№46 რატომ უჯდება ღარიბ საქართველოს მოქალაქეს წამლები სამჯერ ძვირი, ვიდრე მდიდარ ევროკავშირის მოქალაქეს და რატომ ვერ მოწმდება საქართველოში მედიკამენტების ხარისხი
მედიკამენტების ფასი საბედისწეროდ გასდევს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას და ფარმაცევტული კომპანიების ტყვეობაც ერთგვარ ბედისწერად იქცა. წამლების ფასნამატი ამ ჩვენს ქვეყანაში, საშუალოდ, 102 პროცენტია და მედიკამენტების ფასიც ისეთი სისწრაფით იზრდება, ვერც საქართველოს მოქალაქეები ეწევიან და, მით უფრო, ვერც მათი ჯიბე. ისეც კი მოხდა, რომ ყველა სააფთიაქო ქსელში ფასდაკლების დღეებიც კი ერთმანეთს ემთხვევა და ფასდაკლებების პროცენტიც. ხშირად მეტად საჭირო მედიკამენტებიც დეფიციტია. მაინცდამაინც არც იაფიანი მედიკამეტების შემოტანას ეძალებიან ფარმაცევტული კომპანიები და მათ ძვირიან ანალოგებს ანიჭებენ უპირატესობას. გასწვდება თუ არა საქართველოს მოქალაქეთა ჯიბე ფარმაცევტული კომპანიების მადას და უწერიათ თუ არა მათი ალყის გარღვევა, – ამ ფრიად აქტუალურ თემას მედიცინის დოქტორთან, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტ სერგო ჩიხლაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ფასნამატები ამ ჩვენს მედიკამენტებზე არა და არ იკლებს. რამდენად გონივრულია საშუალოდ, 102-პროცენტიანი ფასნამატი და ბოლო კვლევითაც გამოვლენილი ზოგიერთ მედიკამენტზე 400-500-პროცენტიანი ფასნამატები. თუმცა ეს არ არის რეკორდული მაჩვენებელი, „გამჭვირვალობის“ კვლევით, 800-პროცენტიანიც გვახსოვს და 1 000-პროცენტიანიც.
– განვმარტოთ, რომ საშუალო ფასნამატია 102 პროცენტი, 400-500 და მეტპროცენტიანი ფასნამატი არის ზოგიერთ მედიკამენტზე. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მედიკამენტზე ფასნამატია 20 პროცენტი, სხვაზე – 500 ან 1 000 პროცენტი. თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია, რადგან ევროპაში არსებულ მდგომარეობას რომ შევადაროთ ჩვენთან კვლევის ჩატარების მომენტში არსებული ვითარება, ფასნამატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო იტალიაში – საშუალო ფასნამატი 47 პროცენტი, საქართველოში კი, 102 პროცენტი. მართალია, ეს არ არის უახლესი კვლევა, მაგრამ მას შემდეგ, ვხედავთ, რომ მედიკამენტების ფასი არ იკლებს, პირიქით, იზრდება. არის „კურაციოს“ მიერ ჩატარებული კვლევები, იმავე „გამჭვირვალობის“ 2016 წლის კვლევა და სხვა, რომლებიც ადასტურებს, რომ მედიკამენტების ფასები იზრდება და არანაირი კვლევაც რომ არ იყოს, გვაქვს „საქსტატის” მონაცემები და ვიცით, რომ ფასები მატულობს. 2017 წელს პირველი ექვსი თვის განმავლობაში, კიდევ 7,5 პროცენტით გაძვირდა წამლები და თუ წელს ცხრა თვის, იანვარ-სექტემბრის, ფასებს შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, თითქმის 15 პროცენტამდეა გაძვირებული წამლები.
– ეს გაძვირება მიჰყვება ლარის გაუფასურებას, ანუ დოლარის გაძვირებას თუ ხელსაც აშველებენ ფარმაცევტული კომპანიები?
– რასაკვირველია, ამაზე ახდენს გავლენას ლარის გაუფასურება, იმიტომ რომ, ნედლეულსა თუ პრეპარატს საერთაშორისო ვალუტით შეისყიდიან. შესაბამისად, რასაც ას დოლარად ვყიდულობდით და რამდენიმე წლის წინათ, ეს იყო 200 ლარი, დღეს 260 ლარია. მაგრამ ეს ერთ-ერთი ფაქტორია და არა ერთადერთი, რომელიც წამლის გაძვირებას უწყობს ხელს. ბოლო წლები დიდხნიანი პერიოდების განმავლობაში ლარი იდგა ერთ ნიშნულზე, ოღონდ წამლების ფასი მაინც იზრდებოდა. თუნდაც, ლარის მერყეობის პერიოდში არის მომენტები, როდესაც ლარი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ ნიშნულზე დგას, მაგრამ წამლები მაინც ძვირდება. ლარის გაუფასურების გარდა, წამლები ძვირდება იმის გამო, რომ ფარმაცევტული ბაზარი არის ოლიგოპოლიური: სულ რამდენიმე მოთამაშეა, რომლებსაც გადანაწილებული აქვთ ბაზარი და თითეულს ზურგს უკან უდგას თავისი კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები.
