№46 ძნელია, იყო... კაცი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-45(880)
***
ვახომ ბარიდან ვისკის ბოთლი აიღო და ორი ჭიქა სანახევროდ შეავსო. მერე პატარა მაცივართან მივიდა, კარი გამოაღო, უკმაყოფილოდ რაღაც ჩაიბურტყუნა და მაგიდაზე ტელეფონის ყურმილს გადასწვდა.
– ნია, რამდენჯერ გითხარი, მაცივარში ყინული სულ გქონდეს-მეთქი. ძნელია ფორმებში წყლის ჩასხმა? რისთვის მინდა მაშინ ეს მაცივარი, ტელევიზორი ხომ არ არის, რომ ვუყურო? არ ვიცი მე, საიდანაც გინდა, იქიდან მომიტანე ყინული. ვერ დავლევ ამ თბილ ვისკის და ნერვებიც უარესად მომეშლება. მიდი ახლა, დროზე...
– ხედავ, რა დღეში ვარ? – მიუბრუნდა ვახო მაგიდის სიახლოვეს, სავარძელში მჯდარ კოკას, – ყინული არ უნდა მქონდეს მაცივარში? შტერივით ზის მთელი დღე და „ფეისბუქიდან“ ვერ გამოათრევ. თითქოს დიდ საქმეებს ვავალებდე. მოკლედ, რა...
– აშკარად ვერ ხარ კომფორტულად, – გაიცინა კოკამ და ვისკი მოსვა.
– თბილია, ბიჭო, რა გასმევს მაგას. შემოიტანს ყინულს, მოიცადე ცოტა ხანი.
– ჩემთვის სულერთია, – მხრები აიჩეჩა კოკამ, – ყინულით, ყინულის გარეშე... ერთი გემო აქვს, შენ დაელოდე.
– მოიცა, სულერთი როგორ არის? – განცვიფრდა ვახო, – ესე იგი, სექსი პრეზერვატივით და მის გარეშე, ერთი და იგივეა?
– ეგ რა შუაშია? – კოკამ ისევ მოსვა ვისკი.
– ეჰ, არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი, – ხელი ჩაიქნია ვახომ, – აზრზე მოდი, დროა უკვე, დიდი ბიჭი ხარ.
– ახლა შენ დამიწყე კიდევ, თითქოს დედაჩემი არ მეყოფა, – ხელი აიქნა კოკამ და მაშინვე ენაზე იკბინა, – კინაღამ თამრიკოს ამბავი წამოცდა.
– დედაშენი მართალია, იცი?! დროა, მომავალზე იფიქრო. რა გინდა ცხოვრებაში საერთოდ, რას აპირებ, როდემდე უნდა იწანწალო მარტოხელა მგელივით?
– აბა, რა ვქნა, ცოლი შეირთეო, არ მითხრა. გყავდა შენ ცოლი, ახლაც გყავს, მაგრამ ამით პრობლემები არ მოგკლებია.
– სისულელეა. ცოლს იმიტომ არ ირთავ, რომ პრობლემები მოგაკლდეს. უბრალოდ, გვერდით გყავს ადამიანი, რომელთან სიახლოვეც გსიამოვნებს და ბედნიერი ხარ.
კოკამ ირონიულად შეხედა მეგობარს. ვახო მიხვდა, რაც გაიფიქრა კოკამ და შეიჭმუხნა.
– სულ ტყუილად გგონია, რომ ბედნიერი არ ვარ. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. მე თამრიკოსთანაც ბედნიერი ვიყავი, შვილიც მყავს და პრობლემების არქონა ბევრს არაფერს ნიშნავს.
– მე ეგ არ მითქვამს.
– ჰო, არ გითქვამს, მაგრამ ხომ იფიქრე? მეგობარო, იმდენი ხანია, გიცნობ, შენს ფიქრებს ვხვდები. ერთადერთი ხარ, ვისაც ბოლომდე ვენდობი.
კოკას ვახოს ბოლოს ნათქვამმა სიტყვებმა უსიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა და სახე მოარიდა. მღელვარება რომ დაეფარა, ისევ ვისკიან ჭიქას მოუხმო საშველად.
