№46 სახიფათო თამაში
– მკვდარია, წავედით! – თქვა სახენაიარევმა. შემდეგ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და თავგადაპარსულთან ერთად გარეთ გავიდა.
***
ზურა ფიფია სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა გარდაცვლილი მისსავე ბინაში. მაშველები კი ნატო ცინცაძემ გამოიძახა. 21 წლის ნატო ზურას შეყვარებული იყო. იმ დღეს ისინი თბილისის ზღვაზე აპირებდნენ ბანაობას. გოგონამ ჯერ ტელეფონზე ურეკა ვაჟს, მაგრამ ის არ პასუხობდა. შემდეგ სახლში დაადგა და ისე უბრახუნა კარზე, ლამის ჩამოიღო. ასეც რომ ვერ გააგონა, სამაშველო სამსახური გამოიძახა და რკინის კარი რომ გატეხეს და ბინაში შევიდნენ, ცალთვალა მაშველმა თქვა:
– პატრული უნდა გამოვიძახოთ. გარდაცვლილია. ეტყობა, კაიფში გაიპარა.
***
27 წლის ზურა ტახტზე იწვა. მარჯვენა ხელი ზურგსუკან ჰქონდა მოკეცილი. მარცხენა კი – ჩამოკიდებული. მხოლოდ შორტები ეცვა. იქვე უზარმაზარი შპრიცი ეგდო და ასეთივე ზომის კოვზი, რომელსაც ნარკომანები წამლის მოსადუღებლად იყენებენ.
– სავარაუდოდ, „პერედოზიროვკაა“, თქვა სათვალიანმა ექსპერტმა და რეზინის ხელთათმანები გაიძრო, – საბოლოო პასუხს კი – გაკვეთა გვეტყის.
– ვაი, შენს დედას. კიდევ კარგი, რომ შენი მშობლები ვერ მოესწრნენ ამ უბედურ დღეს, – მწარედ ქვითინებდა ზურას მეზობელი, დეიდა კატო, – გურამს რა ვუთხრათ, ბიჭო, შენი ზურიკო ვერ შევინახეთო? ვაი, ვაი, შენს დედას.
ტიროდნენ ფიფიების მეზობლებიც, რომლებსაც ოთახში არ უშვებდნენ პოლიციელები და სართულის მოედანზე იყვნენ შეჯგუფულები. იქვე იდგა ნატოც. ის კედელზე იყო მიყრდნობილი. ხმას არ იღებდა და უაზროდ მისჩერებოდა დენის მრიცხველებს. ამ დროს პროზექტურის სანიტრებმა გარდაცვლილი ბიჭი საკაცით გამოიტანეს. მას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და ასე გაატარეს ნატოს მიღმა. უცებ, ზეწარი კიბის რკინას გამოედო და მიცვალებულს გადასძვრა. ნატომ შეყვარებულის უსულო სხეულს რომ თვალი მოჰკრა, გამოფხიზლდა. წინ წაიწია, რომ ლამაზ სახეზე მიჰფერებოდა, მაგრამ ფეხები მოეკვეთა. გონება დაკარგა და გულწასული იქვე დაეცა.
***
ზურიკო, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ადგილი და თანხა გამგეობამ გამოჰყო. მეზობლებმაც გვარიანად შეაგროვეს და უბანშიც საკმაო თანხა აიკრიფა. ამ პროცესს აყლაყუდა მახო ედგა სათავეში და როდესაც მორიგი თანხისთვის მიადგებოდა უბნელს, იმეორებდა:
– ვახ, ტო, თურმე „შირავოი“ ყოფილა და არავინ ვიცოდით. აფსუს, რა ბიჭი იყო, პატიოსანი, კეთილი, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამდა. ასი თუმანი რომ დაგეგდო, კაპიკს არ აიღებდა. ეტყობა, ახალი დაწყებული ჰქონდა და ბლომად გაიჩხირა. არა, რა, წამლის დედაც. მთელი თაობა დაღუპა ამ ეშმაკის მოგონილმა. ეეჰ, გურიკო რომ აქ ყოფილიყო, ზურიკო ამას გაბედავდა? ერთი ის ნაბოზარი მანახვა, ვინც ამ საცოდავს გაუჩხირა და ჩემი ხელებით დავახრჩობ. ეჰ, ზურიკო, ზურიკო, ეს როგორ დაგემართა...