– უკვე ანეკდოტად იქცა, რომ დასაფლავების სერვისის გარდა, ფარმაცევტული კომპანიები თითქმის ყველა მომსახურებას გვთავაზობენ სიკვდილ-სიცოცხლის გზაზე.
– გარდა ამისა, ფარმაცევტური კომპანიებისა და ექიმების თანამშრომლობაც ასრულებს თავის როლს მედიკამენტების გაძვირებაში და ეს ხარისხიც. ჩვენთან ბრენდულ წამლებს მეტად ენდობიან, ვიდრე გენერიკებს და ამას თავისი მიზეზი აქვს. ხშირად შემოტანილი გენერიკული წამლები უხარისხო გამოდგა, მაგრამ აქვე მინდა, ვთქვა, რომ გენერიკული წამალი არ ნიშნავს აპრიორი უხარისხოს. ჩვენთან გენერიკი გახდა ცუდის სინონიმი, თუმცა არსებობს ბრენდული წამლების ხარისხიანი ანალოგები, ანუ ხარისხიანი გენერიკები, მაგრამ ისინი უნდა შემოიტანონ. თუ უხარისხოს შემოიტან, ცხადია, მას ეფექტი არ ექნება და ბაზარზე ვერ დამკვიდრდება. ამიტომაც ექიმები პაციენტებს ბრენდულ წამლებს უნიშნავენ, მაშინ, როდესაც გენერიკი ბევრად იაფია, ოღონდ ლაპარაკია ხარისხიან გენერიკებზე. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ფასების მატებას იწვევს: საქართველოში არ არსებობს ფასების არანაირი ისეთი რეგულაცია, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა რეგულაცია, უმეტესად არის რეფერალური ფასები.
– ეს რას ნიშნავს?
– მაგალითად, მედიკამენტი „იქსი“, გამოშვებული საფრანგეთში, თუ იყიდება გერმანიაში 5 ევროდ, არ შეიძლება, ჰოლანდიაში გაიყიდოს 25 ევროდ.
– ჩვენი ფარმაცევტული კომპანიების წარმოებული წამლები კი სომხეთში იმაზე იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში.
– დიახ. ევროკავშირის ქვეყნებში სპეციალური შედარებითი სკალაა, ანუ შიდა რეფერალური ფასები. მაგალითად, თუ არსებობს წამალი, რომელიც ქვეყანაში ღირს 5 ევრო და გამოვიდა მისი ახალი ანალოგი, რომელიც იმავენაირად ზემოქმედებს, ფასდება მისი ზემოქმედების დამატებითი დადებითი ეფექტი და, თუ იმეორებს იმავე ზემოქმედებას, მას ძველ ანალოგზე ძვირად ვერ გაყიდი.
– მხოლოდ გაუმჯობესებულ ვარიანტს გაყიდი უფრო ძვირად?
– უნდა დასაბუთდეს, რომ მას დამატებით იმდენად კეთილი თვისებები აქვს, რომ შეიძლება, ღირდეს 7 ევრო. არის სხვა რეგულაციებიც, როდესაც ლიმიტებულია მოგების მარჟა ან ფასნამატის მარჟა. ბრიტანეთში სახელმწიფო არ გზღუდავს, თუ გიჯდება წამალი 5 ან 10 ლარი, თვითღირებულება ასახე სრულად, მაგრამ, თუ 10 ლარი დაგიჯდა, მოგება არ შეიძლება, იყოს 500 პროცენტი. მოგება შეიძლება, იყოს 80 პროცენტი. მაქსიმალურ გონივრულ ჭერს გიწესებს, რომ ამ ფარმაცევტულმა კომპანიამ არ დაიხუროს ქუდი და არ წავიდეს ქვეყნიდან. ერთი სიტყვით, თუ წამალი გიჯდება ლარი, ვერ გაყიდო 10 ლარად. ლაპარაკია ზომიერ რეგულაციებზე და მეც არ ვარ ტოტალური რეგულაციების მომხრე, მაგრამ ფარმაცევტული ბაზარი უნდა ემორჩილებოდეს რეგულაციას. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი ბაზარი არ უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციას და ფარმაცევტული და სამედიცინო ბაზარი ისეთივეა, როგორც, მაგალითად, კარტოფილის ბაზარი. ამ მოსაზრებასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები, მაგრამ ვფიქრობ, სამედიცინო და განათლების ბაზარი ის ბაზრებია, რომლებშიც სახელმწიფო ზომიერად უნდა ერეოდეს, იმიტომ რომ, ეს არ არის ბოსტნეულის ბაზარი. თუ ერთხელ ვიყიდე კარტოფილი და არ მომეწონა, იქ მეორედ აღარ ვიყიდი; ისევე, როგორც, თუ რესტორანში ცუდად