კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ უჭირს ღალატის პატიება ძლიერ ქალს და რა რისკზე არ მიდის ის

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ძლიერი ქალისთვის, რომელსაც ხასიათის მკვეთრად გამოხატული თვისებები აქვს, ღირებულებები სხვანაირია, ანუ, მათ სხვა ცხოვრებისეული ფასეულობები გააჩნიათ. ყოველდღიურობის გამოწვევებზეც ინდივიდუალური რეაქცია აქვთ. თუ ქალების უმრავლესობა, ღალატს ტრაგედიად აღიქვამს და მერე მაინც აპატიებს მეუღლეს ორგულობას, ძლიერი ქალი ასე არ იქცევა. შესაძლოა, მას არც კი ჰქონდეს მკვეთრი რეაქცია ღალატზე, მაგრამ არასდროს დაავიწყდეს ის და არც აპატიოს.


თეონა (35 წლის):
ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ძლიერი ქალი ხარო, გამეცინებოდა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. მიტირია კიდეც, როცა რამეზე გული უტკენიათ და მინდა გითხრათ, ჩემთვის გულის ტკენა არც ისეთი რთული იყო.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ძლიერ ქალად არ იბადებიან?
– ვფიქრობ, რომ არა. გარემო გაყალიბებს შემდეგ სუსტად, ან ძლიერად. თუმცა, ეს შენზეცაა დამოკიდებული, თანაც დიდწილად. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ მომიწევდა საუბარი. ხშირად კი მესმოდა ჩემ გარშემო, როგორ წუწუნებდნენ ქალები ქმრებზე, როგორ უჩიოდნენ მათი მხრიდან უპატივცემულობას, უხეშობას, უყურადღებობას. მაშინ გათხოვილი არ ვიყავი და „ლაითად“ ვუყურებდი ამ ყველაფერს.
– გიფიქრიათ იმაზე, აპატიებდით თუ არა ღალატს?
– სხვათა შორის, ძალიან ბევრიც არ მიფიქრია. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მართლა ვერ ვნახე ქალი ჩემ სიახლოვეს, ვინც თავისი ქმრით კმაყოფილია. ბევრს უტირია კიდეც ჩემთან გულგახეთქილს.
– მიზეზი ღალატი იყო?
– ძირითად შემთხვევაში – კი. უცნაური ამბავია, მაგრამ ეს ქალები ხომ კვდებოდნენ ნერვიულობითა და ცრემლების ფრქვევით, მერე მაინც აპატიებდნენ მოღალატე ქმრებს და თითქოს არაფერი მომხდარაო, ისე შესციცინებდნენ. მე ეს ძალიან მაღიზიანებდა. მიმაჩნდა, რომ ასეთ ქალებს თავმოყვარეობა არა აქვთ. ჰოდა, კაციც რომ შეგამჩნევს ამას, მერე რაღას უნდა ელოდო მისგან? მოკლედ, როცა გავთხოვდი, უკვე იმ აზრზე ვიყავი, რომ კაცს ბევრი არ უნდა გააბედინო – არც თავი დაუხარო და არც არაფერი აპატიო.
– სიყვარული?
– თქვენ ფიქრობთ, რომ ქალის სიძლიერე მისი მხრიდან სიყვარულს გამორიცხავს? მე ასე არ მიმაჩნია. იძულებული ვარ, ძლიერი ქალი ვიყო, სხვანაირად გამიჭირდება, მოვინელო ის გულის ტკენა, რომელიც ჩემი ქმრის მხრიდან მაქვს. არ ვამბობ, რომ ვიღაცაზე ცუდი ქმარი მყავს. არანაირად – ჩვეულებრივი, სტანდარტული „ქართველი ქმარია“.
– „ქართველი ქმარი“ რას ნიშნავს?
– მოღალატე ქმარს. შეიძლება, უტრირებას ვუკეთებ, მაგრამ ქართველ კაცებს ხომ  ქორწინების მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ, პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ და იძულებული ხდები, ძლიერ ქალად ჩამოყალიბდე. ოღონდ არ იფიქროთ, ქალური სიძლიერე იმაში გეხმარებოდეს, რომ ქმარი აღარ გიღალატებს. ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა.
– ღალატი არ ყოფილა მოულოდნელი?