აყლაყუდას მსგავსად, მთელ უბანს უკვირდა ზურიკო ფიფიას ნარკომანობა. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, ბავშვობიდან ვარჯიშობდა. არც სიგარეტს ეწეოდა და არც სასმელს ეტანებოდა. იურიდიული ჰქონდა დამთავრებული და ერთ-ერთ კერძო ფირმაში მუშაობდა სპეციალობით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსგავს რაღაცაში არასდროს იყო შემჩნეული და ჩუმადაც რომ „ეკაიფა“, ერთხელ მაინც „დაიწვებოდა“. ამიტომ, ყველა იმ აზრზე დადგა, რომ ზურიკო ფიფიას ახალი დაწყებული ჰქონდა „კაიფი“ და „პერედოზიროვკაც“ ამიტომ მოუვიდაო.
***
ზურიკო ფიფიას ერთადერთი ძმა ჰყავდა – 33 წლის გურამი. ის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი იყო და მაიორის ჩინს ატარებდა. გურამი სპეცდანიშნულების რაზმს მეთაურობდა და ზურიკო რომ დაიღუპა, ავღანეთში იმყოფებოდა ერთწლიანი კონტრაქტით. ფიფიების მეზობლებმა „იჩალიჩეს“, რომ გურამი დროზე ადრე გამოეშვათ (მას ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი), რომ ძმის დასაფლავებისთვის ჩამოესწრო. მაგრამ, თავდაცვის სამინისტროში ასეთი პასუხი გასცეს: მთებშია თავის მებრძოლებთან ერთად. საგანგებო დავალებას ასრულებს და მასთან კავშირი გამორიცხულიაო. ამგვარად, ზურიკოს დასაფლავებამ გურამის გარეშე ჩაიარა და დეიდა კატომ ასე დაატირა მიცვალებულს:
– ზურიკო, შვილო, შენს გუროს რა ვუთხრა, როგორ შევხედო თვალებში. შენს ძმას, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებდი, რატომ ვერ გავუფრთხილდით-მეთქი.
გურამი და ზურიკო ადრე დაობლდნენ. დედ-მამა მათ ავიაკატასტროფაში დაეღუპათ. გურამი მაშინ თხუთმეტი წლის იყო, ზურიკო კი – ცხრის. მიუხედავად იმისა, რომ ფიფიებს არც ნათესავები აკლდათ და არც გულშემატკივრები, უმცროსი ძმის აღზრდა გურამმა ითავა და ზურიკოს მშობელივით უვლიდა. სწავლობდა და მასაც ასწავლიდა. ათლეტიზმსა და ორთაბრძოლებში ავარჯიშებდა. რაც მთავარია, ვაჟკაცად ზრდიდა და ბუნებით კეთილშობილი ზურიკო სწრაფად ითვისებდა რაინდობისა და ვაჟკაცობის გაკვეთილებს. ავ-კარგის გარჩევა იცოდა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა ყველგან. მოგვიანებით, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. ამ დროს გურამს უკვე სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. ოფიცერი იყო და ერთი წლით ამერიკაში გაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
– აბა, შენ იცი, ზურიკო. შენი იმედი მაქვს. სანამ მე ჩამოვალ, უფროსი შენ ხარ და არ მოიწყინო, – ასე გამოემშვიდობა ამერიკაში მიმავალი გურამი ზურიკოს.
ერთი წლის მერე რომ დაბრუნდა, ზურიკო უკვე დავაჟკაცებული დახვდა და უფროსმა ძმამ ძლივს იცნო თავისი უმცროსი ძმა.
– ეს შენ ხარ თუ მეჩვენება. მოდი, ჩაგეხუტო, – წამოიძახა უკან დაბრუნებულმა გურამმა და მის დასახვედრად მისული ზურიკო მაგრად ჩაიხუტა გულში.