მომემსახურნენ, მეორედ იქ აღარ მივალ, სხვაგან წავალ. მაგრამ სამედიცინო ბაზარი განსხვავებული სპეციფიკისაა: შეიძლება, ისეთი ზიანი მიადგეს ადამიანს, რომ სხვა ექიმმა ვერ უშველოს. სამედიცინო ბაზარი არ გიტოვებს არჩევნის უფლებას: თუ ფული არ მაქვს, საერთოდ არ შევალ რესტორანში, მაგრამ ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ ადამიანს სჭირდება. ეს არის სფერო, რომელიც ზომიერ რეგულაციებს ექვემდებარება და ამის მაგალითია ევროკავშირის ყველა ქვეყანა და არ მგონია, ვიღაცამ თქვას, რომ შვეიცარიის, გერმანიის ან ბრიტანეთის ჯანდაცვა ცუდია ან ჩვენსაზე უარესი. იმის თქმა მინდა, ამის გამოცდილება არსებობს და ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. უნდა დასხდნენ სპეციალისტები და ისეთი რეგულაციები შექმნან, რომლებიც მოერგება ქართულ ბაზარს.
– ფარმაცევტულ კომპანიებს ფასდაკლების დღეებიც ერთი და იგივე აქვთ და ფასდაკლების პროცენტიც ამა თუ იმ მედიკამენტზე, ორ-სამთეთრიანი სხვაობით. მეორე მხრივ, არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ესაა კონკურენცია, ყველასთან მხოლოდ მისი მყიდველი მიდის.
– არ მგონია, ეს იყოს კონკურენციის კარგი და საჩვენებელი მაგალითი. ეს ნიშნავს, რომ ამ ფარმაცევტულ კომპანიებს ბაზარი აქვთ გაყოფილი. იმიტომ რომ, არ შეიძლება, ერთი და იგივე წამალი შემოგვქონდეს სხვადასხვა ადგილიდან და ჩემსა და თქვენს აფთიაქებში დაახლეობით ერთსა და იმავე ფასად ვყიდდეთ. გაყოფილია ეს ბაზარი. მეტიც, ზოგიერთი წამალი მხოლოდ ერთ ფარმაცევტულ ქსელშია და მეორეში არ არის, ზოგიერთი მეორე ქსელშია და პირველში არ არის. არადა, თუ მედიკამენტი არ არის ჩემს ქსელში, რატომ არ უნდა შემოვიტანო?! არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას საერთოდ არ შემოაქვს წამალი, შემოაქვს მეორე კომპანიას და უნაწილებს დანარჩენებს და ეს წამალი ყველა ქსელში ერთნაირ ფასად იყიდება. ანუ ერთი და იგივე ფასდაკლების დღეები, ფასდაკლების ერთნაირი პროცენტი, არ არის კონკურენციის მაგალითი.
– ერთმანეთისთვის ხელის გამართვას ჰგავს.
– ის, რომ ერთი მეპატრონის საკუთრებაა წარმოება, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობის ქსელი, კლინიკები და სადაზღვევოები, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობაც კი, დაქუცმაცებულია, რადგან არ შეიძლება, ერთ ვერტიკალში იყოს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველა მთავრობამ თავისი წვლილი შეიტანა, რომ ასე ყოფილიყო და არაფერი იღონეს, რომ ვითარება შეცვლილიყო. ახლა უკვე ამის დაშლა ძალიან ძნელია. ზაფხულში ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ოლიგოპოლიები უნდა დაიშალოსო, მაგრამ ამის შემდეგ ეს თემა მოკვდა. ალბათ, გარკვეული ზეწოლის შედეგად, იმიტომ რომ, ამ ფარმაცევტული კომპანიების უკან დიდი ლობისტური ჯგუფები დგას და მათთან შებრძოლება რთულია, არც კი მესახება გზები, როგორ შეიძლება ამ სისტემის დაშლა.
– არის კიდევ ერით ტენდენცია: კატარაქტის სამი წამალი, თანაბრად ეფექტიანი, ერთი ღირს 5 ლარი, მეორე და მესამე – 15 და 16 ლარი; მაგრამ ერთ სააფთიაქო ქსელში ის საერთოდ არ არის, მეორეში – მხოლოდ ადგილ-ადგილ შეზღუდული რაოდენობით. ერთგვარი ტენდენციაა, შემოიტანონ უპირატესად ძვირად ღირებული მედიკამენტები, იმიტომ რომ, იაფფასიანს ბევრს ვერაფერს დაუმატებ, ძვირიანით კი მეტად იხეირებ?
