კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რის სანაცვლოდ შესთავაზა პუტინმა ალიევს აზერბაიჯანის ხუთი რაიონის დაბრუნება და როგორ აღმოჩნდება საქართველო სრულ ალყაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პუტინ-ალიევის შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტს რუსმა კოლეგამ აზერბაიჯანის ხუთი რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ (აქვე შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიის გარდა, თვითგამოცხადებულ ყარაბაღის რესპუბლიკას ოკუპირებული აქვს საკუთრივ აზერბაიჯანის, ანუ ავტონომიის გარეთ მდებარე შვიდი რაიონი), აზერბაიჯანი უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში; შეუერთდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას და ყარაბაღში უნდა განლაგდნენ რუსი სამშვიდობოები. შეთავაზებას იმთავითვე ეტყობა, რომ, ჯერ ერთი, აზერბაიჯანი უნდა დაემშვიდობოს ყარაბაღს (რადგან, თუ ალიევი დათანხმდება, ფაქტია, რომ აზერბაიჯანში მოვლენები საქართველოს სცენარით განვითარდება); მეორეც –  თუ იქ რუსი სამშვიდობოები ჩადგებიან,  რუსეთს აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბევრად ძლიერი ბერკეტი მიეცემა (მაგალითად, ბუზი თუ აუფრინდა რუს სამშვიდობოებსო); მესამე –  რუსული შეიარაღებული ძალები უკვე სამხრეთ კავკასიის მთელ პერიმეტრზე განლაგდებიან; მეოთხე –  აზერბაიჯანის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროდასავლურ განვითარებას და, დიდი ალბათობით, რუსეთს ხონჩით მივერთმევით პრორუსული გავლენის სფეროში და ასე შემდეგ. კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად, განვიხილავთ ამ შეთავაზების ქვეტექსტებსა და საფრთხეს, რომელსაც შეიცავს როგორც რეგიონის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის.
– რატომ შეარჩია პუტინმა ამ შეთავაზებისთვის მოცემული მომენტი, ეს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას, თუმცა კარგა ხანია, ცნობილია, რომ ეს რკინიგზა ამოქმედდებოდა, თუ რამე სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებას?
– მომენტი შეირჩა, იმიტომ რომ, რუსეთმა რამდენიმე ენერგიული ნაბიჯი გადადგა სხვადასხვა მიმართულებით და შესაძლებლობა გაუჩნდა იმისა, რომ ეკონომიკური სანქციების ზეწოლა შეამციროს. საქმე ისაა, რომ როგორც თურქეთმა მისცა ირანს საშუალება, გაერღვია საბანკო ბლოკადა, ასეთივე მოლაპარაკება შედგა რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებებს შორის. ლამის გლობალური ფინანსური ქსელი შექმნა ჩინეთმა და რუსულ რუბლს რთავს თავის საბანკო სისტემაში. რუსული საბანკო სისტემა „მირის“ ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი. ანუ იუანი და რუბლი პარალელურად იმოძრავებს სისტემაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მოილაპარაკეს რუსეთმა და ჩინეთმა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მათ მოილაპარაკეს იმაზეც, რომ ერთად შეუტიონ დოლარს. რუსეთს ამის პოტენციალი არ აქვს, მაგრამ თავისი ოქროს რეზერვებითა და სხვა პოტენციალით, ჩინეთთან ერთად შეუძლია ამის გაკეთება. ჩინეთის ინტერესი ეს ნამდვილად არის, რომ დოლარი ჩაჩოჩდეს, როგორც მსოფლიო ვალუტა. რამდენად გამოუვათ, სხვა საკითხია. მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინი აშკარა ბრძოლის გზას დაადგა, რადგან ჩინეთი გარკვეულწილად მოკავშირედ ეგულება. ამიტომაც გადაწყვიტა, აქტიური იყოს პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში რომ ამ ბოლო დროს გარკვეული სტაბილურობაა და რუსეთის მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნევა, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება დაუსრულებლად.
– მავთულხლართომანიაში პაუზას გულისხმობთ.
– დიახ. მოსკოვში კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი დამოკიდებულია აზერბაიჯანის ეკონომიკურ პოტენციალზე და, ზოგადად, აზერბაიჯანის პოზიციასა და განვითარების ვექტორზე.
