№46 რა დანიშნულება აქვს ზოგიერთ საოჯახო ნივთს შავი მაგიის რიტუალებში
მაკრატელი და ნემსი – აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები ყველა ოჯახისთვის, თითქმის ყოველდღიურად რომ ვიყენებთ და განსაკუთრებული ამაში არაფერია. თუმცა, ეს, ერთი შეხედვით, რადგან მჭრელ და მჩხვლეტავ ნივთებს, უძველესი დროიდანვე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ჩვენი წინაპრები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გამოყენება დაჭრისა და მკვლელობის იარაღადაც შეიძლება; არამედ, იმის გამო, რომ მაკრატელიც და ნემსიც, მთავარი კომპონენტებია შავი მაგიის რიტუალებში. ორივე ნივთს, ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობა აქვს ხალხური გადმოცემებისა და ცრურწმენების მიხედვით – ყველაზე არასასიამოვნოსა და ცუდის მომასწავებელიცაა და ბედნიერებისა და სიკეთისაც. თუ რომელი როდისაა მოსალოდნელი და რატომ, ამას ქალბატონი ქეთევანი განგვიმარტავს – ცნობილი პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი.
– მაკრატელსაც და ნემსსაც მართლაც ძალიან ხშირად ვიყენებთ და ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება, რა იდუმალებაა მათში...
– მაკრატლის დახმარებით ჯადოქრები და მაგები სხვადასხვა სიმბოლურ ნიშანსა და ადამიანის გამოსახულებებს ჭრიან, რომელზეც შემდეგ ჯადო კეთდება. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ მაკრატელს ოჯახში: ეცადეთ, შემთხვევით, ძირს არ დაგივარდეთ და მით უმეტეს, გამიზნულად არ გადააგდოთ; არ მიაწოდოთ ვინმეს მჭრელი პირით და არც ახლობელსა თუ მეგობარს აჩუქოთ. მაკრატელი – ურთიერთსაწინააღმდეგო დანიშნულების ნივთია. ერთი მხრივ – აუცილებელი, მეორე მხრივ კი – სახიფათო იარაღიც. შესაბამისად, ეზოთერული შეფასებაც, არაერთმნიშვნელოვანია. მისი წყვილი პირი, თუ შეერთების ნიშანია, იმავდროულად, სრული რღვევის სიმბოლოცაა. მაკრატლის წყვილ პირს შეუძლია: „ჩამოჭრას” თქვენი ცხოვრებიდან უსიამოვნო ხალხი; მიზნამდე მისასვლელ გზას დაბრკოლებები „მოაჭრას”; თავი და ბოლო კი ისე გადააბას ერთმანეთს, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. განსხვავებულია მაკრატლის მინიშნებები მისი პოზიციის მიხედვით: საწყის მდგომარეობაშია ანუ პირდახურული თუ – გაშლილი. პირშეკრული პოზიცია დახურული ინფორმაციის, ფარული ზრახვებისა თუ ქმედების სიმბოლოა. მაგრამ, იცით, რას ნიშნავს მჭრელი პირების გაშლა? სახლი რომ კუდიანებისა თუ ჯადოქრებისგან დაიცვათ, საკმარისია, პარმაღის ქვეშ გაშლილი მაკრატელი ამოდოთ, რომლის ორივე ნახევარი ჯვარს ქმნის. ასეთ წინააღმდეგობას ვერცერთი ბნელი ძალა ვერ გადალახავს და არაკეთილმოსურნე მომსვლელიც, კარს იქით, ანუ სახლს გარეთ, დატოვებს ბოროტებას. საქორწინო ცერემონიალის დროს, სიძის ზურგსუკან გაშლილი მაკრატლის სხვადასხვა მხარეს მიმართულ პირებს, შეუძლია, ნეგატიურად იმოქმედოს ქმრის მოვალეობის შესრულებაზე. განსაკუთრებით ძლიერმოქმედია, თუ მაკრატელი არათუ გაშალეს, არამედ რამდენჯერმე ენერგიულადაც უჩხვლიტეს კიდეც სიძეს. ზოგი სიზმარში ხედავს გალესილ მაკრატელს. ეს ქვეცნობიერის გაფრთხილებაა, რომ გვერდით მდგომი გულწრფელი არ არის თქვენ მიმართ და ხაფანგს გიგებთ. ამიტომ, დაიცავით დისტანცია და ნუ ენდობით თვით, ძალიან კარგ ნაცნობებსაც კი. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. თუ იცით, რა გველოდება, მაკრატლის პოვნისას?
– რა თქმა უნდა, არა.
