№45 როგორ შეიცვალა თბილისის მერის, დავით ნარმანიას, უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები 2012 წლიდან დღემდე
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია 1979 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 1996-2000 წლებში მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც მიიღო და კვალიფიკაციით, მენეჯერია. 2000-2002 წლებში ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხიც და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციაც მოიპოვა. 2005 წელს ასპირანტურაც დაამთავრა (კვლავ თსუ-ში) და ეკონომიკის აკადემიური დოქტორი გახდა.
მისი ჩინოვნიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად. ხოლო 2014 წლის აგვისტოდან კი, ქალაქ თბილისის მერია.
დავით ნარმანიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2002 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც შემოსავლების მინისტრის სამდივნოს უფროსის ყოფილმა უფროსმა. იმხანად მისი საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, წერეთლის გამზირზე და მიწის ნაკვეთი (500 კვ. მ.) ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში. რაც შეეხება შემოსავლებს: 2001 წლის განმავლობაში დავით ნარმანიამ, როგორც შემოსავლების მინისტრის სამდივნოს უფროსმა, 4 950 ლარი მიიღო. 2012 წელს დავით ნარმანიამ დეკლარაცია შეავსო, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. იმხანად მისი საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე (97 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ კოკში (5 000 კვ. მ) და 2002 წლის ავტომანქანა „მერსედესი“. დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნაღდ ფულად 12 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ასევე, იყო 2011 წელს დაფუძნებული შპს „ნარმანია, ჩირესრჩ ენდ ქონსალთინგის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში დავით ნარმანიამ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 22 238 ლარი აიღო; როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, 16 477 ლარი; როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ექსპერტმა, 1 000 ლარი; როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიწვეულმა პროფესორმა, 13 940 ლარი და როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მოკლევადიანმა კონსულტანტმა, 22 287 ლარი; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ კი 4 000 ლარი მოუტანა. 2012 წელს მან ბინათმშენებლობის ხელშეკრულებაც გააფორმა (86 450 აშშ დოლარის ოდენობის), რომლის მომსახურებაც 2012-შივე, 24 000 აშშ დოლარი დაუჯდა. 2012 წლის განმავლობაში მან, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 11 420 ლარი მიიღო, ხოლო ზემოჩამოთვლილ ძველ სამუშაო ადგილებზე მიღებულმა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 107 502 ლარი შეადგინა. ბინათმშენებლობის ხელშეკრულების მომსახურება კი კვლავ 24 000 აშს დოლარი დაუჯდა. 2013 წლის განმავლობაში დავით ნარმანიამ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულმა პროფესორმა, 22 830 ლარი აიღო, როგორც მინისტრმა, 90 165 ლარი. 2014 წლის განმავლობაში დავით ნარმანიამ, როგორც მინისტრმა, 21 710 ლარი აიღო, როგორც მერმა, 15 741 ლარი, როგორც ლექტორმა, 27 207 ლარი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით კი, 12 000 ლარი. 2015 წელს – როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, 10 800 ლარი, როგორც დედაქალაქის მერმა, 19 080 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით, ისევ 12 000 ლარი. 2017 წლის დეკლარაცია კი გვამცნობს, რომ დავით ნარმანიას მეუღლეს გორის რაიონის სოფელ ბოშურში მიწის ნაკვეთი შეუძენია (3 584 კვ. მ.). 2016 წლის განმავლობაში კი თავად დავით ნარმანიას, როგორც მერს, 38 160 ლარი აუღია, როგორც პროფესორს – 26 180 ლარი. ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით კი – 7 200 ლარი.