№45 წერილები სულიერ შვილებს
დას, რომელიც ძმის უზნეობას ნაღვლობს
შენი მწუხარება კარგად მესმის. როგორც უფროსმა დამ, დედის სიკვდილის შემდეგ უდედობა არ აგრძნობინე. ტანჯვით ეცადე, სკოლა დაემთავრებინა. მის გამო გათხოვებაც დააგვიანე, ბოლოს გადაწყვიტე, საერთოდ არ გათხოვილიყავი. საკუთარი ცხოვრება გააღატაკე, ხოლო მისი – გაამდიდრე. ადრე გემორჩილებოდა და უყვარდი. მაგრამ უკანასკნელი ორი წელიწადია, შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, სასტიკი უღმერთო გახდა, შენს ღმრთისმოსაობას, ლოცვას, ხატებს, ეკლესიას დაცინვა დაუწყო. შემდეგ გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ეს უღმერთობის გარდაუვალი შედეგია! ფიცხი, კუშტი, გაუწონასწორებელი, ზარმაცი, კადნიერი გახდა. იმას გთხოვს, რისი მიცემაც არ შეგიძლია. უამრავი ვალი აქვს. ცოფდება, როდესაც რჩევას აძლევ. სრულიად სხვა ადამიანი გახდა, რომ შეეძლოს, მოგკლავდა კიდეც! თითქოს მასში ბოროტი სული ჩასახლდა.
ბედკრულო დაო! მასში მართლაც ბოროტი სულია ჩასახლებული. ეს ერთგვარი შეშლილობაა, რაც ღმერთისგან განდგომილთათვის გარდაუვალია. რამეთუ ადამიანი მყისვე უფსკრულში აღმოჩნდება, როდესაც ღმერთს ზურგს შეაქცევს. შეუძლებელია ადამიანი ღმერთს განუდგეს და არ შეიშალოს. ამის მაგალითი წარსულშიც უამრავი ყოფილა და ამჟამადაც საკმაოდ არის, როგორც ბუდეში მოფუთფუთე ჭიანჭველები.
მოგითხრობ ერთი დედაკაცის ამბავს, რომელმაც შენი ძმის მსგავს მდგომარეობაში მყოფი საკუთარი ვაჟი გადაარჩინა. როდესაც დედის რჩევებს შედეგი აღარ ჰქონდა, ის დადუმდა. დედას მისთვის ერთი საყვედურიც აღარ უთქვამს. მან ლოცვა დაიწყო, რომ ღმერთს მისი ვაჟისთვის სნეულება წარმოეგზავნა. შენ იტყვი: „რა სასტიკი დედა ყოფილა!“ მაგრამ მოითმინე, ბოლომდე მოისმინე. მან თვითონ მიამბო. ის მიხვდა, რომ ღმერთის გარდა, მის ვაჟს ვერავინ უშველიდა, ისიც მხოლოდ ტანჯვის გზით. ამიტომ ღმერთს მისთვის სასჯელს ევედრებოდა. ის ამგვარად დიდხანს ლოცულობდა – და მისი ვაჟი მართლაც დაავადდა. სამი თვე ლოგინად იწვა, დედა კი უვლიდა და ღმერთს მის წინაშე ევედრებოდა. ვაჟი ფიქრობდა, რომ დედა მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა, ის კი მისი სულის გაჯანსაღებას ითხოვდა. „უმჯობესია, სხეული მოკვდეს, ვიდრე სული წარწყმდეს“, – ამბობდა ის. შვილმა დედის მზრუნველობაც შეამჩნია, სიყვარულიც და ლოცვაც. თანდათან გული მოულბა. როდესაც ექიმებმა ხელები ჩამოუშვეს, ხოლო ვაჟი აჩრდილს დაემსგავსა, უეცრად ატირდა და ჩურჩულით თქვა: „ძვირფასო დედიკო, ევედრე ღმერთს, რომ მოვკვდე!“ დედამ მიუგო: „დამპირდი, შვილო, რომ ღმერთი მუდამ გემახსოვრება, მისი მადლობელი იქნები და შეიცვლები!“ „კი, დედიკო, კი!“ – უკვე აგონიაში მყოფმა წარმოთქვა. დედა კი გრძნობდა, რომ მისი შვილი არ მოკვდებოდა. ამჟამად ის ვაჟი სულითაც და სხეულითაც ჯანმრთელია, ცვილივით დამყოლია, ანგელოზივით ღმრთისმოსავია, მზესავით მართალი და მორჩილია.
შენც ასევე მოიქეცი, დაო, ძმას შენიშვნებით თავს ნუ მოაბეზრებ. გაჩუმდი და ნუ გააღიზიანებ, ის ხომ ისედაც ციებიანს ჰგავს. მისთვის დაიწყე ლოცვა და ღმერთს ევედრე: „ყოვლადსახიერო ღმერთო, შენ გზაც მრავალი გაქვს და საშუალებაც. ჩემი ძმის სული ნებისმიერი გზით და საშუალებით განკურნე. ღმერთო, თუნდაც მძიმე ავადმყოფობა ან სატანჯველი მოევლინოს, გევედრები“.
გარდა ამისა, კვირაში ერთი დღე ამოირჩიე და მისთვის იმარხულე, მისი სახელით მოწყალება გაეცი. მაშინ ღმერთი, მისთვის სასურველ დროს, შენს ძმას კეთილ სულს მიანიჭებს და შენს ხელთ ჯანმრთელსა და გონიერს გადმოგცემს, შენი გულის იარებს იდუმალად მოჰფენს სასიხარულო სიტყვებს: „ძმა ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა“ (ლუკ. 15, 32). ჭეშმარიტად, დაო, შენი უდიდესი სიყვარული და გაღებული მსხვერპლი საზღაურის გარეშე არ დარჩება.