№44 რატომ უნდა ნინო კუზანოვას მეუღლის გარდერობიდან გაგდება და რატომ არ უშინაურდებიან არასდროს ისინი ერთმანეთს
ნინო ნადირაძე-კუზანოვა – ქალი, რომელიც კარგად უთავსებს ერთმანეთს კარიერასა და დიასახლისობას და იმავდროულად, ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია. მიუხედავად უამრავი საქმისა, მას კიდევ ერთი ახალი გატაცება აქვს – აპირებს, გახსნას ატელიე, სადაც გოგონებს ლამაზად ჩაცმაში დაეხმარება. ამბობს, რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, მისი მთავარი პროფესია ექიმობაა. ნინო და გუგა კუზანოვების ოჯახი ბევრ წელს ითვლის. თუ რა არის მათი ოჯახის სიმყარის საიდუმლო, როგორ ახერხებს, იყოს სულ ფორმაში და მოასწროს ამდენი საქმე, ნინო ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა:
– გადაცემის წამყვანობა მომწონს და საერთოდ, ყველგან მომოწნს ყოფნა, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და კარგი ანაზღაურება მაქვს. ჩემი პროფესია იმდენად რთულია, იმის მერე საერთოდ არ მიჭირს ტელეწამყვანობა. ყოველთვის კარგად მაქვს დრო განაწილებული და ვასწრებ დიასახლისობასაც, ექიმობასაც და ტელეწამყვანობასაც. ექიმობისთვის არასდროს მიღალატია. დღესაც ვაგრძელებ ჩემს საქმეს და არავითარ შემთხვევაში, თავს არ დავანებებ, სანამ არ მივხვდები, რომ დავბერდი, დავჩაჩანაკდი. ექიმობას ხალასი გონება და ნათელი ტვინი სჭირდება. ყველა საქმიანობაში წავალ-წამოვალ, ექიმობა კი იქნება ის, რაც თან უნდა მდევდეს. რაც ჩემია და რაშიც ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული და ყოველთვის დამენანება, რომ ეს შრომა მივატოვო და მივაგდო.
– ამდენ საქმესთან ერთად, რაიმე ჰობისთვის, გართობისთვის თუ გრჩებათ დრო?
– კი. რა თქმა უნდა. ბოლო ოცი წელია, არ დამიხატავს და ამ ბოლო დროს ხატვა დავიწყე. პატარაობიდან მოყოლებული, ძალიან კარგად ვხატავდი, მერე დამეზარა – ფუნჯები რეცხე, აწესრიგე... თორემ ეს ისეთი დოპინგია, განწყობის შექმნას ყოველთვის ვახერხებ. 11-12 წლის ვიყავი, როცა ხატვაზე დათო მელიქიშვილთან დავდიოდი. დათომ გამოაცხადა, ძალიან ნიჭიერიაო და მამაჩემს გული გაუსკდა. მხატვრები მშივრები არიან, მშიერი მოკვდები. კიკინიანი და „რუგზაკიანი“ მშიერი სიძეც არ მინდაო. ხომ გეხერხება მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და გამოდი ექიმიო. ექიმობა სულ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ექიმი არავინ მყავს. ჩემი ხასიათია ისეთი, ყველას მინდა, დავეხმარო, გვერდში დავუდგე და საკმაოდ მყარი, რკინის ნერვული სისტემა მაქვს. მამა – მათემატიკოსი, დედა – ეკონომისტი და ერთი ბებია მყავდა სამედიცინო მუშაკი. ახლა კი გუგამ დამაძალა ხატვის დაწყება. გუგამ ძალით მიყიდა ყველაფერი – ასე რომ ხატავ, დახატე, დახატეო და დავიწყე ჩემი შვილის, ბაიკოს, დახატვა. იმიტომ რომ, ყველაზე „ზმუილა“ ეგ არის. ამბობს: მე საწყალი ვარ, მე დაჩაგრული ვარო. ეგ ისეთი ეშმაკის ფეხია, ჩემი