№45 როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ყინულის კოსმეტიკული ნიღბები
ყველას სურს, ჰქონდეს ჯანმრთელი კანი, ნაოჭების გარეშე. ამისათვის არსებობს ყინულის ნიღბები – უებარი, გამოცდილი, მარტივი და იაფი საშუალება.
როცა ყინულის მასაჟს იკეთებთ კანზე, ჯერ ზედაპირული კაპილარები ვიწროვდება, პარალელურად, უფრო ღრმა ფენებში, კაპილარები ფართოვდება. ეს ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას. როცა მოიცილებთ ყინულს, მიმდინარეობს უკუპროცესი – ზედაპირული კაპილარები ფართოვდება, ივსება სისხლით და კანი იწყებს სუნთქვას. ძლიერდება უჯრედებში ნივთიერებათა ცვლა, იწყება აღდგენითი პროცესი, სწორდება ნაოჭები, ნელდება შემაერთებელი ქსოვილების დაბერების პროცესი. სახეზე ჩნდება ბუნებრივი სიწითლე და კანი იღებს ჯანმრთელ ელფერს.
ყინულს თუ ბალახების ნახარშის, ან ხილისა და ბოსტნეულის წვენებისგან დაამზადებთ, უკეთეს ეფექტს მიიღებთ. ასევე, ყინულისთვის უნდა გამოიყენოთ აფთიაქში ნაყიდი დისტილირებული წყალი და არა – ონკანის. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი, რომ მშრალი კანი კიდევ მეტად არ გამოაშროთ და დააზიანოთ. მშრალი კანისთვის შეიძლება, გამოიყენოთ: ოხრახუში, კიტრი, პიტნა, გვირილა, ბაბუაწვერას ფესვები, კენკროვნები. ცხიმიანი კანისათვის გამოდგება გვირილა, კალენდულა, ციტრუსები. შერეული, კომბინირებული კანისთვის კარგია: გვირილა, ბაბუაწვერა და ყველა ის ბალახი, რომელიც გამოდგება ნორმალური და ცხიმიანი კანისათვის.
პროცედურის ჩატარებისას ყინული სახეზე ამოძრავეთ მასაჟის ხაზების მიმართულებით. მაგალითად, ქვედა ყბიდან ყურის ბიბილომდე, ლოყებზე, ტუჩის კუთხიდან ყურამდე, ჩამოჰყვებით ზედა ტუჩის შუამდე, აჰყევით ცხვირის გვერდამდე და ჩამოჰყევით ყურამდე. თვალების გარშემო: შიგა კუთხიდან ზედა ქუთუთოებზე, შემდეგ გარე კუთხიდან ქვედა ქუთუთოზე. შუბლზე: შუბლის შუიდან საფეთქლებამდე. ცხვირის ზედა ნაწილიდან ნესტოების ბოლომდე.
არ გადააცივოთ კანი. ყინულის კონტაქტი 1 ადგილზე არ უნდა აჭარბებდეს 5 წამს. და, იქამდე ისვით, სანამ არ გადნება. არ გაიმშრალოთ, აცადეთ, კანმა შეიწოვოს ნაყენი. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ.
ყინულის მასაჟის შემდეგ, შეიძლება, წაისვათ ის კრემი, რომელსაც იყენებთ.
კოსმეტიკური ყინული ასე უნდა დაამზადოთ:
ფართოფორებიანი კანისთვის: 1/3 წილი ცაცხვის ყვავილი, 1/3 წილი გვირილა, 1/3 წილი პიტნა, 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 0/5 სადილის კოვზი თაფლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი, 3 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ. როცა გაგრილდება, დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ, გააჩერეთ 30 წუთი. მიღებული ნახარში ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში.
კანის გასათეთრებლად: 2 სადილის კოვზი ბრინჯი, 0,5 ლიტრი წყალი. მოხარშეთ ბრინჯი, გაწურეთ საწურში, გააცივეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
კაპილარების მოსაცილებლად: 1/3 წილი ჭინჭარი, 1/3 გვირილა, 1/3 ცხენის წაბლი, 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზი კივის წვენი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით წყალი, ადუღეთ 2 წუთი. შემდეგ, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. დაამატეთ კივის წვენი, აურიეთ კარგად, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
შეშუპებული თვალის უპეებისთვის: 1/4 წილი შავი ჩაი, 1/4 წილი მწვანე ჩაი, 1/4 წილი გვირილა, 1/4 წილი კრაზანის ყვავილი, 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 1 სადილი კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი. დადგით 1 საათით. შემდეგ გაფილტრეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
სტაფილოს წვენი კარგად ატონიზირებს კანს. 3/4 წილ სტაფილოს წვენს დაამატეთ 1/4 წილი წყალი და გაყინეთ ფორმებში. ეს გამონაყრის საწინააღმდეგოდ, კარგი საშუალებაა, მაგრამ ხშირი გამოყენება არ არის სასურველი. მან შეიძლება, კანი გააყვითლოს.
თვალის უპეებს ყველაზე მეტად უხდება გაყინული ნატურალური რძე.
ასევე, სასარგებლოა, ყველა ტიპის კანისთვის კიტრის გაყინული წვენი.
ნუ გაიკეთებთ ყინულის მასაჟს: თუ ზამთარში გარეთ გადიხართ, თუ კანი ძალიან გამომშრალია ან როცა კანზე გაფართოებული ძარღვები ჩანს.