კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 სიცოცხლე ფსონად

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹40-44(879)




ამ ორიოდე კვირის წინ, „პიავკამ“ თავის ერთ-ერთ ბინაში დამიბარა და მითხრა:
– ყველაფერი მოვიფიქრე. უნდა დამეხმარო და შენი ქმრის პრობლემა გადაიჭრება. ჩემს ცოლს გავაგდებ და ცოლად შენ მოგიყვან. აქედან უცხოეთში გადავალთ საცხოვრებლად და ბედნიერად ვიქნებითო.
– რა უნდა გავაკეთო? – ვკითხე ალბერტას.
– ბევრი არაფერი, – მხრები აიჩეჩა „პიავკამ“, – დღეს შევარჩევთ და შენი წაგებული და გალეშილი ქმარი სახლში რომ დაბრუნდება „გრალბადან“, პისტოლეტს ხელში დააჭერინებ და თითს „კუროკს“ გამოჰკრავ. თვითმკვლელობის ინსცენირებას მოაწყობო.
– რას როშავ! – ვიღრიალე მე, – ადამიანს როგორ მოვკლავ, მით უმეტეს, ჩემს ქმარს. რატომ, რა დამიშავა-მეთქი?
– სულელო! შენ ხომ მისი ერთადერთი მემკვიდრე ხარ. მისი მილიონები შენ დაგრჩება. ჩვენ დავქორწინდებით. ბიზნესებს გავაერთიანებთ და ბედნიერად ვიცხოვრებთ, – მითხრა „პიავკამ“ და დააყოლა, – წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს შენს რქიან, „ნეუდაჩნიკ“ ქმარს გავაგებინებ, ის კი ქუჩაში გამოგაგდებს. უკაპიკოდ დარჩები, საბოლოოდ, „გაპრაშმანდოვკდები“ და ასეთ შანსს თუ ხელიდან გაუშვებ, ვეღარასდროს ამოქაჩავ. ჰა, ამოირჩიე – აქეთ მილიონები და ჩემი ცოლობა, იქით კი – ქუჩა, ბოზობა და ბოლოს მათხოვრული სიკვდილი.
– არა! კოტიკოს მე ვერ მოვკლავ! – მტკიცედ განვუცხადე „პიავკას“, – რაც გინდა, ის ქენი. არ შემიძლია.
პიავკა ჯერ მუქარაზე გადავიდა, სიკვდილით დამემუქრა. ბოლოს მოლბა და მითხრა:
– კარგი. შენ ნუ მოკლავ, მაგრამ ხელი შემიწყვე. იცოდე, ამაზეც თუ უარს მეტყვი, ყველაფერს შენს ქმარს შევატყობინებ. თავს მოგჭრი საქვეყნოდ. შენს ქმარს რომც მოუყვე ყველაფერი და უთხრა, „პიავკა“ მაიძულებდა შენს მოკვლასო, ამ სიტყვებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და ვერ დამიჭერენ. შენი  ქმარი კი ფეხებსაც ვერ მომჭამს, კაცურ ამბავში სამაგიეროს გადახდაც რომ დააპიროს. ხომ ხედავ, როგორი დაცვა მყავს. ახლოსაც ვერ მომეკარება. თანაც, ის უკვე დაღუპული კაცია. „გაიგროკდა“, გალოთდა, მალე მთელ თავის ქონებას ჩემს მაუდზე წააგებს და თვითონაც „გაბომჟდება“ და შენც „გაგაბომჟებსო“. ერთი სიტყვით, პიავკამ მეორე ვარიანტზე დამითანხმა. მას მე „პორშეს“ სათადარიგო გასაღები გადავეცი, დისტანციურ პულტთან ერთად და შევპირდი, რომ „ადოლფს “გამოვამწყვდევდი. შემდეგ ბათუმში გავემგზავრე და იქ ველოდებოდი ცნობას ჩემი ქმრის თვითმკვლელობის შესახებ. ხოლო „პიავკას“ მკვლელობისა და ჩემი ქმრის დაპატიმრების შესახებ რომ შევიტყვე, ვერაფერს მივხვდი. მას მერე ვფიქრობ, მაგრამ პასუხებს ვერ ვპოულობ, – ქალმა მხრები აიჩეჩა. თხრობა დაასრულა და გააბოლა, თან, უსოდო ვისკი გადაკრა.
