№46 როგორ ხდება ადამიანის ენერგეტიკული ველის დაზიანება და რა იწვევს უიღბლობას
თავს დატეხილი უბედურება, უფულობა თუ წარუმატებლობა უიღბლობას კი არ უნდა დავაბრალოთ, ამის სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და ფულიანი. გირჩევთ, იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ნურასდროს იტყვით უარს იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ.
წარუმატებლობაზე ფიქრს ჯობია, იმოქმედოთ და უქმად არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. წარუმატებელი და უიღბლო ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, წარმატებას თავადვე რომ ბლოკავენ.
წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობაა. ბევრმა არ იცის, რა კავშირშია ადამიანის ენერგეტიკული ველი წარუმატებლობასთან. რასაკვირველია, ადამიანის უიღბლობა, ნაწილობრივ, ზეციური ძალების სასჯელიცაა. სამყაროში, შემთხვევით არაფერი ხდება. თითოეული არასწორი სიტყვით, ქმედებით თუ აზრით, საკუთარ ენერგეტიკულ ველს აზიანებთ. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს წარუმატებლობას პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. მაგალითად, როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ, გშურთ და ბოღმა გაწვებათ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, კოსმიურ ძალებს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ.
არასწორი ქმედებით, სხვების მიმართ შურითა და ბოღმით, აბინძურებთ საკუთარი მომავლის ენერგეტიკულ კოდს და გაუცნობიერებლად ბლოკავთ წარმატებისა და მოგების შანსებს. ასევე, არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა ეს შანსი საკმაოდ მაღალია და ერთმა სამყაროში გაუაზრებლად გაშვებულმა ფიქრმაც კი, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცნობიერებულ საქციელზე.
ზოგადად, ადამიანები, აწმყოში ჩადენილი საქციელით ჩვენსავე მომავალ ბედს განვსაზღვრავთ. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი, შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს.
ასევე, ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რამე ცუდი მოხდა მის ცხოვრებაში და გაიაზროს, როგორ განწყობაზე იყო იმ, კონკრეტულ დღეს: გაბრაზებულმა ხომ არ უსურვა სხვას ცუდი, ხომ არ დაიწუწუნა ბედზე და ასე შემდეგ. თუ გონივრულად განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, დროსა და სივრცეში, შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ორშაბათობით ან შაბათობით, 2, 9 ან 21 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, გიწევთ ჩხუბი, იქმნება პრობლემები, წინაღობები და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დააკვირდეთ თქვენს საქციელსა და სიტყვებს. ყველას თავისი თარსი, ნეგატიური რიცხვი და დღე აქვს. ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ ემოცია და ქცევა.
ყველას შეუძლია, ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. ამისთვის კი მთავარია, საუბარს ძლიერი ენერგეტიკული ფონი შეუქმნათ. კერძოდ, თუ ადამიანი ემოციის გარეშე ლაპარაკობს, მის სიტყვებს არანაირი ენერგეტიკული ძალა არ აქვს. რაც მეტია ემოციური ფონი, ენერგეტიკულად მით უფრო ძლიერია თქვენი ნათქვამი სიტყვა და მას გარშემო მყოფების მოზიდვა, დაჯერება და დაფიქრება შეუძლია. ანუ, ამ დროს ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე. ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი – კარგად გააზრებული მანერებია. რასაკვირველია, ცხოვრებაში მეტად გიმართლებს, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ შრომაც გიყვარს და დახვეწილი მანერებიც გაქვს – ამ შემთხვევაში, შენი ცხოვრება და წარმატება ზენიტშია. ემოციური საუბრით კი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. თუ თქვენი ლაპარაკი ემოციური და დამაჯერებელი არ არის, ამით ვერ მოხიბლავთ გარშემო მყოფებს, ვერ აიყოლიებთ და ვერც კეთილად განაწყობთ თქვენ მიმართ. ასე რომ, დაუკვირდით მანერებს, საუბრის ტემბრს და ასე მოიპოვეთ გარშემო მყოფთა ნდობა, პატივისცემა და სიყვარული.