კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-44(879)



კოკა გაწითლდა. სესიმ ხუმრობით მხარზე წაჰკრა ხელი.
– კარგი ერთი, ნუ გრცხვენია. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. უღელში თავის შეყოფა არცერთს არ გვინდა, სიამოვნებისთვის ვწვებით ადამიანებთან.
– ეგრე მარტივადაც არ არის საქმე... – კოკამ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და ქალს მოეხვია, – სიამოვნებით მარტო შენთან ვწვები...
– კარგი რა... იმ ქალთან, შენი ძმაკაცის ცოლთან წოლას ვინმე გაიძულებს?
– მოდი, არ გინდა მაგაზე – შეიჭმუხნა კოკა, – თათიასთან ჩემი ურთიერთობა შეცდომა იყო, სერიოზული შეცდომა. მაგრამ უკვე გვიანია.
– რატომ? ყოველთვის შეიძლება წერტილის დასმა.
– არ არის-მეთქი ასე ადვილი ეს ყველაფერი. შენ გგონია, არ მინდა? მაგრამ...
– მაგრამ რა... მასთან სექსი ისე მოგწონს, რომ ყველაფერს გავიწყებს? იმასაც, რომ ის შენი ძმაკაცის ცოლია.
– სესი, გეყოფა. მე ხომ არ გეკითხები შენი პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს?
ქალმა მხრები აიჩეჩა და მკერდიდან კაცის ხელები მოიშორა.
– საუბარი თავად წამოიწყე. თანაც, მე არ ვწევარ ჩემი დაქალის ქმართან.
– რატომ, ასეთი მიუღებელია შენთვის დაქალის ქმართან დაწოლა? – მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა კოკამ.
– საქმე ისაა, რომ ჩემი დაქალების ქმრებს შორის ერთიც არ არის ისეთი, რომელთან დაწოლაც მომინდებოდა, – გადაიკისკისა სესიმ.
კოკამ აღფრთოვანებით შეხედა.
– საოცარი ვინმე ხარ... კიდევ გნახავ?
– თუ ორმხრივი სასიამოვნო სექსი მოგინდება და თავისუფალი ვიქნები, რატომაც არა. ჰო, თუ სასტუმროს ნომრის გადასახდელი ფულიც გექნება. ისე, თუ მომინდება შენთან სექსი, ნომრის ფულსაც ვიშოვი, არ არის პრობლემა.
– თუ მომინდებაო, თქვი, ანუ, შეიძლება, აღარ მოგინდეს?
– სიტყვებზე ნუ მეკიდები. რა გინდა, რომ გითხრა – სექსში ისეთი ხარ, უკეთესი არავინ მინახავს-მეთქი? ეს ხომ ტყუილი იქნება?! დაგამშვიდებ, თუკი ვიტყვი, რომ საკმაოდ ნორმალური ხარ ლოგინში?!
კოკამ პასუხად ორივე ხელი შემოხვია, მთელი სხეულით ზედ დააწვა და ტუჩები ყურთან მიუტანა.
– მე კი გეტყვი, რომ შენნაირ ქალთან არასდროს ვწოლილვარ... და მარტო ტექნიკაში არ არის საქმე, შიგნიდან მიზიდავ, როგორც მაგნიტი.
– ჰო, აბა, რა გეგონა... ფულს ტყუილად მიხდიან? ოღონდ, შემდეგისთვის გაითვალისწინე – ვერ ვიტან მამაკაცებს, რომლებიც საწოლში ბევრს ლაპარაკობენ...
***
ბიჭი კიბის საფეხურზე იჯდა და მობილურში რაღაცას კრეფდა. ვერ გაიგო, გოგო ისე წამოადგა თავზე. მარინკა ზურგიდან მიეპარა და თვალებზე ხელი ააფარა.
– რატომ დააგვიანე? – საყვედურნარევი კილოთი ჰკითხა ბიჭმა და ტუჩებში აკოცა, – ერთი საათია, გელოდები. კინაღამ წავედი.
– დიდი ამბავი, მეც ხომ გელოდები ხოლმე, – ტუჩი აიბზუა მარინკამ, – რა მექნა, დედაჩემი სახლში იყო. დამიწყებდა მერე – სად მიდიხარ, რატომ მიდიხარო.