– უყურე, თუ მოიტანოს ყინული?! – ერთბაშად გაცხარდა ვახო და კაბინეტის კარიც გაიღო. ნიამ, ვახოს მდივანმა, მკაცრ შავ კოსტიუმში გამოწყობილმა და სადად თმადავარცხნილმა გოგომ, რომელსაც უბრალო მაკიაჟიც კი არ ჰქონდა, ოთახში მოვერცხლილი საყინულე შემოიტანა, ყინულის გამჭვირვალე კუბიკებით. ვახომ ანიშნა, მაგიდაზე დადგიო და როცა გოგო გავიდა, კოკას მიუბრუნდა.
– ნახე?
– რა?! – ვერ მიხვდა კოკა.
– ნიაზე გეუბნები, ჩემს მდივანზე.
– ჰო, შენს მდივანს ვიცნობ, პირველად ხომ არ დამინახავს?
– მით უმეტეს, უნდა შეგემჩნია მისი ჩაცმულობა...
– მართალი ხარ, ცოტა უცნაურად იცვამს, სულ შავი შარვალი და შავი პიჯაკი აცვია, დრესკოდივით. პომადაც კი არ უსვია. არადა, ლამაზი ნაკვთები აქვს. სტილი რომ შეიცვალოს, მაგარი ნაშა იქნება.
ვახომ ხმამაღლა გაიცინა.
– საქმეც მაგაშია. ყოველთვის ასე არ იცვამდა. სამსახურში რომ ავიყვანე, მაგრად მომეწონა. პრინციპში, გარეგნობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო, მუშაობა რომ დავაწყებინე.
– ამ ყველაფერს რატომ მიყვები?
– მოითმინე ცოტა და გაიგებ. დამამთავრებინე. მოკლედ, თათიამ მომთხოვა, თანაც კატეგორიულად. არ იცი, როგორ გადაირია. მთელი ხმით ყვიროდა, გაგეყრები, თუ მაგ გოგოს არ გააგდებ, თანაც ახლავეო. როგორც იქნა, იმაზე დავითანხმე, რომ ნია მოკრძალებულად ჩაიცვამდა და სტილს სრულიად შეიცვლიდა.
– და, მაგას ეძახი შენ ბედნიერებას?
– არა, შენ მთავარს ვერ მიხვდი. ჯერ ხომ გავბრაზდი თათიაზე, მაგრამ მერე მაგრად „გამისწორდა“, ასე რომ იეჭვიანა. ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
– ვერა. ეჭვით გაგიჟებული ქალის ისტერიკებში სასიამოვნო რა არის?
– ეე... – ხელი ჩაიქნია ვახომ, – ტყუილად გელაპარაკე ამდენი? რადგან ეჭვიანობს, ესე იგი, ვუყვარვარ. მე ვუყვარვარ, თანაც ძალიან ვუყვარვარ. მაგარი გრძნობაა...
კოკას ვისკი გადასცდა და ხველა აუტყდა. გულისრევის საზიზღარმა განცდამ ყელი აუწვა. ვახოს კიდევ რომ გაეგრძელებინა თავის ცოლზე ლაპარაკი, წამოხტებოდა და კაბინეტიდან გაიქცეოდა, ამიტომ, საუბრის თემის შეცვლა სცადა.
– საქმე გქონდა თუ ისე დამიბარე, სალაპარაკოდ და გულის მოსაოხებლად.
– არა, ტო, რა გულის მოსაოხებლად, რას ბაზრობ, თუმცა, ეგეც არ არის ცუდი. მოკლედ გეტყვი – სანდო ადამიანი მჭირდება ერთ ობიექტზე.
– ჰო?
– რა იყო, რაღაც შეცბი თუ მომეჩვენა? – ვახომ ვისკი მოსვა და დაიჭყანა, – სულ გამდნარა ყინული და წყალგარეული ვისკი საზიზღრობაა, – რას ვამბობდი? ჰო, სანდო ადამიანი მჭირდება. მე არ შემიძლია, რამდენიმე ადგილას ერთდროულად ვიყო. დირექტორი „სტრანნი“ ვინმეა. გული მიგრძნობს, რაღაც ეშმაკობს, მაგრამ ვერაფერში გამოვიჭირე. ამიტომ მჭირდები.
– მოიცა, თუ დირექტორი უკვე გყავს. მე რაღა უნდა გავაკეთო? იმას აგდებ და მის ადგილას მნიშნავ?
ვახომ თავი გააქნია.
– არა, ტო, საიდან მოიტანე? რომელი დირექტორი გამოვა შენგან, ღადაობ? თანაც, კარგი მენეჯერია. მაგრამ, მინდა, თვალყური ადევნო. ვის ხვდება, ვინ მიდის მასთან, თანამშრომლები რა აზრის არიან მასზე... ერთი სიტყვით ინფორმაციები მჭირდება.
– „სტუკაჩობა“ უნდა დავიწყო? – ჩაიცინა კოკამ ირონიულად და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, – ვახო, არ მიცნობდე მაინც.
– რომ გიცნობ, სწორედ ამიტომაც მოგიფიქრე ასეთი „თანამდებობისთვის“. ზედგამოჭრილია შენზე. რა გაცინებს? ხელფასს კარგს მოგცემ, მანქანასაც.
– ოჰო?! გამოდის, ძალიან არ ენდობი იმ ტიპს.
– ვის?
– აი, იმ დირექტორს, ვის მეთვალყურედაც მნიშნავ.
ვახომ ვისკიანი ჭიქა მაღლა ასწია და ჩარჩენილ სითხეს ნათურის შუქზე გახედა.
– აამღვრია ყინულმა. მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თვალს მოაცილებ და ეგრევე გატყუებენ. ასეა ბიზნესშიც. მოკლედ, თანახმა ხარ თუ არა...
კოკამ თვალები მოჭუტა. რამდენიმე წუთი უსიტყვოდ შეჰყურებდა მეგობარს, მერე ჰკითხა.
– რა მანქანას მაძლევ?
ვახომ ჯერ გაოცებით ასწია წარბები. ეტყობოდა, რომ მეგობრის შეკითხვამ დააბნია.
– რა ვიცი... გვყავს ფირმაში რამდენიმე მანქანა და ამოირჩიე. მთლად ბოლო მოდელი და „პოლნი ნავაროტკები“ არ იქნება, მაგრამ უკმაყოფილო არ დარჩები არც მანქანით, არც ხელფასით.
– კარგი, როდიდან ვიწყებ?
– ხვალიდანვე. დილით მივალთ და წარგადგენ, რაღატომ გადავდოთ. ორ-სამ დღეში ერთი კვირით წასვლა მომიწევს და მინდა, შენ უკვე „პოსტზე“ იყო.
– ერთი კვირით მიდიხარ? – კოკას მაშინვე თათია გაახსენდა.
– ჰო, მომიწევს, თორემ ცოლი მიმატოვებს და არ მინდა, ამ ასაკში მესამეჯერ შევქმნა ოჯახი.
„ოჯახი...“ – კოკას უნებლიეთ გაეღიმა, ისევ თათია დაუდგა თვალწინ და გაიფიქრა, – როცა ცოლი ბოზი გყავს და საკუთარ ძმაკაცთანაც კი გღალატობს, ოჯახზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულიაო. თუმცა, იმ რეალობისთვის თვალის გასწორებამ, რომ ხსენებული „საკუთარი ძმაკაცი“ თავად ბრძანდებოდა, გუნება ისე მოუშხამა, რომ ემოციის დამალვა ვერ შეძლო.
– წავედი მე...
– რა გეჩქარება, – გაუკვირდა ვახოს, – არ მითხრა, რომ სამსახურში გაგვიანდება. კარგი, არ დაგცინი. უბრალოდ, შეგვეძლო, ერთად გვესადილა.
– თინას შევპირდი, სახლში ვისადილებ-მეთქი, – იცრუა კოკამ, – სულ წუწუნებს, რომ ცოტა დროს ვატარებ მასთან.
– ბიჭო, მარტოა ეგ ქალი და ცოდოა. რძალი უნდა, შვილიშვილი უნდა... მე მარინკა მაინც მყავს და დიდი იმედი მაქვს, თათიაც გამიჩენს ერთ ბავშვს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ფორმაში ვარ. რა ვიცი, ასე მგონია.
კოკამ ისევ ცუდად იგრძნო თავი. ზოგჯერ მასში სინდისის ხმა იღვიძებდა და მოსვენებას აღარ აძლევდა. შიგნიდან ღრღნიდა, აღიზიანებდა და აგრძნობინებდა, რომ უპატიებელი სისუსტე გამოიჩინა. იმასაც ხვდებოდა, რომ ყველაფერს თათიას ვერ დააბრალებდა. დიდი წილი პასუხისმგებლობა მასზეც იყო, რომელიც ადრე თუ გვიან, ყელში წაუჭერდა და პირისპირ აღმოჩნდებოდა სერიოზულ პრობლემასთან. კოკამ იცოდა, რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა. მერე კი, ვეღარსად დაიმალებოდა, ვერც სინდისის ხმას ჩაახშობდა და ვერც გამართლებას მოუძებნიდა საკუთარ საქციელს.
– რაღაც გჭირს შენ... კარგი, წადი, – ამოიოხრა ვახომ.
კოკა გამოერკვა:
– ჰო, რა ვიცი, არ მაქვს თინას თავი, ხომ გესმის. თან, ამ ახალ ამბავსაც ვეტყვი და გავახარებ.
– მეც დავურეკავ თათიას, იქნებ გაუარა წყენამ. ვახ, ბიჭო, ვერ ვხვდები, რა სწყინს. აი, თავს ვიმტვრევ, რა დაემართა ამჯერად, მაგრამ ვერა რა... რომ არც მეუბნება?!
– ქალს რა უნდა გაუგო. მერე კიდევ გიკვირს, უცოლო რომ ვარ, – სცადა ხუმრობა კოკამ, – ხვალ რომელ საათზე გამოვცხადდე სამსახურში?
– ათზე. ჰო, რა იყო? ძალიან ადრეა? არ მოგწყინდა საწოლში გორაობა? არ დაიგვიანო, იცოდე! ნორმალური ტანსაცმელი გაქვს? აი, გამომართვი და რამე იყიდე, – ვახომ საფულედან რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო და კოკას მაგიდაზე დაუდო.
– არ მინდა, – უხერხულად შეიშმუშნა კოკა, – ვიპოვი რამეს.
– თუ ძმა ხარ, ნუ მეპრანჭები... გახეხილი და დახეული ჯინსით ან კედებით არ გამომეცხადო. გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თავიდანვე უნდა მიხვდნენ, რომ ვიღაც არ ხარ და პატივი გცენ. ასე რომ, აიღე ეს ფული, ბრენდულ მაღაზიაში წადი და ხვალ ისეთი ჩაცმული გამოცხადდი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ შეჰფერის. ასე ნუ მიყურებ. შენ კი არ გიკეთებ საჩუქარს, ჩემს საქმეს სჭირდება ასე.
როცა ქალს კაცი არ უყვარს, გაცილებით ეადვილება მისი მართვა. მოქმედებს გონების და არა გულის კარნახით. ისე აკეთებს სვლებს, როგორც ჭადრაკში გაწაფული მოთამაშე და ზუსტად იცის, რომ პარტიას მოიგებს. თათიამ მალულად გახედა ქმარს, ოთახში დასჯილი ლეკვივით რომ შემოიპარა. იქამდე არ მიაქცია ყურადღება, სანამ ვახო სავარძელს არ მიუახლოვდა და ქალის წინ არ გაჩერდა. თათია კიდევ უფრო ღრმად „ჩაეფლო“ მობილურში. ვახომ ჩაახველა. ქალმა ისევ არ შეხედა.
– კიდევ გაბუტული ხარ? – ვახომ ფრთხილად შეახო ხელი მხარზე. თათიამ წყრომით ახედა.
– შენ როგორ გგონია?
– საყვარელო, განა ვერ ვხვდები, რომ მეტი ყურადღება გჭირდება ჩემგან, მაგრამ უამრავი საქმე მაქვს, ფული ხომ გვინდა?!
თათიამ დამცინავად შეხედა და მხრები აიჩეჩა.
– აკეთე მერე შენი საქმე, ფული და მე თავი დამანებე. შენ, გეტყობა, მოგწონს მისაღებში, დივანზე ძილი. ჰოდა, გეძინოს.
– თათი... ძალიან მკაცრად მექცევი, არ ვიმსახურებ ამას შენგან, – ნაწყენი კილოთი ჩაილაპარაკა ვახომ და ხელი ჩაიქნია. თათიამ გაგულისებით მოისროლა მობილური დივანზე და ქმარს შეუბღვირა.
– რა იყო, ვახო? ასეთი ცუდი მეხსიერება გაქვს? უკვე დაგავიწყდა, როგორ მომექეცი? ოთახში შემაგდე და კარი ცხვირწინ მომიკეტე.
– კარგი რა, საყვარელო. ამაზე მიბრაზდები? ისევ გახსოვს?
– რას ნიშნავს მახსოვს. შენ ნორმალური ხარ? შეურაცხყოფა მომაყენე, დამამცირე იმ ცხვირმოუხოცავ ლაწირაკთან. წარმომიდგენია, გულში როგორ ზეიმობდა და დამცინოდა. მაგრამ იმას რას ვერჩი, როცა შენ არ მცემ პატივს. იცი, რას გეტყვი? მე ასეთი ურთიერთობა არაფერში მჭირდება. დაბრუნდი ისევ შენს ცოლთან.
– თათია, არ გამაბრაზო, – ამოიოხრა და ხმა გაიმკაცრა ვახომ, – იცი, როგორ მიყვარხარ. მაგრამ, შვილს როცა ვჭირდები, ხელს ვერ ვკრავ.
– არ დაფიქრებულხარ იმაზე, რომ ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებს, მე რომ სიცოცხლე გამიმწაროს? – თათიას თვალები ცრემლებით აევსო, ტუჩები წყრომით გამობუსხა და აუთრთოლდა, – ვერ მიტანს და ყველანაირად ცდილობს, ურთიერთობა აგვირიოს. შენ ან ბრმა ხარ, ან არ გინდა, დაინახო.
ვახოს გული აუჩუყა ცოლის ცრემლებმა. მოეხვია და მკერდზე მიიკრა. თათია ჯერ უძალიანდებოდა, მერე გაიტრუნა. მხოლოდ პერიოდულად ამოისლუკუნებდა ხოლმე, რითაც ვახოს დანაშაულის განცდას უმძაფრებდა.
– ჩემი ბუტია გოგო. ჰო, ასეა. მარიკუნამ ჯერ კიდევ ვერ მაპატია. უნდა გავუგოთ. ეგ ერთი შვილი მყავს. ბუნებრივია, რომ ეჭვიანობს.
– რა არის ბუნებრივი? ის, რომ ვეჯავრები? ნახე, რა გაბედა? ღამე სახლში მოგვივარდა.
– მოვიდა, თათია, კი არ მოგვივარდა. პრობლემა ჰქონდა და მოვიდა. ჩემთან ჰქონდა პრობლემა. დამიჯერე, შენ არაფერ შუაში ხარ.
– მაშინ, მით უმეტეს, არ მესმის, ოთახში რისთვის შემკეტე?
– ჩვენს საუბარს რომ არ დასწრებოდი. ჰო, მართლა, იცი, რა უნდოდა?
– არ მაინტერესებს, მით უმეტეს, თქვენეული ვერსია. ძალიან კარგად ვხვდები, მის გეგმებს. რას მეტყვი, რომ გაამართლო, მნიშვნელობა არა აქვს.
– არც იმისი გამართლება მინდა, არც ის, რომ შენ ნერვიულობდე, – ამოიოხრა ვახომ, – მესმის, რთულია იმ კაცის გვერდით ცხოვრება, რომელსაც ზრდასრული შვილი ჰყავს. მაგრამ, რეალობა ესაა და ვერ შეცვლი. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარხარ.
– არ გიყვარვარ, – წამოიყვირა თათიამ, – მატყუებ! მარინკა უფრო გიყვარს. ენის მოჩლექით ელაპარაკები და ყველაფერს უსრულებ, ყველაფერში ამართლებ.
– შენც ყველაფერს გისრულებ, საყვარელო.
– ტყუილია. რამდენი ხანია, მპირდები, რომ ერთად სადმე წავიდოდით. მარტო ჩვენ ორნი, ყოველგვარი საქმიანი შეხვედრების გარეშე.
– წავალთ, – აი, უკვე მოვაგვარე ერთი პრობლემა და შეგიძლია, ჩემთან ერთად წამოხვიდე. ორდღიანი მოლაპარაკებები მექნება პარტნიორებთან და მერე შენი ვარ. მოვიაროთ ევროპა, რომელ ქალაქშიც მოგეწონება, იქ გავჩერდეთ. ვისეირნოთ, რესტორნებში ვიაროთ, იშოპინგე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში