№46 რატომ მალავდა თავის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანს ნოდარ დუმბაძის ცოლი და როგორ „დააჭერინა“ პოეტმა მიხეილ ჯავახიშვილი
„შენ ნუ გგონია, რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ, უზენაესს რამეს შევუთქვამ, – მე მიჭირს შენთან გაშორება, თორემ სიკვდილი? სიკვდილი რაა – სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან“.
„...დავდგები ცერზე, როგორც ავაზა, ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს, მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი…“ „...მათქმევინე: ქვეყნად სიცოცხლე ღირდა, მერე წამოვალ, წამოვალ, საცა გინდა“… – ასე გადმოსცა ჯანსუღ ჩარკვიანმა გარდაცვალების წინაპირობა თავის ლექსებში და ასე ლამაზად მიებარა მშობლიურ მიწას 2017 წლის ნომბრის სუსხიან დღეს. წავიდა მარადისობას თავის მარადიულ მეგობრებთან, სადაც ნოდარ დუმბაძე, სერგი ჭილაია, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე და ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწეა. ჩვენ კი, მისი თაობისგან, რომელმაც (საბჭოთა სისტემის პირობებში) უმეტესად ტკივილიანი, მაგრამ საოცრად შინაარსიანი ცხოვრების გზა განვლო, წიგნებად დაგვრჩა ბრწყინვალე შემოქმედება, ხელნაწერები, მოგონებები.
„მახსოვს, ეგრეთ წოდებული შეხვედრები, ყვავილებს მიფენდნენ მისასვლელ გზებზე. მე მიხაროდა, მაგრამ მწყინდა კიდეც და რა მწყინდა, მაშინ არ ვიცოდი. დღეს, იგივე მისასვლელებთან, ხშირ შემთხვევაში იგივე ადამიანები, ზიზღით მიმზერენ და მწყევლიან. მე მწყინს, მაგრამ თან მიხარია და რა მიხარია, არ ვიცი. ერთში კი დარწმუნებული ვარ, არც მაშინ იყვნენ სწორნი და არც დღეს არიან მართალნი... მანუგეშებს ის, რომ მუდმივი არაფერია ამ წუთისოფელში... მიუხედავად ყველაფრისა, იმ დასკვნამდე მაინც მივდივარ, რომ პოეტის წიგნი არ უნდა დაწვა... „ვეფხისტყაოსანი“ არ უნდა დაწვა.“ – ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ეტკინა, ეს იყო 1991 წელი, ვერის ბაღში „კარვის ქალებმა“ მისი წიგნები დაწვეს. არ შეიძლება, საქართველოს წიგნის დამწველი ჰყავდეს და ის ერი წიგნიერი იყოსო, –
ამბობდა პოეტი. მაშინ მეგობარმა ცოტათი დაამშვიდა: არა უშავს, ჯანსუღ, იქ „ვეფხისტყაოსანიც“ დაწვესო. იმ დროს იყო „თბილისის ომი“, ერთ-ერთი საშიში პერიოდი მის ცხოვრებაში. ჯანსუღ ჩარკვიანი როგორც პოეტი და როგორც პიროვნება, მაშინ ბევრისათვის მიუღებელი იყო და დადგა ისეთი წუთები, როდესაც სახლიდან უნდა გახიზნულიყო და სადღაც დამალულიყო. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ნოდარ დუმბაძის სახლი იყო. თუმცა, მოდი, ერთად წავიკითხოთ ჯანსუღ ჩარკვიანის დღიური, სადაც თავად მოგითხრობთ თავის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს.