– გასაგებია, რაც უფრო ძვირიანია წამალი, ფასნამატიც მეტია და მოგებაც მეტია. ამას წინათ ვადარებდი მედიკამენტების ფასებს ჩვენთან და უცხოეთში და ძალიან კარგად ჩანს ამ დროს, რომ, რაც უფრო ძვირად ღირებულია მედიკამენტი, მეტია ფასნამატი. მეტსაც გეტყვით, არის პრეპარატები, მათ შორის, ანტიბიოტიკები, როდესაც საქართველოში წარმოებული გენერიკები ხანდახან ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული იმავე ტიპის ბრენდული ანტიბოტიკები. აი, ასეთ აბსურდამდეც კი მივდივართ. ანუ არათუ შემოტანილზეა მაღალი ფასნამატი, რაც აძვირებს წამლებს, არამედ ადგილზე წარმოებული გენერიკიც კი, ხანდახან უფრო ძვირია, ვიდრე ბრენდული და ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ევროკავშირში წარმოებული მედიკამენტი. ფრანგულ ფასებთან შედარებითაც კი, გაცილებით ძვირი ღირს ჩვენთან მედიკამენტები. მაგალითად, „ერიუსი“, რომელსაც ხშირად უნიშნავენ პაციენტებს და რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატია, თბილისის აფთიაქებში სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე საფრანგეთის აფთიაქებში. ერთი და იმავე ფირმის მიერ წარმოებულ პრეპარატზე ვამბობ. ეს ხომ წარმოუდგენელი რამაა?! მათი ეკონომიკისა და მათი მსყიდველობითუნარიანობის ფონზე?! გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ საფრანგეთში წამლები ნაზღაურდება სახელმწიფოს მიერ 30-დან 65 პროცენტამდე. ჩვენთან კი ჯიბიდან ვიხდით თანხას და, თან, სამჯერ ძვირად ვყიდულობთ. ანალოგიური სურათია ბევრ სხვა წამალთან მიმართებაშიც, ორმაგი-სამმაგი განსხვავებაა ფასებში ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
– ერთია, რომ უხარისხო გენერიკები შემოდის და ჩვენ არ ვიცით, როგორი ხარისხის მედიკამენტები იყიდება ჩვენს ბაზარზე და, მეორე, რომ დასავლეთის ქვეყნებში მედიკამენტს, რომელსაც ექვსი თვე აქვს დარჩენილი ვადის გასვლამდე, არ იძენს არცერთი სამედიცინო დაწესებულება, შესაბამისად, მწარმოებელს მათი უტილიზაცია საკმაოდ ძვირი უჯდება და შესაძლოა, უფასოდაც კი გადასცეს მსურველს. წლების წინათ ასეთი მედიკამენტები მრავლად იყო ჩვენს ბაზარზე. ახლა როგორი მდგომარეობაა?
– ჩვენთან მედიკამენტების ხარისხი ყოველთვის პრობლემა იყო და პრობლემად რჩება. ხარისხის რეფერალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენდა წამლის ხარისხს, უბრალოდ, არ არსებობს და ის თანხა, რასაც სახელმწიფო გამოყოფს ლაბორატორიისთვის, სიმბოლურია. მაქსიმუმ, რამდენიმე წამალი შეამოწმოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ზუსტად ამიტომ არის, რომ არავინ იცის, რა ხარისხის გენერიკები შემოდის. არადა, როგორც გითხარით, არის როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო გენერიკები. მაგრამ, როდესაც ხარისხის კონტროლი არ არსებობს, უხარისხო გენერიკის შემოტანას ვერავინ აკრძალავს. ამიტომ დიდია ალბათობა, რომ შემოვა უხარისხო გენერიკი და ლამის ბრენდის ფასში. ესეც არის ერთ-ერთი პრობლემა და ირიბად უკავშირდება მედიკამენტების ფასებს. გენერიკებს არავინ ენდობა, რადგან არავინ იცის მათი ხარისხი. რომ იყოს ხარისხის გარანტია, გაიზრდებოდა ნდობა გენერიკებისადმი. შესაბამისად, მათი გამოყენებაც და ნაკლებს დახარჯავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ზოგადად, წამლებზე. ვიცით, რომ ჯიბიდან ვიხდით ჯანდაცვის ხარჯის 57 პროცენტს და აქედან თითქმის 40 პროცენტი მოდის წამლებზე, რაც ყველაზე მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას. გენერიკების ხარისხის პრობლემის მოგვარება შეუმსუბუქებდა ამ ტვირთს მოსახლეობას. იმ რეგულაციის არარსებობა, რომელიც გააკონტროლებდა გენერიკების ხარისხს, არის ფასების ზრდის ერთ-ერთი მოტივატორი.