№44 რატომ „მონათლეს“ მანანა ჭყონია სერგო ფარაჯანოვის საყვარლად და რის შემდეგ აღმოაჩინა მან საკუთარ თავში უამრავი დაავადების განკურნების უნარი
მანანა ჭყონია პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, მაგრამ მისი ამ ჩარჩოში მოქცევა არასწორია, რადგან ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება აქვს. გამორჩეულია როგორც მისი წინაპრების, ისე მისი გზა.
მანანა ჭყონია: ჩემი ბაბუა, სანდრო ჭყონია, ემიგრანტი იყო, პარიზში ცხოვრობდა და ლევილშია დაკრძალული. ლექსებს წერდა და ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. იმ პერიოდში, იძულებული გამხდარა, საქართველო დაეტოვებინა. შემდეგ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ცოლ-შვილი ვეღარ უპოვია. განგებამ, სრულიად შემთხვევით, ემიგრანტ სერგი წულაძეს შეგვახვედრა, რომელიც ბაბუას იცნობდა: წამოსვლის წინ ვნახე სანდრო და მითხრა, იქნებ ჩემი ცოლ-შვილი იპოვოო, – გვითხრა ბაბუაზე. ბაბუას იქ შეუტყვია, რომ მამაჩემი სამამულო ომში იბრძოდა და ტყვეთა შორის დაუწყია შვილის ძებნა, მაგრამ ვერ უპოვია. თუმცა, მამაჩემის სეხნია, ვინმე არჩილ ჭყონია უშვილებია. ბაბუა შეძლებული კაცი ყოფილა, არჩილისთვის განათლება მიუცია, გზაზე დაუყენებია. ხანში შესულს პარიზის სახლი მისთვის დაუტოვებია, თვითონ კი მოხუცთა პანსიონში წასულა. ბაბუა ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც სალვადორ დალის იცნობდა და მასთან მეგობრობდა. სწორედ მის ოჯახში გაუცნია არჩილს დიდი მხატვრის მეუღლის, გალას მეგობარი ელენ რუბინშტეინი. ის ერთი შეუხედავი ქალი ყოფილა, არჩილზე უფროსი, მაგრამ შეჰყვარებია და ცოლად შეურთავს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გაშორებია. სალვადორ დალის ბაბუასთვის უჩუქებია ნახატი, რომელიც პანსიონში წასვლისას არჩილთან დაუტოვებია, რომ არ დაკარგულიყო. ეს ის ნახატია, რომელიც ახლა გაეროში კიდია – „ახალი ადამიანის დაბადება“.
– თავად როგორ დაიწყეთ ხატვა? თან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თქვენი ნახატები წინასწარმეტყველურია.
– როგორც ჩანს, ეს ბაბუას ცხოვრების გამოძახილია. სრულიად გაუცნობიერებელმა შეგრძნებებმა ჩამიყვანა სარდაფში, მაპოვნინა საღებავები და ერთ ღამეში სამი, სრულიად განსხვავებული ნახატი შევქმენი. მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. ხატვა ფარაჯანოვის გაცნობის შემდეგ დავიწყე. სულ მიჩიჩინებდა, შენ რაღაცა შეგიძლია, რაღაც უნდა გააკეთოო... წლები გადიოდა და ის მოვლენა, რაც კომპოზიციის სათაურში იდო, სრულდებოდა. ასეთია: „დაჭრილი მშვიდობა“, „აფხაზეთის პეიზაჟი“, „სისხლი“, „მგლოვიარე კავკასია“... როდესაც სერგოს ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები, მითხრა: ყველა დიდ მხატვარს აქვს პროგნო-სიმბოლისტური ნახატი. ნიჭიერ ადამიანს ყოველთვის აქვს მომავლის ჭვრეტის არაცნობიერი უნარიო. ცხოვრებაში არასტანდარტული ნაბიჯი გადავდგი – გავაჩინე შვილი, რაც საზოგადოებისთვის დიდი შოკი იყო. ახალგაზრდობიდანვე რთული ხასიათი მქონდა, ამიტომ არ გავთხოვდი. დღისით ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ღამე კი ვხატავდი, ვწერდი, ბევრს ვმუშაობდი. ვფიქრობდი, ვიკვლევდი, წამლებს და თეორიას ვქმნიდი. ძალიან მინდოდა, მყოლოდა შვილი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, ქმარს და ოჯახს დიდი პასუხისმგებლობა, დრო და ენერგია სჭირდებოდა. ყველაფერს ვერ გავწვდებოდი და იმიტომ გადავწყვიტე შვილის გაჩენა. ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცი. არ ვიყავი საცოლე „მასალა“, ტყუილად უნდა ამერია ვიღაცისთვის ცხოვრება. როდესაც ამ ნაბიჯის გამო ნათესავებმა გამრიყეს, ფარაჯანოვმა მომძებნა და მამასავით ამომიდგა მხარში. ამბობდა, ერთადერთია, ვინც ჩემს ნივთებს არ გაყიდის და უპატრონებსო. იმ ადამიანმა მამა შემიცვალა. მის გამო უბატონოდ ხმას ვერავინ მცემდა. ბევრი გაულანძღავს ჩემ გამო. ყოველთვის ცდილობდა, რაღაცით ვესიამოვნებინე, სულ მეძებდა, მე კი სულ ვემალებოდი. ვერ ვხსნიდი მის საქციელს. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ეჩუქებინა ფარაჯანოვს ჩემთვის ბრილიანტის ყელსაბამი ან 25 წლის გოგოს რატომ უნდა მიმეღო 60 წლის კაცისგან ასეთი საჩუქარი. საერთოდ, ასეთი იყო, ყველას რაღაცას უძღვნიდა, მაგრამ მე არ ვართმევდი. ჩემი პირველი გამოფენა სერგო ფარაჯანოვს მივუძღვენი...
– ბევრი ჭორი დადიოდა თქვენს ურთიერთობაზე.
– ყველას მისი საყვარელი ვეგონე. ხალხს ახსოვს, როგორ ვუყვარდი და მაღმერთებდა, მაგრამ ამ კაცს არასდროს უგრძნობინებია, რომ ჩემზე, როგორც ქალზე, ფიქრობდა... ქალაქში დაირხა ჭორი, ფარაჯანოვი თავის ქონებას მანანა ჭყონიას უტოვებს, ცოლად ირთავსო... როგორც გაირკვა, თვითონ ავრცელებდა ჭორებს, თავისთვის, პიარისთვის. ის ხომ პიარის დიდოსტატი იყო. როდესაც ვუსაყვედურე, რატომ მივრცელებ ჭორებს, მტრებს რატომ მიჩენთ-მეთქი, ცრემლი ჩამოუგორდა და მითხრა: „კეკელკა ტი ტბილისსკაია, ნიჩევო ტი ნი პანიმაეშ“.
– რამდენადაც ვიცი, ლექსებსაც წერთ.
– მე პოეტი არ ვარ, მაგრამ სამი-ოთხი მოსაწონი ლექსი მაქვს დაწერილი. ეს ბავშვის ნაფიქრალია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ ამ დროისთვის ძალიან აქტუალური საკითხი, რომელზეც ახლა ძალიან ბევრს მსჯელობენ, ვგულისხმობ გლობალურ დათბობას – 23 წლის ასაკში დაწერილ ლექსში მაქვს აღწერილი. თუმცა, ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებლად გავაკეთე თავის დროზე, ისევე, როგორც ხატვა დავიწყე.
– ამ მომენტისთვის კი ყველაზე აქტუალური თქვენი სამედიცინო მიგნებებია.
– მე მაქვს უნიკალური სამედიცინო გამოგონება, რომლის გამოც ძალიან ბევრი პრობლემა მექმნება. ყველაფერი დავკარგე ფარმაკოლოგიურ მაფიასთან შეჯახების გამო. ორჯერ მომწამლეს, ერთხელ ისე მანერვიულეს, ინსულტი დამემართა, იყო მუქარაც. იცით, რომ ყველა წამალს უკუჩვენება აქვს, რომელიც სხვა ორგანოს აზიანებს. მის გამოსაჯანმრთელებლად კი, კიდევ ერთი წამალი უნდა მიიღო და ასე, გაუთავებლად. ჩემი წამლებით ხდება არა ცალკეული ორგანოს, არამედ სისტემის მკურნალობა. მიზეზს ხერხემალში ვპოულობ. ორი დაპატენტებული გამოგონება მაქვს.
– ესეც გაუცნობიერებლად დაიწყეთ?
