№46 როგორ ამოწმებდა სტალინი ხალხისთვის გამოშვებულ კვების მრეწველობის პროდუქციას
პროფესორი ოლეგ რომანოვსკი წერდა: „სტალინმა არა მარტო სამხედრო-პოლიტიკური საკითხები იცოდა კარგად, არამედ ერკვეოდა ყველაფერში, რის შესახებაც გადაწყვეტილებებს იღებდა. საბჭოთა სახელმწიფოში კი, ყველაფერს სტალინი წყვეტდა, ყველაფერში გათვითცნობიერებული იყო, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მიაჩნდეს ეს მავანს.
მიხეილ კალინინი თავის მოგონებაში წერდა: „გახდა რა გენერალური მდივანი, სტალინს მთელი ქვეყნის საქმე თავზე „დაეყარა“. თუმცა, მან ეს საქმეები, ერთი შეხედვით, წვრილმანებიც, თავის თანაშემწეებს კი არ გადააბარა, თავად დაიწყო შესწავლა, ჩაწვდომა და წარმატებულადაც გაართვა თავი. სახელმწიფო აღმშენებლობაში წვრილმანი არ არსებობს. ისევე საჭიროა იმისი ცოდნა, თუ როგორი ხორბლისგან რა წონის პურს აცხობენ, როგორც იმისა, თუ როგორი და რამდენი ტანკი, თვითმფრინავი გვყავს ქვეყანაშიო, – ხშირად იმეორებდა სტალინი. ერთხელ ვუთხარი კიდეც:
– ტანკი და თვითმფრინავი გასაგებია, კობა, მაგრამ დიდი უბედურება არ იქნება, თუკი ზოგჯერ მეორეხარისხოვანი ფქვილით გამომცხვარ პურს შეჭამს ხალხი-მეთქი.
სტალინს ჩაეცინა და მითხრა:
– მიხეილ ივანვოვიჩ, ხალხი თუ მეორეხარისხოვანი ფქვილით გამოვკვებეთ, სახელმწიფოც მეორეხარისხოვანი გვექნება. მე კი ეს არ მაწყობს. ამიტომ, სპეციალური, მაღალი სტანდარტები უნდა დაწესდეს ყველაფერზე, და რაც მთავარია, შესრულდეს.
თქმა და გაკეთება ერთი იყო. სტალინს, როგორც ყოველთვის, რკინის არგუმენტები ჰქონდა წარმოქმნილ დავაში...“
ცნობილი „სახელმწიფო ხარისხის ნიშანი,” ეგრეთ წოდებული, „ზნაკ კაჩესტვა“, სწორედ სტალინის მიერ იყო მოგონილი და უკვე სამოცდაათიანი წლების საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, მხოლოდ ისეთ პროდუქციას ანიჭებდნენ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უდიდესი კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში (განსაკუთრებით 30-იანი წლებიდან) უხარისხო პროდუქცია გამოდიოდა. პირიქით, ყველა პროდუქცია ხარისხიანი იყო, მაგრამ შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, პრიორიტეტს მხოლოდ საუკეთესოს ანიჭებდნენ. ხარისხის ნორმა კი, უაღრესად მაღალი და იმდენად ახლო იყო ერთმანეთთან, რომ საუკეთესო, კარგი და პირველი ხარისხის პროდუქტები, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სტალინის დროს მხოლოდ ზემოხსენებული კატეგორიები არსებობდა – საუკეთესო, კარგი და პირველი ხარისხი.
ვიაჩესლავ მოლოტოვი საინტერესო ისტორიას იხსენებდა თავის მემუარებში: „ერთხელ ზუბალოვოში შევიკრიბეთ სტალინთან ვახშამზე. თითქმის მთელი მთავრობა იქ იყო. საუცხოო სუფრა გაიშალა და მშვენიერ ქართულ ღვინოს ვსვამდით. ცოტა დაიგვიანა ხრუშჩოვმა, რომელიც იმ პერიოდში უკრაინის „ცეკას“ პირველი მდივანი გახლდათ.
– რატომ დაგაგვიანდა, ნიკიტა? – ჰკითხა კარგ გუნება-განწყობაზე მყოფმა სტალინმა ხრუშჩოვს.
– ჩერკასკში შევიარე, ამხანაგო სტალინ, – უთხრა ხრუშჩოვმა ბელადს, – თქვენთვის საჩუქარი მაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენი მდიდარი მხარის მადლიანი ძღვენი.
– აბა, ერთი გვიჩვენე, რა მოგვიძღვნა თქვენმა მადლიანმა მხარემ, – უთხრა სტალინმა ხრუშჩოვს.
ხრუშჩოვი გავიდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ თავის მძღოლთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც უზარმაზარი ხის ყუთი შემოიტანა.
– აი, ამხანაგო სტალინ, ესაა.
