№45 თუ სკამში ვერა, ქუდში?!
ანუ მთავარია მონაწილეობა
იმ ნათელი მომავლისთვის, რასაც დემოკრატიისა და პარტიული მრავალფეროვნების განმტკიცება ჰქვია, ჩვენ უკვე გვაქვს „კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რის მიხედვითაც, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად პოლიტიკურ პარტიას, სულაც, არ სჭირდება საარჩევნო ბარიერის გადალახვა, სავსებით საკმარისია, ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტის დაგროვება და წლიურად 300 000 ლარიც ჯიბეში აქვს და, თუ სკამში ვერა, თავი - ქუდში.
შესაბამისად, არაერთი პარტია დაპურდა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზეც. დაპურდა-მეთქი, რადგან ხშირად ისეთი პარტიებიც კი იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელთა სახელიც კი არავინ იცის.
ასეა თუ ისე, ხალხის რჩეულები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე ახალ ინიციატივას გვთავაზობენ. კერძოდ, ბიუჯეტმა ის პოლიტიკური გაერთიანებებიც დააფინანსოს, რომლებიც 3-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ ფრაქციას შექმნიანო.
ეგ როგორო, არ მკითხოთ, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ამ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკოსად თავის წარმოჩენა გახდება საკმარისი ბიუჯეტიდან ფულის მისაღებად, განა იმიტომ, ვირი ვარ და ვყვირი, პოლიტიკოსი ვარ და მეკუთვნისო.