კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ვის გამო შეიძლება, უარი თქვას მამა პეტრე კოლხმა სასულიერო წოდებაზე და ვის ებრძვის ის ბროწეულის ბაღებით

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია), შეიძლება ითქვას, ერთადერთია, ვინც მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელება – ბროწეულის ბაღების გაშენება გადაწყვიტა. რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და როდის აპირებს მის განხორციელებას, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
პეტრე კოლხი: ბროწეულის ბაღი მხოლოდ ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისა და მარიტას სიმბოლო არაა. სამწუხაროდ, ცნობილ ადამიანებს ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება სოციუმთან. ეს ძალიან მტკივნეული და მძიმეა, იმდენად, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. „ნატვრის ხე“ სარკეა, რომელშიც უნდა ჩავიხედოთ და საკუთარი მანკიერი მხარეები დავინახოთ. მარიტას როლი ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, ამიტომ ორმაგად მეტკინა გული ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. პირველი, იმიტომ, რომ უნიჭიერესი და ეპოქალური სილამაზის ქალბატონი დავკარგეთ. მან იმდენად ღრმად მოირგო ეს გმირი, რომ ცხოვრებაშიც მარიტას როლს თამაშობდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო – ეს ჩემი სუბიექტური აზრია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება ძალიან განვიცადე, ჩემი ოჯახის ტკივილებია. სამი წლის წინ ჩემმა შვილმა – 13 წლის ბავშვმა საკუთარი ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში, რის გამოც სრულიად ერმა და ბერმა შეიძულა. სასულიერო პირების ნაწილი ამბიონზე იდგა და ჩემს შვილს ლანძღავდა. ეს მარაზმისა და უზნეობის კასკადი იყო, სრული ამორალურობა. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ეს მართლმადიდებლობის დასაცავად კეთდებოდა. აქ მარიამის სახით მის მამას – მამა პეტრეს ებრძოდნენ შურისა და სიძულვილის გამო. ისინი რელიგიისგან ძალიან შორს დგანან თავიანთი საქმეებით. ჩემმა შვილმა იგრძნო, რომ ის „მარიტა“ იყო. პირველ კლასში სწავლობდა, როცა „ნატვრის ხე“ წაიკითხა და მითხრა, რომ მარიტა ძალიან მოეწონა. ამ სიტყვებმა გული მატკინა. არ მინდა, ცხოვრებაში ვინმემ გაიზიაროს მარიტას ბედი და მით უფრო, ჩემმა შვილმა. მარიტას სულისა და ფიზიკურ სილამაზეს ყველას ვუსურვებ, მაგრამ ქვას და ტალახს – არავის. ამიტომ იყო ლიკა ქავჟარაძის თემა ჩემთვის ორმაგად მტკივნეული. ამიტომაც გამიჩნდა ბროწეულის ბაღების გაშენების იდეა. ის აუცილებლად გაშენდება პატარძეულში, სადაც მარიტას იდეა ჩაისახა. არ მინდა, ყველაფერი თბილისში ხდებოდეს. ეს ქალაქი ისედაც ყველაფრის ეპიცენტრია. ჩემს იდეაში ბევრი სიმბოლოა ჩადებული, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ და გაზაფხულზე ჩვენ უკვე გვექნება ბროწეულის ბაღები. ეს ბაღი იქნება პოეზიის, სიყვარულისა და სიკეთის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არა ის, რომ ეს ჩემი იდეაა, არამედ ის, რომ ეს იდეა სასულიერო პირს გაუჩნდა. ეს არ კეთდება მხოლოდ ლიკა ქავჟარაძის ხსოვნის პატივსაცემად, არც მარტო იმიტომ, რომ ჩემი შვილი იქცა მარიტად. ეს იქნება ციციკორეების წინააღმდეგ მიმართული აქცია. ჯორზე ამხედრებულ მარიტას უკან მთელი სოფელი მიჰყვება. სოფელს კი წინ „მოძღვარი” მიუძღვის. დღეს, 21-ე საუკუნეში, მოძღვარი გამოდის ინიციატივით, რომ გაშენდეს ბროწეულის ბაღი ციციკორეების სამხილებლად. ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია იმით, რომ სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ვიღაცები იტყვიან, როგორ უნდა მოუაროს მამა პეტრემ სულიერ შვილებს, როცა საკუთარს ვერ უვლისო. ძალიან დიდი ბოდიში, მე რომ ჩემს შვილს ვუვლი, იმის მეოთხედად სხვებმაც რომ მოუარონ საკუთარ შვილებს, ერში ასეთი ტრაგედიები არ დატრიალდებოდა.  
– ცნობილი ადამიანების რთულ მდგომარეობას ეხმაურება თქვენ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თქვენი და ეკა კვალიაშვილის ფოტო.