– რა არის ეს?
– ჩერკასკის ქარხანაში გამოშვებული, უმაღლესი ხარისხის ხილის ღვინოების საცდელი ნიმუშები. ამ ცოტა ხნის წინ ავითვისეთ და თქვენ მოგართვით. გარწმუნებთ, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს არაფრით ჩამოუვარდება და საბჭოთა კავშირში მალე გაითქვამს სახელს, – ჩაარაკრაკა ხრუშჩოვმა.
სტალინმა მაგიდაზე მდგარ „ხვანჭკარისა“ და „ოჯალეშის“ ბოთლებს გახედა. შემდეგ კი ხრუშჩოვს უთხრა:
– ხილის ღვინოებიო, ამბობ, ხომ?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, ხილის საუკეთესო ღვინოებია, – დაუდასტურა ხრუშჩოვმა.
– კეთილი. მოდი, ერთი დავაჭაშნიკოთ, – თქვა სტალინმა. შემდეგ ყუთიდან ერთი ბოთლი ამოიღო, რომელზეც რუსულად ეწერა – ჟოლოს ღვინო. გახსნა. ჭიქაში ჩამოასხა, მიიდო ტუჩებზე, ცოტა მოსვა და მთელი ჭიქა იქვე, მიწაზე დაასხა. შემდეგ ხრუშჩოვს უთხრა:
– ეს რა არის?
– ჟოლოს ღვინო. არ მოგეწონათ, ამხანაგო სტალინ? სხვა გასინჯეთ. აი, თუნდაც მსხლის, – ინერციით უთხრა ხრუშჩოვმა სტალინს, მაგრამ სახე უკვე წამოჭარხლებული ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნიკიტას სულ მალე კანკალი აიტანდა.
– ამ სპირტიან კომპოტს შენ ღვინოს უწოდებ? – მიუგო სტალინმა ხრუშჩოვს და დააყოლა, – სხვაც ისეთი „ძერმო“ (განავალი) იქნება, როგორც ეს. ამ საზიზღრობის კეთებაში ფლანგავთ სახელმწიფო ბიუჯეტს უკრაინელები?
უკვე აკანკალებულმა ხრუშჩოვმა სტალინს ენის ბორძიკით უთხრა, რომ უკრაინულ სოფლებში ხილის ღვინო ძალიან პოპულარულია და მას გემრიელად მიირთმევენ, თანაც დიდი რაოდენობით.
– ეს იმიტომ, რომ იქ ღვინის ფასი არ იციან, – სიტყვა გააწყვეტინა სტალინმა. შემდეგ „ხვანჭკარით“ სავსე ბოკალი ასწია და სანამ დალევდა, ხრუშჩოვს უთხრა:
– აი, ნამდვილი ღვინო. შენი მოჭკვიანებისა იყოს, ნიკიტა. ეს „ძერმო“ კი მეტი აღარ ჩამოასხათ და ხილის კომპოტები გამოუშვით.
ხრუშჩოვმა მეორე დღესვე გააუქმა ჩერკასკის ღვინის ქარხანა. წვენების ჩამოსხმის კომბინატად გადააკეთებინა და იქ ხილის კომპოტებისა და ხილფაფების გამოშვება დაიწყეს.
სწორედ ხრუშჩოვთან დაკავშირებულმა შემთხვევამ მისცა ბიძგი, სახელმწიფო კვების სტანდარტების სამსახურის შექმნას, რომელიც ანასტას მიქოიანის უწყებაში შევიდა. მიქოიანი კი მაშინ კვების მრეწველობის სახალხო კომისარი იყო. სტალინის დავალებით, მიქოიანის უწყებაში გახლდათ მსოფლიო პროდუქტების სტანდარტების სია და საბჭოთა კვების მრეწველობა სწორედ მასთან შედარებით უშვებდა თავის პროდუქციას. ოდნავ მოგვიანებით, სტალინის იდეით, „ზნაკ კაჩესტვა“ (ხარისხის ნიშანი) შემოიღეს და ყველა პროდუქცია, რომელსაც ეს ხუთკუთხედი ერტყა, მსოფლიო ანალოგებს უცილობლად სჯობდა. სტალინი პერმანენტულად აკონტროლებდა ხალხისთვის გამოშვებულ პროდუქციას და საკმაოდ ხშირად გზავნიდა თავის დაცვის წევრებს ახლომდებარე მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქტზე, რომ პირადად შეემოწმებინა მათი გამოშვების კეთილსინდისიერება. რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, სტალინს ერთხელაც არ გამოუთქვამს პრეტენზია მაღაზიაში ნაყიდ პროდუქციაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტალინურ სახელმწიფოში, სტალინის მიერ დაწესებულ უმაღლეს სტანდარტებს უცილობლად იცავდნენ“.