კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა ულტიმატუმი წაუყენა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ერევნიდან და რით ცდილობენ თბილისის შანტაჟს რუსეთი და სომხეთი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გასულ კვირას ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, თუმცა მატარებელი კარგა ხნის წინათ გამოვიდა საწყისი წერტილიდან. ანუ უკვე თამამად შეიძლება, ვთქვათ, რომ დიდი აბრეშუმის გზის სამხრეთ კავკასიაში გამავალი განშტოება ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან რუსეთზე გავლითაც მოქმედებს სარკინიგზო დერეფანი, რომელსაც ტვირთები ევროპაში გადააქვს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მაინც უკმაყოფილოა სამხრეთ კავკასიაზე გამავალი რკინიგზის ფუნქციონირებით. იმდენადაც კი, რომ ერევანში მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ერთგვარი ულტიმატუმიც კი წამოუყენა საქართველოს: აუცილებლად უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი, რომ რუსეთს სომხეთთან პირდაპირი დერეფანი ჰქონდესო. მეორე მხრივ, ისიც გასაგებია, რომ რუსეთი არც ჩინეთს გაანაწყენებს და ისე ჰაიჰარად, როგორც საქართველოს, ვერც აზერბაიჯანს შეავიწროებს და, მით უმეტეს, ვერც თურექთს. არის თუ არა რეალური რუსული ულტიმატუმი და რა საფრთხე გვემუქრება ჩრდილოეთიდან –  ამ თემას უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.
– რის საფუძველზე ითხოვს ასე კატეგორიულად ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოზე გამავალ პირდაპირ დერეფანს სომხეთისკენ?
– ძალიან მარტივი ახსნაა: ამ ბოლო პერიოდში სომხეთის ოპოზიციამ წინ წამოწია თეზისი, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს ევრაზიული კავშირი. ეს ინიციატივა წამოაყენა პარლამენტში ახლად შესულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა. თითქოს ამას სომხეთის სხვა ოპოზიციური ძალებიც უჭერენ მხარს, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა და პრეზიდენტი სარგისიანი ამის წინააღმდეგია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სომხეთი ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც რუსეთს აიძულებს, მოიქცეს ისე, როგორც სომხეთის ეკონომიკურ კეთილდღეობას წაადგება. როგორც ჩანს, სომხების ამ მეთოდმა გაჭრა, რადგან მედვედევი თავისი ფეხით ეწვია ერევანს და გააკეთა ის განცხადება, რაც მოვისმინეთ.
– თუმცა ისიც ფაქტია, რომ სომხეთს თავისი მოკავშირე რუსეთი გერივით ექცევა და როგორ უნდა მოუნდეს ვინმე სხვას ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, როდესაც ხედავ, რა დღეში ჰყავს რუსეთს თავისი სატელიტი სომხეთი?
– სომხეთი დილემის წინაშეა, ისინი კარგად ხედავენ, რომ ახალმა ჩინურმა გზამ მათ გვერდი აუარა. ჩინეთი ამ პროექტში 400 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს და ეს საკმაოდ მომგებიანი ლუკმაა იმ სატრანზიტო ქვეყნებისთვის, რომელთა გავლითაც უნდა გადაიზიდოს ტვირთი არა მხოლოდ ჩინეთიდან, აზიის ქვეყნებიდანაც. სომხეთიც ხედავს, რომ შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს ამ სქემიდან. მეტიც, რუსეთი და ერევანი ცდილობენ, საქართველოც ამოაგდონ ამ სქემიდან. მეორე მხრივ, როდესაც შეიქმნა რუსეთ-აზერბაიჯან-ირანის გაერთიანება, ამით აზერბაიჯანმა აჩვენა, რომ მოქმედებს საკუთარი ინტერესებით. ანუ სომხეთი ყოველმხრივ თამაშგარე მდგომარეობაში რჩება და ცხადია, უნდა, რომ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტებში. სომხეთმა სცდა, გაწევრიანებულიყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, რომელიც ჩინური უსაფრთხოების ორგანიზაციაა და მასში სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ მეთვალყურის სტატუსი. მათ, ორივემ, წევრობაზეც შეიტანეს განაცხადი, თუმცა რუსეთი ჩუმად ბლოკავდა ამ ინიციატივებს. ესეც იყო ერთგვარი წინაპირობა იმისა, რამაც გააჩინა იმპულსი სომხეთში, რომ გამოსულიყვნენ ევრაზიული კავშირიდან. ამდენად, ეს იყო ერთგვარი ჩუმი ულიტიმატუმი მოსკოვისადმი. როგორც ჩანს, მოსკოვმა ეს ულტიმატუმი მიიღო. სომხეთს უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს აბრეშუმის გზის ახალ სტრატეგიულ პროექტში, რომელშიც სამხრეთ კავკასია მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
– ერთია, რომ მათ უნდათ, მაგრამ ჩინეთსაც ხომ უნდა უნდოდეს?
