№44 როდის უნდება ადამიანების დაკუჭვა და ხელების მომტვრევა კახა კუხიანიძეს და რატომ არ უნდა იყოს ქალი დიდი დოზით მის ცხოვრებაში
კახა კუხიანიძე და ვერიკო ტურაშვილი ცოტა ხნის წინ პრაღაში იმყოფებოდნენ, სადაც ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართეს. კახასთვის და ვერიკოსთვის ეს ემიგრანტებისთვის ჩატარებული პირველი კონცერტი არ ყოფილა. მათ ხშირად უწევთ მათთვის სიმღერა და დღეების გალამაზება.
კახა კუხიანიძე: ევროპაში ხშირად გვიწევს ჩასვლა. ემიგრანტებისთვის ვმღერით, რაც სანატრელია ბევრი მომღერლისთვის. ახლა გვქონდა ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტი. ბიზნესფორუმი იყო და მე და ვერიკოს უნდა გვემღერა. ძალიან კარგად გავართვით თავი, რაშიც, რა თქმა უნდა, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. თვითრწმენა არასდროს მაკლია.
– ფრენის შიში კიდევ გაქვთ ორივეს?
– უკვე ნაკლებად. მართალია, „კორვალოლით” ვართ თვითმფრინავში, მაგრამ მაინც გადავლახეთ. თან, აქედან რომ გავფრინდით, ქარი იყო. როგორ ავფრინდით, არ მახსოვს – ისტერიკაში ვიყავით.
– თქვი: ყოველთვის დარწმუნებული ვარ საკუთარ თავშიო, ნუთუ არასდროს შეგპარვია საკუთარ თავში ეჭვი – თავდაჯერებლობას არ უღალატია?
– არასდროს, რადგან იმდენად კარგად მაქვს განვითარებული ინტუიცია თუ დედუქცია, რაც ჰქვია... არასდროს მღალატობს. არ არსებობს, რამეში შევცდე. ხშირად წინასწარ მითქვამს რაღაცები: ეს ეს არის, ეს ასე იქნება-მეთქი და გამართლებულა. ისეთი ინტუიცია მაქვს, რომ ჩემი წინასწარი პროგნოზები სულ მართლდება. ვიცი, დღევანდელი დღე როგორი მექნება. დილით თავისით მომდის ხოლმე ინფორმაცია.
– ხშირად უშვებ შეცდომებს?
– შეიძლება ითქვას, რომ არ ვუშვებ, ან ძალიან ცოტას. ყველანაირად ვცდილობ, ვიცხოვრო უშეცდომოდ. რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ვცდილობ, ისეთი შეცდომა არ დავუშვა, ქუჩაში, ბოდიში ამ სიტყვისთვის და ვინმემ მომაფურთხოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორ იცხოვრებ, როგორ სახელს დატოვებ ამ ცხოვრებაში და როგორი პიროვნება იქნები. რას ამბობენ ჩემზე ჩემ ირგვლივ მყოფნი – ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მოთხოვნილებაც არ მაქვს, რომ ცუდი გავაკეთო.
– როცა შენი ოჯახის წევრებს ეხება ჭორები, მაშინ როგორ იქცევი?
– თუ ჩემს ოჯახის წევრებს ეხება, შეიძლება, დავკუჭო ადამიანი. ჩემი ძმა „ევროვიზიას” ძალიან წარმატებით აკეთებს, რამდენიმე გამარჯვება აქვს. სანამ გაიმარჯვებს და დაიდება ინტერნეტში ბავშვის სიმღერა – ზოგი ისეთი შეუგნებელია, რომ არ ითვალისწინებს ეს რომ ბავშვია და იწყებს ლანძღვას, იმის მაგივრად, რომ გვერდში დაუდგნენ. მერე, ეს ბავშვი რომ იმარჯვებს, ჩუმად არიან. ამ დროს ვერ წარმოგიდგენიათ რა მჭირს: მინდა, კომპიუტერში გავძვრე, ენაც მოვაჭრა და ხელებიც დავამტვრიო.