– რამდენი წლის ხარ, ისევ დედას რომ აბარებ ანგარიშს, – დასცინა ბიჭმა და თმა ალერსით მოუჩეჩა, – პატარა დედიკოს გოგო.
– ასე ნუ მეუბნები, სულაც არა ვარ დედიკოს გოგო.
– აბა, მამიკოს გოგო ხარ?
– დუდუ, გეყოფა... იცოდე, წავალ.
– სად წახვალ?! ყველა ჩვენ გველოდება. დაგავიწყდა, დღეს ნიკუშას დაბადების დღეა. დავპირდი, რომ შენ თავს გავაცნობდი.
– არა... ახლა მეუბნები ამას? ვერ წამოვალ, არ შემიძლია.
– რატომ?
– ჯერ ერთი, რომ შესაფერისად არ მაცვია. შემომხედე, რას ვგავარ. თმაც არ დამივარცხნია წესიერად, ეგრევე გამოვიქეცი. მერე – სახლში მალე უნდა დავბრუნდე. თამრიკო რეკვით ამიკლებს.
ბიჭი მოიღუშა.
– შენ რა, მართლა არ გამომყვები?
– არ შემიძლია-მეთქი... ოღონდ, ნუ ბრაზობ რა, ხომ გნახე, შენს მეგობრებს სხვა დროს გავიცნობ.
– მაგრად გამიტეხე, – დუდუმ ხელი ჩაიქნია, – რა პონტია, ყველანი შეყვარებულებთან ერთად იქნებიან და მე...
– დუდუ, ასე ნუ მელაპარაკები. რა ვქნა, მართლა არ შემიძლია. წინასწარ რომ გეთქვა, რამე შესაფერისს ვიყიდდი და თამრიკოსთვისაც მოვამზადებდი დამაჯერებელ ვერსიას.
– ძალიან გეშინია თამრიკოსი? მამაშენი უფრო დობრი ტიპია, ხო?
მარინკამ წყრომით ასწია წარბი.
– მამაჩემი... დო, დობრი ტიპს თამაშობს, იმიტომ რომ, სხვა გზა არა აქვს. მეტენება, რომ დანაშაული გამოისყიდოს.
დუდუს ჩაეცინა.
– დანაშაული ის არის, რომ დედაშენს გაშორდა და ახლა სხვა ქალთან ცხოვრობს? კარგი, რა... ყოველი მეორე კაცი ასე იქცევა.
– ყოველ მეორე კაცს მოჰყავს ცოლად შვილის ტოლა გოგო? იცი, რომ მამაჩემის მეორე ცოლი ჩემზე ხუთი წლით არის უფროსი?
– შენ ეს რატომ გაწუხებს? – მხრები აიჩეჩა დუდუმ, – თუმცა, გასაგებია – დედაშენის გამო... მაგრამ, შეხედე ამ ამბავს მეორე მხრიდან. თუ მამაშენი გეტენება, რომ დანაშაული გამოისყიდოს, ისარგებლე ამით, – ყველა სურვილს შეგისრულებს.
– ისედაც ყველა სურვილს მისრულებს, – ამაყად განაცხადა მარიკუნამ, – მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვარ.
– ჰო, ახლა ნამდვილად ერთადერთი ხარ... სანამ ის გოგო შვილს არ გაუჩენს. ამიტომ, მოასწარი.
დუდუს სიტყვებზე მარიკუნას შეაჟრჟოლა, თითქოს ვიღაცამ ხელი ჰკრა და გამოაფხიზლა. თვალები ცრემლით აევსო, ბიჭს საყვედურით შეხედა, შებრუნდა და იქაურობას სირბილით გაერიდა.
– მარიკუნა, მოიცადე! – მისძახოდა დუდუ, – ასეთი რა გითხარი? მარიკუნა, ნუ გარბიხარ, მოიცადე, მარიკუნა!..
***
ვიღაც გამეტებით რეკდა ზარს. მერე გამაყრუებელ ბრახუნზე გადავიდა. ვახომ სავარძლიდან აბრეშუმის ხალათი აიღო, შიშველ ტანზე შემოიცვა, ქამარი სწრაფად შეიკრა და შემოსასვლელისკენ გაემართა.