–  გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან და ისინი უპირისპირდებიან დასავლეთს. შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ევრაზიული გაერთიანებაა, იმიტომ რომ, ამ კავშირში ჩინეთ-რუსეთის გარდა, არიან ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ინდოეთი და პაკისტანიც კი. ავღანეთიც აპირებს გაწევრიანებას და ირანიც. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბური გეოპოლიტიკური გაერთიანებაა?! ეს არის დასავლეთის, ევროატლანტიკური გაერთიანების, წინააღმდეგ მიმართული გაერთიანება. ამასთან, შანჰაის ორგანიზაციას აქვს პრეტენზია, იყოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და, ამდენად, იქ შეიძლება, ძალიან მალე გამოჩნდეს სამხედრო შიგთავსი, რომელიც ამ გაერთიანებას გადააქცევს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად, რომელიც იქნება „ნატოსა“ და ევროგაერთიანების დამაბალანსებელი, ანუ ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე. ასე რომ, ბუნებრივია, სერიოზულ ფსონებს ჩამოდიან მხარეები.
– რუსეთ-საქართველო-სომხეთის მარშრუტს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საპირწონედ განიხილავენ, რომ შემდეგ იქიდან ირანისკენ გაჭრას გზა რუსეთმა?
– შესაძლოა, ირანიდანაც წავიდეს ტვირთები სომხეთის გავლით რუსეთისკენ. თუმცა, თუ აზერბაიჯანი გახდა სატრანსპორტო ჰაბი დ იქ მოიყარა თავი იმ ტვირთებმა, ჩინეთიდან რომ მოდის, ირანი და რუსეთი აპირებენ, გადაინაწილონ თავიანთი მიმართულებებით. ამით საქართველო დარჩებოდა თამაშგარედ. ისევე, როგორც აფხაზეთის რკინიგზის გავლით, არაა გამორიცხული, სომხეთიც ჩაერთოს ამ პროცესში. მაგრამ აფხაზეთის დერეფნის გახსნა უკავშირდება უშუალოდ, სომხეთის ჩართულობას ევრაზიულ კავშირში, იმიტომ რომ, რკინიგზის გაუხსნელობა, როგორც გითხარით, აფერხებს სომხეთის ჩართულობას ევრაზიულ კავშირში. ის ვერ იღებს იმ პრივილეგიებს, რაც უნდა მიიღოს ევრაზიული კავშირიდან. აქედან გამომდინარე, სომხები ამ კუთხით აშანტაჟებენ მოსკოვს. როგორც ჩანს, სომხეთის პრემიერის არაერთმა ვიზიტმა საქართველოში, შედეგი ვერ მოიტანა და ვერც საქართველოში სომხეთის პოლიტიკურ-ლობისტურმა მცდელობებმა.
– ჩვენი მეზობელი სომხეთი საკმაოდ უხეშად და კატეგორიულად ითხოვს ბოლო რამდენიმე წელია, ხან აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას და ხან როკის გვირაბიდან საავტომობილო გზის გახსნას.
– მედვედევის ტონიც მეხამუშა ერევნიდან. მაშინვე გავაკეთე განცხადება ამის შესახებ, თუმცა ჯერ აზერბაიჯანულმა მედიამ აიტაცა. ჩვენს პოლიტიკურ წრეებს არც კი მიუქცევიათ ყურადღება, არადა აჟიოტაჟი მაინც უნდა ამტყდარიყო. ისეთ თემებზე ტყდება ხოლმე აჟიოტაჟი, რომლებიც წამგებიანია საქართველოსთვის, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე კი, არავინ ლაპარაკობს. რუსეთისგან ასეთი კატეგორიული ტონი მნიშვნელოვანი გზავნილია და როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოზე დაიწყებს ზეწოლას იმისთვის, რკინიგზის გახსნის პროცესი დააჩქარონ და ეს საკითხი დაძრან.