ვაჟა ბერიძემ ყურადღებით შეათვალიერა ქალი და დარწმუნდა, არ ცრუობდა. გულის სიღრმეში შეებრალა კიდეც და უთხრა:
– მაინც არ უნდა დათანხმებულიყავით კოტეს თვითმკვლელობის ინსცენირებას  და ყველაფერი მეუღლისთვის მოგეყოლათ.
– კი. ჯობდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა ამაზე ლაპარაკი. თქვენ ის მითხარით, მე რა მეშველება?
– მხოლოდ და მხოლოდ აღიარებითი ჩვენება თუ შეგიმსუბუქებთ სასჯელს და იქნებ სასამართლო საპროცესო გარიგებაზე წამოვიყვანოთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ყველაფერი ქაღალდზე გადაიტანოთ და ჩემთან ერთად გამომძიებელ ერდო ხვისტანს მიუტანოთ პროკურატურაში. რას იტყვით, თანახმა ხართ ამაზე?
– თანახმა ვარ, –  თქვა ქალმა და ხუთიოდე წუთის შემდეგ, უკვე თავისი მონათხრობი თაბახის ფურცლებზე გადაჰქონდა. სულ რაღაც ორიოდე საათში კი, ნონა ხარძია და ვაჟა ბერიძე გამომძიებელ ერდო ხვისტანის კაბინეტში იმყოფებოდნენ და მოთმინებით ელოდნენ, თუ როდის დაასრულებდა ხვისტანი ნონას ჩვენების კითხვას. იქვე იჯდა კოტე ჩხეიძეც, რომელიც ვაჟა ბერიძის მოთხოვნით ამოიყვანეს საკნიდან ცოლთან დასაპირისპირებლად.
 – ყველაფერი გასაგებია, – თქვა ხვისტანმა, როდესაც კითხვა დაასრულა. ნონა ხარძიას მიაპყრო მზერა და უთხრა:
– იცით, ქალბატონო ნონა, რომ ამ ჩვენების საფუძველზე, ვალდებული ვარ დაგაპატიმროთ და საკმაოდ მძიმე ბრალდება წაგიყენოთ?
– იცის, ბატონო ერდო, იცის. აღიარებითი ჩვენება კი იმიტომ დაწერა, რომ სინდისმა არ მოასვენა ქალბატონი ნონა და თავადვე გამოცხადდა აქ. იმედი აქვს, რომ თქვენც გაითვალისწინებთ ამას და სასამართლოც, – ქალის მაგივრად უპასუხა ხვისტანს ვაჟა ბერიძემ.
ხვისტანს ჩაეცინა და თქვა:
– კეთილი. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ზედამხედველ პროკურორს დაველაპარაკები და თუკი არც ქალბატონი ლენა იქნება წინააღმდეგი, სასამართლოში შუამდგომლობას შევიტან ბატონი კონსტანტინეს გათავისუფლებასა და ქალბატონ ნონას პატიმრობაში აყვანის შესახებ.
ზედამხედველი პროკურორი – ქალბატონი ლენა, კრუპიე პავლუშას მეუღლე გახლდათ. მთავარ პროკურატურაში ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა. ის ვაჟა ბერიძეს ძალიან კარგად იცნობდა, პატივს სცემდა და არაერთი საქმე ჰქონდა გამოძიებული მისი ზედამხედველობით. ბერიძეც დიდ პატივს სცემდა თავის ყოფილ შეგირდს და მთელ პროკურატურაში, ერთადერთ პროფესიონალ და პატიოსან მუშაკად მიაჩნდა.
ლენა თავად ესტუმრა კაბინეტში ხვისტანს. ბერიძეს მოწიწებით მიესალმა და მოიკითხა. შემდეგ ნონა ხარძიას ჩვენებას გაეცნო და ხვისტანს ჰკითხა:
– რას აპირებთ, ბატონო ერდო?