– ვინ არის? – საძინებლიდან გამოსძახა ცოლმა.
– ახლავე ვნახავ, საყვარელო. ჯერ არ ვიცი... – ვახომ კარი გააღო და გაოცებული მიაჩერდა შვილს, – მარიკუნა, რა მოხდა? ასე გვიან აქ რას აკეთებ? იტირე? თვალები დაწითლებული გაქვს.
– საქმე მაქვს შენთან, უნდა გელაპარაკო, – მარიკუნამ თვალები ხელის გულებით მოიწმინდა და ავად გახედა საძინებლიდან გამოსულ თათიას, შიშველ სხეულს ვახოს მაისურით რომ იფარავდა.
– ოჰო?! ამ გოგოს არავინ ასწავლა, სხვებს საწოლში რომ არ უნდა შეუხტეს?
– მამა, ძალიან გთხოვ, გააჩუმე, – უთხრა მარიკუნამ ვახოს და ხელით გამომწვევად მოღიმარ თათიაზე ანიშნა.
– თათია, იქნებ ოთახში შეხვიდე? – სთხოვა ვახომ, მაგრამ თათიამ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. ისევ ისე იდგა და უტიფარი ღიმილით ათვალიერებდა მარიკუნას.
– მამა, უთხარი, ოთახში შევიდეს, თორემ ვიყვირებ, – მუქარაზე გადავიდა მარიკუნა. ვახომ ამოიოხრა. ცოლთან მივიდა, მკლავზე მოჰკიდა ხელი და ოთახში თითქმის ძალით შეიყვანა.
– თათია, საყვარელო, ცოტა ხანს აქ იჯექი.
– რას მეუბნები, აზრზე ხარ? ოთახში უნდა გამომკეტო მარტო იმიტომ, რომ შენს ისტერიჩკა შვილს ასიამოვნო?
– თათია, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, – წარბი შეიკრა ვახომ, – ეტყობა, რაღაც მოხდა, აღელვებულია დაველაპარაკები, გავიგებ, რა დაემართა და მოვალ შენთან.
თათიამ ქმარს ისე შეხედა, რომ ვახომ ხელები აიქნია.
– რატომ არ გესმის, რომ ახლა ასე მოქცევაა საჭირო. რა გავაკეთო, სახლიდან გავაგდო? არ მივხედო?
– მიხედე, მიხედე, – დასცინა ცოლმა, – თავზე რომ გაზის, ვერ ატყობ? თავის ჭკუაზე გათამაშებს. ეტყობა, დედამისმა დაარიგა, რომ ნორმალური ცხოვრების უფლება არ მოგვცეს. დარწმუნებული ვარ, სწორედ იმან გამოუშვა.
ვახო უარესად მოიღუშა – თათიას ჯიუტად არ უნდოდა მისი გაგება.
– ხომ იცი, რომ სისულელეს ამბობ, – უთხრა დაღლილი ხმით, – მაგრამ ამაზე ახლა არ დაგელაპარაკები. მარიკუნას უნდა მივხედო. აქ იყავი, გესმის?
– ჰმ, უკვე მბრძანებლობ, ხომ ხედავ, – გაცხარდა თათია, – სულ ტყუილად გელაპარაკები და სულ ტყუილად ვითხოვ შენგან დაფასებას. ყოველთვის უკანა პლანზე ვარ.
– ახლა ისტერიკების მოწყობა საჭირო არ არის. მერე დაგელაპარაკები. მიყვარხარ, ეჭვი ნუ შეგეპარება ამაში, – ვახო აღარ დაელოდა, რას უპასუხებდა ცოლი. ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
მარიკუნა ისევ ისე იდგა შუა ოთახში, როგორც დატოვა – გულხელდაკრეფილი და ელოდა. თან, ტუჩებს იკვნეტდა. ვახომ შვილს ხელი მოჰკიდა, სავარძელზე დასვა და გვერდით მიუჯდა.
– დედაშენს ეჩხუბე? რაო, თამრიკომ, რა უნდა?