სუსტი წერტილები იცის და ამით სარგებლობს. ყოველთვის გასდის და გაუვიდეს. ამ სატელევიზიო ეთერმა გააკეთა ის, რომ გადავწყვიტე, გაზაფხულზე ჩემი ატელიე გავხსნა. ისეთი რაოდენობის ტანსაცმელს უცხოეთში ვერ შეიძენ, რომ ყოველთვის სხვადასხვა და განსაკუთრებული გეცვას. გადაცემებში ჩემი დიზაინით მაცვია და ყველას მოსწონს ჩემი ტანსაცმელი. ძალიან კარგად ვხაზავ, ძალიან კარგი მკერავი მყავს, რომელსაც ზუსტად ესმის, რა და როგორ მინდა და ტანდემში კარგი რაღაცები გამოგვდის. ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, როგორ ჩაიცვას. სხვებსაც ვგულისხმობ, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდებს აინტერესეთ ჩაცმა-დახურვა. ჩაცმაში მთავარი რა არის? ტანსაცმელმა შენ უნდა გამოგაჩინოს, დამალო ნაკლი და შენს ღირსებებს გაუსვა ხაზი. ეს მე ძალიან კარგად გამომდის. დედაჩემიც ყოველთვის ძალიან კარგად კერავდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ტანსაცმლის დეფიციტი იყო, კარგად ახერხებდა იმას, რომ განსაკუთრებულად მცმოდა. ბაღში ერთნაირი ტანსაცმლით არ დავდიოდი, ყოველთვის ვაკერინებდი.
– თქვენ იმდენად კარგ ფორმაში ხართ, არ მგონია, რაიმე ნაკლის დაფარვა გჭირდებოდეთ. განსაკუთრებული თავის მოვლის წესები გაქვთ?
– მე უნაკლო ხომ არ გგონივართ? რა თქმა უნდა, ნაკლი მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მიხდება, რა გამომაჩენს უკეთესად. ტანსაცმელმა არ უნდა გადაგფაროს, ტანსაცმელმა უნდა გამოგაჩინოს. ვფიქრობ, რომ ჩემი ძალისხმევით, გოგონები კიდევ უფრო ლამაზი გავხადო და „დავუფსოთ“ ბიჭებს თვალები. ის, რაც ბუნებამ არ მოგვცა, ტანსაცმლით უნდა გავალამაზოთ. რადგან პლასტიკური ქირურგის ცოლი ვარ, ბევრს ჰგონია, რომ აწყობილი ვარ, არადა არაფერს ვიკეთებ, გარდა ბოტოქსისა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აწყობილი ვარ და ამიტომ გამოვიყურები კარგად, შეუძლია, მიმართოს გუგა კუზანოვს და მათაც ააწყობს, არაა პრობლემა. არც ვდიეტობ, ბუნებრივად ვარ ასეთ ფორმაში. დიდად ჭამა-სმის მოყვარული არ ვარ. მე ვერავინ მნახავს რესტორნებში, თუ რაიმე წვეულებაზე არ დამპატიჟეს. არც ჩემს სახლში ნახავთ ტკბილეულს და მსუყე საკვებს.
– გუგას ჩაცმულობაზეც თქვენ ზრუნავთ?
– გუგას ჩაცმულობაზე არ ვზრუნავ. გუგაზე ზემოქმედება აბსოლუტურად შეუძლებელია. არც ის ცდილობს ჩემზე ზემოქმედებას და არც მე ვზემოქმედებ მასზე. ორივეს გვქონდა მცდელობა, მაგრამ მივხვდით, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და ნებაზე მივუშვით ერთმანეთი. ხომ არის ნათქვამი: გიჟი მიუშვი ნებასაო... ჩვენ თავს თვითონვე ვხედავთ. რაც მოსწონს, ის უნდა ჩაიცვას. ის ჩემსავით ტანსაცმლის მოყვარული არ არის. გუგას ტანსაცმელს ძალიან პატარა ადგილი უჭირავს ჩვენს გარდერობში და იქიდანაც მინდა, გავაძევო. არ ძევდება ეგ ოხერი. რა ვქნა, ქმარია, იყოს.
– ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგასო. თქვენ რას იტყვით ამაზე?