სადამდეც იცოდა თვლა, იქამდე ვაძლიე ბინები
„ერთ მეგობარზე გულდაწყვეტილმა ბატონ ირაკლი აბაშიძეს გულისნადები გავუმხილე: თანგადაყოლილი ვარ კაცზე და მისი გული მაინც ვერ გავაძღე-მეთქი. რას ამბობ, კაცო, მართლა ვერ გააძღეო? – მითხრა და მშვიდად გააგრძელა: წუთით არ იდარდო, შე ოხერო, ასეა, წუთისოფელი სავსეა უმადური კაცებითო... ერთი ამხანაგი მყავდა, მართლა გადაყოლილი ვიყავი, სანამდეც თვლა იცოდა, იქამდე ვაძლიე ბინები. ოთხამდე იცოდა თვლა და ოთხი ბინა მქონდა მიცემული. სამჯერ სამსახურში მოვაწყვე, ახლა შვილები? შვილებს ნუღარ იტყვი, არც იმათთვის დამიკლია ზრუნვა. ბოლოს, გამიდგა და კბენა დამიწყო. ვეხვეწე: ე, ბიჭო, ნუ მკბენ თვარა, ის ადგილი მტკივა, შენ რომ საერთოდ არ გაქვს-თქვა... თავისი მაინც არ მოიშალა... ერთ მშვენიერ დღეს, ელგუჯა მაღრაძემ ერთი ფილოსოფოსის ნათქვამი შემახსენა: „ნეტა ისეთი რა სიკეთე გავუკეთე, ასე მტრად რომ გადამეკიდაო? ჯანსუღია-შავო, გაიხსენე ყოველთვის, რა სიკეთეც გაგიკეთებია და უმალ მიხვდები, რატომ გადაგემტერნენ“.
„მარცხნიდან მარჯვნივ“ თუ „თვალი პატიოსანი“
მე ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ვიყავი... „ცისკარში“ თავმოყრილი მწერლები, რომლებიც „ცისკრის“ დამაარსებლები და მისი ჭირისუფლები იყვნენ, ყველა ჩემი მეგობარი თანარედაქტორი გახლდათ... გურამ ფანჯიკიძემ მომიტანა რომანი „მარცხნივ და მარჯვნივ“. რომანი წავიკითხე და მართალი გითხრათ, სათაურმა უფრო შემაშინა, ვიდრე შინაარსმა. ფიქრის შემდეგ, ვთხოვე, სათაური გამოეცვალა და დაერქმია: „თვალი პატიოსანი“. ამ სათაურში მე პატიოსან თვალსაც ვგულისმობდი, რომელიც ყოველივე ნეგატიურს ამჩნევს და სააშაკარაოზე გამოაქვს, რომ პატიოსნება იმარჯვებს უწესობაზე... თორემ „მარცხნივ და მარჯვნივ“ გულისხმობდა, რომ საშველი აღარაა და ქვეყანა იღუპება. ამ რომანში მართლაც დაღუპვის პირასაა ქვეყანა მისული. ბევრს არ მოეწონებოდა ის უზნეობა, რომელსაც თურმე ადგილი ჰქონია ჩვენს ცხოვრებაში. წუთითაც არ მიფიქრია რომანის არდაბეჭდვა. პირიქით, სასწრაფოდ გადავწყვიტე, ახალი წლიდან, პირველ და მეორე ნომერში მკითხველისთვის მიმეწოდებინდა „ბომბი“... შევთანხმდით, ამ „ბომბს“ დაერქმეოდა „თვალი პატიოსანი“, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, თვალებს აუხვევდა „ცეკას“... რომ გითხრათ, არ მეშინოდა-თქვა, ტყუილი იქნება. ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამ რომანის დაბეჭდვას... წავედი ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან. ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მე მისი იმედი მქონდა ყოველთვის – ხელს უწყობდა შემოქმედ ახალგაზრდობას... მოკლედ, მივედი ბატონ ედუარდთან და გავანდე ჩემი გადაწყვეტილება. ისიც ვუთხარი, ვიცი, ამ რომანს რაც მოჰყვება და შენს მხარდაჭერას ვთხოულობ-მეთქი. „ვერ გავიგე რას თხოულობ, დაჭერას თუ მხარდაჭერასო“, – მითხრა და გულიანად გადაიხარხარა. მერე მთხოვა, რომანი წამაკითხეო. მე რომანი მივუტანე, სამი დღის შემდეგ დამიძახა და მითხრა: წავიკითხე, მართლა სარისკოა მაგის დაბეჭდვა, მაგრამ ნუ გეშინიათ, რისკის გარეშე რედაქტორი არ არსებობსო. მერე მკითხა: როდის ბეჭდავო. მე ვუპასუხე: როგორც წესი, პირველ და მეორე ნომრებში-მეთქი... მოდი, ეგ წესი დაარღვიე და პირველი ნაწილი მეთორმეტე ნომერში დაბეჭდე. ამ დროისთვის ხალხი ახალი წლის შესახვედრად ქეიფს იწყებს, თქვენი თავი არ ექნებათ და რომანის პირველ ნაწილს გააპარებთ. შემდეგ იწყება
ახალი წელი, უკვე ხალხი, ამდენი ქეიფის შემდეგ „პახმელიაზე“ გამოდის და თქვენი თავი არც ახლა ექნება და მეორე ნაწილსაც გააპარებთო... ასეც მოვიქეცით, მეთორმეტესა და პირველში დავბეჭდეთ „თვალი პატიოსანი“. ვინც სვამდა იმათ კი გადავურჩით, მაგრამ „ფხიზელ“ კრიტიკოსებს, ვერა! მარტში კომპარტიის ყრილობა იყო. იმ ყრილობაზე მე და ფანჯიკიძე კედელთან მიგვაყუდეს. აქაც თავისი სიტყვა თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ: რას ერჩით, ზნეკეთილი ახალგაზრდობა უზნეობას ებრძვისო... მე ყველაფერი მახსოვს, ვისაც არ უნდა, თავის გვარსაც „ვერ გაიხსენებს“.