– თუ თქვენც თანახმა იქნებთ, ბატონ კონსტანტინეს გათავისუფლების, ხოლო ქალბატონ ნონას პატიმრობაში აყვანის შუამდგომლობას შევიტან სასამართლოში, – მიუგო ხვისტანმა.
– მე კატოგორიული წინააღმდეგი ვარ! – მტკიცედ თქვა ზედამხედველმა პროკურორმა.
– რატომ, ლენაჩკა? – ჰკითხა ბერიძემ ლენას.
– თქვენ რომ პროკურორი იყოთ, იგივეს არ იზამდით, ბატონო ვაჟა? – კითხვით უპასუხა ყოფილ კოლეგას ზედამხედველმა პროკურორმა, – ქალბატონი ნონას აღიარებითი ჩვენება ბატონ კონსტანტინეს გათავისუფლების საფუძვლად არ გამოდგება. გამორიცხული არაა, რომ ქალბატონი თავისი მეუღლის დახსნას ცდილობს იმ იმედით, რომ სასამართლო მას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს, რაც სავსებით რეალურია. ამ საქმეში არაერთი მნიშვნელოვანი დეტალია გამოუძიებელი. მთავარი კი, ის ეფემერული, ფანტომი მკვლელია, რომელმაც ეს გაურკვევლობა დაატრიალა. ძალიან არადამაჯერებელია ის სურათი, რაც ამ საქმეში დაიხატა და მთავარია, მკვლელის დაკითხვა, რომელიც სრულ ნათელს მოფენს ამ საქმეს.
– ლენაჩკა, ძვირფასო, მკვლელსაც ჩვენ ხომ არ დავიჭერთ. ეს საქმე თქვენი და ოპერატიული სამსახურის კომპეტენციაა, – უთხრა ბერიძემ ლენას.
– დიახ, ბატონო ვაჟა და იმედია, რომ ამასაც მივაღწევთ. მით უმეტეს, – ზედამხედველმა პროკურორმა ხვისტანს გახედა და განაგრძო, – რომ ბატონ ერდოს ეს საქმე ჩამოერთმევა და პირადად მე მოვკიდებ ხელს. მანამდე კი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ბატონი კონსტანტინე პატიმრობაში დარჩება. ქალბატონი ნონა კი – შინაპატიმრობაში და მის სახლში დღეიდან ოპერატიული თანამშრომლები იმორიგევებენ.
ვაჟა ბერიძე მშვენივრად უწყოდა, რომ მისი ყოფილი ხელქვეითი ასე იოლად არ შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას და საგულდაგულოდ გამოიძიებდა ყველა წვრილმანს, ამიტომ უთხრა:
– კეთილი, ლენაჩკა. პრინციპში, მართალი ხარ და გეთანხმები, რომ ამ საქმეში არაერთი თეთრი ლაქაა. შენი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ბატონი კონსტანტინე მართლა უდანაშაულოდ ზის ციხეში და რაც უფრო მალე დაამტკიცებ ამას, მით უკეთესი მისთვის, პროკურატურის პრესტიჟისა და ზოგადად, სამართლიანობისთვის.
– კარგი, ბატონო ვაჟა,  გავითვალისწინებ. ახლავე ჩავუჯდები ამ საქმეს და, – ლენამ საათს დახედა, – ორიოდე საათში, ანუ საღამოს ექვსი საათისთვის, მოქმედების გეგმა მზად მექნება. მაქსიმალურად შევეცდები, რომ სამართალმა იზეიმოს, – უთხრა ზედამხედველმა პროკურორმა ადვოკატს და ნახევარი საათის შემდეგ, როცა სავალდებულო პროცედურები შესრულდა, ნონა ხარძია შინაპატიმრობაში აიყვანეს, კოტე ჩხეიძე კი, საკანში დააბრუნეს. ხვისტანის კაბინეტში მხოლოდ გაწბილებული, „ახალი ტალღის“ გამომძიებელი დარჩა, რომელსაც ბრაზი ახრჩობდა და გულში მწარედ აგინებდა ზედამხედველ პროკურორს.
