№46 ვინ არიან ვითომ მართლმადიდებლები და რა მოძღვრება აქცევს თანამედროვე ადამიანს მხეცად
წმიდა წერილიდან ცნობილია: „რწმენა არის დაჯერება უხილავისა“. ამ აზრით, რწმენა ყველა ადამიანს აქვს, რაღაცის ყველას სწამს: ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – სიკეთე ან მეგობრობა, ბევრისთვის – ბუნების ძალები, ზოგისთვის კი – ღმერთი. უფლის რწმენა კი ადამიანს ბევრ რამეს უადვილებს, იმედს აძლევს, სწორად ცხოვრებაში ეხმარება. თუმცა, ზოგჯერ მორწმუნეებიც მიდიან უფლის გმობამდე. რა არის ამის მიზეზი? ამ ყველაფერზე გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– წმიდა ბასილი დიდი ამ შეკითხვაზე პასუხობს: „უკეთურება არის მიზეზიც და შედეგიც ღმრთის განდგომილებისა“. ეშმაკმა უბრალო მონასავით გააყიდვინა ღმერთი იუდა ისკარიოტელს და შემდეგ საკუთარი თავი საბელით მოაშთობინა. როგორც მოციქულები გვასწავლიან, რწმენა საქმეების გარეშე – მკვდარია. ღმერთშემოსილი მამები ჩვენგან ითხოვენ რწმენას და, ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე – კეთილ საქმეს. ის ითხოვს ცოცხალ რწმენას, რომელიც განმტკიცდება ადამიანის საქმით და არა დაცემული ბუნების კეთილ საქმეს, რომელიც სარწმუნოებას ეწინააღმდეგება. ჩვენ ირგვლივ ძნელად თუ შეხვდები ადამიანს, რომელიც დაბეჯითებით უარყოფს ღმერთის არსებობას. ადამიანების ნაწილი ბოლომდე არც ღმერთის არსებობაშია დარწმუნებული. წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სარწმუნოებით ადამიანი ვერ გამართლდება. მისი სულის ცხონებაში ღვთაებრივი ნებაც მონაწილეობს და ადამიანურიც. ადამიანს უფლის წინაშე გამართლებისთვის სჭირდება მართალი რწმენა და კეთილი საქმე. „მოყვასის მსახურება მაშინაა კეთილი საქმე, თუ ის ღვთისმსახურების გაგრძელებაა“. „მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ჭეშმარიტი ღმერთი“.
– ბევრს არაფერი მოსწონს არც ერში, არც ეკლესიაში. მოვა ერთ ეკლესიაში, მერე მეორეში, ეს მღვდელი მაღალია, ეს დაბალი, ეს მსუქანია... იქ ასე გალობენ, აქ – ისე, მოკლედ, არავინ და არაფერი მოსწონთ...
– როცა უკმაყოფილი ხარ ყველაფრით და ყველასი: ცოლის, შვილის, მეზობლის, მეგობრის – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. ამას კი ხშირად იმით ნიღბავენ, რომ „მე ვარ ძალიან წმიდა, პატიოსანი, არ შემიძლია, ეს მოვითმინო”, – აღშფოთებულები, გაკვირვებულები არიან და გარშემო არაფერი მოსწონთ. არიან მუდმივად განკითხვაში. უკმაყოფილებას იმით ნიღბავ: იმდენად სულიერი ხარ, გარშემო აღარაფერი მოგწონს. ვითომ მართლმადიდებელი ხარ, მარხულობ, ეზიარები, მაგრამ სინამდვილეში, კარგი არაფერი გაგაჩნია. ხშირად ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებისგან მიიღოს დიდება – შეაქონ, ადიდონ. მის გულში აღმართულია კერპი, რომელსაც ჰქვია „მე“, ანუ ეგოიზმი. ყველა, ფაქტობრივად, ასეა. ეს კერპი, რომელიც ჩვენშია აღმართული, უნდა დაიმსხვრეს თავმდაბლობით, ლოცვით, მეტანიებით, სინანულითა და უფალთან ურთიერთობით.
– ბევრი ჩხუბით, ხშირად ბილწსიტყვაობითაც კი ცდილობს სარწმუნოების, მართლმადიდებლობის დაცვას.