შიზოიდური აკვიატების ნიმუში
ამ ბოლო დროს, რატომღაც მწერალთა კავშირში მიგზავნიან ანონიმურ წერილებს, არადა, მე იქ აგერ უკვე ოთხი წელია, აღარ ვმუშაობ (ანონიმს ეს არ აინტერესებს). მწერალთა კავშირიდან ჩემს მისამართზე აგზავნიან და მეც, რაღა თქმა უნდა, ვკითხულობ ან ნაირნაირ სისულელეს... გ. სიდამონიძის გვარით მწერს ერთი ქ. წამებულის ქუჩიდან... გ. სიდამონიძე გასაგებია, მაგრამ ეს ქ. წამებული ვინღაა? იქნებ, ქეთევანს გულისხმობს და სახელი დაავიწყდა? კაცი, რომელიც კონვერტს მისამართად მიაწერს ქ. წამებულს, გინდა გავულანძღივარ და გინდ არა... წერილი რატომღაც გალექსილია, ალბათ შ. რუსთაველისა და დ. აღმაშენებლის ხათრით. მაინც რა ერთ თარგზე არიან მოჭრილნი, რა ერთნაირად გონებასუსტნი არიან; „წავიკითხე გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ თქვენი ლექსები. ნუთუ უკეთესად არ შეგიძლიათ წერა და რატომ წერთ, თანაც რა სურათი მიგიციათ – ნამდვილი ბანდიტის სახე. თვალების გამოხედვას დაუკვირდით, გეგონება, ათი კაცი მოგიკლავს და კიდევ აპირებთ ამდენსავე მოკვლას. ზვიადს რომ ებრძოდით გონიერი არ არის“... ყოვლად გაუნათლებელი კაცის ამ წერილში ჩემთვის ყველაფერი გაუგებარია, გარდა ერთისა, გასაგებია, რომ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ მე გამოვაქვეყნე ცუდი ლექსები“... წერილები ზედიზედ მომდის, კიკნაველიძის სახელით მწერენ: „ბატონო ჯანსუღა, თქვენი დაჭერილია მიხეილ ჯავახიშვილი და ახლა ბატონ კონსტანტინეს აბრალებთო? თავისუფლად არჩეული საქართველოს პარლამენტი არ დაუშვებს თქვენს დამწერლობას“ (სტილი დაცულია). როგორ მოგწონთ, ბატონებო, ის ამბავი, რომ ხუთი წლის „ჯანსუღამ“, ბატონი მიხეილი დაიჭირა? სტეფანე ურჯუმელაშვილის გვარ-სახელს შეფარებული ანონიმი წინა ანონიმთან შედარებით, უფრო „განათლებული“ ჩანს, ოღონდ ზომაზე მეტად აჩქარებული და საშინლად დაბოღმილი... აი, რას მწერს: „განუსაზღვრელია თქვენი ღვაწლი ლენინის უკვდავი იდეების აღორძინებისთვის“ – გამოჩენილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის მიერ შესრულებული ლენინის პორტრეტს მიგზავნის, თან,
მთხოვს, ასლები გადავიღო და დავურიგო გურამ ფანჯიკიძეს, რეზო ჭეიშვილს, რეზო ჩხეიძეს, ელდარ შენგელაიას, ლანა ღოღობერიძეს, ბუბა კიკაბიძეს, ვახუშტი კოტეტიშვილს (შიზოიდური აკვიატების შესანიშნავი ნიმუში) და „ქართველი ინტელიგენციის“ სხვა მოწინავე წარმომადგენლებს, თურმე იმათაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ამ საქმეში... კი ბატონო, შემსრულებელი ვარ ანონიმური