– ხელები მოგიმტვრევია?
– სამაგიეროს არავის ვუხდი, რადგან ზუსტად ვიცი, უბრუნდება თავისი უარყოფითი განწყობა. მე არ მჭირდება ხოლმე ხელების გასვრა – თავს არ ვიფუჭებ, არ ვაბინძურებ საკუთარ თავს.
– რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?
– კონფორტის ტიპი ვარ, არ მიყვარს „პახოდები”. მიყვარს იქ ყოფნა, სადაც კომფორტია. მიყვარს ბედნიერი, გულწრფელი ადამიანები, ჩემი საქმე. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ ვიღებ, როცა კონცერტზე გავდივარ და ბევრი ხალხი მელოდება. ბედნიერი ვარ, როცა ვხარჯავ ენერგიას, ყურადღებას და ვფიქრობ ადამიანებზე. ახლა ერთი ოცნება მაქვს: მქონდეს ძალიან ბევრი ფული. სულ თავში მიტრიალებს, რას გავუკეთებ ჩემს მეგობრებს: იმას ის აკლია, იმას ის უნდა. მინდა, ყველას მამა-მარჩენალი ვიყო და ყველა ბედნიერი მყავდეს.
– როგორ გახდები მილიონერი?
– ჯერ არ ვიცი, ვფიქრობ.
– მერე პოლიტიკაშიც ხომ არ მოხვალ?
– არა, არასდროს მოვალ პოლიტიკაში. რაშიც არ ვარ დარწმუნებული და გული არ მკარნახობს, იმას არ გავაკეთებ. ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ საქმეშიც და ურთიერთობებშიც. ყოველთვის ვითხოვ იმას, რასაც თავად გავცემ. ამ კუთხით ეგოისტი ვარ: თუ ადამიანი ძალიან მიყვარს და ვერ მივიღე მისგან ის, რასაც გავცემ, კანში ვერ ვეტევი, ვბუზღუნებ. როცა ვინმე მიყვარს, საკუთარი თავი აღარ მახსოვს. სულ მასზე ვარ გადართული. ეს ზოგადად, არ არის კარგი. ახლა ერთი ამოჩემება მაქვს: ბინის გარემონტება. ერთი ბინის გარემონტებას შარშან მოვრჩი, მეორის – წელს და ერთი მაქვს კიდევ გასარემონტებელი. სულ დავდივარ და ვეძებ საოჯახო ნივთებს. კიდევ მინდა, ერთი ბინა ვიყიდო და მერე სიბერეში ბედნიერად ვიცხოვრო, კაპიტალი რომ დავაბანდო.
– ბევრ შვილზეც ხომ არ ოცნებობ?
– ბევრ შვილზე არა, ალბათ 2-3 მეყოლება. პირველი მინდა გოგო, თან ძალიან. გოგონები უფრო მამებთან არიან ახლოს – კიკინებიანი გოგო მინდა, შეიძლება, მართლა გავაფრინო.
– ცოტა ხნის წინ რუსკა ხვედელიძეს სთხოვე ხელი. რა ხდება თქვენ შორის?
– ძალიან ლამაზი გოგოა. ძალიან მხიარული, კომფორტულია და რატომ არ უნდა მეთხოვა ხელი? ვმეგობრობთ და ძალიან საყვარელი, კარგი ადამიანია. მეგობრულად ვურთიერთობთ.
– ეს მეგობრული ხელის თხოვნა დაქორწინებაში ხომ არ გადაიზრდება?
– ვმეგობრობთ ძალიან კარგად, მაგრამ ახლო მომავალში თუ რამე იქნება, გაგაგებინებთ.
– როგორი იქნება შენი ქორწილი?