ეს რაც შეეხებოდა პუტინის მიერ ამის სათქმელი მომენტის პირველ მიზეზს. მეორე მიზეზი ისაა, რომ დღეს აზერბაიჯანის მდგომარეობა ძალიან მყიფეა. ზაფხულში საკმაოდ მნიშვნელოვანი ავარია მოხდა ბაქოს გაზის სარეწზე და გაზის მოწოდება კატასტროფულად დაეცა. დღეს აზერბაიჯანის ორი თბოსადგური გაზის გარეშეა დარჩენილი და ბაქო კასპიის ზღვის აუზის ყველა ქვეყნისგან გამალებული ყიდულობს მაზუთს, რომ მაზუთით ამუშაოს. „შაჰ-დენიზ ორის“ გახსნა დეკემბერში იგეგმება და ამის შემდეგ სამი თვე სჭირდება გაზის მოპოვების ტექნიკურად მოგვარებას. თან, აზერბაიჯანი 2 მილიონ ტონა ნავთობს უცხოეთში ჰყიდიდა, რაც საქართველოს გავლით გადიოდა. დღეს არცერთი გრამი აღარ გააქვს და იმიტომაც დამძიმდა საქართველოს რკინიგზის მდგომარეობა. ამიტომაა, რომ ჩვენ დღეს თურქმენეთიდან ვიღებთ გაზს.
– როდიდან ვიღებთ და ტექნიკურად როგორ?
– ზამთარში მივიღებთ თურქმენულ გაზს ირანიდან. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ აზერბაიჯანში მძიმე ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანს უამრავი ფული ეხარჯება იმისთვის, რომ თავისი ენერგოსისტემა შეინარჩუნოს. აზერბაიჯანის ეკონომიკამ, რომელიც ენერგონედლეულზე იჯდა, როგორც რუსეთის, საშინელი დარტყმა მიიღო და, ამდენად, მომენტი შეურჩია რუსეთმა. თუ ატყობთ, ალიევის პოზიცია ზაფხულის შემდეგ ძალიან აგრესიული იყო ყარაბაღის მიმართ, რადგან კარგად აცნობიერებს ალიევის ხელისუფლება, რომ მისი მდგომარეობა ქვეყანაში მყიფე გახდა. ვიდრე ეკონომიკური პრობლემები არ ჰქონდა, მტკიცე პოზიცია ეჭირა, ახლა კი ვითარება შეიცვალა. ასე რომ, მათ სჭირდებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა. ხუთი რაიონის დაბრუნება არის პროგრამა მინიმუმი.
– პუტინს ეს შეთავაზება მომზადებული ჰქონდა და მომენტს ელოდა. რაკი აზერბაიჯანი ჩიხშია, მომენტი გამოიყენა და ექსპრომტად შესთავაზა?
– შეიძლება, მომზადებული ჰქონდა, მაგრამ შეთავაზების ფორმა გამომდინარეობს აზერბაიჯანის დღევანდელი მდგომარეობიდან. იმიტომ რომ, ასეთი ფორმით ასეთ წინადადებებს არ სთავაზობენ. არ მგონია, რომ ასეთი ფორმით შეეთავაზებინა, რადგან გამოდის, რომ  აშკარად ეუბნება აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ ჩემზეა დამოკიდებული პრობლემის მოგვარება, ჩემს ხელშია ყარაბაღის გასაღები და მოვიხმარ, თუ საჭირო გახდაო. ასეთი რამ რუსეთის არცერთ ხელისუფალს არ უთქვამს. თითს ყოველთვის სომხეთისკენ იშვერდნენ.
– როგორც ჩვენს შემთხვევაში, თითს იშვერენ ჩვენი სეპარატისტებისკენ.
–  ამიტომ არ მჯერა, რომ ამ ფორმით შესთავაზა, მაგრამ, თუ იმ სიტუაციას გავიხსენებთ, რაზეც ვილაპარაკე, შესაძლებელია, კედელთან მიიმწყვდია აზერბაიჯანის ხელისუფლება და თუ გინდა გადარჩე, მაშინ ეს უნდა გააკეთოო.
– და არის კი ეს აზერბაიჯანის ხელისუფლების გადარჩენის გზა? არის რუსეთი ის პარტნიორი, რომელიც შეასრულებს სიტყვას? და სომხების რეაქცია როგორი იქნება?