– როცა მილიონობით ლარს საქართველოში უცხოელი მომღერლების მოსაწვევად ვიხდით, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ეს ადგილობრივი, უნიჭიერესი ადამიანების ჩაგვრის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ეკა კვალიაშვილი რომ უნიჭიერესი და გამორჩეულია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. არანაკლებ მძიმეა მისი სოციალური მდგომარეობაც. შეიძლება, ზოგჯერ ლუკმა-პურის ფულიც არ ჰქონდეს. ნუთუ ასე გაუჭირდა ჩვენს ქვეყანას, რომ ასეთი გამორჩეული ხელოვანი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდეს? ლიკა ქავჟარაძის ბედი ხვალ, ზეგ შეიძლება, ეკა კვალიაშვილმა გაიზიაროს და მერე ვიტყვით, ნეტავ, გვცოდნოდა, რაღაცას ხომ შევცვლიდითო. ამიტომ შემოვკარი განგაშის ზარები და გაჩუმებას არ ვაპირებ.
– თქვენც გქონდათ ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა და მაშინ დიდი თანადგომა გამოგიცხადეს.
– ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა და ბოლოს ძალიან გართულდა. ამდენმა ცილისწამებამ, შურმა და აგრესიამ თავისი ქნა. მე აგრესიით არავის ვპასუხობ, მაგრამ შინაგანად ძალიან განვიცდი და ეს ჩემზე მოქმედებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შედეგი. ეს შედეგი იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი იყო იმის დასანახად, რომ თუ ორი შურიანი ადამიანი ჩემ წინააღმდეგაა მომართული, სანაცვლოდ ზღვა ხალხი დგას ჩემ ზურგს უკან –  ვისაც ვუყვარვარ, ვინც ჩემთვის ლოცულობდა და ძალიან ბევრი მატერიალურადაც დამიდგა გვერდში. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, საოპერაციოში შესვლამდე გადავწყვიტე, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ხალხისთვის უფრო მეტს მოვინდომებდი. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ უფრო მეტად ვიხმაურებ, ვიდრე წყვდიადი არ გაიფანტება.
– განსაკუთრებული წნეხის ქვეშ როდის მოექეცით სასულიერო პირების მხრიდან?
– ჩემი შვილის ფოტოების და ჩემი ლექსების გავრცელების შემდგომ. უფრო შურს ვგრძნობდი. თუ ისინი მართლმადიდებლები არიან, ამბიონიდან კი არ უნდა მელაპარაკებოდნენ, პირადად უნდა მეუბნებოდნენ და თუ საჭიროა, უნდა დამტუქსონ კიდეც. მაგრამ მე ვიცი, ესენი ის სასულიერო პირები არიან, რომლებსაც ჩემი შურთ და ამიტომ, ჩემ შესახებ საშინელ ხმებს ავრცელებენ.
– საპატრიარქოსთან არ შეგქმნიათ ამის გამო პრობლემები?
– ჩემთვის საპატრიარქო პატრიარქია. ის ყველაფერს გრძნობს. ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში მიწევს მოღვაწეობა. ზოგჯერ იმდენად ამომსვლია ყელში ამდენი გაუნათლებლობა, შური და ბოღმა, რომ მიფიქრია, ეკლესიაში არ არის ჩემი ადგილი, რადგან აქ მე ღმერთს ვერ ვხედავ. ავდგები და წავალ-მეთქი. წავალ, მაგრამ მარტივად არა. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტი გავლენის სფეროები და მოქმედების არეალი მექნებოდა. ჩემთვის ეკლესია და ანაფორა თავშესაფარი არაა. ოთხი დიპლომი და ორი დისერტაცია მაქვს, ამიტომ ადაპტაცია არსად გამიჭირდება. მარტო მღვდლობით არ ცხონდება სული, მთავარია, ადამიანური ღირებულებები გაგაჩნდეს. თუ შენ არ ხარ წარმატებული, სხვას კი არ უნდა უვრცელებდე ჭორებს, საკუთარ თავში უნდა ეძებო პრობლემა. მაგრამ უამრავი ადამიანის სიყვარულმა გადამაფიქრებინა წასვლა, რადგან მათ მართლა ვჭირდები.               
– ცოტა ხნის წინ, მამა პეტრეს სასიძოს ფოტოების ბუმი იყო. ვინ არის თქვენი სასიძო?