– თუ ვინმეს მაკრატელი დარჩა და თქვენ იპოვეთ, დაფიქრდით, გადახედეთ თქვენს საქციელს, ჩვევებს, ნაცნობ-მეგობრებს. მინიშნება გაფრთხილებთ, რომ მათგან ვიღაც-ვიღაცები უკვე ტვირთად გაწევთ და დროა, გადაჭრათ ამ მოსაბეზრებელ ადამიანებთან დამაკავშირებელი ძაფები. ეს ეხება როგორც მეგობრულ, სასიყვარულო თუ ცოლქმრულ ურთიერთობებს, ასევე საქმიან პარტნიორებსაც. მაგრამ, თუ გატეხილი მაკრატელი შეგრჩათ ხელში, ეს კარგის ნიშანია მაშინ, თუ უშუალოდ, კონფლიქტში ხართ ჩაბმული – ბედისწერა თქვენკენ გადმოიხრება: ურთიერთობებსაც მოაგვარებთ და უკეთეს პოზიციაზეც გადაინაცვლებთ. მაგრამ, სხვა სიატუაციაში, გატეხილი მაკრატელი ნიშნავს, ყოველი მცდელობა იმისა, რომ მდგომარეობა გამოასწოროთ, ფუჭია და უმჯობესია, ამისთვის დრო აღარ დაკარგოთ. ახალი მაკრატლის პოვნა კი მარტოხელას უნდა უხაროდეს: ამით მას არა მხოლოდ ბედი გაეხსნა, მალე ქორწილსაც გადაიხდის. ცოლ-ქმისთვის კი, იგივე სიტუაცია ოჯახში მატების მაუწყებელია: მემკვიდრე დაიბადება ან უკვე ზრდასრული შთამომავალი იქორწინებს. დაბოლოს, იპოვეთ მაკრატელი, მაგრამ ბლაგვი აღმოჩნდა. არაფერია თუ მისი ბლაგვი პირით ვერაფერს გაჭრით, სამაგიეროდ, ცხოვრების „ალესილი პირები” ვერაფერს დაგაკლებთ და ოჯახშიც ისე დაალაგებთ სიტუაციას, ვერავინ ვერასდროს მიგიმწყვდევთ კუთხეში.
– მაკრატელი გასაგებია, მაგრამ პაწაწინა ნემსმა რა უნდა დაგვაკლოს?
– პაწაწინაა, მაგრამ, სწორედ მას რომ არ „მიეკერებინა ჩვენთვის ტანზე სამოსი”, დღესაც ლეღვისფოთოლაფარებული ვივლიდით, ადამი და ევასავით. თანაც, მაკრატლის არ იყოს, ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობა აქვს და ხომ წვრილი და პატარაა საკერავი ნემსი, დიდი ბოროტების ჩადენა შეუძლია. თუმცა, არ შეშინდეთ, არც ისეა საქმე, საერთოდ არ გააჭაჭანოთ სახლში. თუ იცით, სად და როგორ ჩაარჭოთ ხსენებული ნემსი, მაშინვე თქვენს დამცავ ფარად გადაიქცევა. ამიტომაც ფრიად აფასებდნენ და უფრთხილდებოდნენ მას ჩვენი წინაპრები. ახლა გასწავლით რამდენიმე ხერხს, სწორედ მათი გამოცდილებიდან, თუ როგორ დაგიცავთ ნემსი ბოროტი ძალებისგან: კარგია თუ პიჯაკს ბორტსქვემოთ, შიდა მხრიდან, ნემსს გაუყრით და ზედ წითელ ძაფს შემოახვევთ; ნემსი ისე პატარაა, ყველა ვერც შეამჩნევს, ამიტომ იმ ცნობისმოყვარეთა თვალისგან დასაცავად, ფანჯარაში ჭვრიტინი რომ უყვართ, ნემსს ფარდაზე აბნევდნენ; სახლში რომ ბოროტება არ დარჩენილიყო, კედელში ნემსს არჭობდნენ ხოლმე, მაგრამ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, უნებურად ვინმე რომ არ დაშავდეს, უმჯობესია, ის იატაქვეშ ჩაარჭოთ წვერით ქვემოთ; ასევე, შეიძლება, წვერით ჩაარჭოთ ნემსი შესასვლელი კარის შიდა მხარეს, რომ შემომსვლელმა ცუდი ზრახვები ზღურბლზე დატოვოს. ადრე ნემსს ახალშობილის ქვეშაგებქვეშაც არჭობდნენ, ავი თვალისგან რომ დაეცვათ; მალავდნენ ცხენის ნალქვეშ და აწნავდნენ ძროხის კუდში, რომ პირუტყვი არ მოეპარათ. ნემსი მდედრობითი სქესის სიმბოლოა და ამიტომ, მისი ჩუქება შეიძლებოდა მხოლოდ გოგონასთვის, ისიც ძაფით ყუნწში. როგორც წესი, საჩუქარი ხელგარჯილობის ნაკრები იყო – სათითითა და ძაფებით, ლამაზ შეფუთვაში. ასევე, ნათქვამია: გოგონამ კერვისას თუ თითები დაიჩხვლიტა, თან ძაფიც უწყდება და ებურდება, ესე იგი, საშინელი ხასიათი აქვს მას, ვისთვისაც ნივთი იკერება. თვით ხელმარჯვე გოგონა კი, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თუ კერვისას ნემსი გატყდა, საჩუქარს ელოდეთ. თუ ნემსს ვინმე გთხოვთ, შეგიძლიათ, გაატანოთ, ოღონდ ძაფაგებული. ქორწილის წინ, სიძე-პატარძლის მშობლებმა ხელში ნემსი არ უნდა აიღონ. ქორწილის დროს ნემსს იატაკში არჭობენ. პატარძალს კი, ავი თვალისგან დასაცავად, კაბის კალთაზე, შიდა მხრიდან, რაც შეიძლება, ბევრ ინგლისურ ქინძისთავს უმაგრებენ, ოღონდ კენტი რაოდენობით. ქორწილის შემდეგ კი, ყველა გადაითვლება და თუ რომელიმე აკლია, – ცუდის ნიშანია; ხოლო, თუ პატარძალს ეჩხვლიტა კიდეც, მთლად უარესი – მშვიდობა არ ეღირსება ამ ოჯახს. ამიტომ, უმჯობესია, საერთოდ დაანებოთ თავი ამ მეთოდს, რადგან პატარძალს მთელი ყურადღება მისკენ ექნება მიმართული და ინერვიულებს. თუ მაინცდამაინც არ ისვენებთ და გინდათ, ამით ააცილოთ პატარძალს ავი თვალი, მისგან ფარულად გააკეთეთ ყველაფერი.