– რადგან შესთავაზა ამ ფორმით, ესე იგი, დარწმუნებულია, რომ მისი ნაბიჯი იქნება ეფექტიანი.
– ანუ სომხები არ იქნებიან წინააღმდეგნი?
– სერჟ სარგისიანის ხელისუფლება წინააღმდეგი არ იქნება, თორემ სომეხი ერი როგორ არ იქნება წინააღმდეგი?! მაგრამ სომეხი ერის აზრი არავის აინტერესებს მოსკოვში, ამიტომ ამ გზით წავლენ. მე რომ ალიევის ადგილზე ვიყო, ამ წინადადებას არ მივიღებდი.
– არც მე. თქვენ რა მოტივით იტყოდით უარს?
– თუ ვაჭრობაა, რატომ ხუთზე, მაშინ შვიდივე რაიონზე ვივაჭროთ?! გარდა ამისა, როგორც მინიმუმ, თუ ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი აზერბაიჯანის მხრიდან, მაშინ, მოდი, გავყოთ ყარაბაღი, ნახევარში ჩადგეს აზერბაიჯანის ჯარი, ნახევარში –  სომხეთის, შუაში კი დადგნენ რუსი სამშვიდობოები. ანუ კონტროლის ზონებად გაიყოს ყარაბაღი. ამდენად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ან კატეგორიული უარი უნდა თქვას ამ შემოთავაზებაზე, ან უნდა დაიწყოს ვაჭრობა. ყველა სხვა შემთხვევაში ალიევის ხელისუფლება გაიწირება, თუ დასთანხმდება პუტინის შემოთავაზებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ფორმით შეთავაზება გათვლილი იყო იმაზე, რომ უარს მიიღებდნენ და მაშინ ალიევის ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ვარდება, უკვე ეკონომიკური თვალსაზრისით.
– ამ წინადადებაზე დათანხმებით, საქართველოს მაგალითიც ხომ მოწმობს, რომ ყარაბაღზე ამბობს უარს ალიევი იმ ხუთი რაიონის საპირწონედ?
– ამას ვამბობ სწორედ, ესე იგი, მაშინ ყარაბაღზე უნდა თქვან უარი. არათუ უახლოესი პერსპექტივით, შორეული პერსპექტივითაც კი უარს ამბობ ყარაბაღზე, თუმცა ახლა ყარაბაღელების მდგომარეობაც გავითვალისწინოთ: როგორი ცინიზმია მათთვის ამ შეთავაზებაში. ამ ხუთი რაიონის კონტროლი ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავზე დაადგებიან ყარაბაღს. სომხეთს მხოლოდ ყარაბაღისკენ მისასვლელი გზა რჩება აი, იმ ორი რაიონის ხარჯზე, რომლის დაბრუნებასაც არ სთავაზობს პუტინი ალიევს. და მთავარი კითხვა: რისთვისაა ეს ყველაფერი? რომ თანდათან მთლიანად მოიცვას რუსეთმა სამხრეთ კავკასია, რომ საქართველო დარჩეს იზოლაციაში და შემდეგ უკვე საქართველოს მიმართ გაატაროს გარკვეული ღონისძიებები.
– თუკი აზერბაიჯანი დათანხმდება, ეს აისახება ჩვენზე და ამდენადაა ჩვენთვის აქტუალური საკითხი.  გამოდის, რომ რუსეთის ჯარი დადგება სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ წერტილში. ჩვენ რა საფრთხეები გვემუქრება და როგორ ვხვდებით ალყაში, თუკი ალიევი თანხმდება პუტინის შეთავაზებას?