***
ლენამ „პიავკას“ მკვლელობის საქმე თავის კაბინეტში წაიღო და მის დამუშავებას შეუდგა. რაც უფრო ღრმად ეცნობოდა ძიების მასალებს, მით უფრო რწმუნდებოდა ერდო ხვისტანის პროფესიულ უვიცობაში. საღამოს შვიდი საათი რომ შესრულდა, ლენას მობილურმა დარეკა.
– ჰო, რა ხდება? – იკითხა ლენამ და პასუხი რომ მოისმინა, თქვა:
– ასეთი სასწრაფო რა საქმეა?.. კარგი მოვდივარ. ათ წუთში მანდ ვიქნები.
ლენამ საქმე ცეცხლგამძლე სეიფში ჩაკეტა და სასწრაფოდ დატოვა მთავარი პროკურატურა. თავისი მანქანით ზედამხედველი პროკურორი რუსთავის გზატკეცილს დაადგა. სოფელ ფონიჭალას რომ გასცდა, სასაფლაოსკენ გადაუხვია და შავი ფერის „მერსედესთან“ გაჩერდა. მანქანაში მას ქალი და კაცი ელოდებოდნენ. ლენა მათთან გადაჯდა. ოცი წუთის შემდეგ კი კვლავ სამსახურში დაბრუნდა, მაგრამ ისეთი აღელვებული იყო, დადგენილებებისა და შუამდგომლობების ტექსტების აკრეფა გაუჭირდა. ბოლოს თავი მოთოკა და ტექსტი ჯერ აკრიფა, შემდეგ ამობეჭდა და გაგზავნა. პასუხი რომ მიიღო, საათს შეხედა. ისრები საღამოს ცხრას უახლოვდებოდა. ქალმა მობილურზე დარეკა და თქვა:
– საღამო მშვიდობისა, ბატონო ვაჟა, ხომ არ გეძინათ?
– არა, ლენაჩკა. ხომ მშვიდობაა? – უპასუხა თავის ყოფილ შეგირდს ვაჟა ბერიძემ.
– დიახ, ბატონო ვაჟა. გულდასმით გავეცანი საქმეს და დავრწმუნდი, რომ ბატონი კონსტანტინე ჩხეიძე უდანაშაულოა და სავსებით შესაძლებელია მისი გათავისუფლება; მისი მეუღლის კი – პატიმრობაში აყვანა. შესაბამისი საბუთები უკვე გადავგზავნე სასამართლოში. პასუხიც მივიღე და სხდომა ღამის თერთმეტ საათზე დანიშნეს სასწრაფოდ. ასე რომ, არ დაიგვიანოთ. სასამართლოში გელოდებით.
– ღმერთმა აგაშენოს, ჩემო გოგონა. ტყუილად კი არ ვამბობ, რომ მთელ პროკურატურაში ერთადერთი სპეცი ხარ, – აღტაცებით წამოიძახა ბერიძემ.
– კეთილი. შეხვედრამდე, – მიუგო ლენამ ბერიძეს. შემდეგ ტელეფონი გათიშა და სიგარეტი, რომელსაც ათასში ერთხელ ეწეოდა, ისე მაგრად მოქაჩა, თითქმის ნახევრამდე ჩაიყვანა.
***
სასამართლო სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მოსამართლე ალისა ხუროძემ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა. ნონა ხარძიას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მატროსოვის ციხეში გაამწესეს. კოტე ჩხეიძე კი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
კოტე ვაჟა ბერიძემ მიიყვანა სახლში საკუთარი მანქანით და მას მერე, რაც ორივე ტყავის ძვირფას სავარძელში მოკალათდა, მასპინძელმა თავის ადვოკატს უთხრა:
– თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ბატონო ვაჟა. რომ არ გეყოჩაღათ, ალბათ, ციხეში დამალპობდნენ და სიმართლე არ გაირკვეოდა.
– გაირკვეოდა, ჩემო კოტე, აუცილებლად გაირკვეოდა. ლენა ძალიან პატიოსანი და პროფესიონალი პროკურორია. თუმცა, სიმართლე გითხრა, ასე მალე არ ველოდებოდი შენს გათავისუფლებას.
