№45 როდის ვერ იკავებდა ლელა მებურიშვილი ცრემლებს ბედნიერებისგან და რაში არ ენანება მას ფულის ხარჯვა
„ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ ახალი მეგაშოუა, რომელიც „იმედზე“ ახლახან დაიწყო. მისი ერთ-ერთი წამყვანი, მსახიობი ლელა მებურიშვილია. რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, ლელა კვლავ ეკრანს დაუბრუნდა. თუმცა, მანამდე არდადეგები ულამაზესი მოგზაურობით დაასრულა და მეუღლესთან ერთად, ქორწინების ოთხი წლისთავი იტალიაში აღნიშნა.
ლელა მებურიშვილი: ეს გადაცემა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და როგორც ჩანს, საქართველოშიც ასე იქნება. მსგავს პროექტში ადრეც ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. პირველი გადაცემა ძალიან მომეწონა და მგონი, მაყურებელსაც იგივე დამოკიდებულება გაუჩნდა.
– შენთვის როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი. ბოლო რამდენიმე თვე აღარ ჩანდი ეკრანზე.
– რამდენიმე თვეა, „დღის შოუში“ აღარ ვარ. სიახლეს ველოდი და ამ დროს გამოჩნდა ეს გადაცემა, რომელიც ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ადრეც ზუსტად ამ სტილის წამყვანი ვიყავი. თუმცა, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ძალიან მომწონს ბავშვების გულშემატკივრობის პროცესი და მიხარია, რომ ახალი ვარსკვლავის დაბადების თანამონაწილე ვხდები.
– გარეგნულად როგორ ემზადები ეთერისთვის.
– „დღის შოუ“ ყოველდღიური გადაცემაა და არ იყო საჭირო, რომ რაღაც გრანდიოზული მცმოდა. რაც შეეხება ამ შოუს, ეს მართლაც მეგაშოუა და ძალიან ლამაზად უნდა გამოვიყურებოდე. მაგრამ, რადგან მთელი გადაცემის განმავლობაში სცენაზე არ ვდგავარ და ძირითადად, ოთახში ვარ, ცოტა სასაცილო იქნებოდა, გრანდიოზულად რომ მეცვას. ამიტომ, ძალიან გადაპრანჭვა არ მჭირდება, მაგრამ ლამაზად უნდა ვიყო (იცინის). შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, „ოქროს შუალედი“ დავიცვა.
– სანამ ახალი გადაცემა დაიწყებოდა, მანამდე, შენი იტალიური ვოიაჟის ამსახველი ფოტოები ვრცელდებოდა ინტერნეტში. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
– მეგობრებმა დააპირეს უცებ იტალიაში წასვლა და მე და ჩემს მეუღლესაც შემოგვთავაზეს. სრულიად მოულოდნელი და სპონტანური გადაწყვეტილება იყო. ერთ საღამოს ვთქვით და მეორე დილით გავფრინდით. ჩვენი ჯვრისწერის ოთხი წლის იუბილე იყო. სხვაგან ვაპირებდით წასვლას, მაგრამ რადგან მეგობრებმა იტალია შემოგვთავაზეს, გადავწყვიტეთ, იქ წავსულიყავით. ძალიან კარგი კვირა გამოგვივიდა. ბევრ ქალაქში ვიყავით და საოცნებო ადგილები ვნახეთ. ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ ნახვა მინდოდა ძალიან. აღმოჩნდა, რომ ასე მარტივად, მიხვიდე და ნახო, როგორც ჩვეულებრივ მუზეუმებში, არ ხდება და თურმე, თვეებით ადრე უნდა ჩაეწერო. რამდენიმე დღით ადრე რომ დავრეკე, მითხრეს, შეგვიძლია, ორი თვის შემდეგ დაგიჯავშნოთო (იცინის). ყველამ ხელი ჩავიქნიეთ, მაგრამ საბოლოოდ, უამრავი თავგადასავლის შემდეგ, წამოსვლის დღეს, ფრენამდე ერთი საათით ადრე, მაინც მოვახერხე მისი ნახვა. თუ მიზანს დაისახავ, აუცილებლად განახორციელებ. წამოსვლამდე ერთი საათი გვქონდა. მეუღლეს ვთხოვე, რომ მივიდეთ და იქნებ, ადგილზე რამე მოვახერხოთ-მეთქი. ჩემს თხოვნაზე იქ გაეცინათ, გადამყიდველი ან რამე მსგავსი არასდროს ყოფილა, მსგავსი რაღაცები აქ არ ხდებაო. ერთი საათი იქვე, პარკში ვიჯექით და ვიცდიდი, იქნებ რამე შეცვლილიყო (იცინის). ვხედავ, ვისაც დახმარება ვთხოვეთ, ის ბიჭი გვეძახის, მოდითო: ჯგუფის ერთი წევრი არ მოვიდა და შემიძლია, მისი ბილეთი მოგცეთ, ყველაზე იღბლიანები ყოფილხართ. არ გვახსოვს, აქ მსგავსი რამ მომხდარიყოსო (იცინის). ბედნიერებისგან მეტირებოდა, საოცრება ვნახე. სიხარულისგან დავფრინავდი.
