№44 მართავს თუ არა გიორგი კეკელიძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ამერიკის ხელით და როგორ დაალაგა მან ქაოსური პირადი ცხოვრება
„არ წაიკითხოთ წიგნები! მე თუ მკითხავთ, წიგნის კითხვა აუცილებელი სულაც არ არის“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისგან მოულოდნელობა იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა, წარმატებული გენერალური დირექტორის პირადი ცხოვრება ყოველთვის მრავალფეროვანი და ქაოსური იყო. მისი სახელი არაერთ ცნობილ ქალს უკავშირდება. მასზე უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. ჭორებს ორგიებზე და მასონთა ლოჟების ხელმძღვანელობაზე ისიც დაემატა, რომ გიორგი კეკელიძე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამერიკის ხელით მართავს. რას გულისხმობდა იმაში, რომ წიგნის კითხვა აუცილებელი არ არის, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში და შეესაბამება თუ არა მასზე გავრცელებული რომელიმე ჭორი სიმართლეს, გიორგი გულახდილად გვესაუბრა.
გიორგი კეკელიძე: არ წაიკითხოთ წიგნები. მე თუ მკითხავთ, წიგნის კითხვა აუცილებელი მართლაც არ არის. წიგნს, ანუ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას, ყველა არ უნდა კითხულობდეს. მისი დაძალება დანაშაულიც კია. ლიტერატურის ვინმესთვის შეყვარება წარმოუდგენელი ამბავია. მე ეს თანდაყოლილი საქმე მგონია, გნებავთ, ავადმყოფობა, აი, როგორც სცენის მტვერი და ამგვარი ამბები, იწამლები და იმით ცხოვრობ. ასე გრძელდება სულ – ციხეშიც და საავადმყოფოშიც მათ გვერდით გინდა, ვერც შენ შორდები და თითქოს რაღაც ძალით, არც ისინი გიშორებენ. ასე, რომ ნუ ვიქნებით მიამიტები, არ წაიკითხოთ, წიგნები: თუ სხვების ცხოვრებით ცხოვრება გაფრთხობთ, მეტიც, სხვისი სიკვდილით სიკვდილი გაშინებთ, ანუ სიკვდილამდე ბევრჯერ სიკვდილი; თუ ლუარსაბობა და ტარიელობა ვერ შეძელით. აი, ასე, ერთად ვერ შეძელით. პირველი „გაგიტყდათ“ და მეორე გეძნელათ. თუ რომელიმე ტანკა ან ჰაიკუ დაიწყეთ და ბოლომდე ვერ წაიკითხეთ; თუ ალუდა ქეთელაური მხოლოდ თემთან დაპირისპირებული და მეტიც, გამარჯვებული გმირი გგონიათ; თუ ხანდახან პეპისავით არ ფიქრობთ: „ვფიცავ, არასდროს გავიზარდო იმაზე მეტი, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შემრცხვეს!“; თუ სიცრუის გეშინიათ – რომ დაგამშვიდოთ, სიცრუის სიბრძნის. ცოტა პათეტიკურია, არა? მაშინაც ნუ წაიკითხავთ წიგნებს, თუ მანერულობა გაშინებთ. ხოლო, სხვა შემთხვევაში, მათი წაკითხვა ჯანმრთელობას არ ავნებს, მხოლოდ მცირე უკუჩვენებები აქვს – ვინც ბოლომდე წაიკითხავს, ძალიან ადვილად მიხვდებოდა, რომ ეს არის წიგნისკენ მოწოდება, უბრალოდ, არა ზერელედ კითხვისკენ. ის კრიტერიუმებია ჩამოთვლილი, რაც ადამიანებმა, ალბათ, უნდა გაითვალისწინონ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ არიან მკითხველები. იმიტომ რომ, წიგნის კითხვა არ არის ადვილი საქმე, წიგნის კითხვა გულისხმობს გარკვეულ ემოციურ და იმავდროულად, ინტელექტუალურ მზაობასაც.
– თქვენ როგორ დაინტერესდით პირველად წიგნით?
– მე წიგნით დავინტერესდი იმგვარად, რომ ჩემი ოჯახი, გარკვეულწილად, გულისხმობდა წიგნთან კავშირს. ბებია და ბაბუა სკოლის მასწავლებლები იყვნენ, ისინი კითხულობდნენ და მათ შორის, ხმამაღლა და მაშინ შევამჩნიე, რომ ეს ყველაფერი მეც მაინტერესებდა. მეც ვიყავი ემოციური თვალსაზრისით ამ სიუჟეტების, თუნდაც ლირიკული ტექსტების ნაწილი, რომელიც მესმოდა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრით მოვიწამლე. დღემდე, მეტ-ნაკლებად, ამ „ავადმყოფურ“ მდგომარეობაში გახლავართ.