კოტეს ჩაეცინა. შემდეგ დისტანციური პულტით  იარაღის საიდუმლო საცავი გააღო. მეორე პულტით კი, საცავის ქვემოთ მოთავსებული სეიფი გახსნა. იქიდან დოლარების დასტა გამოიღო, ადვოკატს წინ დაუდო და უთხრა:
– აი, ბატონო ვაჟა, აქ ოთხასი ათასი დოლარია და ინებეთ.
– რას ამბობ, კოტიკო, – გაუკვირდა ადვოკატს, – ჩვენ ორმოცდაათ ათასზე შევთანხმდით  აქ კი, რვაჯერ მეტია. ამდენი არ მეკუთვნის.
– გეკუთვნით, ბატონო ვაჟა, მეტიც გეკუთვნით, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ეს თანხა მაქვს ქეშად. ასი ათასს, ანუ შეთანხმებულზე ორჯერ მეტს ჩემი დახსნისთვის გიხდით. ასი ათასს – ნონას საადვოკატო მომსახურებისთვის, ხოლო ორასი ათასი კი, ჩემი აზრით, საპროცესო შეთანხმებას დასჭირდება იმ უბედურის დასახსნელად. ხოლო თუ ნაკლებად გაუკეთებთ, რაც დარჩება, თქვენი იყოს.
– ესე იგი ციხეში დალპობას არ უპირებ?
– ღირსი კი არის, მაგრამ, რაც მან დაწერა თავის ჩვენებაში, ვფიქრობ, არაფერი მოუტყუებია და იმის მორალურ უფლებას მაძლევს, ციხიდან დავიხსნა. მეტიც, ამ სახლს, თავისი „ადოლფით“, აგრეთვე ასი ათას დოლარს მას მივცემ და ვფიქრობ, ეყოფა აზრზე მოსასვლელად. თუ არ მოეგება გონს, მაშინ საბოლოოდ დაიღუპება და მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალოს, – თქვა კოტიკო ჩხეიძემ. საათს დახედა და დააყოლა, – ორის ნახევარი სრულდება. თორმეტ საათში „პიავკას“ დამარხავენ და ვფიქრობ, მეტი ვეღარავის მოუტანს ზიანს ეგ ბოროტი უბედური.
– აბა, დროებით, ჩემო კოტიკო. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, – თქვა ბერიძემ. ფული პატარა საკვოიაჟში ჩაალაგა და გასასვლელისკენ გაემართა.
– პირიქით, ბატონო ვაჟა, ეს თქვენ – დიდი მადლობა. აბა, დროებით. შეხვედრამდე, მიუგო კოტიკო ჩხეიძემ ვაჟა ბერიძეს და სახლიდან გაისტუმრა.
***
„პიავკას“ დასაფლავებისთვის მთელი მედია საგანგებოდ ემზადებოდა, ყველა ტელეკომპანია ლამის პირდაპირ ეთერში აპირებდა ამ პროცესის გაშუქებას თავიდან ბოლომდე. თუმცა, კოტე ჩხეიძის გათავისუფლებისა და მისი მეუღლის დაპატიმრების ცნობამ ყველას მიავიწყა „პიავკა“. ყველანი ჩხეიძის კარმიდამოს მიაწყდნენ და კოტესგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ. მაგრამ კოტე ჩხეიძეს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდნენ. ეზოში კი გააფთრებული „ადოლფის“ შიშით ვერ შედიოდნენ, რომელიც ღრენა-ღრენით დარბოდა ეზოში და ჟურნალისტებს აშინებდა. ერთ-ერთმა თავხედმა კორესპონდენტმა მაინც სცადა ეზოში შეუმჩნევლად შეღწევა და ღობეზე გადაძვრა. თუმცა, იქვე დაისაჯა, რადგან „ადოლფი“ მას ჰაერში მისწვდა, კბილები შარვლის ტოტზე ჩაავლო, ჩამოქაჩა და ჟურნალისტი ნიფხვისამარა დატოვა... ამის შემდეგ აღარავის უცდია ეზოში შეღწევა, მაგრამ მაინც მორჩილად ელოდნენ ვინმეს გამოჩენას და ისე გაერთნენ, რომ ალბერტ ბაბაიშვილის დასაფლავებაც „გამაზეს“.