– არა. ქალის სიძლიერე სწორედ იმაშია, მომზადებული შეხვდეს გარდაუვალ ფაქტებს. ამას აქვს „პლუსები“. ბოლოს ჩემი უახლოესი დაქალი ბღაოდა ჩემთან სამზარეულოში მთელ ხმაზე. მე კი ჭიქაში „გულის წვეთებს“ ვუსხამდი. არადა, რომ გეკითხა, იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. ქმარს ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავსო, – აი, ამას ჰქვია სულელი ქალი. მე საკუთარ თავსაც არ ვენდობი ბოლომდე. კაცის ნდობა შეიძლება?!
– ძლიერ ქალებს ქმრები არ ღალატობენ?
– როგორ არ ღალატობენ. ეგ არ არის პრევენცია. ძლიერი იმიტომ კი არ უნდა იყო, რომ არ გიღალატონ – რომ გიღალატებენ, დეპრესიას გადაურჩები ამით.
– ძლიერი ქალი აპატიებს ქმარს ღალატს?
– თუ ჩემ მაგალითზე ვიტყვი, კი – აპატიებს.  თუმცა, ესეც ინდივიდუალურია და ქალის ხასიათიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ერთ შანსს ყველა იმსახურებს, მათ შორის, ქმარიც. ზოგჯერ კაცები ბოლომდე შტერდებიან, მერე კი ნანობენ. მე ჩემი სიძლიერე იმაში მეხმარება, რომ რეალობას საღად აღვიქვამ, ნატურალურ ფერებში და იმედგაცრუებაც ნაკლები მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა, მეპატიებინა ქმრისთვის ღალატი. იმიტომ არა, რომ სულის შეძვრამდე შეურაცხყოფილი ვიყავი და ეს საშინელი გრძნობაა. უბრალოდ, შინაგანი პროტესტი მქონდა. საკუთარ თავს „ვეჭიდავებოდი“, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი. ღალატის შემდეგ არ მიმიტოვებია, მაგრამ შეცდომა არ მიპატიებია. არც ვაპატიებ.
– ანუ? ეგ რას ნიშნავს?
– ჩემი ქმარიც ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა –  ეგ როგორო. სანახევროდ მაპატიე, თუ საერთოდ არაო. გაშტერებული მიყურებდა. საგონებელში ჩავარდა და დღემდე ეჭვით მიყურებს. სულ დაძაბულია და ეს ძალიან კარგია.
– რით არის კარგი, დაძაბული რომ არის?!
– იმით, რომ მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. ბევრს იფიქრებს, სანამ მსგავს ნაბიჯს გადადგამს. ასე, მარტივად აღარ ჩაიგორებს ვიღაცა უცხო ქალს ლოგინში. მე ვუთხარი, რომ არ ვგავარ სხვა ქალებს: არც ვიტირებ, არც სახეს ჩამოვიკაწრავ და არც დეპრესიაში ჩავვარდები. ამას ვერ ნახავს. კიდევ ერთხელ გამოვიჭერ ღალატში და საერთოდ წავა ჩემი ცხოვრებიდან. მე უკვე მზად ვარ ამისთვის და გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩემი ქმარიც ინფორმირებულია, რომ ჩვეულებრივი, სტანდარტული ცოლი არ ჰყავს. კი, აპატიეს ღალატი, მაგრამ ღირსების დაკარგვის ხარჯზე არ მომხდარა ეს. პირიქით, მე ამ შემთხვევაში, მასზე გავიმარჯვე. ჩემი ქმარი სულელი არ არის და ხვდება, რატომაც  აპატიეს, რა იყო ის პირობა, რაც უთქმელად „ჩაიდო“ ამ პატიებაში. კაცმა უნდა იგრძნოს, რომ არ ხარ ხელწამოსაკრავი ქალი. თუმცა, ჩემი სიძლიერე მე უფრო მჭირდება, თანაც ძალიან. ძლიერი რომ არ ვყოფილიყავი, ქმრის ღალატი წელში გამტეხდა და შესაცოდი ვიქნებოდი. მე კი საშინლად არ მომწონს, როცა ვიღაცას ველოდები. საზიზღარი განცდაა. ყველა ქალს მინდა, ვუთხრა, იყოს ძლიერი. სიძლიერე იმ ტკივილების გადატანის საშუალებას მოგცემს, რაც გარდაუვლად გხვდება ცხოვრების გზაზე. საყვარელი ადამიანების მხრიდან ღალატისგანაც არ ხარ დაცული.
скачать dle 11.3