შემდეგ გურამმა კიდევ ორი სამხედრო კურსი გაიარა ამერიკაში. ისე გამოიწრთო და დახელოვნდა თავის სპეციალობაში, რომ დაზვერვისა და დივერსიის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა ოკეანის ორივე მხარეს. ამასობაში, ზურიკომ უნივერსიტეტი დაამთავრა და სამუშაოდ მოეწყო ერთ-ერთ ფირმაში იურისტად. ეს ფირმა სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტ-იმპორტით იყო დაკავებული. წარმატებულად მიიჩნეოდა და დიდი შემოსავალი ჰქონდა. ზურიკოს ხშირად უხდებოდა უცხოეთში გამგზავრება სხვადასხვა კონტრაქტის გასაფორმებლად და თითქმის მთელი ევროპა შემოიარა. ორივე ძმას კარგი შემოსავალი ჰქონდა. შეძლებულად ცხოვრობდნენ და მხოლოდ დაოჯახება აკლდათ. ავღანეთში გამგზავრების წინ, გურამმა ზურიკოს უთხრა:
– მოკლედ ასე, ძმაო. ერთ წელიწადში რომ დავბრუნდები, ორივეს ცოლები მოგვყავს. არაფერი გვაკლია და დროა უკვე. შენ შენს ნატოს მოიყვან. მე კი – ქეთის. იცოდე, არ დამასწრო, ბიჭო. ქორწილი ერთად უნდა გადავიხადოთ.
– ფრთხილად იყავი, გურო და მშვიდობით დაბრუნდი, – უთხრა ზურიკომ ძმას. მან კი მიუგო:
– შენ კი მშვიდობით დამხვდი.
ავღანეთის მისიაში გურამ ფიფია საგანგებო დავალებას ასრულებდა, თავის ჯგუფთან ერთად. მისი პროფილიდან გამომდინარე, უფლება არ ჰქონდა, ვინმეს დაკონტაქტებოდა სამსახურს მიღმა. სწორედ ამიტომ არ აცნობეს მას ზურიკოს დაღუპვის ამბავი და თბილისში რომ ჩამოვიდა, არ იცოდა, რომ მისი შვილივით ნაზარდი ძმა ცოცხალი აღარ იყო.
***
ავღანური მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცები თბილისში ამერიკულმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა ჩამოიყვანა. მათ პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, შეერთებული შტატების ელჩი და ოჯახის წევრები დახვდნენ. იქ იყვნენ ქეთი და ნატოც. გოგონებმა წინასწარ მოილაპარაკეს, რომ ზურიკოს დაღუპვის ამბავი გურამისთვის სახლში ეთქვათ. დახვედრის საზეიმო ცერემონიალი რომ დასრულდა, ჩამოსულები თავიანთი ოჯახის წევრებისკენ გაემართნენ. გაღიმებული გურამი გოგონებს ჩაეხუტა. აკოცა, მიუალერსა მათ და იკითხა:
– ზურიკო სადაა, ჩემი შვილობილი. ალბათ, უცხოეთშია, ხომ?!
– არა, – ნაძალადევი ღიმილით მიუგო საქმროს ქეთიმ, რომელიც საჭესთან იჯდა და ცდილობდა, არაფერი წამოსცდენოდა.
– აბა, სად? – ჯერ კიდევ ღიმილიანი სახით იკითხა გურამმა.
– შეუძლოდაა, – პასუხი შეაგება გურამს ქეთიმ, თან გვერდით მჯდომ საქმროს გაუღიმა და სარკეში ნატოს გახედა, რომელიც უკანა სავარძელზე მოკუნტული იჯდა.
– რა სჭირს, ავადაა?
– ჰო, ისე, – გაურკვევლად მიუგო ქეთიმ.
– რაღაც ეშმაკურ სიურპრიზს მიწყობთ ხომ და ამიტომ ხართ ასე იდუმალები, – გაეცინა გურამს.
ნატომ ვეღარ მოითმინა და აქვითინდა. გურამი მკვეთრად შეტრიალდა უკან, რომ სარძლოსთვის ეკითხა, – რა სჭირდა, მაგრამ, არაფერი უკითხავს. საცოლეს შეხედა და გაფართოებული თვალებით შესძახა:
– ქეთი, რა ხდება!
ქეთიმ მანქანა გააჩერა და თვალები აუცრემლდა. აქ უკვე გურამი ყველაფერს მიხვდა. თავში ორივე ხელი შემოირტყა. მწარედ ატირდა, თან იმეორებდა:
– ვაიმე, დედა, ზურიკო, ჩემო ზურიკო.
ქვითინებდნენ გოგონებიც.