წერილის ავტორის თხოვნისა. მაგრამ, რაც გასარკვევია, უნდა გავარკვიოთ: მე თუ ლენინის უკვდავი იდეების აღორძინების საქმეში განუსაზღვრელი ღვაწლი მიმიძღვის – მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ წერილის ავტორს მე სტალინი ვგონივარ, არც მეტი, არც ნაკლები. დიახ, ერთადერთი სტალინი იყო, ვისაც განუსაზღვრელი ღვაწლი მიუძღვოდა ლენინის იდეების აღორძინების საქმეში... დავუბრუნდეთ ლენინის პორტრეტს. ანონიმური წერილის ავტორმა კარგად იცის, რომ მე სახლში არა მაქვს ლენინის პორტრეტი, ამიტომაც გამომიგზავნა საჩუქრად... უნდა ვიფიქროთ, რომ თავად ვერ შელევია სატანას და დღემდე გულდაგულ შეუნახავს სახლში. მოგესხენებათ, სამი წელი მაინც იქნება, რაც ლენინის სურათი მაღაზიებში აღარ იყიდება. ეს ერთი, ახლა მეორე, კაცი, რომელიც თავისთვის სათუთად შენახულ სათაყვანებელი ბელადის სურათს შემდეგ სხვას უგზავნის, არ შეიძლება, ორი-სამი პორტრეტი თავისთვის კიდევ არ ჰქონდეს გადანახული (ღმერთმა მოახმაროს)...
ცხოველური მოფერება ფსიქიატრიულის პაციენტისგან
ძილში ტელეფონის ხმა ჩამესმა... სხვა გზა არ მქონდა და გავიღვიძე, საათს დავხედე, ოთხი საათი იყო... ალბათ, უჭირს ვიღაცას, ძალიან უჭირს... ზარი არ წყდება. ავიღე ყურმილი, ხოლო იქიდან ვიღაცამ სამჯერ ჩამძახა: ფხუკ, ფხუკ, ფხუკო. რა საოცარია, ადრე ეს ფხუკიანი ზუსტად სამ საათზე მირეკავდა ხოლმე და ყურმილში ორჯერ ჩამძახებდა: ფხუკ, ფხუკო. ახლა, ნეტა, რა შეიცვალა? ისე კი, როგორ უნდა უყვარდე კაცს, რომ შენი გულისთვის, თუ სამი ფხუკის გამო, ღამის ოთხ საათზე ადგეს და ცხოველურად მოგეფეროს?.. მეორე დღეს ერთმა ქალბატონმა დამირეკა და საიდუმლოდ გამანდო, თქვენ რომ კაცი გირეკავთ და ტელეფონში ფხუკუნებს, ის კაცი ასათიანის ათ ნომერში ცხოვრობსო... მე სულმა წამძლია და გავიკითხე ასათიანის ათი ნომერი. კანონზომიერი საოცრება შევიტყვე... ასათიანის ათ ნომერში სახლი არაა, ასათიანის ათ ნომერში მოთავსებულია რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო... ახლახანს, ფოთის ძალიან თავისუფალ გაზეთში წავიკითხე დამწყები კარვის ქალის, ვინმე როზას, ჩემდამი მთელი გულით მოძღვნილი ლანძღა-გინება. იქნებ, ეს აბდაუბდაც ასათიანის ათ ნომერშია დაწერილი? ეჰ, დამწყებმა კარვის ქალმა არ იცის, რა წერია ბიბლიაში? „ყურები აქვთ და არ ესმითო”. როცა სამკურნალო ხარ, უნდა იმკურნალო, რა დროს „ჟურნალისტობაა“... გინდა ფოთში ცხოვრობდე, გინდ თბილისში, გინდა, მსოფლიოს ჭიპში – გროზნოში ცხოვრობდე, შიგ დუდაევის ტანკში, მაინც უნდა
იმკურნალო!...