– დედაჩემი არაფერ შუაშია, პრობლემა შენშია, – შეუბღვირა მარიკუნამ და კაცს ეჭვით სავსე მზერა მიაპყრო.
– ჩემში? – გაუკვირდა ვახოს, – ამჯერად რა დავაშავე.
– ბავშვი... – თქვა მარიკუნამ, – ბავშვი...
– რა ბავშვი? – ვერ მიხვდა ვახო, – რა ბავშვი, საყვარელო? – თმაზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა, – ჰო, შენ ჩემი ბავშვი ხარ.
– ისე ნუ იქცევი, თითქოს ვერაფერს ხვდებოდე და ენასაც ნუ მიჩლექ, პატარა აღარ ვარ. შენ მოახერხე ჩემთვის და დედასთვის გული გეტკინა. მაპატიე, ვცადე, ისევ ძველებურად მყვარებოდი, შენ მიმართ ნდობა არ დამეკარგა, მაგრამ...
– რა მაგრამ? მარიკუნა, მითხარი, ეჭვი რაში შეგეპარა, რა გავაკეთე ისეთი, რომ სახლში მომივარდი! საერთოდაც, დედაშენმა იცის, აქ რომ ხარ?
– დედაჩემი არაფერ შუაშია. არა, არ იცის, აქ რომ ვარ. მაგრამ ეს რა შუაშია იმასთან, რის სათქმელადაც აქ მოვედი.
– რის სათქმელად მოხვედი?
– ბავშვი... შენ და თათიას ბავშვი გეყოლებათ.
– რა? – ვახო განცვიფრებისგან გაშრა.
– ბავშვი თუ გეყოლებათ, – მარიკუნამ ყელში გაჩრილი „ცრემლის ბურთი“ გადაყლაპა... – მე ხომ შენი შვილი აღარ ვიქნები, მინდოდა, მეთქვა, შენი ერთადერთი შვილი და ისე აღარ გეყვარები.
– მარიკუნა, რას მეუბნები, საყვარელო, რომელი შვილი, ვინ მყავს შენს მეტი?! – ვახოს გული აუჩუყდა და გოგოს მოეხვია, – რა სისულელეს ამბობ, როგორ შეიძლება, სხვა ვინმე მიყვარდეს, როცა შენ მყავხარ.
– ჰო, ახლა მე გყავარ, მაგრამ თუ შენი ცოლი ბავშვს გაგიჩენს?
– ვინ უნდა გააჩინოს ბავშვი, თათიამ? – ვახო ბოლომდე კიდევ ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა გოგო.
– ჰო, თათიამ. რა, ამაზე ჯერ არ გილაპარაკიათ? მაგრამ ხომ გააჩენს?
– არ ვიცი. შენ გითხრა, რომ გააჩენს? ვინ გითხრა, რომ უნდა გააჩინოს?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მითხრა. ფაქტი ის არის, რომ მე აღარ გეყვარები.
– მარიკუნა, შენ ჩემი შვილი ხარ, ყოველთვის ჩემი შვილი იქნები და ნუღარ ნერვიულობ ამაზე. მითხარი, რა გავაკეთო შენთვის.
– არაფერი, თათია მართლა არ აპირებს შვილის გაჩენას?
– არ ვიცი, – გაეღიმა ვახომ, – გინდა, ყავა დავლიოთ?
– არა, – მარიკუნამ თავი გააქნია, – აჯობებს, წავიდე. თამრიკო, ალბათ, მეძებს. ტელეფონიც გამორთული მაქვს.
– მე დავურეკავ და ვეტყვი, რომ აქ ხარ.
– არა, იყოს, წავალ...
– მოიცა, ტაქსის გამოგიძახებ, – ვახომ მობილურზე ნომერი აკრიფა, თან ცალი ხელი შვილისთვის ჰქონდა მოხვეული, – ჩემი პატარა და სულელი გოგო... მამაშენი ყველაფერს გააკეთებს შენთვის...
მარიკუნა რომ გააცილა, ვახო საძინებელთან მივიდა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. რამდენჯერმე დასწია სახელური და საკეტიც შეამოწმა. ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
– თათია, გძინავს? ხმას რატომ არ მცემ? თათია, კარი გააღე, თათია!