***
გურამი ყოველდღე ძმის საფლავზე დადიოდა. საათობით რჩებოდა იქ. ქვითინებდა, თან ქვაზე დახატული ძმის სურათს კოცნიდა და ეფერებოდა. გულში კი ფიქრობდა, რომ სხვა რამეში იყო საქმე და ზურიკოს ნარკომანობის არ სჯეროდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზურიკოს საქმეში ექსპერტიზის უტყუარი დასკვნა იდო, რომელიც ამტკიცებდა – ზურაბ ფიფია ნარკოტიკის გადამეტებული დოზის მიღებისგან გარდაიცვალაო, გურამი მაინც თავის აზრზე იდგა და ზურიკოს ნარკომანობა ვერ წარმოედგინა. „არა. იქ სხვა რაღაცაშია საქმე. ზურიკო ნარკომანი ვერ იქნებოდა. მე მას კარგად ვიცნობდი და გამორიცხულია“, – იმეორებდა გურამ ფიფია და ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა სხვადასხვა ვერსიაზე, მაგრამ ჩიხში შედიოდა და კვლავ ფიქრობდა...
ამასობაში ზურიკოს ორმოცმაც მოაღწია. გურამი და ოჯახის ახლობლები ჯერ სასაფლაოზე გავიდნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი სცეს, შემდეგ წინასწარ დაჯავშნილ რესტორანში მიუსხდნენ სუფრას და ზურიკო გაიხსენეს. რესტორნიდან რომ წამოვიდნენ, ნატო სახლში მიიყვანეს და ქეთი და გურამი გურამის სახლში გაემართნენ. ნახევარი გზა გურამი მდუმარედ იჯდა საცოლის გვერდით. ბოლოს კი თქვა:
– ესეც ასე... ჩემი ზურიკოს ორმოციც ჩავატარეთ. შემდეგ დაბადების დღეს გადავუხდი, ბოლოს – წლისთავს და სანამ ცოცხალი ვიქნები, გავიხსენებ და პატივს მივაგებ. ეჰ, შვილი მაინც დარჩენოდა იმ ცხონებულს.
– გურამ, რაღაც უნდა გითხრა, – უთხრა საქმროს ქეთიმ.
– რა უნდა მითხრა? – ჰკითხა გურამმა.
– ერთი ეჭვი მაქვს.
– რა ეჭვი?
– არა, შეიძლება, ვცდები კიდეც, მაგრამ, – ქეთიმ მხრები აიჩეჩა.
– თქვი, რა ეჭვი გაქვს.
– მე მგონი, ნატო ფეხმძიმედაა და თუ ეს ასეა, მაშინ ზურიკოსგან.
– რატომ გგონია?
– ჯერ ერთი, რომ ორმოცის სუფრაზე მჟავე კიტრს მიეძალა და სულ გადაჭამა. არადა, ზუსტად ვიცი, ნატოს კიტრი საერთოდ არ უყვარს. მით უმეტეს, მჟავე. გარდა ამისა, უკვე მეორე თვეა, რაც მენსტრუაცია არ ჰქონია და ეს კიდევ ერთი დასტურია მისი ფეხმძიმობისა.
– რა იცი, რომ არ ჰქონია?
ქეთის უხერხულად გაეღიმა და საქმროს უთხრა:
– მე და ნატოს ყოველთვის ერთდროულად გვეწყება ხოლმე და ჰიგიენურ პაკეტებსაც ერთად ვყიდულობთ. ორი თვეა, არ გვიყიდია. მთავარი კი ისაა, რომ ამ სამი დღის წინ ქალთა კონსულტაციაში ვნახე, სადაც თბილისში ყველაზე მაგარი გინეკოლოგია. ფეხმძიმეებს საუკეთესო კონსულტაციებს უტარებს და ყველა მასთან დადის.
– მერე, რა გითხრა, რომ გნახა?
– ვერ დამინახა. ჩემს მეზობელ გოგონას ვახლდი. შემთხვევით შემხვდა, მივიყვანე და დავტოვე. იქიდან კი მის ქმარს უნდა წამოეყვანა.
– იქნებ, ნატოც ვინმეს ახლდა?