ცოცხალი იყო და სიცოცხლეს გვიადვილებდა, მოკვდა და სიკვდილს გვიადვილებს
სექტემბერია, 1991 წლის სექტემბერი. ვითარება ძალზე დაძაბულია. მირჩიეს, სახლი მიმეტოვებინა და სადმე გავხიზნულიყავი. ჯუმბერ თითმერიამ მირჩია, მასთან ვყოფილიყავი. კარგა ხანს ვიყავი თითმერიებთან. მერე ბურჯანაძეებთან გადავედი. ბოლოს ნოდარ დუმბაძის მეუღლეს, ქალბატონ ნანული დუმბაძეს თავად დაურეკავს ჩემი მეუღლისთვის: თუ გიჭირთ, აგერ ვარ და არ გეუხერხულოთ. ვითომ ნოდარი ცოცხალი ყოფილა – მე მოვიქცევი ისე, როგორც ის მოიქცეოდა ჯანსუღისთვისო. ჩემი იქ ყოფნა ორმა ქალბატონმა იცოდა: ქალბატონმა ნანულიმ და ნანულის დედამ, ქალბატონმა ლიდა გუგუნავამ. ის თბილისის პირველ საშუალო სკოლაში მე-6 კლასში, ისტორიას მასწავლიდა. ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. ისე ძალიან, რომ ჩემს გაუმხელელ ლექსებს პირველად მას ვუკითხავდი... ნანული სახლში არაა, სახლში მხოლოდ ორნი ვართ: ქალბატონი ლიდა და მე _ „სიმონა დოლიძე“... ნოდარის ოთახში ვზივარ და ნოდარზე ვფიქრობ. მართლა რა საოცარი კაცი იყო. ცოცხალი იყო და სიცოცხლეს გვიადვილებდა, მოკვდა და სიკვდილს გვიადვილებს. დიახ, ადვილია სიკვდილი, როცა მარადიულ სოფელში ნოდარ დუმბაძისნაირი ხალხია წასული... აი, ამაზე ვფიქრობდი, რომ ვიღაცამ ზარი დარეკა. ქალბატონმა ლიდამ ჩუმად გამიხმო, საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო. ამით მანიშნა, ხმა არ ამოიღო, ისე გამომყევიო. მეც გავყევი. ქალბატონი ლიდა სამზარეულოში შემიძღვა, იქ დამსხვა და თავად კარებთან მივიდა. სათვალთვალოდან გაიხედა და შემობრუნდა რაღაცნაირად დაბნეული. ვინ იყო, ვის არ გაუღეთ კარი? – ვკითხე მე... – რა ვიცი, იქნებ სწორი არ ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ გავუღე, – მიპასუხა კვლავ დაბნეულმა... – კი მარა, ვინ იყო ასეთი? – არა, უცხო კი არავინ იყო, ჩემი გურამი იყო, მარა, რა ვიცი, ალბათ, მაინც სწორად მოვიქეცი. შენი აქ ყოფნა ჩემი და ნანულის გარდა, არავინ იცის და იქნებ, არ არის საჭირო, კიდევ მესამეს სცოდნოდა... შეიძლებოდა, ხვალ რომელიმე ჩვენგანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. კი, ბატონო ალბათ, უნდა გამეღო. ჩემი გურამი ვაჟკაცი კაცია, მარა, რა ვიცი, მე ასე გადავწყვიტე. თუ დამალვაა, დამალვა უნდა იყოს. ღმერთო ჩემო, თავს იმართლებდა ქალბატონი ლიდა გუგუნავა, ჩემი საყვარელი მასწავლებელი, რომელმაც კარი არ გაუღო საკუთარ შვილს! ჩემი სიმონა დოლიძეობა ჩემი ბრიყვი მდევრის კისერზე იყოს, მაგრამ საქართველო ქალბატონი ლიდა გუგუნავასანაირმა დედებმა მოიყვანეს დღემდე.“