– რაღაც ხომ უნდა შემოგვთავაზონ სანაცვლოდ? ისეც ხომ არ მოხდება, რომ თავიანთი ავიაცია აწიონ ჰაერში ვლადიკავკაზიდან და უბრალოდ დაგვბომბონ? ანუ ძალით ხომ ვერ გაგვახსნევინებენ ამ დერეფანს? თუ იმის იმედი აქვთ, რომ ტანკის ლულას მოგვიშვერენ, ჩვენ შეგვეშინდება და გზას გავუხსნით?
– რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს თავისი სამხედრო მანქანა და ამით დააშანტაჟოს საქართველო, რადგან ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან მოწინააღმდეგედ არ განიხილავენ. სამწუხაროდ, ჩვენი სამხედრო პოტენციალი სრულადაა განულებული. მე არ ვგულისხმობ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს და ჩვენს ვაჟკაც გმირებს. მე ვგულისხმობ ხელმძღვანელობას: ხუთი წლის განმავლობაში, რომ ოთხი თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა და ყველა არაკომპეტენტური იყო, ესაა პრობლემა. პრობლემაა, რომ თავდაცვის პოლიტიკა არ გვაქვს, თორემ, რაც შევინარჩუნეთ და საერთაშორისო ოპერაციებში რომ გვითვალისწინებენ და უსაფრთხოების კუთხით რაღაცას წარმოვადგენთ, სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა და არა ფუქსავატი ბიუროკრატებისა და თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების. ჩვენ დღითი დღე ვკარგავთ იმ პოტენციალს, რაც სამხედრო მოსამსახურეების ხარჯზე მოვიპოვეთ. ამიტომ, მგონია, დადგა დრო, უარი ვთქვათ პოლიტკორექტურობაზე და რეალობას თვალი გავუსწოროთ.
სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან სუსტები ვართ და არავინ გვიწევს ანგარიშს, ეს კარგად ესმის რუსეთსაც და ჯერ სამხედრო შანტაჟის ენით ლაპარაკობს. მეორე მხრივ, რუსეთმა შეიძლება, შემოგვთავაზოს სატრანზიტო გადასახდი, ანუ რუსეთმა და სომხეთმა გადაიხადონ ფული, თუ ეს პროექტი ამოქმედდა და შემოგვთავაზოს, რომ დაგვეხმარება აფხაზეთთან ურთიერთობის მოგვარებაში.
– სრული აბსურდი.
– დიახ, ეს მითია. თუმცა ჯერჯერობთი მოსკოვიდან ისმის მხოლოდ მუქარა და, მეორე, ჩვენ გავქრით რეგიონული უსაფრთხოების რადარებიდან.
– რუსეთს უნდოდა საქართველოს გაზგამანაწილებელი ქსელის შეძენა და სააკაშვილის ხელისუფლება მზად იყო, მიეყიდა. თუმცა აშშ-მა ეს გარიგება ჩაშალა. რუსეთმა იცის, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა, კიდეც რომ გაგიჟდეს ჩვენი მთავრობა, არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი. ეს გეოპოლიტიკური საკითხია.
– დიახ, მაშინაც არ ვიყავით ძლიერები, მაგრამ მაშინ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ჩვენ მიმართ ძალიან მაღალი იყო. დასავლეთს საქართველოსადმი მეტი ინტერესი და ბერკეტი ჰქონდა. დღეს ვითარება შეცვლილია. ტრამპის ადმინისტრაციამ საერთოდ უარი განაცხადა ყოველგვარ საერთაშორისო აქტიურობებსა და საგარეო დახმარებებზე. და ჩვენც შევუწყვეთ ხელი იმას, რომ დაეწია ჩვენდამი საერთაშორისო სოლიდარობის პოტენციალს. დღეს საქართველო არის ერთგვარ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში.
– საქართველოში ტარდება „ნატოს“ წვრთნები და, ბოლოს და ბოლოს, გორის ავტობანზე ორჯერ ჩაატარეს ამერიკული ტანკები. ტყუილად ხომ არ დაახრიგინებენ ამ ტანკებს? ეს ხომ კონკრეტული გზავნილია რუსეთისადმი: ეს ტერიტორია ჩემია და ავტობანს არ მოუახლოვდეო?
