№46 ქმრიანი ქალის საყვარლობა ძვირად დამიჯდა
ინტიმური საუბრები
ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი მოვლენები ხშირად ხდება, თუმცა ამ ყველაფერს თუ ჩემი ცხოვრების ასე გართულება შეეძლო და ჩემი საქციელით სხვების დაღუპვაც იყო შესაძლებელი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ერთი წლის წინ, დასასვენებლად ვიყავი ზღვაზე და გოგონა გავიცანი. ძალიან მომეწონა, თუმცა, ვერ გამოვუტყდი. უბრალოდ, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. თბილისში რომ დავბრუნდით, რამდენჯერმე შევხვდით. სულ ეს იყო. მერე, გარკვეული პერიოდი აღარ შევხმიანებივარ და რომ დავურეკე, მითხრა, გავთხოვდიო. გული დამწყდა, მეგონა, ჩემი საკუთრება წამართვეს, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, მივულოცე და დავასრულე ურთიერთობა. ზუსტად, 2 თვის მერე, დამირეკა და მომიკითხა. ვისაუბრეთ და მთხოვა, ხომ იცი, მეგობრად გთვლი, ისეთი რამ მინდა გკითხო, რასაც სხვას ვერ ვეტყვი, შენი აზრი მაინტერესებს და იქნებ შემხვდეო. იმ დღეებში, ჩემი მშობლები სოფელში იყვნენ და შევთავაზე, თუ გინდა, ჩემთან ამოდი-მეთქი. მოკლედ, ამოვიდა და გამანდო თავისი საიდუმლოებები – როგორ გაჰყვა კაცს უსიყვარულოდ, რომ მათ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი ზღვარია. ვერ უგებენ ერთმანეთს და მასთან დაწოლა, მისთვის სასჯელია. ვუსმენდი და გული მტკიოდა. ვხვდებოდი, ფულის გამო გაჰყვა ცოლად და ნანობდა. სადღაც შემეცოდა, სადღაც გული დამწყდა და სადღაც გავბრაზდი. ვუთხარი კიდეც, ვინ გაძალებდა ახალგაცნობილ კაცს ცოლად გაყოლოდი, რატომ არ დაფიქრდი-მეთქი და გამომიტყდა, ჩემს ოჯახს უნდოდა, შეძლებულ კაცს გავყოლოდი, მათი დაჟინებული თხოვნით გავხდი ჩემზე 17 წლით უფროსი კაცის ცოლიო. საუბრისას, ჩემკენ იხრებოდა და ცრემლი სდიოდა. ვგრძნობდი, მის გულში მეგობარზე მეტი ადგილი მეკავა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავი ვერ შევიკავე, ჩავეხუტე და მაგრად ჩავკოცნე. წინააღმდეგობა რომ არ გამიწია, ამან გამათამამა, ვეღარ მოვზომე და საწოლში, ხელში აყვანილი გადავიყვანე. ის წუთები ჩემთვის განუმეორებელი იყო. მეგონა, სამყარო ჩემი იყო და უბედნიერესი ვიყავი. თუმცა, როცა ადგა და ჩაცმა დაიწყო, მივხვდი, ისევ ხელიდან მეცლებოდა ჩემი საკუთრება, ჩემი სიყვარული, მე კი უძლური ვიყავი. მაშინ ვინანე, თავის დროზე რომ არ გამოვუტყდი სიყვარულში და მეგობრობას „ვაწვებოდი“. თურმე, რასაც გრძნობ, ის უნდა გამოხატო, უთხრა, აგრძნობინო. ამ დღიდან ზუსტად ერთი კვირა, ყოველდღე ვხვდებოდი და ერთ დღესაც, ჩახუტებულებს, ბაღში, მისი ქმარი დაგვადგა თავზე. უეჭვიანია, უკან გამოჰყოლია და გამოგვიჭირა. იქ რა ამბავიც ატყდა, ამის გახსენება არ მინდა... ფაქტია, ჩემს საყვარელ ადამიანს ოჯახი დავუნგრიე, სახელი შევულახე და შევარცხვინე, ჩემს ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ახლა ვნანობ, როგორ ვერ გავაკონტროლე გრძნობები, როგორ დავუნგრიე მომავალი საყვარელ გოგონას და როგორ ავჰყევი ცდუნებას. ვიცოდი, ქმრიანი ქალის საყვარლობა როგორი რისკიანი და ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასია, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. მსიამოვნებდა მის გვერდით გატარებული წუთები და ეს ძვირად დამიჯდა. მისი ქმრისგან სახეში მოხვედრილი მუშტი, ახლაც მტკივა, მაგრამ ეს იმასთან არაფერია, რაც იმ გოგოს გავუკეთე, ვის გამოც მეგონა, მთებს გადავდგამდი. მრცხვენია, ვერც ვურეკავ, ვერც ვაიმედებ და ვერც ამბავს ვკითხულობ. ჩემი ოჯახი განათხოვარ გოგონას ცოლად არ მომაყვანინებს, მით უმეტეს, ასეთი ამბის მერე. მისი საყვარლობა კი, ნამდვილად აღარ მინდა. მისი მშობლები მემუქრებიან, ახლოს არ გაეკარო, თორემ ჩვენს საქციელზე პასუხს არ ვაგებთო. დავიბენი, ვფიქრობ, გამოსავალი სად ვიპოვო, მაგრამ ჩიხში ვარ.
გიგი, 24 წლის.