უამრავი ხალხის მიუხედავად, სამგლოვიარო პროცესიაში შესაბამისი განწყობა არავის ეტყობოდა. ალბერტა ისე ჩავიდა მიწაში, მისთვის ერთი ცრემლიც არავის გადმოუგორდა.
***
„პიავკას“ დასაფლავებიდან ორ კვირაში მისი ქონების ერთადერთმა მემკვიდრემ, ნინო ვაჩნაძემ ჯერ ეს ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა, შემდეგ ყველა ბიზნესი და უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა. თბილისიდან გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა და ისე მოხდა, რომ „პიავკასთვის“ ორმოციც არავის გადაუხდია, არც არავის გახსენებია ხეირიანად, რადგან ის უკვე წარსულში იყო და არავის აინტერესებდა.
სამაგიეროდ, აქტუალური იყო ნონა ხარძიას პროცესი, რომელსაც ვაჟა ბერიძე იცავდა და სასამართლოს დასკვნითი სხდომა „პიავკას“ მკვლელობის მეორმოცე დღეს ჩატარდა. სხდომა დახურული იყო. მედია იქ არ შეუშვეს და როდესაც ადვოკატი სასამართლოს ეზოში გამოვიდა და მას ჟურნალისტები მიაწყდნენ, ბერიძემ ისინი ხელით გააჩერა და თქვა:
– მოსამართლემ, ქალბატონმა ალისა ხუროძემ ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ქალბატონი ნონა ხარძია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა მას ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი. გადავიხადეთ ასი ათასი დოლარის ექვივალენტის თანხა ლარებში. ახლა კი დროებით. ძალიან მეჩქარება აეროპორტში, მეგობარი უნდა ვნახო.
ვაჟა ბერიძე ავტომობილში ჩაჯდა და მართლაც აეროპორტისკენ აიღო გეზი. ის იმიტომ ჩქარობდა ასე, რომ უნდოდა, თბილისი-პრაღის ავიარეისისთვის მიესწრო, რომელიც ერთ საათში მიფრინავდა. ყოფილმა გამომძიებელმა მაშინ შედგა აეროვაგზალში ფეხი, როცა რეისზე რეგისტრაცია დასრულებული იყო და მგზავრები თვითმფრინავში ჩასასხდომად მიემართებოდნენ. ბერიძე საზღვრის აღმნიშვნელი შლაგბაუმისკენ გაქანდა და იმ დროს გააჩერა კოტე ჩხეიძე, უკვე რომ გადიოდა.
– კოტიკო! – დაუძახა ბერიძემ ჩხეიძეს, რომელმაც დაძახილზე უკან მოიხედა, მობრუნდა და ადვოკატს უთხრა:
– აქ როგორ მომაგენით, ბატონო ვაჟა?
– ჩემმა წყაროებმა მაცნობეს, რომ პრაღაში გამოუმშვიდობებლად აპირებდი გაფრენას და ძლივს მოგისწარი. ნონას პროცესზე ვიყავი.
– როგორ დასრულდა?
– ასი ათასი გადავიხადეთ და პირობით ხუთი წელი მისცეს.
– მეორე ასი ათასი თქვენია, როგორც შეგპირდით, ბატონო ვაჟა.
– მადლობა, კოტიკო. ათიოდე წუთი გაქვს, რომ დამითმო?
– დიახ. გისმენთ, ბატონო ვაჟა.
– კოტიკო, ძვირფასო, ახლა ჩემში მაძებრის ინსტინქტი მძლავრობს და რასაც გეტყვი, ბოლოს ან დაადასტურე, ან უარყავი. კარგი?
– გისმენთ, ბატონო ვაჟა.