– რა თქმა უნდა, ჩვენთან ტარდება სამხედრო წვრთნები და ეს პრეფერენციაა, მაგრამ ავიღოთ საგარეო პოლიტიკური აქტივობა: თუ არ ჩავთვლით აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეალური ქმედებები შესუსტდა აშშ-ის მხრიდანაც. აშშ-ის ჩართულობა არის სამხედრო-პოლიტიკური და ისიც იმიტომ, რომ გაქანებული „ცივი ომია“ და ამერიკელებს სჭირდებათ საქართველო სამხედრო პლაცდარმად, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. მეორე საკითხია, შენ როგორ შესთავაზებ თავს. დასავლეთის პოლიტიკა აგებულია კონსენსუსზე, ანუ ბალანსზე და არა მიტმასნაზე. მიტმასნის პოლიტიკის გამოხატულება იყო, როდესაც საქართველო იძულებით შეიყვანეს დსთ-ში. ეს არის რუსეთის სტილი. აშშ-ის პოლიტიკა კი ბალანსირებას ეყრდნობა, რასაც ჩვენ ვავითარებთ 2002 წლიდან. აი, ესაა განსხვავება რუსეთისა და ევრაზიულ კავშირში გაერთიანებული ქვეყნების პოლიტიკასა და დასავლეთის მიდგომებს შორის. თუ დასავლეთმა დაინახა, რომ შენ მაინცდამაინც აქტიური არ ხარ, ისინი თავს არ მოგახვევენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას. დასავლეთმა შეიძლება, თავისი პრაგმატული ინტერესები დაიცვას, მაგრამ შენგან დამოუკიდებლად შენს ინტერესებს არ დაიცავს. ამიტომაც განსხვავდება დასავლეთის გეოპოლიტიკური კულტურა ევრაზიული გეოპოლიტიკური კულტურისგან.
– და რეალურად რის გაკეთება შეუძლია რუსეთს, რომ ისევ მიგვიტმასნოს?
– შოიგუმ რამდენიმე დღის წინათ თავდაცვის სამხედრო კოლეგია მოიწვია და მისი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მისი ტონი იყო ძალიან აგრესიული. ასევე, აგრესიული იყო პუტინის მიერ ვალდაის ფორუმზე გაკეთებული განცხადებების ტონიც, სადაც პირდაპირ დაემუქრა დასავლეთს, რომ რუსეთი აღარ იქნება ტოლერანტული და დასავლეთს გაუწევს წინააღმდეგობას ყველა დონეზე. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს სცენარი გამოიყენოს.
– ომი განაახლოს?
რა თქმა უნდა. ჩვენ ჯერ ისევ საომარ მდგომარეობაში ვართ რუსეთთან და ეს მე და თქვენს გარდა, საერთოდ არავის აინტერესებს. 2008 წელს, სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებით, დაიდო ზავი. ამიტომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, დაიწყოს საბრძოლო ოპერაცია. მით უმეტეს, იმ დაპირისპირების ფონზე, რაც რუსეთსა და აშშ-ის შორისაა. აშშ-ში უკვე ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი, რომ ის ჩაერია ამერიკის შიდა საქმეებში და ამერიკელები უკვე სერიოზულად უპირისპირდებიან რუსეთს. ამერიკის კონგრესი აპირებს, რომ რუს ოლიგარქებსა და რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკებს გაუყინონ ანგარიშები. ეს იქნება „წითელი ხაზი“ და არავინ იცის, ამის შემდეგ როგორ მოიქცევა რუსეთი. ეს იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი  იმისა, რომ რუსეთსა და აშშ-ს ერთმანეთი არ ჩაეთვალათ უშუალო მტრებად. თუკი ამერიკელები ამაზე წავლენ, აი, მერე დაიწყება თუ დაიწყება „საინტერესო მოვლენები“. ვიმეორებ, არასდროს ყოფილა  პუტინი ისეთი აგრესიული, როგორც ვალდაიზე. ამ ფონზე რუსეთის ქმედების წინასწარმეტყველება ძალიან რთულია.

скачать dle 11.3