– თქვენ, ახალგაზრდულ წლებშივე დიდ წარმატებებს მიაღწიეთ, რაც სამაგალითოა და ალბათ, ყველას აინტერესებს, როგორ შეძელით?
– არსებობს რაღაც ფორმულები და მე ვფიქრობ, უპირველესად, ეს არის სწავლა, შრომა, თავისუფლება, ალბათ, გარკვეულწილად იღბალიც და რაღაც ტიპის ნიჭი. ჩემს შემთხვევაში, ეს ნიჭი არის ლიტერატურისა და მენეჯერის უნარების სინთეზი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს დაუსვენია თავისი ცხოვრების განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ადრეულ ბავშვობას, როცა ძალით მივყავდით დასასვენებლად. ჩემი ცხოვრება გულისხმობს ყოველთვის მუშაობას. მთელი ზაფხული სოფლებში ვხსნიდით ბიბლიოთეკებს და მოვახერხეთ, რომ ასამდე ბიბლიოთეკა აღგვედგინა და გაგვეხსნა. ეს იყო ჩემი ზაფხულის დასვენება, რაც არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რა ვქნა, ასეთად ჩამოვყალიბდი, მანიაკალურ მდგომარეობაში ვარ. ნოემბერში გაიხსნება საქართველოში, ეროვნული ბიბლიოთეკის ფარგლებში, ევროპაში ერთ-ერთი, ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი. ეს იქნება იშვიათ გამოცემათა მუზეუმი. იმავდროულად, ამ მუზეუმის ფარგლებში, გვექნება ილია ჭავჭავაძის პირადი არქივისგან შემდგარი კაბინეტი და სრულიად უნიკალური – „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი.
– ასეთი მოწესრიგებული საქმიანობის გვერდით, ყოველთვის ქაოსური და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება გქონდათ. ამ კუთხით შეიცვალა რამე თქვენს პირად ცხოვრებაში?
– ძალიან ქაოსური პირადი ცხოვრება მქონდა, ჩემი ცხოვრება ამ თვალსაზრისით, არ იყო მოწესრიგებული. ვგულისხმობ, ბევრ ურთიერთობას და რეალურად ეს, ალბათ, ერთი მხრივ იყო, ძიების და მეორე მხრივ, გურული ნევროზის ნაწილიც. ჩემი პირადი ცხოვრება კარგა ხანია, მოწესრიგებულია და მე იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. დიდი ხანია, ერთი და იგივე ადამიანია ჩემ გვერდით.
– ამჯერად როგორ შეძელით, რომ ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებოდეთ?
– მე მქონია ხანგრძლივი ურთიერთობებიც. რაღაც ურთიერთობები სადღაც მთავრდებოდა და რაღაცის დასასრული ხელახლა ბადებდა ახალ ქაოსს და ეს ქაოსები უფრო ხდებოდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რადგან გრძელვადიან ურთიერთობებს ვმალავდი და დღეს ამ ადამიანების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. ხანმოკლე ურთიერთობები უფრო ვრცელდებოდა. მე ვფიქრობ, ურთიერთობა, უპირველესად, ერთგვარი გამოწვევაა საკუთარ თავთან და მეორე ადამიანთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, ამ ურთიერთობის მართვის ხელოვნებას. თუკი ადამიანები ამას მოახერხებენ, ემოციები აღარ გაიფანტება წვრილმანების გამო. თუ ერთდროულად შეძლებენ იმას, რომ წვრილმანები აქციონ საინტერესო საგნებად და მოვლენებად, შეიძლება, ურთიერთობა ხანგრძლივი იყოს. სიმართლე გითხრათ, ადრე ეს მეგონა ყალბად რომანტიკული ადამიანის მოგონილი საქმე. მაგრამ, ახლა დავრწმუნდი, რომ ეს არც მთლად ლეგენდური ამბავია. კლასიკურად რომანტიკული საქციელი ჩემი სპორტი არ არის და ალბათ, ნაკლებად შემიძლია, დავიტრაბახო რაღაც საოცარი ამბების ჩადენით. მე მაინც მგონია, რომ წვრილმანების გათვალისწინება, რაც ძალიან უჭირთ ადამიანებს, ყველაზე დიდი საგმირო საქმე და კომპრომისია, რაც ჩამიდენია.
– ხშირად განშორებებს ტკივილი და დეპრესია ახლავს, რაც შეიძლება, საქმიან ცხოვრებაში ხელისშემშლელი აღმოჩნდეს. როგორ ხდებოდა ეს თქვენს შემთხვევაში?
