№45 რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, როცა ბავშვს შიშები აწუხებს და რომელ ასაკში რისი შიშია ნორმალური
დედების უმრავლესობა ბავშვის დახასიათებისას, ხშირად გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მისი შვილი მშიშარაა. საინტერესოა, რა ფენომენია ბავშვის შიში და რა ზეგავლენას ახდენს მის განვითარებაზე. შიში ადაპტაციური ემოციაა, რომელიც ადამიანს გარემოსთან შეგუებაში ეხმარება. შიში ხშირად გვხვდება ბავშვებში, თუმცა, მათი უმრავლესობა განვითარების გარკვეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. მსგავსი ტიპის შიში, ბავშვის ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად, ქრება. თუმცა, ჩნდება ახალი შიშებიც. ხანგრძლივ შიშს დისტრესის გამოწვევაც კი შეუძლია. მაგრამ, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი შიში ბავშვის კონკრეტულ ასაკში ნორმად ითვლება. როდის არის ბავშვში შიში საგანგაშო და როგორ დავეხმაროთ მას შიშის დაძლევაში, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი ანანო ბუბუტეიშვილი
ანანო ბუბუტეიშვილი: შიში ზრდა-განვითარების ყველა ეტაპზე გვხვდება, ჩვილობის პერიოდიდან – ზრდასრულობამდე. კონკრეტულად, 1,5-2 წლის ასაკამდე ხშირად ეშინიათ ჭექა-ქუხილის, მტვერსასრუტისა და უეცარი ხმაურის გამომწვევი საშუალებების. ამის მიზეზია ის, რომ ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ ნერვული სისტემა სრულყოფილად ჩამოყალიბებული. 3-6 წლის ბავშვს ეშინია მშობელთან განშორების, ნიღბების, ხმაურის, სიბნელის; ფილმებში, მულტფილმებში, ან წიგნებში ამოკითხული ამბების არარეალური არსებების. ამ ასაკის ბავშვის წარმოსახვის უნარი ძალიან მდიდარია. მათ უჭირთ განსხვავების პოვნა ფანტაზიასა და რეალურ სამყაროს შორის. რეალურ სამყაროსა და გამოგონილ ამბებს ერთმანეთს უკავშირებენ. მაგალითად, 4 წლის ბავშვს შესაძლოა, მართლა სჯეროდეს, რომ მონსტრი ან ბოროტი ჯადოქარი მისი საწოლის ქვეშ იმალება. ხშირად ბავშვებს სხვადასხვა არხიდან მიღებული ინფორმაცია რეალურ ცხოვრებაში გადმოაქვთ. ამ ყოველივემ შეიძლება, გამოიწვიოს ღამის შიში და კოშმარები.
– როდესაც ბავშვს მშობელთან განშორება უჭირს, ბაღში არ რჩება, ტირის, ეს ნორმალურია?
– ამ ასაკის ბავშვი ფიქრობს, რომ მშობელს შეიძლება, რაიმე ცუდი დაემართოს. ამიტომ უნდა, რომ მუდმივად დედის გვერდით იყოს, რათა დარწმუნდეს, ცუდი არაფერი მოხდება. ამ შიშის გამო შესაძლოა, მან უარი თქვას ბაღში ან სკოლაში წასვლასა და დაძინებაზეც კი. არის შემთხვევები, როცა მშობელთან განშორების, ზებუნებრივი არსებებისა და მარტო ძილის შიში 11-12 წლის ასაკამდეც კი გრძელდება. მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანი ხდება პირადი ურთიერთობები და მეგობრების შეხედულებები მათზე. მას ეშინია, საზოგადოებისგან განცალკევებისა და მარტო დარჩენის.
– ახდენს თუ არა რომელიმე შიში ნეგატიურ გავლენას ბავშვის ქცევაზე და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაცია?