– უცხოეთში ყოფნისას, ქალებისთვის ერთ-ერთი საყვარელი პროცესი „შოპინგია”.
– ყოველთვის მინდა, სხვაგან რამე განსაკუთრებული ვიყიდო. როცა სადმე კონკრეტულად, „შოპინგისთვის” მივდივარ, დრო სხვა აღარაფრისთვის მრჩება (იცინის). მთელი დღეები საყიდლებზე დავდივარ. თუ სხვა საქმეზე მიდიხარ, რამდენიმე დღე მაინც უნდა გამოყო ამისთვის.
– მეუღლეებს ყოველთვის პრობლემა აქვთ ამ საკითხში. მამაკაცებს, ძირითადად, არ უყვართ ეს პროცესი.
– ბაჩო სხვანაირია. არ ეზარება ლოდინი და შენთვის სიარული. პირიქით, შეუძლია, შერჩევაში დაგეხმაროს. თვითონ მანახვებს ხოლმე რაღაცებს, ეს ხომ არ მოგწონსო. ბევრჯერ გაუკეთებია სიურპრიზი და საოცარი ჩანთა ან ფეხსაცმელი უჩუქებია. ზუსტად ისეთი, როგორსაც მე ავირჩევდი. პრინციპში, მეც არ ვარ ისეთი ტიპი, მთელ დღეს არჩევაში რომ ატარებს. მაღაზიაში რომ შევიხედავ, უკვე ვიცი, ის ადგილია თუ არა, რომელიც მე მჭირდება. თვალს რომ გადავავლებ, უცებ ვპოულობ, რაც მინდა და თუ მაშინვე არ მხვდება თვალში, ძებნას არ ვიწყებ. ამიტომ, ჩემთან ერთად სიარული მოსაბეზრებელი არ არის.
– როცა ძვირად ღირებულ ბრენდებს ეხება საქმე, ქალებს ცოტა უჭირს ზომიერების დაცვა, თქვენთან რა ხდება?
– არ მიყვარს სამოსში ძალიან ძვირის მიცემა. ნებისმიერი კაბა, რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს, მეორედ ვეღარ ჩაიცვამ. თბილისი პატარა ქალაქია და ერთი კაბით მეორე წვეულებაზე რომ წახვიდე, ხუთი კაცი მაინც შეგვხდება ისეთი, ვინც წინა წვეულებაზეც შენთან ერთად იყო და ამ ფორმაში გნახა. მით უმეტეს, თუ ეკრანზეც ჩანხარ. ამიტომ, ვცდილობ, სამოსში ძვირი არ გადავიხადო. ერთადერთი, ფეხსაცმელსა და ჩანთაში არ მენანება ფული, რადგან ერთჯერადი მოხმარებისთვის არ ვყიდულობ. ზოგადად, „შოპინგს” რაც შეეხება, მე უფრო მომჭირნე ვარ, ვიდრე ჩემი მეუღლე. ბაჩო მეუბნება ხოლმე, რატომაც არა, ისიც იყიდე და ესეცო – უფრო თავისუფლად უყვარს ფულის ხარჯვა, მე უფრო ეკონომიური ვარ. სხვათა შორის, ნებისმიერ საკითხში ასე ვარ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობ და ვცდილობ, ზედმეტი ფული არ დავხარჯო. თუმცა, როცა ბავშვების სამოსს ეხება საქმე, იქ ვერ ვახერხებ ზომიერების დაცვას. ვიცი, რომ არასწორია, რამდენიმე თვეში უპატარავდებათ, ზოგჯერ ისეც, რომ ჩაცმასაც ვერ ასწრებენ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია (იცინის). უფრო ემოციაში ვიხდი ფულს და ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, უარს ვერ ვამბობ.