– ეს კიდევ უფრო მეტად აბრკოლებს სხვებს. თან, მათი ნაწილი ხშირად ეკლესიურად ცხოვრობს, თითქმის ყველა ლოცვასა და წირვას ესწრება. ასეთ დროს კარგად უნდა გავარკვიოთ, პირადი პრობლემები ხომ არ აქვს სხვებთან ურთიერთობისას და მერე ამას ეკლესიას აბრალებს. ადამიანი ყოველთვის მოზომილად უნდა ლაპარაკობდეს. როცა რამეს დაინახავს, მაშინვე არ უნდა აღშფოთდეს და გაღიზიანდეს. უნდა დამშვიდდეს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ, როცა ადამიანი ჩუმადაა, ხედავს‚ როგორ იღუპება მისი ქვეყანა და ხმას არ იღებს და გაიძახის: მე ხომ კარგად ვარ, ჩემი მეუღლე ხომ კარგად არის, საჭმელი გვაქვსო. ამ დროს ხედავს გაჭირვებულ მეზობელს და ამბობს: ხელი გაატოკოს, იშოვოს, მე ხომ ყველაფერი შრომით მაქვს მოპოვებულიო. ანუ უმოქმედობის, ურწმუნობისა და იმის გამო, რომ მას არ უყვარდა მოყვასი, ის აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. აუტანელი მხურვალება და ტანჯვაა ჯოჯოხეთში. ისე არ წარმოიდგინოთ, რომ იქ გაზი ანთია ან კუპრი დუღს, უმადლობაა იქ, ღვთის მადლი არ არის, სიბნელე, მიტოვებულობაა და იქ არავინ ახსენებს უფლის სახელს. ნურავის ჰგონია, რომ ჯოჯოხეთში აღიარებს ღმერთს. სანამ ცოცხალი ხარ, დედამიწაზე, აქვე უნდა აღიარო მაცხოვარი. თუ ჯოჯოხეთში ვინმე აახელს თვალებს, რამდენიც არ უნდა იყვიროს ღმერთის სახელი, იქ უკვე აღარ არსებობს შველა, თუ შენი ახლობელი არ დადის ეკლესიაში, არ ლოცულობს, არ იხდის პანაშვიდებს, შეკვეთილ წირვებს და არ გასცემს მოწყალებას. დღეს მოძღვრისგან გამიგია ქადაგებაში, რომ ჯოჯოხეთშიც იქადაგება მაცხოვარი. ასე რომ იყოს, მაშინ ჯოჯოხეთი ცარიელი იქნებოდა, ყველა დასჯილი ადამიანი მოითხოვდა იქიდან გამოსვლას.
– რისთვის არსებობს ადამიანი, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, აზრი?
– ჩვენი სიცოცხლის მიზანია ის, რომ ანგელოზებთან ერთობისთვის განვამზადოთ თავი, შევეჩვიოთ წინასწარ ზეციურ ანგელოზებრივ მოვალეობებს, რომელთაგან მთავარია, ღმერთის დაუღალავი ქება-დიდება. ყოველმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა ადევნოს თვალი, თუ რამდენად წარმატებულად მიდის ჩვენი სამზადისი ამ მიმართულებით. თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა ყურადღებასაც არ აქცევს იმას, თუ როგორ წარიმართება ჩვენი სიცოცხლის დღენი. ბევრმა მიაღწია სიბერეს, მაგრამ ცხონებისთვის, ღმერთთან მარადიული ცხოვრებისთვის, ცოტა ვინმე თუ ირჯება. რაც შეიძლება, ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისთვის ვცხოვრობთ აქ, დედამიწაზე, შევესატყვისებით თუ არა ჩვენს ღვთაებრივ დანიშნულებას. ადამიანი ამქვეყნად ეძიებს ბედნიერებას და სიამეს, მაგრამ ვერ ჰპოვებს მყარ და მუდმივ ბედნიერებას. ამ ძიებაში კი აუმჯობესებს ცხოვრების ფორმებს, იძენს გამოცდილებას და იმ იმედით ცხოვრობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მაინც მოიპოვებს ბედნიერებას. კაცობრიობის ისტორიის თანახმად, ეს მხოლოდ ფუჭი იმედებია. როცა ადამიანები განვითარებისა და სრულყოფილების უმაღლეს ხარისხს აღწევდნენ, იმავდროულად, ადამიანის ბუნებაში არსებული ბოროტება თავის მხრივ ვითარდებოდა მისთვის ჩვეული ძალით. ქვეყნიერება არ იძლევა მყარ ბედნიერებას. ღმერთი მოითხოვს სულის ბატონობას ხორცის ვნებებზე, მოითხოვს სიწმიდეს, სიმართლეს, სიყვარულს. მოკლედ, იმას, რასაც ჩვენ სიკეთეს ვუწოდებთ. სწორედ ეს სიკეთეა ღვთის მცნება, მარადი საწყისი ღვთაებრივი სიცოცხლისა, ადამიანის ბედნიერების წყარო. თუ გვინდა, ბედნიერები ვიყოთ, უპირველეს ყოვლისა, კეთილმორწმუნენი უნდა გავხდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს, ანუ მომავალს. თუ ჩვენ ცხოვრებაში შევითვისებთ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, მაშინ თავიდან ავირიდებთ სიბრძნით გამოგონილ ყველა მახინჯ შეხედულებას. არ ვიტყვით ცდუნებულ ადამიანებთან ერთად, რომ სიცოცხლე ბრძოლაა არსებობისთვის. ეს ცრუ მოძღვრება ისეთ მხეცად აქცევს ადამიანებს, რომლებსაც სუსტებზე ძალადობა ახასიათებთ. ქრისტიანულ თვალსაზრისს სიცოცხლეზე ჩვენთვის ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე მოაქვს, როგორის მოცემაც არ ძალუძს ადამიანურ სიბრძნეს. ჭმუნვა, გაჭირვება, სიხარული, ბედნიერება ადამიანს უფლის ნებით ეგზავნება. მორწმუნე არ შფოთავს, უშფოთველად უყურებს ცხოვრებისეულ ყველა გასაჭირსა და უკუღმართობას; სწამს, რომ ღმერთი ყველაფერს კეთილ დასასრულამდე მიიყვანს.