– კოტიკო, ჩემი აზრით, „პიავკას“ მართლაც უნდოდა შენი თვითმკვლელობის ინსცენირება და ეს საქმე, სავარაუდოდ, თავის კრუპიეს, პავლუშას დაავალა. მან კი ეს შენ შეგატყობინა და სავარაუდოდ, შენი შეკვეთით, თავად „პიავკა“ დაახურდავა. პისტოლეტზე თითის ანაბეჭდები კი შეგნებულად დატოვე, რომ ცოტა ხნით ციხეში ჩამჯდარიყავი და შემდეგ ისე გამოსულიყო, როგორც გამოვიდა. ვფიქრობ, ნონას ღალატის ამბავი დიდი ხანია, იცი და ვითომ იმიტომ გალოთდი და გაიგროკდი, რომ „პიავკას“ ყურადღება მოგედუნებინა, უფრო იოლად გამკლავებოდი მას. ახლა, რაც შეეხება პავლუშას, ასე ვთქვათ, „ქილერობას“, პავლუშა ყოფილი პროკურორის, ლენას მეუღლეა. ლენამ შენი გათავისუფლებიდან ერთი კვირის შემდეგ, თავი დაანება პროკურატურაში მუშაობას და ოჯახთან ერთად, უცხოეთში გაემგზავრა. არადა, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მაშინ. აგრეთვე, უცნაური იყო ლენას გადაწყვეტილება შენი ასე სწრაფად გათავისუფლების თაობაზე. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ იმ საღამოს ლენას მისმა ქმარმა დაურეკა. ამის მერე ლენა პროკურატურიდან სადღაც წავიდა. ერთ საათში კი უკან დაბრუნდა და შენი გათავისუფლების შუამდგომლობა შეადგინა. ვფიქრობ, ის პავლუშას და შესაძლოა, კიდევ ვიღაცას შეხვდა. შეიტყო, რომ მისი მეუღლე იყო მკვლელი და გაგათავისუფლა. რას იტყვი, მართალი ვარ?
– მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ თქვენს სიტყვებს. რაც მოხდა, მოხდა. ვფიქრობ, ყველამ თავისი მიიღო. ახლა კი წავედი, ბატონო ვაჟა. შეხვედრამდე, – კოტიკო ჩხეიძე ვაჟა ბერიძეს გადაეხვია. შემდეგ შეტრიალდა და გასასვლელისკენ გაემართა.
***
კოტე ჩხეიძე ჯერ პრაღაში ჩაფრინდა. აეროპორტში ორიოდე საათი შეყოვნდა და ნიცაში გადაფრინდა. რომ ჩაფრინდა, სავალდებულო ფორმალობის გავლის შემდეგ, ახალთახალ „პორშეში“ ჩაჯდა და თავისი ფეშენებელური ვილისკენ აიღო გეზი, რომელიც ზურმუხტოვანი სანაპიროს ყველაზე თვალწარმტაც ადგილზე მდებარეობდა. ეზოში რომ შევიდა და მანქანიდან გადმოვიდა, მას ნინო ვაჩნაძე გამოეგება, გადაეხვია და უთხრა:
– სად ხარ, საყვარელო. როგორც იქნა, ჩამოხვედი. პავლუშამ და ლენკამ დარეკეს მაიამიდან და მოგიკითხეს. გოგონები პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოუწყვიათ და შემოდგომაზე სტუმრად გველოდებიან.
– გველოდებიან და ვესტუმროთ, – თქვა კოტიკომ.
– სხვა რა ხდება?
კოტეს გაეცინა და ნინოს უთხრა:
– აქეთ რომ მოვფრინავდი, აეროპორტში ვაჟა ბერიძე წამომეწია და ყველაფერი ზუსტად ისე მომიყვა, როგორც დავგეგმეთ და შევასრულეთ. რა არის მაინც პროფესიონალიზმი? სად ეგ და სად ბრიყვი ხვისტანი. მაგის უვიცობის გამო, ლამის მართლა გავისროკე.
– მთავარია, ყველაფერი წარსულში დარჩა. ჩვენ ერთად ვართ და არც ნონა მოგვიწამლავს ცხოვრებას. მით უმეტეს, არც „პიავკა“, – თქვა ქალმა და კოტიკოს გაუღიმა.
– ჰმ, „პიავკა,” – ჩაიცინა კოტიკო ჩხეიძემ, მან საკუთარი სიცოცხლე დადო ფსონად და ყველაფერი წააგო.
(დასასრული)скачать dle 11.3