№46 წერილები სულიერ შვილებს
ქალიშვილის მამას ფატალური მზითვის შესახებ
ღმერთმა ერთადერთი ქალიშვილი გიბოძა, შენ კი ეს განძი უგუნურად წაახდინე. გონებაში აზრი ჩაიდე, რომ უსაყვარლესი შვილის გაბედნიერებას მხოლოდ მდიდრული მზითვით შეძლებდი. შენი ქალიშვილი ყოველივე იმის გარეშე დატოვე, რასაც ადამიანისთვის იმქვეყნად სინამდვილეში მოაქვს ბედნიერება. არ ზრუნავდი არც მის აღზრდაზე, არც ქცევაზე, არც გულზე და არც სულზე. მხოლოდ ფულს აგროვებდი მზითვისთვის. ფიქრობდი, რომ ის, რაც უფრო მდიდრულია, ბედნიერება მით უფრო სარწმუნოა. გსურდა, შენი ქალიშვილი რაც შეიძლება მდიდარი ყოფილიყო, რათა სიძეც მდიდარი შეგეძინა. უგუნურ ზრახვას უმართებულო საქმეც დაურთე. როდესაც შენი კომპანიონი გარდაიცვალა, დოკუმენტები გააყალბე, მისი წილიც მიითვისე და იმის ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ დატოვე. ბანკში მზითვის ფული შეავსე, სული კი ცოდვით აივსე, ესე იგი შენთვის უძვირფასესი ადამიანის ბედნიერებას, ვისთვისაც ცოცხლობდი და იღვწოდი, უგუნურებასა და სიცრუეზე აგებდი. გასაკვირიც არ არის, რომ შენობა, რომელიც ამგვარ საყრდენზეა აგებული, დაინგრა და შენ და შენს ქალიშვილს თავზე ჩამოგექცათ. შენ, ალბათ, დაგავიწყდა (თუკი იცოდი ოდესმე), რომ ზეცა უგუნურთ და ცოდვილთ სასტიკად სჯის.
ქალიშვილის ხელის მთხოვნელები, რომელთაც ფული იზიდავდა, თქვენს სახლს ფუტკრებივით შემოესივნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც შენი თანამზრახველი იყო, სხვებს აჯობა და შენი ქალიშვილის სხეულთან იქორწინა, ხოლო გულით – შენს ფულთან. ერთი წელიც არ გასულიყო, როდესაც ერთ ღამეს შენმა ქალიშვილმა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ სასურველი საპატარძლო იყო მშობლიური სახლის კარს გასისხლიანებულმა, შერცხვენილმა და ნაცემმა მიუკაკუნა. მთვრალმა ქმარმა ორსული ცოლი სახლიდან გააგდო, დილით კი შენი ფული გაიტაცა და გაიქცა. ახლა შენ შვილიშვილს აკვანს ურწევ, შვილს სასთუმალთან უზიხარ, რომელსაც ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და ექიმებმა სამკურნალოდ ალპებში წაყვანა გირჩიეს. სიძეს წყევლი და გვეკითხები ამქვეყნად ღმერთის სამართალი არსებობს თუ არა?
ღმერთის სამართალი როგორ არ არსებობს? ვისაც ეს აქამდე არ სწამდა, ახლა მაინც უნდა იწამოს. ქალიშვილის გაბედნიერებას მდიდრული მზითვით იზრახვდი, მაგრამ სწორედ მზითვით გააუბედურე. შენ სხვისი ობლები ულუკმაპუროდ დატოვე, რათა შენი ქალიშვილი შამპანურით უზრუნველგეყო, მაგრამ საკუთარი თავიც, ქალიშვილიც და შვილიშვილიც შიმშილობამდე მიიყვანე. მდიდრული მზითვით უბედურება ოთხი ადამიანისთვის შეიძინე: თქვენ სამისა და სიძისთვის, რადგან მისი სულიც ამ მზითევმა წარწყმიდა. უშრომელად ნაშოვნი ფულით ის მალე მოიპოვებს წარმატებას ავაზაკთა საზოგადოებაში, რომელთა ძვლებით გზებია მოფენილი.
საღმრთო სამართალმა იმძლავრა. შენი დრტვინვა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ გონება სიცრუით გაქვს დაბინდული. აჰა, შენი შვილიშვილის ძიძა შეიქენი, მუდმივად საგონებელში ხარ ჩავარდნილი, სახლიდან რა გაიტანო გასაყიდად, რომ ის გამოკვებო და შვილს წამალი უყიდო. ყველაფერს იაფად ყიდი, ოღონდ ერთი დღით კიდევ გახანგრძლივდეს თქვენი სიცოცხლე, ყოველ ახალ დღეს, როგორც მშიერ მარადისობას, შიშით მოელი. ბავშვის ტირილსა და დედის ხველებაში ბედის მათრახის ხმა ისმის, რომელიც შენს ზურგს ეძებს.
შენ რომ თავმდაბალი ყოფილიყავი და შვილისთვისაც თავმდაბლობა გესწავლებინა! შენი საყვარელი შვილი რომელიმე თავმდაბალი ადამიანის სახლში ახლა შვილს სიმღერებს თავად უმღერებდა, მაგრამ თავმდაბლობა და სხვა სახარებისეული სათნოებები ძველ, უკვე დიდი ხნის დავიწყებულ სიმღერებად გეჩვენებოდა. არ იცოდი, რომ სათნოებები არის მიუდგომელი კლდე, რომელზეც ადამიანთა ბედნიერება შენდება ან იმსხვრევა.
მაგრამ შენ უძლური ადამიანი ხარ და შეცდომა დაუშვი. ჰოდა, ახლა უბედურებაში ჩავარდნილი მაინც გამოსწორდი. ღმერთს შეევედრე, რადგან პასუხს მის წინაშე აგებ, და არა სიძის წინაშე. ღმერთი შენს უსამართლობაში სიმართლით გამოჩნდა. ან თავისი სახიერება შენს ცრემლებში აჩვენა. მას მონანულნი უყვარს და მლოცველთ უსმენს. საკუთარი თავის გარდა ნურავის განიკითხავ. ვინც მიწიერი მსაჯულის წინაშე შეინანებს, შეწყალებას იღებს, ხოლო მარადიული მსაჯული მონანულთ შეწყალების გარდა ჯილდოსაც აძლევს: სიცოცხლეს, სინათლესა და სიხარულს. ამიტომ, ნუ შეგეშინდება, შენი შემოქმედი შენ გვერდით არის. ის ელის, როდის შეიგრძნობ ამ სიახლოვეს. ხოლო მისი სიახლოვის შეგრძნება სასოწარკვეთილების ყინულს შენს გულში მსწრაფლ დაანდობს.