№46 რა საიდუმლო გაუმხილა ბერიაზე მოლოტოვმა კოტე მახარაძეს
ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე მას ლამის საბჭოთა დედაქალაქის თბილისში გადმოტანის მცდელობა დააბრალეს. ბრალდების ერთ-ერთ პუნქტში თეთრზე შავით წერია: „ბერია, იყენებდა რა, თავის გავლენას, დანაშაულებრივი განზრახვით აპირებდა მთელი რიგი უცხოეთის ქვეყნების მოსკოვში განთავსებული საელჩოების თბილისში გადატანას. ამ ძირგამომთხრელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაბჭოთა საქმიანობის ძირითადი და საბოლოო მიზანი გახლდათ, მოსკოვისთვის პოლიტიკური ცენტრის სტატუსის გამოცლა, რაც, საბოლოო ჯამში, უფუნქციოდ დატოვებდა მას. ასეთი რამ კი, მონოლითური საბჭოთა კავშირისთვის ძლიერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ დარტყმის მიყენება და ქვეყნის დაშლის მცდელობა იქნებოდა“ და ასე შემდეგ...
საქმე ის გახლდათ, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რეფორმატორმა ბერიამ, რესპუბლიკებისთვის მეტი სუვერენიტეტის მინიჭების ფარგლებში, პოლიტბიუროში მართლაც შეიტანა პროექტი განსახილველად, ეგრეთ წოდებული, „დედაქალაქის განმუხტვის“ საბაბით. მასში არა მხოლოდ უცხოეთის ზოგიერთი საელჩოს სხვაგან გადატანის თაობაზე, არამედ, მთელი რიგი საკავშირო სამინისტროებისა და სხვა უწყებების გადატანის შესახებ ეწერა. და არა მარტო თბილისსა და საქართველოში, არამედ სხვა რესპუბლიკებშიც, მათ შორის, რუსეთის სხვა ქალაქშიც. სერგო გოგლიძე თავის ჩვენებაში წერდა: „ბერიას ზოგიერთი საელჩოს მოსკოვიდან გადატანა სხვა რესპუბლიკების დედაქალაქში მართლაც სურდა და ამას არა საბჭოეთის დაშლის მიზნით, არამედ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის გასააქტიურებლად და წასახალისებლად აპირებდა, რომ მათ, რუსეთთან ერთად, თავი საერთაშორისო-პოლიტიკური ცხოვრების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ, რაც ბერიას აზრით, მეტ ნდობას გაუჩენდა ცენტრისადმი და ეს კი საბჭოეთს უფრო მონოლითურსა და შეკრულს გახდიდა...“ სიმართლე ითქვას, სტალინი ბერიას, დიდი საჭიროებისა და დამსახურების მიუხედავად, ასეთი მცდელობისთვის უპირობოდ დახვრეტდა. რა თქმა უნდა, არც ბერია გაბედავდა მსგავს რამეს სტალინის სიცოცხლეში. თუმცა, ფაქტია, რომ სწორედ სტალინის სიცოცხლეში მოუვიდა ლავრენტი პავლოვიჩს ეს იდეა და მის განხორციელებას ბელადის გარდაცვალების შემდეგ გეგმავდა. გეგმა კი ბერიას თანამიმდევრული, უღარესად დახვეწილი და მომავალზე გათვლილი ჰქონდა. ქართველი დიპლომატი, ბერიას გამო ციხეში ათი წლით გამომწყვდეული ვარლამ ჩხეიძე იხსენებდა: „1953 წლის აპრილში პირადად ბერიამ გამომიძახა მოსკოვში. იმ პერიოდში, შვედეთში, საბჭოთა საელჩოში ვმუშაოდი მეორე მდივნად. მან (ბერიამ) კრემლის კაბინეტში გულთბილად მიმიღო და მითხრა:
– თქვენ გამოცდილი, ჭკვიანი დიპლომატი ხართ და რჩევა მჭირდება.
– ბრძანეთ, ლავრენტი პავლოვიჩ. ყურადღებით გისმენთ, – მივუგე ბერიას და სმენად ვიქეცი.
– როგორ ფიქრობთ, ცუდი იდეაა მოსკოვის დიპლომატიურად განტვირთვა?
მე ვერ ჩავწვდი ბერიას სიტყვების არსს და მორიდებით ვკითხე:
– ბოდიშს გიხდით, ლავრენტი პავლოვიჩ, მაგრამ ტერმინ „დიპლომატიური განტვითრვის“ არსს ვერ ჩავწვდი.
– ხომ ვთქვი, კარგი დიპლომატი ხართ, – გაეცინა ბერიას, – დიპლომატიური კორექტულობით მითხარით, არასწორ ტერმინს ხმარობო და მართალიც ბრძანდებით. ანუ, როგორ ფიქრობთ, მოსკოვიდან ცალკეულ რესპუბლიკებში რომ ზოგიერთი საელჩო გადავიტანოთ, რა შედეგი შეიძლება, ამან მოგვცეს ზოგადად? პირდაპირ მითხარით თქვენი აზრი და არაფერი გამოტოვოთ.