– დედაჩემის ბებია ცნობილი მკურნალი იყო. შელოცვაც იცოდა და სამკურნალო რეცეპტებიც. თუმცა შთამომავლებიდან მისი გზა არავის გაუგრძელებია. 80-იან წლებში მამაჩემი გახდა ავად. ყელის სიმსივნე ჰქონდა. ორი წელი მკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ერთ მშვენიერ დღეს ექიმს ვკითხე, რომელი წამლით მკურნალობდა. მითხრა დასახელება და მე შევთავაზე, იქნებ ამა და ამ წამლით შეუცვალოთ-მეთქი. თუმცა, იმ დროს ამ წამლის შესახებ არაფერი ვიცოდი. რაღაცამ მიკარნახა. ეს ექიმი მობრუნდა და მკითხა, ექიმი ხართო? არა-მეთქი. ძალიან მიკვირს, როგორ გამომრჩა მაგ წამლით ჩანაცვლება, აბსოლუტურად სწორი ხართო. სრულიად გაუცნობიერებლად, ზუსტად საჭირო წამალი მიკარნახია. სამწუხაროდ, მამა მაინც გარდაიცვალა, რადგან უკვე მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ამან ძალიან დიდი სტრესი მომაყენა. ექიმების მიერ მამაჩემის მიმართ დაშვებულმა შეცდომამ, არაცნობიერში გამიჩინა ძალა და ეს საქმე დამაწყებინა.
– თქვენი თეორიის თანახმად, ყველა დაავადების საფუძვლის პოვნა ხერხემალშია შესაძლებელი.
– ყველა დაავადების საწყისი ხერხემალში იმალება. ხერხემალზე სრულიად უნიკალური რეცეპტითა და კომპონენტებით ვმუშაობ. მაგრამ, საიდან მომივიდა აზრად საჭირო კომპონენტთა ერთობლიობის სარგებლიანობა, წარმოდგენა არ მაქვს. ასევე, რთულია იმის თქმა, როგორ ვსვამ დიაგნოზს დისტანციურად, ყოველგვარი გამოკვლევისა და ანალიზების გარეშე, ერთი შეხედვით. არ ვიცი ამას ტელეპათიური ნიჭი დავარქვა თუ რა. საკმარისია, ადამიანს შევხედო, რომ მივხვდები, რა აწუხებს. განკურნება საკმაოდ მოკლე დროში ხდება, ამისთვის წლები არ მჭირდება. არ ვიცი, როგორ, მაგრამ შედეგი მქონდა, მაქვს და მექნება. ძვალ-სახსროვან სისტემასთან დაკავშირებით, რაც კი დაავადებებია, ყველაფერს ვკურნავ: ეგრეთ წოდებული, ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი, კოქსართროზი, რევმატოიდული ართროზი, სპონდოლიო ართროზი, ცერებრალური დამბლა, პარკინსონის სინდრომი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი და სიმაღლეში ზრდა 60 წლის ასაკამდე, პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ხერხემლის კომპრესული მოტეხილობის შეხორცება, ყოველგვარი გართულების გარეშე, 20 დღეში და სხვა, ჯერ კიდევ უსახელო პათოლოგიები, რომელთა დიაგნოსტიკას ვერაფრით ახერხებენ. იმპოტენციის წამალი მაქვს, რომელიც ძალიან აქტუალურია. სიმაღლეში ზრდა და ხერხემალში გასწორება ჩვეულებრივი ამბავია. ხერხემლის პრობლემების დროს, ფიზიკური დატვითვა: დაჭიმვები, მასაჟები, ცივი და ცხელი აბაზანები და ცურვა, კატეგორიულად არ შეიძლება. უარეს შედეგს იძლევა. როცა ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, ძალიან დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა ექიმებისგან. გინდა, ხალხი მშიერი დატოვოო? მაგრამ, ხალხი ნელ-ნელა თვითონ რწმუნდება ყველაფერში. ჩემი საავტორო მედიკამენტებით, რომელიც ბუნებრივი საშუალებებისგან შედგება, ვაწვდი იმ ნივთიერებებს, რომლის დეფიციტიც ორგანიზმს აქვს. დიპლომის არქონა, მედიცინაში გაურკვევლობას არ ნიშნავს. არა მხოლოდ მხატვრის გადასახედიდან, მკურნალის კომპეტენციიდანაც საუკეთესოდ ვიცი ანატომია და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებანი. ვერცერთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ, როცა დიაგნოსტიკაში შევმცდარვარ ან საჭირო სამკურნალო საშუალება სწორად არ შემირჩევია. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ადამიანებს ვასწავლი, როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. ოპტიმალურად სასურველი დადებითი შედეგით.