– მამაკაცის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალს და თუ გინდა, გვერდით ღირსეული მამაკაცი გყავდეს, ძალიან დიდი ჯაფა უნდა ჩადო მასში. ქალს შეუძლია, სწორი მიმართულება მისცეს მამაკაცს – შეუძლია ააშენოს და დააქციოს კიდეც კაცი. ამიტომ, შემდგარი კარგი ქმრისა და მამაკაცის გვერდით, დგას ჭკვიანი ქალი. 98 პროცენტი ქალის შექმნილია კარგი კაცი. 2 პროცენტია მხოლოდ თვითნაბადი კარგი ქმრები და კაცები.
– თქვენ რომ არ ყოფილიყავით კუზანოვების რძალი, იქნებოდით ასეთი წარმატებული?
– კუზანოვებს ჩემ გარდა 30 რძალი ჰყავთ... არ ვიცი, შეიძლება, არ ვყოფილიყავი მათი რძალი და უფრო მეტიც გამეკეთებინა, ასეთი ოჯახის რძლობა ბევრ რამეში „მატორმუზებს“, ბევრ ჩარჩოში მსვამს. როცა ასეთი ოჯახის რძალი ხარ, ბევრ რამეს ვერ აკეთებ და ცდილობ, გაჩერდე. მე რომ მათი რძალი არ ვყოფილიყავი, შეიძლება, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი და არცთუ ნაკლები წარმატებით, შეიძლება, უფრო მეტისთვისაც მიმეღწია. ასე რომ, ეს კიდევ ცალკე დიდი ტვირთია.
– თქვენ და გუგა 24 წელია, ცოლ-ქმარი ხართ, რაც დიდი დროა. რა არის თქვენი ხანგრძლივი თანაცხოვრების საიდუმლო?
– ამდენი წელია, ერთად ვართ და ჩემი და გუგას ოჯახი არასდროს ყოფილა შენარჩუნებაზე. როცა ოჯახი შენარჩუნებაზე მივა, იქ უკვე ცუდადაა საქმე. ჩვენ ვართ ერთად და გვიყვარს ერთმანეთი. როგორც ყველა ოჯახში, ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ არასდროს ვიბუტებით. ვერ დავიჯერებ, რომ ამბობენ, არ ვჩხუბობთო – როგორ შეიძლება, სხვის გაჩენილ, სხვა გენეტიკის მქონე ადამიანთან ამდენი წელი ცხოვრობდე და არ იკამათო. ორივე საკუთარი საქმით ვართ დაკავებული და საღამოს ვხვდებით ერთმანეთს. ამიტომ, რაღაც უაზრო წვრილმანებისა და კამათისთვის არ გვცალია. ეჭვიანობის მომენტებიც ყოფილა ორივეს მხრიდან. ერთხელ პატრიარქმა თქვა ასეთი რამ: ცოლ-ქმარი ერთმანეთს ზედმეტად ნუ გაუშინაურდებითო, რაც ბევრმა არასწორად, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. მე ამ სიტყვებს სრულიად ვეთანხმები. მისი მოსმენის შემდეგ მივხვდი, რა არის ჩვენი ამდენწლიანი თანაცხოვრების საიდუმლო – არასდროს ვუშინაურდებით ზედმეტად ერთმანეთს. ყოველთვის ვუტოვებთ ერთმანეთს თავისუფალ სივრცეს. რაღაც ზღვარს იქით არ გადავდივართ და საკუთარ სივრცეში ერთმანეთს არ ვახედებთ. მე გუგას ტელეფონშიც კი არასდროს ჩამიხედავს. თუ იქნება ღალატი მისი მხრიდან, ან ჩემი მხრიდან, ამისთვის თვალთვალი და ტელეფონის ქექვა არაა საჭირო, ორივე ვიგრძნობთ. ზოგჯერ გული მწყდება, რომ წლებთან ერთად, რომანტიკულობა მოაკლდა ჩვენს ურთიერთობას. ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ ყველა ეტაპს თავის ხიბლი აქვს. ჩვენი ურთიერთობა ახლა უკვე მრავალწლიანი ღვინოსავითაა, რომელიც კარგად უნდა დააგემოვნო, უცებ ვერ იგრძნობ მის გემოს და არომატს.