– მე მგონია, რომ ეს ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია. ნებისმიერი შეხება, რომელიც გულისხმობს მცირე შეჩვევას მაინც (აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც ფიზიკური შეხება), დასრულების შემდეგ ერთგვარად ტოვებს უკმარისობის შეგრძნებას, რაც შეიძლება, სერიოზულ დეპრესიებში გადაიზარდოს. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. დეპრესია მქონია და საკმაოდ ხანგრძლივიც. მთავარი ბრძოლა ჩემი დეპრესიისთვის იყო საქმე. ბრძოლის მეთოდად აღებული მქონდა თავგადადებული და აქტიური მუშაობა, რაც ნაკლებ დროს ტოვებდა იმისთვის, ბოლომდე ჩავეთრიე ამ არცთუ სასიამოვნო ამბავს. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი, ეს ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო იმ საქმეებისა და გარემოსთვის, საიდანაც მე რეალურად, საზოგადოება მიცნობს. მაშინაც კი, როცა ქაოსური ცხოვრება მქონდა, მკვეთრად ვმიჯნავდი სამსახურსა და პირად ცხოვრებას, დღეს, მით უფრო. არასდროს მიშლიდა ხელს. ერთი მხრივ, მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრების ფონზე, მე მქონდა ძალიან სწორად დაგეგმილი, მრავალმხრივი კარიერული ცხოვრება.
– რატომ მიგაჩნიათ, რომ ქართული სექსუალური რევოლუცია გადარაზულ ოთახებში მოხდა?
– მე მგონია, ქართული სექსუალური რევოლუცია გადარაზულ ოთახებში მოხდა და ამ ოთახებში ნამდვილად მიაღწია ევროპულ მასშტაბებს, რაც დღეს შესამჩნევია რეალობაში. მყოლია არაერთი სექსუალური პარტნიორი, რომელსაც სექსი ხშირად ჰქონდათ, მაგრამ მათი გარეგნული ცხოვრების წესი იმდენად განსხვავებული იყო, გეგონებათ, სულ ღრუბლებზე ისხდნენ და ნისლის წინდას ქსოვდნენ. მე დიდი მომხრე ვარ ზოგადი და კონკრეტული აზრით თავისუფლებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს უფლება და საერთოდ არ არის გასაკიცხი, რომ მაგალითად, მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს სექსუალური პარტნიორის გარეშე და არ მგონია, რომ ვინმეს სხეული ვინმეს საქმე იყოს. არ მივეკუთვნები რადიკალურ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ან ასე უნდა იყოს საკითხი, ან ისე. ადამიანის გადასაწყვეტია მისი პირადი ცხოვრება, ისევე როგორც მეორე ადამიანის გადასაწყვეტია, როგორ შეაფასებს მას ის.
– რატომ ხართ ჭორების ხშირი ობიექტი?
– მგონია, რომ ცხოვრების რაღაც ნაწილში ჭორების გავრცელებას მეც შევუწყვე ხელი, პირად ცხოვრებაში ჩემი არც მთლად დამალული აქტიურობით. ვფიქრობ, ამან ნეგატიური გავლენა იქონია, იმიტომ რომ, თუკი თქვენ დღეს ჩემ შესახებ ჩაწერთ „გუგლში“, არა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაკეთებული საქმეები, არა ეკვილიბრიუმის გაკეთებული საქმეები, გახსნილი სოფლის ბიბლიოთეკები ან, თუნდაც, ჩემი ნაწარმოებები, არამედ ისინი ამოვარდება, ვისაც მე მიკავშირებდნენ ხოლმე. არ მგონია, მთლად უკეთესი ვარიანტი, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება ასეა. არის ჭორების ცალკე სფერო – მსმენია, რომ მასონების მთავარი წარმომადგენელი ვარ ქვეყანაში. ის, რომ ორგიებს ვმართავდი ბიბლიოთეკაში, უკვე ძველი ამბავია. თურმე, „ნაციონალებსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მე ვმართავ ამერიკის ხელით. მე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი დუმილით, საკმაოდ დიდი ღონისძიებები ჩავატარე, რომ ამგვარი ჭორები, მეტ-ნაკლებად, დაშორებოდა ჩემს ცხოვრებას. მიხარია, რომ ჩემზე გავრცელებული ჭორები ვერ ეხება ჩემს საქმიანობას. მე ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებდი საწყის ეტაპზე თვალს ჭორებს, დღეს კი მხოლოდ ღიმილის საგანია.