– არის შემთხვევები, როცა შიში ცვლის ბავშვის ქცევას. კერძოდ, მშობელთან განშორების შიშმა შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ ბავშვმა უარი თქვას თუნდაც ეზოში ჩასვლაზე; ზებუნებრივი არსებების შიშმა გამოიწვიოს ძილის რიტმის დარღვევა, კონცენტრაციის პრობლემები, მადის ცვლილება. ნევროზული შიში, როგორც წესი, ვეგეტაციური წესის მოშლილობით, ანუ, გახშირებული გულისცემით, სიცხით, შემცივნებით, უძილობით, მადის დაკარგვით გამოირჩევა. ამიტომ, ამ სიმპტომების პირველი გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ბავშვს. თუ მშობელი დააფიქსირებს, რომ თუნდაც მცირედ შეიცვალა ბავშვის ჩვეული ქცევა, საჭიროა, მიმართოს ფსიქოლოგს. ასევე, აუცილებელია, მივმართოთ იმ შემთხვევაშიც, როცა ბავშვს აღენიშნება მისი ასაკისთვის შეუსაბამო შიში. მაგალითად, თუ 7 წლის ბავშვს ეშინია ნიღბების ან 12 წლისას – მარტო ძილის.
– რა შეგიძლიათ, ურჩიოთ მშობლებს, რათა ბავშვის შიში არ გახდეს განვითარების პრობლემების მიზეზი?
– შეაჩვიეთ თქვენი პატარა უთქვენოდ ყოფნას ეტაპობრივად. თავდაპირველად, დატოვეთ მხოლოდ რამდენიმე წუთით და სხვა ოთახში გადით. მიეცით მას საშუალება, დარწმუნდეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებით. თუ თქვენ თვლით, რომ ბავშვი მზად არის უთქვენოდ დასარჩენად, დატოვეთ მასთან უკვე მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი. წასვლის წინ ბავშვთან დამშვიდობება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მან თქვენი წასვლა გააპროტესტოს კიდეც, თუმცა, ბევრად შემაშფოთებელი აღმოჩნდეს მისთვის, თუ გაეპარებით. ეს კიდევ უფრო გაზრდის შიშს და გამოიწვევს უნდობლობას თქვენს პატარაში. წასვლის წინ აკოცეთ, დაემშვიდობეთ და უთხარით, რომ მალე დაბრუნდებით. არ გააკეთებინოთ ბავშვს შიშით არაფერი, მაგალითად: თუ არ გაჩერდები, პოლიცია მოვა, „გუდიანი“ მოვა – ეს იწვევს და ამძაფრებს შიშს ბავშვში.
– ყველა საშიში სიტუაციისგან ბავშვის დაცვა მშობლის მიერ, ბავშვს მშობელზე დამოკიდებულს ხომ არ გახდის?
– ყველა მშობელი ცდილობს, დაიცვას შვილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ყველა საშიში სიტუაცია ავარიდოთ. მიეცით საშუალება, თვითონ გაუმკლავდეს სირთულეებს. შედეგად, თქვენი შვილი დაძლევს დისკომფორტს და გაუძლიერდება საკუთარი ძალების რწმენა, იამაყებს საკუთარი თავით. მიეცით საშუალება ბავშვს, გამოხატოს შიში. თუ მას ეშინია ძაღლების, მიაჩვიეთ ცხოველთან ურთიერთობას ეტაპობრივად. მაგალითად, აჩვენეთ ძაღლი ფოტოზე ან წიგნში, მოუყევით საინტერესო ამბები. აჩვენეთ მის შესახებ მულტფილმები ან ფილმები და ანახვეთ ძაღლი შორიდან და საბოლოოდ, მიეცით საშუალება, იზრუნოს საკუთარ ძაღლზე. ბავშვი ყოველთვის გაკვირდებათ თქვენ. გახსოვდეთ, თქვენი შვილი მიბაძვით სწავლობს გარემოსთან ურთიერთობას. თუ ხედავს, რომ თქვენ გეშინიათ ძაღლების, დიდი ალბათობით, მასაც იგივე შიში გაუჩნდება. ეცადეთ, იყოთ მეტად გამბედავი ბავშვთან ურთიერთობისას. შეაქეთ და წაახალისეთ ის სიმამაცისთვის.