– მამა პეტრეს სასიძო არ ჰყავს. ეს რაღაც გატაცება იყო, რომელიც, ალბათ, გადაუვლის. მარიამს ამ თამაშებისთვის არ სცალია, რადგან სამომავლოდ, დიდი გეგმები აქვს. უნიჭიერესი გოგონაა, მაგრამ ვბრაზდები, რომ საკუთარი ნიჭის მეოთხედს არ იყენებს. ამას თინეიჯერობას ვაბრალებ. ძალიან ლამაზია, რაც მთელმა ერმა იცის. ქასთინგებში იღებს მონაწილეობას და პოდიუმზეც ხშირად გადის. თუმცა, იმედი მაქვს, ეს გატაცებაა. იმიტომ კი არა, რომ მამაო ვარ და ჩემი შვილი მოდელი არ უნდა იყოს. პირიქით, თუ ეს სურს, მაშინ ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს. კარიერად თუ აირჩევს მსახიობობას ან მოდელობას, ყველანაირად შევუწყობ ხელს. თუმცა, ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ჩაბარება. ჩემთვის მთავარია, ღირსეული და სიყვარულით სავსე ადამიანი იყოს და არა ფსევდომართლმადიდებელი. ბევრმა ეკლესიის მსახურმა დაანახვა ჩემს შვილს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.
– მამას როგორი დამოკიდებულება აქვს მის თაყვანისმცემლებთან?
– მე და მარიამს შორის ასაკობრივად და აზრობრივად დიდი სხვაობა არ არის, ამიტომ კარგი მეგობრები ვართ. მთავარია, ისეთი საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას, რომელსაც ვერ მოინანიებს. მინდა, ბედნიერი იყოს და ვის გვერდითაც იქნება, მე მას მივიღებ. შვილს ჩემი აზროვნებით ვერ მოვუწყობ ცხოვრებას. შეიძლება, მისი გადაწყვეტილება არ მომეწონოს, მაგრამ აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ. თუმცა ვთხოვ, რომ დარიგებას აუცილებლად მიაქციოს ყურადღება, რადგან ობიექტურ რჩევებს ვაძლევ.
– ასეთი ლიბერალიზმი შვილების მიმართ, ბავშვობისდროინდელი გამოცდილებითაა გამოწვეული?
– კი. მე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და ვცდილობ, შეცდომები, რომელიც მშობლებმა ჩემთან დაუშვეს, მე შვილებთან არ გავიმეორო. მათ არაფერი აკლიათ და მინდა, ეს სწორად გამოიყენონ. თუ სწავლა არ ენდომებათ, მთავარია, ადამიანები იყვნენ.
– გინდათ, რომ თქვენი შვილი სასულიერო პირი იყოს?
– დღეს, თუ სულიერად ძლიერი არ ხარ, სასულიერო პირობა ძალიან რთულია. დღეს ადამიანი ადამიანისთვის მგელი გახდა. ამას ჩემი შვილები ვერ გაუძლებენ. ძალიან თბილ და ფაქიზ გარემოში იზრდებიან და ყველაფერზე ტირიან. როცა ადამიანი ტირის, ის უკვე დიდია. დიდი ადამიანების გაგება კი მარტივი არ არის. მით უფრო შემოსილებისგან არის მათთვის მტკივნეული სიძულვილი და შური. მე ჯერ კიდევ ჩუმად ვარ, მაგრამ თუ ავლაპარაკდი ან ამ სფეროში დარჩენა აღარ მომინდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება. ეს იქნება იძულება, რაც მათთვის უარესია.
– მარიამი ბოლო დროს ისე აქტიურად აღარ ჩანს. იმიტომ ხომ არა, რომ ძალიან განიცადა ყველაფერი?
– ძალიან ეტკინა და განიცადა. აბსოლუტურ ნიჰილიზმშია. ძალიან პატარა რომ იყო, ყოველ შაბათ-კვირას წირვას ესწრებოდა და ეზიარებოდა თავისი სურვილით. ღამე გულზე ხატებს დაიკრეფდა და ისე იძინებდა. დღეს ტაძარში ქუდი რომ შეუგდო, გამოსატანად არ შევა. ამდენად უარყოფითი შედეგი გამოიღო იმ სასულიერო პირების გადაკიდებამ. მათ რომ ჰკითხოთ, მამა პეტრე აბრკოლებს ხალხს და ჩემი შვილი რომ დაბრკოლებულია, ამაზე აქ თუ არა, იქ მაინც მოეკითხებათ. კიდევ კარგი, მარიამს მე ვყავდი გვერდით, თორემ შეიძლებოდა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო ყველაფერი.
– მარიამის ტატუზე როგორი რეაქცია გქონდათ?
– ზოგადად, მე არც პირსინგი მომწონს და არც ტატუ. იყო დრო, მომწონდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებაა. სხეული სულის ტაძარია და უფლება არ გვაქვს, მას უხეშად მოვეპყროთ. მსგავსი ჩარევები კი, რაღაც კუთხით, ამახინჯებს. მარიამმა იცის, რომ მე ეს ძალიან არ მომწონს, ალბათ, ესეც ასაკობრივია. მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, აკრძალვით შედეგს ვერ მივიღებდი. მირჩევნია, ცუდსა და უარესს შორის, მარიამმა ცუდი გააკეთოს და უარესზე უარი თქვას.
скачать dle 11.3