– თუ ალიევი თანხმდება ამ შეთავაზებას, ცხადია, ალყაში ვართ. ყველა მხრიდან რუსეთის ჯარი იქნება. ერთადერთ მონაკვეთებად რჩება აჭარა და სამხერთი საქართველო. ალყაში ვართ კი არადა, უკვე აქ არის რუსეთის ჯარი. ჩვენი მდგომარეობა რომ ძალიან დამძიმდება, ამას ლაპარაკიც არ უნდა. გარდა ამისა, თუ აზერბაიჯანი შევა ევრაზიულ კავშირში, ეს ნიშნავს საბაჟო სისტემების გადახედვას, ანუ ახალი საბაჟო ტარიფების სისტემის შექმნას და ასე შემდეგ. სომხეთთან ეს რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ სომხეთთან არ გვაქვს ისეთი გაცხოველებული ვაჭრობა, როგორც აზერბაიჯანთან. ამდენად, ეს ტარიფები გავლენას ვერ ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა, როგორც კი შეიცვლება სიტუაცია აზერბაიჯანში, ეს მაშინვე იმოქმედებს, იმიტომ რომ, აზერბაიჯანთან დიდი ტვირთბრუნვა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგება, აღარაფერს ვამბობ სამომავლო პოლიტიკურ დარტყმებზე. საკითხი დგას ძალიან მწვავედ: რუსეთი ან გაუძლებს ამ სანქციებს და ფორსირებულად დაიწყებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უკან დაბრუნებას, ან ორ-სამ წელიწადში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა არამყარია და ამიტომაც ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობის გაბმას და სამხრეთ კავკასიაში ვითარების მოგვარებას. გავითვალისწინოთ ერთი რამეც: რუსეთში დარწმუნებულები არიან, რომ, დღეს თუ არა ხვალ, საქართველოში იქნება „ნატოს“ სამხედრო წარმომადგენლობა, არა ისეთი, როგორიც ახლაა და არა სამხედრო ბაზა, არამედ შუალედური. დავრქვათ ამას ლოჯისტიკური ცენტრები. აი, ამას ელოდებიან და შესაბამისად, ნაბიჯებს დგამენ.
– სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პოზიციას ხომ დაასუსტებს აზერბაიჯანის თანხმობა? თურქეთი შეიძლება, იყოს ფაქტორი, რომელიც უფრო დინჯად გადააწყვეტინებს ალიევს ამ დილემას?
– დღეს თურქეთს თავისი პრობლემები აქვს მთელ მსოფლიოსთან. რუსეთთან კი აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური პროექტები –  მათი დროებითი მოკავშირეობის შედეგი. დროებითი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ხანგრძლივი პერსპექტივით რუსეთი და თურქეთი მაინც ვერ მოილაპარაკებენ. მაგრამ დღეს მიმდინარეობს „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის მეორე ეტაპი. ესეც გაითვალისწინა რუსეთმა და თურქეთი არჩევნის წინაშე აღმოჩნდება: „სამხრეთის ნაკადი“ ურჩევნია თუ აზერბაიჯანი?! სულ მცირე, მოსკოვში ანკარის თავშეკავებულობის იმედი აქვთ. ასე რომ, ეს მომენტიც შერჩეულია და დღეს რთული სათქმელია, გაწირავს თუ არა თურქეთი აზერბაიჯანს.
– არსებობს ფაქტორი ან მხარე, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე? ჩვენთვის ეს ალიევის თანხმობა იქნება კატასტროფა.
– ამერიკის შეერთებული შტატები.
– და რა შეუძლია? ილჰამ ალიევი ვერაა მთლად კეთილად განწყობილი დასავლეთისადმი.
– გახსოვთ, როდესაც სააკაშვილის დროს დადგა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი, ვინ გადაიხადა ფული, 50 მილიონი დოლარი?
– აშშ-მა.
– დიახ და მაშინვე შეწყდა ამ თემაზე ლაპარაკი?! აზერბაიჯანს ეკონომიკური პრობლემები აქვს, რომ ჰქონდეს თავისუფალი 3-4 მილიარდი დოლარი, ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ასე რომ, აღარ უნდა ახსნა, ვის შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება.
–  მოდი და, ნუ დაიკიდებ მისაღებ ოთახში აშშ-ის დროშას.
–  გეოპოლიტიკური დაპირისპირებისას აზერბაიჯანს ან საქართველოს კი არ უგორებს ვინმე წითელ კოჭებს, არამედ თავის ინტერესებს იცავს. თუ დაიკარგა აზერბაიჯანი, ეს ნიშნავს, რომ მომავალში დაიკარგება საქართველო, თურქეთის „ცელქი“ ხელისუფლება კი, რას ჩაიდენს, კაცმა არ იცის. ეს საბოლოოდ ნიშნავს, რომ, ესე იგი, რეგიონი უნდა დაიკარგოს. არადა უამრავი ფული დახარჯა რეგიონში აშშ-მა.

скачать dle 11.3