– მხოლოდ მეგობრები, ჩემი თაობა და ძალიან დიდი გართობა იქნება. შემდეგ ჯობია, წახვიდე სამოგზაუროდ. ისეთი ხალხი მინდა იყოს, ვისაც ვუყვარვარ და გაიზიარებენ ჩემს სიხარულს.
– როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც შენი კიკინებიანი გოგოს დედა გახდება?
– ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, უდიდესი მეგობრობა უნდა ჰქონდეს ჩემთან. ჩემი საქმე უნდა უყვარდეს და უნდა ვუყვარდე მე. როცა ეს ყველაფერია, დანარჩენი უკვე, ურთიერთშეთანხმებაა. ბევრი დოზით უნდა ვიყო მე. არ შეიძლება, ქალი იყოს ჩემს ცხოვრებაში ბევრი დოზით. არ მომეწონება, ინტერესი დამეკარგება. მე უნდა მქონდეს მთავარი როლი.
– რას გულისხმობ? არ მოგეწონება ქალმა რომ გადმოდგას პირველი ნაბიჯები?
– კი, მაგრამ მისი დანარჩენი ნაბიჯები არ უნდა იყოს ზომაზე მეტი. მე უნდა გავაკეთო. მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს, ცოტა უნდა გამაწვალოს კიდეც. თავიდან, ნაპერწკალი უნდა აანთოს, ცეცხლი ააგიზგიზოს, ბენზინი უნდა დამასხას.
– როგორ უყურებ გენდერულ თანასწორობას?
– ქალები იმდენ რამეს ითხოვენ კაცისგან და ასეც უნდა იყოს, მაგრამ კაცები ამდენს არ ითხოვენ ქალისგან. მაინც მთავარი როლი კაცზეა და ქალს სიამოვნებს, როცა კაცი მასზე ძლიერია. ერთნაირი სიძლიერე არ მოსწონს ქალს. გენდერული თანასწორობა შეიძლება, იყოს რაღაც საკითხებში, მაგრამ დომინანტი კაცია. არის საკითხები, რაც ქალს არ უნდა გააგებინო. მაგალითად, ბიზნესის საკითხები – შენია და შენ უნდა მართო. როცა რთული სიტუაციაა, მირჩევნია საკუთარ თავზე გადავიტანო, ვიდრე ის ვანერვიულო. კაცმა უნდა შეძლოს ყველაფერი, რომ მისი რჩეული თანამგზავრი უპრობლემოდ აცხოვროს. ამიტომაც, დომინანტი მაინც კაცია. აუცილებელი არ არის, ქალმა „ნასკი” გამხადოს და ფეხი დამბანოს, ან ქალი უნდა იყოს „კუხნაში” – ეს არ მაქვს მხედველობაში. მას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს და მეც ამაში შევუწყობ ხელს. სახლში არ უნდა დასვა – ჩაქრება, არ იქნება ბედნიერი. ჩემთან ერთად ბედნიერება კი, მალე მობეზრდება.
– ეჭვიანი თუ ხარ, ან როგორ რეაგირებ როცა შენზე ეჭვიანობენ?
– თუ საბაბი არ მაქვს, არ ვეჭვიანობ. როცა კონტროლი გამძაფრებულია, ეს გამაღიზიანებელია და არ უნდა გამიმძაფრო კონტროლი. თორემ ამომივა ყელში და აღარ მომინდება ურთიერთობა. ზომიერებაა საჭირო, თორემ მეც მიყვარს კონტროლი. ჩემნაირი ერთგული იშვიათია, ზოგადად, ერთგული ტიპაჟი ვარ. ამიტომ, თუ იმ ნაბიჯს გადავდგამ, რომ ღალატის გრძნობა გამიჩნდება, ის ურთიერთობა დასრულდება. ვერ წარმომიდგენია, ადამიანთან ცხოვრობდე და სხვაზე ფიქრობდე – ეს ჯოჯოხეთია და რატომ უნდა ვიცხოვრო ჯოჯოხეთში?!