– გაიზარდნენ უკვე. როგორი ბავშვები არიან?
– ორწლინახევრის რომ იყო ალექსანდრე, ვფიქრობდი, „ვსო”, უკვე დიდია და ახლა დავმშვიდდები-მეთქი. ყველაფერს კარგად აკეთებს, უპრობლემოდ იძინებს და ასე შემდეგ. ახლა სამი წლისაა და მივხვდი, რომ ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო, გარდატეხის ასაკი აქვს (იცინის). ძალიან გაცელქდა, უნდა, არავის დაემორჩილოს და ყველაფერში თავისი გაიტანოს. რომ გაიღვიძებს, უნდა „შეაბა“, რომ ჩაიცვას; მერე უნდა „შეაბა“, რომ ჭამოს. მოკლედ, ყველაფრისთვის „შებმა“ სჭირდება. სანდროს უნდა ყველაფერი, რაც ლილიკოს აქვს. ლილიკოს უნდა ყველაფერი, რაც სანდროს უჭირავს ხელში. ორივეს ერთად შია, სწყურია და ბანაობაც კი ერთად უნდებათ. მოკლედ, საგიჟეთი გვაქვს (იცინის). არადა, აქამდე ძალიან მშვიდად იზრდებოდნენ და ყველას უკვირდა. ახლა ვხვდები, რატომ მეკითხებოდნენ, ორ ბავშვთან ერთად, მთელი დღე სახლში როგორ ჩერდები, არ გიჟდებიო? (იცინის). აქამდე მეგონა, ორი პატარის ყოლა სიმშვიდეს ხელს არ უშლიდა.
– ვის ჰგვანან?
– ალექსანდრე ძალიან წესრიგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოების ოთახში ძალიან ბევრი სათამაშოა, ყოველთვის თავის ადგილზე დებს ყველაფერს და სულ წესრიგში აქვს. ამ მხრივ, მგონი, მე მგავს. ლილიკო პირიქით, ყველაფერს ყრის მაგიდიდან. ძალიან ბუტიაა – ადვილად სწყინს და ტირილს იწყებს. ისიც მე მგავს ამ თვისებით (იცინის). სანდრო საერთოდ არ ტირის. რომც დავარდეს და იტკინოს, ერთს წაიკრუტუნებს და ჩუმდება, დიდივით იქცევა. ძალიან მოწებებულია ჩემზე. ლილიკოც ასეა, როცა მხედავს, ჩემთან უნდა, მაგრამ მამასთანაც ძალიან კარგად გრძნობს თავს.
– მამა ცოტას არ ეჭვიანობს?
– არა მგონია (იცინის). სასიამოვნოა, როცა შენთან უნდათ, მაგრამ სახლიდან რომ გადიხარ და ბავშვები ტირიან, ეს საშინელებაა. ბაჩოს წასვლაზეც რომ ტიროდნენ, ხომ საერთოდ, მაგრამ, სხვათა შორის, ლილიკო ტირის ხოლმე. სანდროს ძალიან უყვარს მამასთან თამაში და ძილი თუ უნდა, დედამ უნდა დააძინოს. ეს, პირიქით, ბაჩოსთვის კარგია (იცინის). მეც გამიხარდება, ლილიკო რომ ტიროდეს: არა, მამიკომ დამაძინოსო (იცინის).
– მათ გარეშე არ გაგიჭირდათ იტალიაში?
– ახლა სანდრო სამის, ლილიკო კი, ერთი წლისაა. ამ დროის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ ერთი კვირით დავტოვე და თან, ორივე ერთად. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ტელეფონზე ჩამოკიდებული არ ვყოფილვარ. ამის პირობა ჩემს თავს მივეცი. როცა წასული ვარ და ველაპარაკები, მაშინ უფრო ღელავენ პატარები და ამიტომ, ვცდილობ, ეს თავიდან ავირიდო. დედას, ბებიებს და ძიძებს ვეკონტაქტებოდი. უბრალოდ, სულ ვიდეოებსა და ფოტოებს ვათვალიერებდი (იცინის).