– არა, – თავი გააქნია ქეთიმ, – იქიდან ჩუმად გამოვიპარე და ნატოს დაველოდე. თითქმის საათ-ნახევრის შემდეგ გამოვიდა. მე ჩუმად ავედევნე. მერე გავასწარი. მის შესახვედრად გამოვემართე და ვკითხე, სად იყავი-მეთქი? ის ოდნავ დაიბნა. არ ელოდა ჩემთან შეხვედრას. მერე გამიღიმა და მითხრა, – უბრალოდ, სასეირნოდ გამოვედიო. ქალთა კონსულტაციაზე კი სიტყვაც არ დაუძრავს. მომატყუა, გესმის? ნატომ კი ტყუილები არ იცის, მით უმეტეს, მე არაფერს მიმალავს. ეს კი დამიმალა. გაიგე?
– გავიგე, ქეთი, გავიგე. თუ მართლა ფეხმძიმედაა, ამას რა ჯობია. ისე მივხედავ, რომ ცივ ნიავსაც კი არ მივაკარებ, შვილივით გავზრდი ჩემს ძმისშვილს. ნატოს კი ხელისგულზე ვატარებ.
– გავზრდით და ვატარებთ, – შეუსწორა საქმროს ქეთიმ, – ეს იმ შემთხვევაში, თუკი ნატო ბავშვს გააჩენს... მაგრამ, თუ არ აპირებს ამის გაკეთებას, მაშინ?
– როგორ თუ არ აპირებს? ვერ ვხვდები.
– რას ვერ ხვდები, გურო. პატარა გოგოა. საქმრო დაეღუპა და მარტოხელა დედობა უნდა? თანაც, მკაცრი მშობლები ჰყავს და ნურც ის დაგავიწყდება, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. იმ კონსულტაციაში, სხვათა შორის, აბორტებსაც აკეთებენ და რა იცი, იქნებ აბორტისთვის იყო იქ მისული?
– როგორ, აბორტი გაიკეთა?
– არა, იმ დღეს არა. მაშინ შევატყობდი, მაგრამ იქნებ ექიმს შეუთანხმდა და აპირებს?
– აბორტს? – დაბნეულად იკითხა გურამმა.
– ჰო, გურო, აბორტს. რამ დაგაბნია?
– ეს არ უნდა დავუშვათ.
– მეც ამიტომ გითხარი, მაგრამ რას აპირებ?
– დაველაპარაკები.
– ერთად დაველაპარაკოთ.
– კარგი. ხვალ დილით დავურეკავ.
– არა, გურო. ახლა ჯობია. რა იცი, რომ ხვალ დილით არ აპირებს ამის გაკეთებას? – უთხრა ქეთიმ საქმროს და მანქანა გააჩერა, – მიდი, დაურეკე და უთხარი, რომ მასთან საქმე გვაქვს.
– მანქანაში დაველაპარაკოთ?
– არა, სახლში.
– მერე, მისი მშობლები?
– ბათუმში არიან ოთხი დღით და მარტოა, – თქვა ქეთიმ, – სწორედ ამიტომაც ვჩქარობ ნატოსთან საუბარს. მისი დედ-მამა ამ დილით გაემგზავრა და ოთხი დღე მარტო იქნება. აბორტის გაკეთებისთვის საუკეთესო დრო აქვს. ხვდები?
გურამს პასუხი აღარ გაუცია საცოლისთვის. ნატოს დაურეკა და მასთან მისვლის ნებართვა ითხოვა.
– რა ნებართვა გინდათ, ამოდით, – თქვა ნატომ. ხოლო საქმრო-საცოლე რომ ესტუმრა, მათ უთხრა:
– ხომ მშვიდობაა, ხალხო?
– კი. დამშვიდდი. შენთან საქმე გვაქვს, – უთხრა ქეთიმ ნატოს და სავარძლებში რომ მოთავსდნენ, დაიწყო:
– ნატუკა, საყვარელო, ნუ გაგვიბრაზდები, მაგრამ შენთან უსერიოზულესი საქმე გვაქვს და უნდა მოგვისმინო ყურადღებით.
– გისმენთ, რა ხდება?
ქეთიმ ნატოს თავზე გადაუსვა ხელი. სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა და უთხრა:
– ნატუკა, ზურიკო შენ ხომ ძალიან გიყვარდა?
– მე ის ახლაც ძალიან მიყვარს.
– მით უმეტეს. ამიტომ, იმედია, არ გაგვიბრაზდები და სწორად გაგვიგებ.
– თქვი, ქეთი, რა გინდა. რა შორიდან მივლი, – ნერვიულად თქვა ნატომ. გურამმა კი დაამატა:
– პირდაპირ უთხარი, ქეთი, სათქმელი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში