№46 უცნაური შურისძიება
ჰენრი სლოიზარი
დიუპრემ ცოლი ანგარებით შეირთო. ბევერლი საკმაოდ მდიდარი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში და არც ურიგოდ გამოიყურებოდა, მერე რა, რომ ქმარზე თოთხმეტი წლით გამოდიოდა უფროსი. სამაგიეროდ, დიუპრეს შეეძლო, ხელგაშლით ეხარჯა მისი ფულები, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. მალე, ქორწინებიდან ორი წლის თავზე, ბევერლიმ შეამჩნია, რომ მისი შემოსავლები ისე „დნებოდა“, როგორც მზეზე თოვლი. ამიტომ, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და ბალანსის აღსადგენად, საკმაოდ ცნობილი ფინანსისტი დაიქირავა. მისტერ დონერი დანახვის დღიდან შეიძულა დიუპრემ და არც უცდია, ცოლისთვის თავისი აზრი დაემალა ამის შესახებ.
– არ მესმის, ეს რატომ გააკეთე. რაში გვჭირდება? – ჰკითხა უკმაყოფილოდ.
– იმიტომ, რომ მთელი ქონება არ გავანიავოთ. ის მიხედავს ჩვენს ანგარიშებს, შემოსავალს და გასავალს. ორივენი ისეთი მფლანგველები ვართ, საყვარელო... არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ქარს გავატანოთ. მისტერ დონერი დაგვიცავს ამისგან, – ქალმა ქმარს შუბლზე აკოცა.
– ჰო, მაგრამ მითხრა, რომ ჯიბის ფული ამიერიდან მას უნდა გამოვართვა და ეს მხოლოდ 200 დოლარი იქნება კვირაში.
– ვიცი. მეც შემიზღუდა ყოველდღიური ხარჯები, მაგრამ ვეგუები.
– ბევერლი, იცი, რა ღირს კოქტეილი ჩვენს კლუბში? – შეურაცხყოფილმა შესძახა დიუპრემ. მაგრამ ქალმა მხრები აიჩეჩა.
– სახლში შეგიძლია, დალიო მაგარი სასმელი, ეს გაცილებით იაფია.
...გადიოდა კვირები და დიუპრეს სულ უფრო უმწვავდებოდა ცოლისა და მისი არამზადა ფინანსისტის მოკვლის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ დონერი შესანიშნავად უძღვებოდა საქმეს. ბევერლი კმაყოფილი იყო. შემოსავალმა ხარჯს გადააჭარბა და დაზოგილი თანხა იზრდებოდა. დიუპრემ ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული, იმიტომ არა, რომ ცოდნის გაღრმავების სურვილმა შეიპყრო, უბრალოდ, ცდილობდა, ეპოვა მეთოდი, რომელიც ცოლის უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, კვალის დატოვების გარეშე, მოშორების საშუალებას მისცემდა. ძებნა ჯერჯერობით უშედეგო იყო, მას კი კარგი ცხოვრება უნდოდა და არა სიცოცხლის ელექტროსკამზე დასრულება. ამიტომ, ცოლის მოკვლისგან თავს იკავებდა. თუმცა, ამის გაკეთების სურვილი ერთი წუთითაც არ მიუტოვებია. ჯერ ბევერლის მოიშორებდა თავიდან, მერე კი ამ საძულველ ფინანსისტსაც მიხედავდა, ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ უქცია და სულს ხდიდა თავისი სიძუნწით. და აი, ბედის ჩარხი მის სასარგებლოდ შემოტრიალდა. ბევერლი გაცივდა და ფილტვების ანთებით გახდა ავად. დიუპრემ სამედიცინო ლიტერატურაში ამოიკითხა, რომ პნევმონიით გარდაცვალებას ძალიან ჰგავდა გაზით მოწამვლა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ღმერთმა საუკეთესო შანსი გამოუგზავნა. ორი დღე პირადად დაიწყო ავადმყოფ ცოლზე ზრუნვა. სპეციალურად დანიშნული წამლის მაგივრად ცარიელ კაფსულებს აძლევდა, შესაბამისად, ქალის მდგომარეობა გაუარესდა. კაციც თითქოს ძალიან წუხდა ამ ამბავს. „შეწუხებული“ სულ ცოლის საწოლთან იჯდა და საკუთარი ხელით აჭმევდა ბულიონს. მისუსტებული ბევერლი აღფრთოვანებული იყო ქმრის მხრიდან გამოჩენილი ყურადღებით. თვალცრემლიანი ხელს ხელზე უჭერდა და მადლობას ეუბნებოდა. როცა დიუპრემ გადაწყვიტა, რომ შესაფერისი მომენტი დადგა. ცოლის ჩაძინებას დაელოდა და საქმეს შეუდგა. უპირველესად, საგულდაგულოდ დაგმანა ყველა ფანჯარა, კარი და საჰაერო.
შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა და გაზი მოუშვა. მხოლოდ ის სივრცე იყო თავისუფალი, საიდანაც მხუთავ აირს ბევერლის საძინებელში შეეძლო შეღწევა. შემდეგ პირადი ნივთები აიღო და სასტუმროში გადაბარგდა ორი დღით. შაბათი და კვირა იყო, ამიტომ სახლში არც შინამოსამსახურე მივიდოდა. როცა ორშაბათ დილით ადრე შინ დაბრუნდა, გაზის საზიზღარი სუნი შესასვლელშივე იგრძნო. სწრაფად გააღო ფანჯრები, პირზე სველი ხელსახოცი აიფარა და ცოლის საძინებელში აირბინა. ბევერლი აღარ სუნთქავდა. გალურჯებული სახე გაქვავებოდა. ჩამუქებულ ტუჩებზე ქაფი შერჩენოდა. დიუპრემ გაიღიმა. მისი თავისუფალი ცხოვრების ახალი ერა იწყებოდა. პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე უნუგეშო ქვრივის როლი შესანიშნავად ითამაშა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ გადასაღებ მოედანზე აღმოაჩინა ბევერლიმ. დამწყები მსახიობი „მასოვკებისთვის“ რომ აიყვანეს. სიხარული არც მაშინ გამოუხატავს, როცა ადვოკატმა გარდაცვლილი მეუღლის მთელი ქონების განკარგვის ოფიციალური დოკუმენტი გადასცა. დრო არ დაუკარგავს, მეორე დღესვე დაიბარა თავისთან საძულველი მისტერ დონერი, ჯერ ხუთი ათასი დოლარის ჩეკის გამოწერა მოსთხოვა, შემდეგ კი მოზეიმე ხმით გამოუცხადა, თავისუფალი ბრძანდები, შეგიძლია, სამსახურში მოსვლით თავი აღარ შეიწუხოო და ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა „სევდის გასაქარვებლად“. შიში არაფრის ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ბევერლის პირადმა მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ ქალი მწვავე პნევმონიის ფონზე განვითარებული ასფიქსიით გარდაიცვალა. კუნძულებზე თავდავიწყებამდე მოილხინა, საკუთარი თავისთვის არაფერზე უთქვამს უარი. დიდი გეგმები ჰქონდა: დაბრუნდებოდა თუ არა, სახლი უნდა გაეყიდა, სადაც ყველა ნივთი ბევერლისთან გატარებულ დღეებს ახსენებდა და მდიდრული, მისი მდგომარეობის კაცისთვის შესაფერისი ვილა ეყიდა. რაოდენ გაოცდა, როცა მოგზაურობიდან დაბრუნებულს, სახლში კრიმინალური განყოფილების ინსპექტორმა მოაკითხა და გამოუცხადა, რომ მასზე დაპატიმრების ორდენი იყო გამოწერილი. ელდისგან კინაღამ ენა ჩაუვარდა.
– მე უდანაშაულო ვარ, ჩემი ცოლი პნევმონიით გარდაიცვალა.
– თქვენ მისტერ დონერმა დაგდოთ ბრალი, რომ ცოლი წინასწარ განზრახვით მოწამლეთ და ეს დაასაბუთა კიდეც. თქვენ წინააღმდეგ გამოძიებას სერიოზული სამხილი აქვს.
– ხომ არ შეიშალეთ, რა სამხილი. მისტერ დონერს ვძულვარ, მე ის სამსახურიდან დავითხოვე.
– ჩვენი სამხილი გაცილებით მეტია, ვიდრე მისტერ დონერის თქვენდამი სიძულვილი, – ჩაიცინა ინსპექტორმა, – მისტერ დიუპრე, დონერმა თქვენ მიერ იმ პერიოდში მოხმარებული გაზის ქვითრები წარადგინა. როგორ ახსნით ამ ფაქტს, რომ მაშინ, როცა თქვენი ცოლი გარდაიცვალა, თქვენ ჩვეულებრივზე ოთხჯერ მეტი გაზი მოიხმარეთ და ეს ზაფხულის ცხელ დღეებში.
დიუპრე ცარცივით გათეთრდა. მას არაფერი ჰქონდა სათქმელი, პოლიციის არგუმენტი მომაკვდინებელი იყო და ნერვებმა უმტყუნა.
– ჰო, მე მოვკალი ის, გაზით მოვწამლე და ამას არ ვნანობ, – ამ ორმა მე ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. თქვენ არ იცით, რა საშინელებაა, როცა თითოეულ ცენტს გითვლიან და გაიძულებენ კვირაში ასი დოლარი იმყოფინო.
– შეგიძლიათ, აღარ იღელვოთ ამაზე. ციხეში ფული ნამდვილად არ დაგჭირდებათ. სამუდამო პატიმრობა არ აგცდებათ და თქვენს კვებაზე სახელმწიფო იზრუნებს.