კითხვა გასაგები იყო და პასუხიც დაუფიქრებლად ვიცოდი. ამიტომ მივუგე:
– ამ ღონისძიების ერთადერთი მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ სლავური ეროვნების ამხანაგებს არ მოეწონოთ ეს წამოწყება.
ბერიამ ხელით გამაჩერა და მითხრა:
– ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ. რუსებს მე მივხედავ. პლუსებზე ვილაპარაკოთ.
– პლუსები ისაა, რომ იქ, სადაც ამ საელჩოებს გადაიტანენ, საერთაშორისო-პოლიტიკური კლიმატი მოიმატებს. ადგილობრივი მოსახლეობა მეტად გააქტიურდება პოლიტიკურად და ქვეყნები, რომელთა საელჩოებიც იქ გადავლენ, უფრო მეტად გაეცნობიან ადგილობრივ კულტურასა და ყოფა-ცხოვრებას. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა მაქვს. მოსკოვში უნდა დარჩეს ყველა სტრატეგიული ქვეყნის საელჩო – შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და ინდოეთის. დანარჩენები კი, შეიძლება, გადაანაწილოთ.
– ჩემს გულში იჯექით, – გაეცინა ბერიას და დააყოლა, – ზუსტად ასე ვფიქრობ. რაც შეეხება რუსების განაწყენებას, ცივ წყალს დალევენ, ვნებებს დაიცხრობენ და გულს გაიგრილებენო.
იმ საუბრისას ბერიას ვერ შევბედე, არ აგიჯანყდნენ რუსები-მეთქი. თანაც, ბერია მართლაც ყოვლისშემძლე მეგონა და დარწმუნებული ვიყავი, მინიმუმ, ოცი წელიწადი მის ძალაუფლებას ვერაფერი შეარყევდა...“
ძნელი სათქმელია, ლავრენტი ბერია მართლაც პერიფერიული რესპუბლიკების საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებას ცდილობდა, თუ საქართველოს მოქცევა სურდა საერთაშორისო-პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში. თუმცა, მომავალში რა მოხდებოდა და რა სტრატეგიული გეგმა ედო თავში მარშალ ბერიას, მან ეს საფლავში ჩაიტანა.
რა თქმა უნდა, აბსოლუტური კრეტინიზმია იმის მტკიცება, რომ ეშმაკ, ჭკვიან და წინმხედველ ბერიას თბილისის „გამოსკოვება“, ანუ საბჭოთა კავშირის დედაქალაქად გადაქცევა ჰქონდა ჩაფიქრებული. ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ ხრუშჩოვს თუ მოუვიდოდა თავში, თანაც ეს აზრი შეთქმულებსაც მოახვია თავს და მათაც მხარი დაუჭირეს წინამძღოლს. მოგვიანებით, ხანში შესული, მონანიე ვიაჩესლავ მოლოტოვი კოტე მახარაძეს საიდუმლოდ გამოუტყდა: „ბერიას განეიტრალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ხრუშჩოვთან კაბინეტში ვიმყოფებოდი. მას საერთაშორისო მდგომარეობაზე გავუკეთე მოხსენება, რომელშიც ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა. „პირველი (ხრუშჩოვი) არყით ნასვამი იყო და ჩემი „დაკლადის“ ბოლოს, ყოვლად არაადეკვატური, თემასთან შეუსაბამო რამ წამოროშა. მან მითხრა:
– კარგია, რომ ბერია მოვიშორეთ. ხომ წარმოგიდგენია, რას გვიპირებდა ის ნაძირალა. მას უნდოდა, რომ ჩვენთვის ქართველები თავზე დაესვა. ამას კი ვერ დავუშვებდით, ისიც გვეყოფა საშვილიშვილოდ, რომ ერთი ქართველი ოცდაათ წელიწადზე მეტ ხანს გვაჭენებდაო. პირველად მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, თუ როგორ შეცდა სტალინი, რომ ხრუშჩოვი არ მოიშორა. და, როგორ შევცდით ჩვენც, რომ მას (ხრუშჩოვს) მხარი დავუჭირეთ ბერიას დამხობაში...“
სინანული ცუდი თვისება არაა, მაგრამ მოლოტოვისა და მისი შეთქმული კოლეგების სინანულს, გახვრეტილი კაპიკიანის ფასიც არ აქვს, რადგან მათ, სავარაუდოდ, შოვინიზმი ამოძრავებდათ და ტალახში ამოსვარეს ბერია. მანამდე კი ვერაგულად მოკლეს ის ადამიანი, ვინც მათ ისტორიულ სამშობლოს (რუსეთს) ისეთი ძლევამოსილება მისცა, რაც რუსეთს დღემდე მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანათა შორის უნარჩუნებს ადგილს“.