– ამაღამ შეგიძლია, სასტუმრო ოთახში, დივანზე დაიძინო, – გაავებული ხმით გამოსძახა თათიამ – და კიდევ, დიდხანს ვერ შემოდგამ ფეხს ამ ოთახში.
ვახომ ამოიოხრა, კარადიდან პლედი გამოიღო და ხმადაბალი ბურტყუნით დივანისკენ გაემართა.
კოკამ გასაღები შემოსასვლელში, პატარა მაგიდაზე მიაგდო, ფეხსაცმელებიც იქვე მიყარა და წინდების ამარა, ფეხაკრეფით გაემართა თავისი ოთახისკენ. უნდოდა, თინას გასხლტომოდა ხელიდან, შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ქალს ყველაზე „სტრატეგიული პოზიცია“ ეკავა და ისე ელოდა შვილის დაბრუნებას.
– კარგია, სახლს რომ მოაგენი, – გაუღიმა სარკასტულად და კოკას ისე შეხედა, კაცს ბავშვობა გაახსენდა. დედა ცუდი ნიშნისთვის ან სკოლის გაცდენისთვის რომ დატუქსავდა ხოლმე და მერე არასრულფასოვნების თუ დანაშაულის განცდა სტანჯავდა.
– მობილური რატომ გქონდა გამორთული?
– დამიჯდა, დედა... დატენა დამავიწყდა და დამიჯდა, – კოკა ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
– სად იყავი?
– საქმეზე, – კოკამ ამოიოხრა. მიხვდა, თინა თავს ასე ადვილად არ დაანებებდა.
– დიდი ხანია, საქმეები გაქვს? ბიზნესპარტნიორს ხომ არ ხვდებოდი?
– დედა, ყველაფერი უნდა მოგიყვე? გეუბნები, საქმე მქონდა-მეთქი. ჰო, მართლა, შენი საყვარელი თამრიკო ვნახე.
– სად ნახე? ან ეგ რა თქმაა – „შენი საყვარელი თამრიკო“? – წყრომით ჩაილაპარაკა თინამ, – ჭკუა არ გაქვს, თორემ იდეალური ქალია და ეგ თუ უშველის შენისთანა წყალწაღებულს.
– გეყოფა, რა... რას ვერ ხვდები, იცი? თამრიკოს არ ვუნდივარ და არც არასდროს ვუნდოდი, – გულისწყრომა ვეღარ დამალა კოკამ.
– შესთავაზე და უარი გითხრა? რატომ არ გინდა, რომ სცადო?
– აზრი? – ხელი ჩაიქნია კოკამ, – თანაც, რამდენჯერ უნდა გითხრა, ძმაკაცის ცოლი იქნება თუ ყოფილი ცოლი, არ უნდა დაეჩალიჩო, არ მოსული პონტია.
– მეც რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ შენი სულელური თეორიები გღუპავს?
– ასეა, ადვილი არ არის, იყო კაცი, –  ჩაიცინა კოკამ, – წავალ, დავიძინებ. ძალიან დაღლილი ვარ.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ თამრიკოზე აღარ იფიქრებ?
– ფიქრს რა აზრი აქვს. თანაც, მეეჭვება, თამრიკოსთან რამე შანსი მქონდეს, – ვიღაც ჰყავს.
თინამ ჟურნალი, რომელსაც შვილის მოსვლამდე კითხულობდა, გვერდზე გადადო და კოკას მიაჩერდა.
– მოიცა, რა თქვი? – იკითხა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
– მე ვთქვი, რომ ვიღაც ჰყავს, სულ ეს არის, მეტი არაფერი ვიცი. წარსული წარსულია, თინა... დაივიწყე ეგ ქალი და ისიც, რომ ოდესღაც მიყვარდა.
თინას სახეზე აღშფოთება თანაგრძნობამ შეცვალა.
– შენ თუ დაივიწყებ, მეც დავივიწყებ, შვილო, – თქვა „ჩამწყდარი“ ხმით, ჟურნალი ისევ აიღო და კითხვა ისე განაგრძო, თითქოს ეს საუბარი მასა და კოკას შორის საერთოდ არ ყოფილა...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3