№45 როგორ უნდა აღდგეს ცოლ-ქმარს შორის ღალატის შემდეგ დაკარგული ნდობა
ყველაზე ცუდი, რაც ღალატის შემდეგ ხდება, არის ის, რომ წყვილს შორის ქრება ნდობა. შეიძლება, ერთი შეხედვით ეს არ მოგეჩვენოთ ტრაგედიად, მით უმეტეს, როცა ღალატისგან შეძრული და შეურაცხყოფილი ხარ, მაგრამ, შემდეგ, როცა ემოცია ცხრება, გინდა, აპატიო, ყველაფერი თავიდან დაიწყო. არ გეთმობა ერთად გატარებული წლები, მაგრამ სწორედ ნდობის გაქრობა გაბრკოლებს. შესაძლებელია თუ არა, დაიბრუნო ნდობა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გიღალატა. რა სირთულეებია ამ გზაზე და რა უნდა გადალახოთ, უპირველესად საკუთარ თავში.
ტატა (37 წლის): როცა დავდექი ამ რეალობის წინაშე, დავშორებოდი თუ არა ქმარს, მივხვდი, ეს მხოლოდ სათქმელად იყო ადვილი. იმიტომ არა, რომ ჩვენ შორის კიდევ იყო გრძნობა. რა თქმა უნდა, ამასაც მიუძღოდა თავისი წვლილი, მაგრამ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი დეტალი, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. სწორედ ეს გვიშლის ხელს, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა.
– თქვენ კონკრეტულად იმ საქციელს გულისხმობთ, როგორც ვიქცევით ღალატის დროს?
– დიახ. ჩვენი განსაკუთრებული ქმედებები ხომ სწორედ არაორდინარულ, ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. როცა ჩვენი ნაჭუჭიდან ვიღაც გამოსვლას გვაიძულებს. ქმრის ღალატი კი სწორედ ეს მდგომარეობაა. ხომ თითქოს ყველა ქალი მზად არის ამისთვის ქვეცნობიერად – მაინც უდიდესი სტრესია.
– ანუ, ყველა ქალმა, როცა თხოვდება, თავიდანვე იცის, რომ ქმარი უღალატებს?
– მე ვთქვი, მზად არის ამისთვის-მეთქი. იმიტომ რომ, კაცები ადვილად ღალატობენ ცოლებს. ადვილად ივიწყებენ პასუხისმგებლობას და საერთოდ არ ესმით, კონკრეტულად რა არის ყველაზე მტკივნეული ღალატში. მე უკვე იმდენი მაქვს ნაფიქრი ამ თემაზე, დისერტაციას დავწერ. როცა ვთხოვდებოდი, მივყვებოდი საყვარელ ადამიანს, მიმაჩნდა, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ისე არა, როგორც ჩემს ნაცნობთა უმრავლესობას.
– მათ ქორწინებაში რა არ მოგწონდათ?
– არაფერი არ მომწონდა. იცით, როგორ იქცეოდნენ? თითქოს ქორწინება ის აუცილებელი ვალდებულებაა, რომელიც არ გინდა, მაგრამ გვერდს ვერ აუვლი. არ შეგიმჩნევიათ, რომ რაღაც მოდად იქცა ქორწინების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება? „კარგი ტონია“, როცა ქმარს აკრიტიკებ, ირონიულად მოიხსენიებ, თითქოს დასცინი და ამით თავს იწონებ. მე ეს არ მინდოდა. მიყვარდა ქმარი და ამის აფიშირებას არ ვერიდებოდი. თავს იმით ვიწონებდი, რომ ჩვენ შორის ჭეშმარიტი სიყვარული იყო. სკანდალებისა და ურთიერთბრალდებების გარეშე, ნდობაზე დაფუძნებული ნამდვილი გრძნობა. წყენა და ღალატიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის. ჩემი ქმარიც მეთანხმებოდა, ყველგან ერთად დავდიოდით.
– როცა ცოლი ყვება, რომ ქმართან ძალიან ბედნიერი იყო, არ ჰქონია არანაირი პრობლემა და მაინც უღალატეს, როგორც ჩანს, მას რაღაც გამოეპარა.
– რა თქმა უნდა, მე რაღაც გამომეპარა – ძალიან მნიშვნელოვანი. ბედნიერებით გავბრუვდი და ამან ყურადღება მომიდუნა.
