვარდა, არ ეგონათ ქართველებს, თუ ასე ადვილად გაიმარჯვებდა სპარსეთი თურქთა ტომებზე აღმოსავლეთით და მოიცლიდა დასავლეთისა და ჩრდილო დასავლეთის საზღვრებისთვის, ანუ კავკასიისთვის.
გვარამ კურაპალატმა დაიწყო ციხეთა და ქალაქთა გამაგრება.
მაგრამ, გაუმართლა ქართველებს. შაჰი ორმიზდ მეოთხე, უსამართლობის, დაუნდობლობისა და უმადური ხასიათის გამო, არ ყოფილა პოპულარული ხალხში. უმადურობამ დიდი უბედურება დამართა მას. ბარამ ჩუბინმა სპარსეთი გადაარჩინა დაღუპვას. დასაჩუქრების მაგიერ შაჰმა მისდამი უკმაყოფილება გამოთქვა, შეურაცმხყოფელი წერილი გაუგზავნა, ომში მოპოვებული ნაძარცვის დიდი ნაწილი რატომ მიითვისე და მე არ გამომიგზავნეო. ჩუბინისა და მისი თანამებრძოლების გადაყენება მოინდომა. პრინციპში, ალაფი თურქებისგან სპარსეთის განმათავისუფლებელ ჯარს ეკუთვნოდა დამსახურებისთვის. ჯარი ბარამის მხარეს გადავიდა. ბარამმა აჯანყება წამოიწყო შაჰის წინააღმდეგ. მის გასანადგურებლად შაჰმა გააგზავნა ზადესპრა, დიდი ჯარით, რომელიც მანამდე ციხეში ჰყავდა ჩაგდებული. ზადესპრა ბარამის მხარეს გადავიდა.
დედაქალაქ ქტესიფონში, შაჰის ცოლის ძმებმა, უფლისწულ ხოსროს („ქასრეს“) ბიძებმა, დედის მხრიდან, ვინდოიმ (ბინდუი) და ვისტაჰმა (ბისტამი), დაამხეს ორმიზდი, თვალები დათხარეს და ციხეში ჩააგდეს. მამამისის დამხობის დროს ქასრე ადარბადაგანში იმყოფებოდა.
არის ვარაუდი, რომ ქასრე ცოტა ხნით ადრე გაექცა მამას, რომელიც გაბრაზებული იყო მასზე, რატომ გამოუშვი შენი სახელით მოჭრილი მონეტებიო. საქმე ისაა, რომ ბარამ ჩუბინმა, დაიწყო თუ არა აჯანყება შაჰის წინააღმდეგ, გამოაშვებინა მონეტები ხოსრო ფარვიზის სახელით, მისი პორტრეტით. გამოსულა 10 000 დირჰემი. ჩუბინს ფარულად გამოუგზავნია დირჰემები ქტესიფონში და გაუვრცელებია მოსახლეობაში. ეს ცნობილი გახდა შაჰისთვის. მან კი იფიქრა, შვილმა მიღალატა და ჩემს დამხობას ცდილობსო. გადაწყვიტა, მოეკლა საკუთარი ვაჟი. შაჰის კარზე არეულობა ჰქონდა ჩაფიქრებული ბაჰრამ ჩუბინსაც. ქასრეს გაუგია მამამისის ჩანაფიქრი და ღამით გაქცეულა ადარბადაგანში. დიდი პოეტის, ფირდოუსის მიხედვით კი, ქასრე მამის მიერ დანიშნული ყოფილა რანის გამგებლად, არან-შაჰად, სამხრეთ კავკასიაში.
დიდებულების ნაწილმა ქასრე აირჩია მემკვიდრედ, ბევრი კი არ ეთანხმებოდა ამას. მონაწილეობდა თუ არა ქასრე შეთქმულებაში მამის წინააღმდეგ, მისი ნებით დასწვეს თუ არა მამამისს თვალები და მოკლეს, გადაჭრით თქმა ძნელია. თუმცა, ამ ეჭვის გამო მან სპარსეთში პოპულარობა დაკარგა. ახალგაზრდა შაჰის კარზე დიდი გავლენა ჰქონდათ მის ბიძებს – ვინდოისა და ვისტამს. სპარსეთის გამარჯვებული და ყველაზე გავლენიანი სარდალი ჩუბინი კი, დამოჩილებას არ აპირებდა.
ქასრემ წერილი გაუგზავნა ჩუბინს, აღუთქვა უსაფრთხოება, ქვეყნაში, შაჰის მერე, ყველაზე დიდი პატივი. ჩუბინმა უპასუხა: „მივიღე წერილი, რომელიც მეტყველებს შენს უგუნურობაზე. შენ არ გაქვს უფლება, მოგვმართო როგორც შაჰმა. შენმა არჩევამ გამოიწვია არეულობა სპარსეთის სახელმწიფოში და უკმაყოფილება დიდებული და ღირსეული ადამიანებისა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ არჩევაში.“ ჩუბინი სთავაზობდა ქასრეს, დაეტოვებინა ტახტი და ჰპირდებოდა, ერთ-ერთი პროვინციის მმართველად დაგნიშნავ, თუ დამემორჩილებიო.
ქასრემ დაითმინა შეურაცხყოფა ბარამ ჩუბინისგან და დიპლომატური წერილი გაუგზავნა: „ჩვენ მივიღეთ შენი წერილი, სადაც გვახსენებდი შენს მამაცობას და გავიგეთ, რომ ჯანმრთელად და კარგად ხარ. მაგრამ, წერილში იყო ისეთი გამოთქმებიც, რომლებიც შენი გულიდან არ იქნებოდა ამოსული, არამედ, დარწმუნებული ვართ, მისი სიტყვებია, ვინც დაწერა წერილი. თუმცა ის, ეტყობა, ძალიან იყო მთვრალი ღვინისგან და შეძრული გახლდათ მშფოთვარე ძილით და უაზრო, არაბუნებრივი სიზმრები ჩაწერა წერილში.
მაგრამ, რადგან ახლა ხეები განიძარცვნენ ფოთლებისგან, სიზმრებს ძალა არ აქვთ, ამიტომ, ჩვენ არ შევშფოთებულვართ. ჩვენ სამეფო ტახტი მივიღეთ ღირსეულად და არ დაგვირღვევია სპარსული კანონები“...
საბოლოოდ, გაიმართა ბრძოლა ჩუბინსა და ქასრეს შორის. ჩუბინმა დაამარცხა ქასრე და ახალ შაჰს მოუწია თავის მტრებთან, ბიზანტილებთან გაქცევა. მას თან ახლდა ცხრა ერთგული ადამიანი, მათ შორის, ორივე ბიძა.
ბიზანტიის ახალ კეისარ მავრიკიოსს ძალიან გაუხარდა ქასრეს მასთან მისვლა. მრჩევლები აფრთხილებდნენ, არ ენდო ვერაგ სპარსელებსო, მაგრამ ყური არ ათხოვა. ქართული წყაროს ცნობით, შვილიც კი მიათხოვა ახალგაზრდა სასანიდს.
მავრიკიოსსა და ქასრეს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ქასრემ სთხოვა ჯარი, რათა დაბრუნებულიყო ტახტზე, სამაგიეროდ, ჰპირდებოდა დიდ ტერიტორიულ დათმობებს. მათ შორის, სირიასა და შუამდინარეთში, ასევე კავკასიაში, კერძოდ, სომხეთზე არ გამოაცხადებდა პრეტენზიას სპარსეთი, თუ ის ტახტზე დაბრუნდებოდა.
მავრიკ კეისარმა ივერიაზეც მოითხოვა დათმობა და უთხრა ახალგაზრდა ქასრეს: „ქართველებმა მიიღეს ქრისტიანობა და დიდი ხანია, უარყვეს კერპთაყვანისცემა. ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთან უნდათ პოლიტიკური კავშირი. თქვენი დაპყრობითი ომებისგან აოხრებულია საქართველო.
ახლა ღვთის მადლით, სიყვარული და მეგობრობა დამყარდა ჩვენს შორის. იბერია იყოს თავისუფალი და მშვიდობიანი ქვეყანა. მე ვიქნები მათი შემწე ყველაფერში და გარანტი ქართველებისა და სხვა ქრისტიანების თავისუფლებისა“.
დასთანხმდა ქასრე სასანიდი კეისარ მავრიკიოსის პირობებს. ამრიგად, გადაწყდა, ქართლი, ისევე როგორც დასავლეთ საქართველო, ბიზანტიის გავლენის სფეროში მოქცეულიყო.
წინ დიდი ამბები იყო, ბიზანტიის ჯარს სპარსეთში უნდა ელაშქრა, შაჰის ტახტზე დასაბრუნებლად, რაც, ასევე, აწყობდა იბერიას.
გვარამ ერისმთავარს დაუწყია მცხეთის ჯვრის დიდებული მონასტრის მშენებლობა.