– ჯარისკაცივით, მუდმივად მობილიზებული ცხოვრება, ხომ შეუძლებელია?
– შეუძლებელი რომ იყო, იმიტომაც არ გამომივიდა. ვფიქრობ, შინაგანად არც მინდოდა ჯარისკაცივით ცხოვრება. დიდი კომფორტია, როცა ქმარს ენდობი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი ეს და ვხვდები, რა დავკარგე.
– დაკარგვაში ქმარს გულისხმობ?
– არა. ქმრის მიმართ ნდობას. ქმარი ჯერ ისევ მყავს. თუმცა, ალბათ, დაკარგულია ადამიანი, რომელსაც აღარ ენდობი. მე ვეღარ ვენდობი ჩემს მეუღლეს. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს და ღალატიც ამიტომ ვაპატიე.
– აპატიეთ ღალატი?
– ასე გამოვიდა. შანსი მივეცი მასაც და საკუთარ თავსაც. ბევრი ვიფიქრე, სხვათა შორის, ბევრიც ვინერვიულე და ვიტირე. ნამდვილად არ იყო ადვილი. თუმცა, იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მთავარი და მძიმე პრობლემა სწორედ ნდობის გაქრობამ წარმოშვა. სხვათა შორის, ჩემმა ქმარმა კარგად გააცნობიერა თავისი საქციელის სიმძიმე. ასე რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად არ შევურიგდებოდი. როცა ღალატის ამბავი გამომჟღავნდა, ისეთი რეაქცია მქონდა, როგორც ჩვეულებრივ აქვთ ხოლმე ცოლებს – ვეყრებოდი. ვუთხარი კიდეც. მუხლებში ჩამივარდა. სულელი ქალი არ ვარ – მისი სინანული გულწრფელი იყო და ამან შემაცვლევინა გადაწყვეტილება. ნახევარი წელი გავიდა ამ ამბის მერე და დაძაბულობა არ მოიხსნა. სიტუაცია არ განეიტრალდა. ნდობა აღარ არის ჩვენ შორის და იმიტომ. უფრო სწორად, მე აღარ ვენდობი მას.
– განიცდის ამას?
– განიცდის. შეიძლება, იმიტომ რომ, დისკომფორტი აქვს. სულ დაძაბული და ჩასაფრებული ვარ. არ მინდა, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. უკვე ყველაფერი მაეჭვებს.
– რადგან ერთხელ გიღალატათ, ფიქრობთ, ისევ გიღალატებთ?
– არ ვიცი. ასე, კონკრეტულად, მიჭირს რამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ეჭვი ჩემზე იმარჯვებს. ვილაპარაკეთ მე და ჩემმა ქმარმა. შეწუხებულია. ამბობს, რომ თავად არის დამნაშავე. გამოსავალს ეძებს. ნებისმიერ დროს შემიძლია, ავიღო მისი მობილური და მესიჯები ვნახო.
– აკეთებთ ამას?
– მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ვაკეთებ. ახლა ისე ხშირად აღარ, მაგრამ ხელი მაინც გამექცევა ხოლმე. თუ ცოტათი მაინც აგვიანებს, ვურეკავ და ვერ ვისვენებ. ასე ცხოვრება ძალიან ძნელია. ვგრძნობ, ქმარიც არ არის აღფრთოვანებული ასეთი ურთიერთობით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვცვლით.
– როგორ უნდა დაიბრუნოს ქმარმა თქვენი ნდობა?
– არ ვიცი. მე ვერსიები არ მაქვს. ვხედავ, რომ უნდა, ცდილობს. თუმცა, ჯერჯერობით „მიღწევები“ არ გვაქვს. წინ ვერ მივდივართ. ალბათ, დიდი მონდომება და მოთმინება, რომ ჩემს თვალში რეპუტაცია აღიდგინოს. ღალატის შემდეგ ჩვენ შორის ისეთი გაუცხოებაცაა, სული მეხუთება. ახლოს ვეღარ მივდივართ ერთმანეთთან. ყინულს ვერ ვალღობთ და არ ვიცი, რა გვეშველება. ღალატი უკვე ვაპატიე – ანუ, მინდა ოჯახი... მაგრამ, ნდობის გარეშე დიდხანს ვერ „გავქაჩავ“.